წლეულს აზიური ფაროსანასთან ერთად თხილის სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად 45 მილიონი ლარი დაიხარჯება

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ წლეულს პროგრამამ მოიცვას არა მხოლოდ აზიური ფაროსანა, როგორც გამოწვევა, არამედ მცენარეთა სოკოვან დაავადებებთან დაკავშირებული პრობლემებიც.

„შარშან გვქონდა შთამბეჭდავი სტატისტიკა – სოფლის მეურნეობის სექტორში ექსპორტმა თითქმის მილიარდ ლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს არის კიდევ ერთხელ ძალიან კარგი პასუხი იმ სკეპტიკოსებზე, რომელთაგან ხშირად მოგვისმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას მომავალი არ აქვს.

საქართველოში მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, ანუ იმ ტიპის მეურნეობას, როდესაც ფერმერი გლეხი იძულებულია, მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, უბრალოდ, აუცილებელია სწორი აქცენტების გაკეთება.

ჩვენ ძირითადი ფოკუსი უნდა გავაკეთოთ ისეთ კულტურებზე, სადაც გვაქვს კონკურენტუნარიანი უპირატესობა. გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა, რაც გვაქვს სოფლის მეურნეობის სექტორში – აზიური ფაროსანა და მისი გავრცელება.

წლევანდელი პროგრამა საკმაოდ დახვეწილია, შეჯერებულია ყველა წამყვან საერთაშორისო ექსპერტთან. დარწმუნებული ვარ, პროგრამის წარმატებული განხორციელების შედეგად, ჩვენ ავიმაღლებთ იმ საექსპორტო პოზიციებს, იმ დონემდე, რაც 2 წლის წინათ გვქონდა”, – განაცხადა ბატონმა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.