USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებული კითხვები და პასუხები

საგრანტო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით , ბუნებრივია ფერმერებს აინტერესებთ, როგორ მიიღონ მონაწილეობა პროექტში, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მეურნეობა, ფერმერი და სხვა. გთავაზობთ  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტთან დაკავშირებულ სავარაუდო კითხვებზე პასუხებს, რომელსაც თავად პროექტის აქვეყნებს.

ვფიქრობთ, ინფორმაციას, რომელსაც ამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან მიიღებს ჩვენი მკითხველი, მათთვის საინტერესო და საყურადღებო იქნება.

_ არის თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა რეგიონებთან მიმართებაში საგრანტო პროექტში მონაწილეობის მისაღებად?  

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს (მეწარმე სუბიექტებს) საქართველოს ყველა რეგიონიდან, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგრანტო კონკურსში და მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება.

_ სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთის შემთხვევაში თუ არის შესაძლებელი პროგრამაში მონაწილეობის მიღება?

დიახ, იმ შემთხვევაში თუ საიჯარო ხელშეკრულების პირობები წინააღმდეგობაში არ მოდის საგრანტო პროგრამის მიზნებთან.

_ მოთხოვნილ თანამონაწილეობაში ჩაითვლება თუ არა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება?

სავალდებულო თანამონაწილეობაში ჩაითვლება მხოლოდ განაცხადის წარდგენის შემდგომ განხორციელებული ის ინვესტიცია, რომელიც განკუთვნილია საგრანტო პროექტის ფარგლებში დასახული ამოცანების შესარულებლად.

_ ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, რამდენი პროცენტი იქნება თანადაფინანსება და რა არის ის მინიმალური თანხა, რამდენზეც შეიძლება საგრანტო განაცხადის შემოტანა?

საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მინიმალური თანხა არ არის განსაზღვრული. ერთადერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ბიზნეს გეგმამ აჩვენოს კონკრეტული პროექტის ფინანსური მდგრადობა. რაც შეეხება თანამონაწილეობას, პროექტის საინვესტიციო ღირებულების მაქსიმუმ 40% შესაძლოა გაიცეს გრანტის სახით, შესაბამისად, მინიმუმ 60%-ით განისაზღვრება გრანტის მიმღების თანამონაწილეობა, რომლის მობილიზებაც უნდა მოხდეს საკუთარი ფულადი სახსრებით ან საკრედიტო რესურსებით.

_ კოოპერატივის შემთხვევაში, რა კონკრეტული ძირითადი თუ დამხმარე საშუალებების დაფინანსება ხდება პროგრამის თანამონაწილეობით?

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო თანხებით შესაძლებელია, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო და ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და მანქანადანადგარებისა დაფინანსება. ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საგარანტო თანხებით არ შეიძლება ისეთი აქტივობების დაფინანსება, როგორიცაა მშენებლობა, ავტომობილის, სარგავსათესი მასალების, სასუქებისა და ა.შ. შესყიდვა.

_ გრანტის დამტკიცების შემთხვევაში, პროექტის განხორციელების ვადაგადაცილების თავიდან აცილების მიზნით, არის თუ არა შესაძლებელი განმცხადებელმა სრულად გადაიხადოს პროექტით გათვალისწინებული საფასური (პროგრამის თანადაფინანსების ჩათვლით) და შემდგომ მიიღოს გრანტის სახით პროგრამისგან პროექტით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება?

პროგრამის მიერ გაცემული იქნება არაფულადი გრანტი – რაც ნიშნავს, რომ პროგრამა შეიძენს გრანტის მიმღებისათვის საჭირო ტექნოლოგიებს ან მანქანა-დანადგარებს და გადასცემს მათ გრანტის მიმღებ სუბიექტებს. შესაბამისად, კომპენსაციის სახით პროგრამის მიერ თანხების ანაზღაურება ვერ მოხდება.

_ პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შეზღუდული არის თუ არა გრანტის მიღებიდან მისი ათვისების საბოლოო ვადა?

პროგრამის მიზანია დროულად განხორციელდეს ინვესტიციები და პროგრამის დასრულებამდე მიღებულ იქნას მნიშვნელოვანი შედეგი. შესაბამისად, ინდივიდუალური პროექტების მობილიზაციის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გრანტისა და თანამონაწილეობის თანხების ათვისება.

