ურბანულ სოფლის მეურნეობაში ჯანსაღი პროდუქციის წარმოების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის დიდი რესურსია

ურბანული სოფლის მეურნეობა თანამედროვე მსოფლიოს ბევრი ქვეყნის  სასურსათო სისტემების მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. ეს არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სისტემა, რომელიც ორგანიზებულია ურბანულ სივრცეში, დიდი თუ მცირე ქალაქების გარეუბნებში, მიმდებარე სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში, მათ შორის მაღალსართულიანი შენობების ე.წ. „მწვანე სახურავებზე“.

ურბანული მეურნეობა მოიცავს როგორც სასათბურე მეურნეობებს, ისე მემცენარეობასა და მეცხოველეობას, მეფუტკრეობას, აკვაკულტურებს, აკვაპონიკას (მაგალითად, თევზის მოშენების და სოფლის მეურნეობის ინტეგრირება) და არასასურსათო პროდუქტების, როგორიცაა თესლის წარმოება, ნერგების გამოყვანა, ლანდშაფტის დიზაინი და ყვავილების მოყვანა.

ურბანულ მეურნეობებს მიტოვებული ან გამოუყენებელი ურბანული მიწის რეკულტივაციაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ჯანსაღი, ეკოლოგიური პროდუქციის წარმოებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია.

მერიკის შეერთებულ შტატებში და სხვაგანაც სწორი აგრარული პოლიტიკის თანამედროვე  მიდგომები ახლგაზრდა ფერმერების, პრაქტიკოსების და პროფესიონალების ერთობლივი თანამშრომლობას გულისხმობს, რადგან ახლა განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა სპეციალისტების კვალიფიკაციის გაზრდის საკითხი, რაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს, მათ მიერ დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას.

დედამიწაზე დღეს უაღრესად აქტიურია მიმდინარე ბუნებრივი პროცესები _ კლიმატის ცვლილება, მიწების დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების შემცირება, რაც საბოლოოდ აისახება სასურსათო უსაფრთხოებაზე, პროდუქციის გაძვირებაზე და მოსახლეობას მსყიდველუნარიანობის შემცირებაზე.

დღეს გვსურს გაგაცნოთ ახალგაზრდა ფერმერი, ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) წევრი, სოფლის მეურნეობის მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა ექსპერტი დაჩი ჯღუნიაშვილი, რომლის საოჯახო მეურნეობა სოფელ დიღომში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საკუთარ სასათბურე მეურნეობაში მოყვანილი სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი ქალაქის ბაზარს, სასტუმროებსა და რესტორნებს მიაწოდა.

ამასთან ერთად დღეს ის თავად მოგვითხრობს იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც მან აშშ-ში, მინესოტას უნივერსიტეტში ანაზღაურებადი სტაჟირების დროს მიიღო.

_ დაჩი, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენი ჟურნალის „ახალი აგრარული საქართველოს’’ მკითხველს, ვინ ხართ, რას საქმიანობთ…

_მე დაჩი ჯღუნიაშვილი ვარ _ 31 წლის, მყავს მეუღლე და 6 თვის ვაჟი გაბრიელი, ვცხოვრობ სოფელ დიღომში.

იმის გამო, რომ ჩვენ ოჯახს აქვს საოჯახო აგრობიზნესი, რომელსაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90 წლების ბოლოს ჩაეყარა საფუძველი ჩემი სოფლის მეურნეობასთან ურთიერთობაც ბავშვობიდან იწყება.

სათბურში ტრადიციულად მოგვყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით.  პანდემიის დაწყებამდე აქტიურად ვთანამშრომლობდით სასტუმროებთან, რესტორნებთან, სხვადასხვა ტურისტული ცენტრებთანაც.

მოგეხსენებათ სოფელი დიღომი ტრადიციულად დედაქალაქს ამარაგებდა მაღალი ხარისხის ბოსტნეულითა და ხილით, სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით, ასე რომ ჩვენი სასათბურე მეურნეობა ამ ტრადიციას აგრძელებს და ავითარებს.

მთელს მსოფლიოში ასეა, განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები ცდილობენ, რაც შეიძლება მაქსიმალურად გამოიყენონ ურბანული ტერიტორიები და სულ უფრო მეტი ეკონომიური სარგებელი ნახონ, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ სასათბურე მეურნეობებს უკავია.

დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ურბანულ მიწის მცირე ნაკვეთებზე ვერტიკალური სოფლის მეურნეობის წარმოების შესანიშნავი პირობები არსებობს. ახალმა ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა დახურული ვერტიკალური სოფლის მეურნეობა და ჰიდროპონიკა, ურბანულ ფერმერებს საშუალება მისცა გაეფართოებინათ თავიანთი საქმიანობა და ახალი პროდუქტების უწყვეტი წარმოების შესანიშნავი ბიზნეს-მოდელები შექმნან.

_  როგორც ვიცი, თქვენ პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად უცხოეთში აგრარული განათლებაც მიიღეთ…

_ როგორც ზემოთ ვახსენე, სოფლის მეურნეობასთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილებით შემოიფარგლებოდა, რომელიც საოჯახო აგრობიზნესში მუშაობით შევიძინე. სურვილი რომ სასათბურე მეურნეობების საკითხებში საუნივერსიტეტო განათლება შემეძინა, საქართველოში განუხორციელებელი დარჩა, რადგანაც ამ მიმართულებით არსებული არცერთი უნივერსიტეტი ასეთი თეორიული და პრაქტიკული აკადემიური განათლების მიღების და საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლეოდა. ამ დროს მეგობრისგან შევიტყვე ამერიკის შეერთებულ შტატებში კერძოდ მინესოტას უნივერსიტეტში ანაზღაურებადი სამუშაო სტაჟირების პროგრამის არსებობის შესახებ. ამ პროგრამის სტაჟიორი რომ გახდე პროგრამის მოთხოვნებიდან შესაბამისად სტაჟიორს პრაქტიკული ან თეორიული გამოცდილება უნდა ჰქონოდა, რა თქმა უნდა აუცილებელი იყო ინგლისური ენის კვალიფიციურად ცოდნა. მე მქონდა კარგი პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში და ინგლისურ ენაც ვიცოდი, რამაც საშუალება მომცა გამემარჯვა ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციის (AFRD) მიერ გამოცხადებულ კონკურსში და ამერიკის შეერთებულ შტატებში 18 თვიანი პროგრამით სტაჟირებაზე წავსულიყავი. შესაბამისად გავხდი ამ ასოციაციის წევრი.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობამ ბოლო წლებში საკმაო პოპულარობა მოიპოვა და ჯანსაღ საკვებზე მოთხოვნილება მოსახლეობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშემწყობი და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების უამრავი ხელშემწყობი ფაქტორების მიუხედავად, სამწუხაროდ ურბანული სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავება დღის წესრიგში არ დამდგარა.

ჩვენმა ასოციაციამ მოამზადა ურბანული სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სტრატეგია, რაც ურბანული სოფლის მეურნეობის საქმიანობის წახალისებას და სახელმწიფო საგრანტო პროგრამების შემუშავებას (შესაბამისი საბანკო პროდუქტების უზრუნველყოფა და სხვა) გულისხმობს.

_ როგორ დაახასიათებთ სამუშაო და სასწავლო სტაჟირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში?

_ კონკურსში გამარჯვების შემდეგ შესაძლებლობა მომეცა სტაჟირება გამევლო მინესოტის შტატის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანია – Linder’s Greenhouses Inc.- სასათბურე მეურნეობაში, რომელსაც საქმიანობის 100 წლიანი ისტორია აქვს. ამ მეურნეობას სეზონური და მრავალწლოვანი ყვავილების სხვადასხვა ჯიშები გამოყავს და ადგილობრივ ბაზარს აწვდის.

სტაჟირების დაწყებიდან მალევე დავწინაურდი, ჩემ მოვალეობას ბაზარზე გასატანი პროდუქტის ხარისხის კონტროლი წარმოადგენდა. აგრეთვე საშუალება მქონდა მემუშავა მსოფლიოს სხვდასხვა კუთხიდან ჩამოსულ სტუდენტებთან, რამაც ძალიან დიდი პროფესიული და ცხოვრებისეული გამოცდილება მომცა.

