ციტრუსის მოსავლის დაზღვევის პროგრამა

 ციტრუსის მოსავლის დაზღვევა აჭარის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს.  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზღვევის პროცესის მიმდინარეობას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი და სადაზღვევო კომპანიის „არდის“ წარმომადგენლები გაეცნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან  70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა. ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის მოსავალს სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე დააზღვევენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტში შესული ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო აგროდაზღვევით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ იმ ფერმერს, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს.

ციტრუსების დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. ფერმერებს შეუძლიათ, სადაზღვევო კომპანიებს 5 ნოემბრამდე მიმართონ და დააზღვიონ თავიანთი მოსავალი სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისა და საშემოდგომო ყინვისგან.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძის განარტებით სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად ფერმერებს გააცნეს ინფომრაცია მეციტრუსეების ზონაში დაზღვევის პროგრამის შესახებ და ამ დროისთვის მოსავალი სამასზე მეტმა ფერმერმა დააზღვია. პროცესი გრძელდება.

აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა შეუძლია  ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ არაუმეტეს 5 ჰა  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%–ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო დანარჩენი 30% ფერმერმა თავად უნდა გადაიხადოს.