ცენტრი „ანასეული“ მზად არის აფხაზ ფერემერებს დაეხმაროს
ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ #3 ნომერში გამოქვეყნდა წერილი „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობა და იგპ-თა ქვეყნის აგრარულ სექტორში ჩართულობა-პრობლემები და პერსპექტივები“.
ყველასათვის კარგად არის ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ერთ-ერთი მოწინავე იყო საქართველოში ჩაის, ციტრუსის, თამბაქოს და, საერთოდ, სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარების მხრივ.
ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი „ანასეული“ 1964 წლიდან აგროქიმიურ მომსახურეობას უწევდა აფხაზეთის ყველა რაიონს. ჩატარებული იყო აგროქიმიური გამოკვლევების 5 ტური. ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველზე შედგენილი სასუქების რაციონალურად გამოყენების რეკომენდაციები გადაეცემოდა კულტურების მიხედვით ყველა სოფელს. შედგენილი იყო მოკირიანების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციები, ორგანული სასუქების კომპოსტირების პროექტები და სხვა.
90-იან წლებში შექმნილმა მდგომარეობამ საქართველოში სოფლის მეურნეობის ღრმა კრიზისი გამოიწვია, რაც უპირველესად აისახა სოფლის მეურნეობის განითარებაზე აფხაზეთში, რაც კარგად აქვს გადმოცემული ბატონ რევაზ გოგოხიას თავის წერილში.
მე მინდა პატარა გამონათება ვუწოდო იმ ფაქტს, რაც 2015 წლიდან დაიწყო, როცა აფხაზმა ფერმერებმა კონტაქტი დაამყარეს ცენტრი „ანასეულის“ ორგანიზაციასთან. მათ სურდათ თავიანთი ნაკვეთების ნიადაგების შესწავლა და კონსულტაციების მიღება.
დღეისათვის ცენტრ „ანასეულში“ შემოტანილია თითქმის 20 ფერმერის მიერ ნიადაგის შერეული ნიმუშები, რომელთაც უსასყიდლოდ ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევები, გაეწიათ საკონსულტაციო მომსახურება და გადაეცათ სასუქების რაციონალურად გამოყენების რეკომენდაციები თავიანთი კონკრეტული ნაკვეთებისთვის შესაბამის კულტურებზე.
ეს სამუშაოები ზღვაში წვეთია, დაინტერესება არის ძალინ დიდი. ფერმერებმა კარგად იციან, რომ მეცნიერული კვლევის გარეშე ვერ მიიღებენ მაღალ და ხარისხიან მოსავალს, ვერ მოახდენენ კულტურათა სწორ გაადგილებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
აფხაზეთის ნიადაგების უმეტესობა მჟავე რეაქციისაა, რომელიც გაკულტურებისათვის ითხოვს ქიმიურ მელიორაციას-მოკირიანებას. ქიმიური მელიორაციის-მოკირიანების გარეშე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა უმრავლესობა ჩაისა და ლურჯი მოცვის გარდა ასეთ ნიადაგებზე კარგად ვერ ვითარდება. სწორედ ამ ღონისძიების ერთ-ერთი მოთხოვნაა ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა და მის საფუძველზე მოკირიანების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენა.
თამბაქოს კულტურის მოყვანის შემდეგ აფხაზეთის ნიადაგების ნაყოფიერება საკმაოდ მწირია, რომელიც მოითხოვს ორგანული სასუქების გამოყენებას. ამ მხრივაც ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლა უპირობოა.
აფხაზეთის ნიადაგების თითქმის 55-60%-ი ღარიბია საკვები ელემენტებით და მოითხოვს მინერალური სასუქების რაციონალურად გამოყენებას ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველზე.
ყოველივე ამის პასუხად ცენტრ „ანასეულის“ ორგანიზაცია მზად არის მომსახურება გაუწიოს აფხაზ ფერმერებს, რომლებიც დიდ სიძნელეებს აწყდებიან ნიმუშების ჩამოტანისას და საკონსულტაციო მომსახურების დროს.
იქნებ ეს საკითხი იქცეს მოლაპარაკების თემად.
რუსუდან ტაკიძე,
ცენტრ „ანასეულის“ დირექტორი,