_ რას გულისხმობს საგრანტო განაცხადში მოცემული ფრაზა “შემოთავაზებული პროექტი უნდა იყოს კომერციულად სიცოცხლისუნარიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ იყოს მომგებიანი განსაზღვრული დროის შემდეგ და ჰქონდეს განვითარების გრეძლვადიანი პერსპექტივა; ” – ეს განსაზღვრული დრო რა ვადაა?

მოგახსენებთ, რომ განსაზღვრულ დროში იგულისხმება საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა – მინიმუმ 3 წელი. საგრანტო პროექტის მომგებიანობა და მდგრადობა მიღწეული უნდა იყოს USAIDის სოფლის მეურნეობის პროგრამის დასრულებამდე (2023 წლის სექტემბერი).

_ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში შეძენილ ტექნიკაზე ხდება თუ არა გირავნობის დადება?

მოგახსენებთ, რომ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში შეძენილი ტექნიკა ირიცხება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ბალანსზე და შესაბამისად, ვალდებულებით დატვირთვა არ მოხდება. შეძენილი ტექნიკა გრანტის მიმღებს საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ პროექტის წარმატებით დასრულებისა და ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ.

_ რა ფორმით და კონკურსშიმონაწილეობისრომელეტაპზე ხდება თანამონაწილეობისდადასტურება?

თანამონაწილეობის თანხების ხარჯვა გაწერილი იქნება საინვესტიციო პროექტში და მათი დადასტურება მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური დოკუმენტებით. სააპლიკაციო ფორმის შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოთ თქვენი დაფინანსების წყარო. პროექტის მოთხოვნის შემთხვევაში, აპლიკანტის მიერ უნდა მოხდეს ამ წყაროს დადასტურება (ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან; სასესხო ხელშეკრულება, ა.შ.)

_ შეიძლება თუ არა, თანამონაწილე იყოს სხვა დონორი ორგანიზაცია?

შესაძლებელია, რომ სხვა დონორი ორგანიზაციიდან მოზიდული თანხები იქნას გამოყენებული თანამონაწილეობისთვის, თუმცა მხოლოდ მისი ნაწილის დასაფარად, რადგან გრანტის მიმღებს მოეთხოვება, რომ საკუთარი სახსრების ინვესტირება მოახდინოს პროექტში და უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომლებიც საკუთარი ფულად სახსრების (და/ან საბანკო კრედიტის) ხარჯვას წარმოადგენენ თანაინვესტირების ნაწილში.

_ შეიძლება თუ არა, კოოპერატივის წევრმა მიიღოს მონაწილეობა როგორც იურიდიულმა პირმაც?

დიახ, შესაძლებელია, თუმცა, პრიორიტეტი არ ენიჭება მსგავს შემთხვევებს. ერთ ბენეფიციარზე ორი გრანტის გაცემა დაუშვებელია.

_ აქვს თუ არა თითოეულ მიმართულებას დამოუკიდებელი ბიუჯეტი?

საინვესტიციო პროექტს უნდა ახლდეს სრული დეტალური ბიუჯეტი სააპლიკაციო ფორმაში მოცემული ფორმატით, რომელიც იქნება რეალისტური და ნათლად იქნება წამოდგენილი ხარჯების გადანაწილება აპლიკანტსა და პროგრამას შორის.

_ ორ პროექტში თუ შეიძლება ერთდროულად მონაწილეობის მიღება?

არ შეიძლება ორ პროექტში ერთდროულად მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ერთი და იგივე ბენეფიციარზე ერთზე მეტი გრანტის გაცემა დაუშვებელია.

_ რამდენი ხანი გრძელდება მონიტორინგი საწარმოს გახსნიდან?

საგრანტო პროექტების მონიტორინგი ჩატარდება USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დასრულებამდე, კერძოდ, 2023 წლის 23 სექტემბრამდე.

_ შესაძლებელია თუ არა თანამონაწილეობაში გათვალისწინებული იყოს ხელფასის სახით გაცემული თანხები?