მინესოტას უნივერსიტეტში აკადემიური სწავლის პერიოდში რა ცოდნა მიიღეთ?

_ აკადემიური სწავლის პერიოდში MAST International University of Minnesota პროგრამამ წარმოუდგენელი შესასძლებლობა მომცა, რომ  ადგილობრივ სტუდეტებთან ერთად ჩავრთულიყავი სწავლის პროცესში, რამაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე, ცნობიერებასა და აგრობიზნესში აუცილებელი უნარების განვითარებაზე. პროგრამის ხელმძღვანელები და უშუალო კოორდინატორი მუდმივად იყვნენ ჩემთან კონტაქტში, მთელი პროგრამის განმავლობაში და ვასრულებდი და ვაბარებდი მოცემულ დავალებებს. ცნობისთვის, მინესოტას უნივერსიტეტს მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო სოფლის მეურნეობის ფაკულტეტი აქვს. ვეცადე ეს შანსი ხელიდან არ გამეშვა და რამოდენიმე სოფლის მეურნეობის კლასი გავიარე, რომლის ფარგელბშიც  ადგილობრივ სტუდენტებთან სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა მომიწია, რამაც ძალიან კარგი გამოცდილება მომცა.

კონკრეტულად ჩემი სტაჟირება მოიცავდა პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილს. პრაქტიკული ნაწილის დავახასიათებდი როგორც რთულს და გამოწვევებით დატვირთულს, მაგრამ ამავდროულად ძალიან ნაყოფიერს. რაც შეეხება პროგრამის თეორიულ ანუ აკადემიურ ნაწილს, 6-თვიან სწავლას მინესოტას უნივერსიტეტში, დავახასიათებდი სტაჟირების როგორც ყველაზე საინტერესო ნაწილს, რადგან საშუალება მომეცა მესწავლა და მემუშავა ერთ ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სოფლის მეურნეობის განხრით, სადაც პრაქტიკული უნარ-ჩვევები და სამუშაო გამოცდილება აკადემიური ცოდნით გავიმყარე.

_ კონკრეტულად?

_ როგორც ზემოთ ვახსენე, სტაჟირება მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, პრაქტიკულ ნაწილში საშუალება მქონდა ადგილობრივ ფერმერებთან ერთად მემუშავა სასათბურე მეურნეობაში, როგორც სასოფლო ისე ურბანულ ტერიტორიებზე, გავცნობოდი თანამედროვე ტექნოლოგიებს. თეორიული ნაწილის ფარგლებში ვსწავლობდი და ვმუშაობდი მინესოტას უნივერსიტეტში, ლაბორატორიაში რა პერიოდშიც მქონდა უსაზღვრო შესაძლებლობები ​გამეღრმარვებია თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, გავცნობოდი სასათბურე მეურნეობების მართვის პრინციპებს, ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციებს და მცენარეთა პათოლოგიებს, დაავადებების მკურნალობს, მოვლის გზებს და საშუალებებს, ზოგადად აგრობიზნესს. საინტერესო ლექციების გარდა, სტაჟირება გავიარე მსოფლიოში ცნობილ პროფესორ ბრაიან სტეფენსონთან. მასთან ერთად მუშაობამ უსაზღვროდ დიდი ცოდნა და გამოცდილება შემძინა, რამაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს შემდგომ განვითარებაზე სწორედ ინტეგირებული სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

მოგეხსენებათ სასათბურე მეურნეობაში ნეგების ხარისხს ასევე გრუნტის მომზადების პრაქტიკულ წესებსა და მიკრო კლიმატის რეგულირების საკითხებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასევე საინტერესო იყო გამოყენებული წყლის რეცირკულირების, ჰიდროპონიკის და აეროპონიკის საკითხები; მაღალი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად სასათბურე მეურნეობების გათბობის სისტემების ინტეგირება განახლებადი ენერგიის წყაროებთან და სხვა.

