აქ მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს, ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს
“ამ ცენტრში მოვიყვან ყველა უცხოელ სტუმარს რათა ნახონ რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს“, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე სტუმრობის დროს, სადაც პრეზიდენტმა ვაზის და ხეხილის საკოლექციო ნაკვეთი დაათვალიერა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტული საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა 80 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც განთავსებულია ხეხილის და ვაზის საკოლექციო ნაკვეთები. აქ 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.
ბაზაზე მუდმივად მიმდინარეობს სელექციური მუშაობა და მეღვინეობის ბაზაზე 100-150 სხვადასხვა ჯიშების ყურძნისგან ყოველწლიურად ახალი მრავალფეროვანი ღვინო მზადება.
ბაზისთვის ვაზის ჯიშების კოლექციების მოძიება 2007 წლიდან დაიწყო, რასაც ფონდი „ქართუ” ახორციელებდა. 2014 წელს კი შეიქმნა სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრი, კოლექცია მთლიანად სახელმწიფოს _ სამეცნიერო კვლევით ცენტრს გადაეცა.
საქართველოს პრეზიდენტს საკოლექციო ბაზაზე და ლაბორატორიაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სამეცნიერო ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლეს და ბაზის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
სალომე ზურაბიშვილმა ცენტრს უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ მას უდიდესი წვლილი შეაქვს ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაში.
ქვეყანას როცა ვაზის უძველესი, 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია.
მომავალ კვირას გაეროში მივდივარ და ერთ- ერთი ღონისძიება, რომელშიც ასევე მივიღებ მონაწილეობას კლიმატის კონფერენციაა, სადაც მინდა წარვადგინო ჩვენი ქვეყნის უდიდესი უპირატესობა – ენდემური ჯიშების მრავალფეროვნება.
საქართველოში წარმოიშვა არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის და სხვადასხვა მცენარეების ენდემური ჯიშები. ამის შენარჩუნება და განვითარება ჩვენი ქვეყნის პოტენციალის განვითარება და გაძლიერებაა, _ აღნიშნა პრეზიდენტმა.