თანამონაწილეობაში ჩაითვლება მხოლოდ იმ ახლად აყვანილ კადრებზე გაცემული ხელფასები, რომლებსაც კომპანია აიყვანს ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

_ სავალდებულოა თუ არა საგრანტო თანხებით შეძენილი ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაზღვევა?

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში, საგრანტო თანხებით შეძენილი ყველა სახის ტექნიკისა და მანქანა-დანადგარის დაზღვევა სავალდებულოა. სადაზღვევო პრემია უნდა გადაიხადოს გრანტის მიმღებმა და შემდგომ, მოხდება აღნიშნული თანხის გათვალისწინება თანამონაწილეობაში.

_ შეუძლია თუ არა ფიზიკურ პირს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ოფიციალურად დარეგისტრირებულნი არიან საგადასახადო ორგანოებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და გააჩნიათ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა: შპს, ინდ. მეწარმე, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი.

_ შეუძლია თუ არა ახლად დაფუძნებულ ორგანიზაციას საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება?

_ შესაძლებელია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღოს ახლადშექმნილმა ორგანიზაციამ, თუმცა ამ უკანასკნელმა საგრანტო განაცხადში უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული პროექტი არის სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული, რომელიც შექმნის დამატებით ღირებულებას სოფლის მეურნეობის სექტორში.

_ საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში როგორ მოხდება საგრანტო ბიუჯეტით გათვალისწინებული ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების შეძენა?

საგრანტო ბიუჯეტით გათვალისწინებული ტექნიკის შესყიდვა მოხდება თავად პროგრამის მიერ, დონორის მიერ დადგენილი შესყიდვის პროცედურებისა და რეგულაციების შესაბამისად.

_ საგრანტო პროგრამა გულისხმობს თუ არა საგრანტო პროექტის ფარგლებში შეძენილი ერთეული ტექნიკისა და მანქანა-დანადგარის შეძენას თანადაფინანსების პრინციპით. მაგ: სამაცივრე აგრეგატების ღირებულების 40% დაფინანსება მოხდეს USAID-ის მიერ დამტკიცებული საგრანტო ბიუჯეტიდან, ხოლო 60%-თანამონაწილეობის სახსრებიდან? 

_  არ შეიძლება ტექნიკისა თუ მანქანა-დანადგარების თანადაფინანსების პრიციპით შეძენა. აღნიშნული ტექნიკის შეძენა უნდა მოხდეს ერთპიროვნულად, უშუალოდ გრანტიორის ან პროგრამის მხრიდან. 40%/60%-ზე თანამონაწილეობის დაცვა უნდა მოხდეს სრულ ბიუჯეტში.

_   შესაძლებელია თუ არა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (ტრაქტორი და მისი მისაბმელები) შეძენა საგრანტო სახსრებით?

_  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა შესაძლებელია საგრანტო სახსრებით, თუმცა საგრანტო განაცხადში ნათლად უნდა იყოს აღწერილი მოთხოვნილი ტექნიკის აუცილებლობა ამ კონკრეტული პროექტის განსახორციელებლად.

_ თუ არის შესაძლებელი საგრანტო თანხით მაცივარი ავტოფურგუნის შეძენა (ან თანამონაწილეობით მეორადი  მაცივარი ავტომანქანის შეძენა)?

_ პროექტის ფარგლებში არ შეიძლება მაცივარი ავტოფურგონის შესყიდვა. გრანტის თანხით ნებადართულია მხოლოდ ავტომანქანის მისაბმელის შესყიდვა, ისიც არა მეორადი გამოყენების, არამედ ახლის. თქვენი თანამონაწილეობით შეგიძლიათ მეორადი ავტოფურგონისა და მისაბმელის შესყიდვა.

_   პრიორიტეტების ცხრილში (ტიპები) წერია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესი, მიკრო ბიზნესიც იგულისხმება?

_   დიახ, ჩვენი საგრანტო პროგრამა მიკრო ბიზნესის მხარდაჭერასაც მოიცავს. პროგრამის ფარგლებში მიკრო ბიზნესი განსაზღვრულია, როგორც საწარმო, რომელშიც დასაქმებულია 1-10-მდე თანამშრომელი.