​მინესოტას უნივერსიტეტში კვლევების დიდი ნაწილი ეთმობოდა სწორედ გლობალური დათბობის გავლენის პირდაპირ და ირიბ ანალიზს სოფლის მეურნეობაზე, წარმოების მოცულობაზე და მდგრად განვითარებაზე. სოფლად ღარიბი მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი საარსებო წყარო სწორედ სოფლის მეურნეობაა და განვითარებად ქვეყნებში ეს არის ძირითადი სექტორი და შემოსავლის წყარო. მსოფლიო ბანკის სტატისტიკამ (2018) აჩვენა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტის მშპ-ს პროცენტული მაჩვენებელი მსოფლიოში საშუალოდ 3 პროცენტია, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის ეს ციფრი 32 პროცენტამდეც კი იზრდება. საქართველოს შემთხვევაში კი სოფლის მეურნეობა მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8 %-ია, რაც ქვეყნაში განხორციელებული სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებისა და შიდა ინვესტირების მიუხედავად ძალიან დაბალია და მათ არაეფექტიანობაზე მიუთითებს.

_  გამოგადგათ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული გამოცდილება?

_ MAST Interational Univesity of Minnessota პროგრამის სტაჟირების დამთავრების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში რათა ამერიკული გამოცდილება ჩემ ოჯახურ აგრობიზნესში გამომეყენებინა, რაც ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში გამოიხატა. ამის შემდეგ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება ამერიკაში მიმეღო. 2016 წელში დავამთავრე შესყიდვების განხრით და მინდა ხაზი გავუსვა მინესოტას უნივერსიტეტის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა (MAST International University of Minnesota) იყო პირველი დიდი და მთავარი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში და ამავდროულად ამ პროგრამამ და კონკრეტულად ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაციამ და მისმა ხელმძღვანელმა კახა ნადირაძემ მომცა იმის შესაძლებლობა, უდიდესი ცოდნა და გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმეღო, რაც ჩემი შემდგომი წარმატებების საწინდარი გახდა.

_ რას გვეტყვით დღეს არსებულ გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებზე?

_ მოგეხსენებათ ახალმა კორონა ვირუსმა არსებული გამოწვევების პირობებში სრულიად გამოააშკარავა არსებული სასურსათო სისტემების ნაკლი და სიმყიფე, დაგვანახა ახალ ეკონომიურ რეფორმებზე გადასვლაზე დაჩქარების აუცილებლობა. ამიტომ უფრო და უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, მწვანე ტექნოლოგიებზე მეტი აქცენტი უნდა გადავიტანოთ  საქართველოში.

სავსებით შესაძლებელია  საქართველო გავხადოთ ყველაზე მწვანე, ინოვაციური და ინკლუზიურ ქვეყნად რეგიონში და მსოფლიოში, სადაც მწვანე ტექნოლოგიებმა შესაძლებელია შექმნას მეტი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური აღმავლობა, სადაც ახალგაზრდა ფერმერებს ​განვითრების და ინოვაციურ სისტემებზე ხელმისაწვდმობისთვის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.

ამდენად, სოფლის მეურნეობის სექტორის გამწვანება გულისხმობს სიღარიბის დაძლევასა და მზარდი გლობალური გამოწვევებზე ჩვენს პასუხს, სადაც მოსახლეობის ხარისხიან სურსათზე მოთხოვნილებების სოფლის მეურნეობის საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებას გულისხმობს.

ნებისმიერი ქვეყნისთვის არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა წამგებიანია, იგი ხშირად მონოპროდუქტზეა ორიენტირებული და დანაწევრებული სასოფლო-სამეურნეო მიწების პირობებში შეუძლებელი ხდება მყარი სასურსათო ბაზის შექმნა. ამ დროს ქვეყანაში სურსათის დიდ წილს იმპორტი ავსებს.

დაქუცმაცებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები კი განაპირობებს ნიადაგების მნიშვნელოვან დეგრადაციას და ფერმერების საარსებო მინიმუმსაც კი ვერ უზრუნველყოფს. ამრიგად სასოფლო-სამეურნეო მიწების ინტეგრირებული და გონივრულად გამოყენება, განსაკუთრებით ურბანული მიწების, სასათბურე მეურნეობების ბიზნესმოდელების შექმნა და მართვა საერთაშორისო გამოცდილება შესაბამისად უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში სწრაფი და მოქნილი აგრარული რეფორმების გასატარებლად.

მარიამ გოგინაშვილი,

თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკონომიკისა და ბიზნესის

ადმინისტრაციის მაგისტრატურის სტუდენტი