მოთხოვნილ თანამონაწილეობაში კოოპერატივებისათვის 30%-ია. რას ნიშნავს „არა ნაკლებ 32 143“? თუ ეს ციფრი მინიმალურია, მაშინ 50000 დოლარიან ბიუჯეტში თანამონაწილეობა გამოდის 64%. იქნებ უფრო გასაგებად განმარტოთ, თუნდაც რაიმე მაგალითით ციფრებში.

იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი კოოპერატივის მიერ მოთხოვნილი იქნება საგრანტო თანხის მაქსიმალური ოდენობა – 75, 000 აშშ დოლარი, მისი თანამონაწილეობა უნდა იყოს არანაკლებ

32,143 აშშ დოლარისა, რაც წარმოადგენს მთლიანი საინვესტიციო თანხის (107, 143 აშშ დოლარი) 30

%-ს, ხოლო მაგალითად  თუ  მოთხოვნილი იქნება 50, 000 აშშ დოლარი საგრანტო თანხა, შესაბამისად,  თანამონაწილეობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 21,428 აშშ დოლარს,  რაც წარმოადგენს  მთლიანი საინვესტიციო თანხის  (71,428 აშშ დოლარი) 30 %-ს .

_    არის თუ არა შესაძლებელი საგრანტო სახსრებით საწარმოო შენობის აშენება?

არა, შენობის აშენება დაუშვებელია საგრანტო სახსრებით. შენობის აშენება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი სახსრებით. მშენებლობაზე გაწეული ხარჯები ჩაგეთვლებათ თანამონაწილეობაში.

_ შეფუთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაში თუ იგულიხმება შესაფუთი მასალის შეძენა?

_ არა, აღნიშნული პროექტი არ გულისხმობს შესაფუთი მასალის შეძენას, არამედ შესაფუთი დანადგარის შეძენას.

კოოპერატივებისათვის, გამონაკლის შემთხვევაში,  პროექტით გათვალისწინებული ხარჯების ნაწილის არაფულადი სახით ჩათვლის შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ეს არაფულადი მონაწილეობა?

_ პროექტი არ მიესალმება არაფულად მონაწილეობას და მოუწოდებს განმცხადებლებს, რომ თანამონაწილეობის სახით წარმოადგინონ საკუთარი ფულადი ან საკრედიტო სახსრები.

_ გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული, ახალი თანამედროვე დამხარისხებელ-დამკალიბრებელი დანადგარები საკმაოდ ძვირია, გამონაკლისის სახით თუ დაიშვება მეორადი დანადგარების შეძენა?

_ შესყიდვების რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია მეორადი ტექნიკა-დანადგარების შესყიდვა საგრანტო სახსრებით, თუმცა აპლიკანტის თანამონაწილეობის ნაწილში შესაძლებელია მეორადი ტექნიკის შეძენა პროექტის ფარგლებში.

_ როგორც ვიცი გრანტით შეძენილი იმპორტირებული პროდუქცია არ იბეგრება საბაჟოზე, მაგრამ თუ შეიძლება პროდუქციის ტრანსპორტირება საგრანტო სახსრებით?  

_ საგრანტო სახსრებით იმპორტირებული დანადგარები უმეტეს წილად არის შესყიდული  Incoterm 2010-ის DDP  პირობით, რაც გულისხმობს ტრანსპორტირებას დანიშნულების ადგილამდე.

_ არის თუ არა შეზღუდული დაფინასების მიღებისთვის მიწის ფართობი?

რა მინიმალური ფართით შეიძლება დაფინანსდეს სამაცივრე და საყინულე საწყობი?

მოგახსენებთ, რომ ფართზე შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა საპროექტო წინადადება უნდა იყოს კომერციულად მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი.

_ საწარმოს მოწყობა თუ შეიძლება კოოპერატივის  რამდენიმე დამფუძნებლის საერთო საკუთარ ეზოში?

_ შესაძლებელია, თუ კოოპერატივი სარგებლობს აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე  სარგებლობის უფლებით. საწარმოს მოწყობისას აუცილებელი გარემოს დაცვითი მოთხოვნების დაცვა (საკუთარ ეზოში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს საწარმოს მოწყობა არ არის დაშვებული)

_ გარემოსდაცვით საკითხებში უშუალოდ გადამამუშავებელი საწარმოს მდებარეობა უნდა იქნას აღწერილი თუ მიწა სადაც ვიღებთ პროდუქციას (მოსავალს)?

ყველაფრის აღწერა უნდა მოხდეს, რაც პროექტის განსახორციელების პროცესთან შეხებაშია.

_ აქვს თუ არა უფლება სააქციო საზოგადოებას წარმოადგინოს განაცხადი?

_ გაცნობებთ, რომ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ აპლიკანტს, რომელიც დარეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად (ინდ. მეწარმე, შპს, სააქციო საზოგადოება, გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირი, კოოპერატივი).

_    არის თუ არა შესაძლებლი გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში დაფინანსდეს სარწყავი სისტემის მოწყობა?

_ სამწუხაროდ, საგრანტო კონკურსის ეს ეტაპი არ ითვალისწინებს სარწყავი სისტემის დაფინანსებას, არამედ ორიენტირებულია მოსავლის აღების შემდგომი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

_ ნებადართულია თუ არა, შპს-მ მიიღოს გრანტი, რომელიც რეგისტრირებულია ქ.თბილისში და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს რეგიონში კენკროვანი კულტურების სამაცივრე მეურნეობის მოწყობა?

_ შესაძლებელია, რადგან პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება.

_ ნებადართულია თუ არა საგრანტო ნაწილის სახსრებით შესყიდული აქტივების დაგირავება ბანკში ამავე გრანტის თანამონაწილეობის საკრედიტო რესურსების მისაღებად? 

_ არა, არ შეიძლება პროექტის ფარგლებში საგრანტო ნაწილის სახსრებით შესყიდული აქტივების დაგირავება, გამომდინარე იქიდან, რომ შესყიდული დანადგარები რჩება პროექტის ბალანსზე პროექტის დასრულებამდე და მისი გრანტიორისთვის გადაცემა მოხდება მხოლოდ პროექტის წარმატებით დასრულებისა და ვალდებულებების სრულად შესრულების შემთხვევაში.

_ შესაძლებელია თუ არა საგრანტო პროექტის ფარგლებში ნედლეულის, კერძოდ, კენკროვანი კულტურების შესყიდვა? 

_        შესაძლებელია საგრანტო პროექტის ფარგლებში კენკროვანი კულტურების შესყიდვა, თუმცა ის ჩაგეთვლებათ თანამონაწილეობის ნაწილში მხოლოდ პირველი საოპერაციო წლის განმავლობაში.

_  ნებადართულია თუ არა საგრანტო პროექტის ფარგლებში საწარმოო შენობის შესყიდვა?

_ დიახ, შეგიძლიათ საგრანტო პროექტის ფარგლებში საწარმოო შენობის შესყიდვა, თუმცა იგი ჩაგეთვლებათ სრული თანამონაწილეობის 20%-ად.

_ შესაძლებელია თუ არა ჩინეთსა და ინდოეთში წარმოებული დანადგარების შესყიდვა?

_ ინდოეთში წარმოებული დანადგარის შესყიდვა ნებადართულია, გამომდინარე იქიდან რომ აღნიშნული ქვეყანა შედის დაშვებულ გეოგრაფიულ კოდში (937). რაც შეეხება ჩინეთს, აღნიშნულ ქვეყანაში წარმოებული მანქანა-დანადგარის შესყიდვა შეგიძლიათ მხოლოდ ადგილობრივი დილერისგან.

_  ჩაითვლება თუ არა პროექტის საერთო ბიუჯეტში ბენეფიციარის მიერ ამ პროექტის განხორციელებისათვის შესაძენი მიწის ნაკვეთის ღირებულება?

_ დიახ, აღნიშნული ხარჯი ჩაგეთვლებათ პროექტის საერთო ბიუჯეტში, ოღონდ არა უმეტეს  თანამონაწილეობის 20%-ისა.

_  არის თუ არა USAID-ის მიერ რეკომენდირებული კომპანიები, რომლებიც სპეციალიზდებიან სამაცივრე კომპლექსის მშენებლობასა და აღჭურვაზე?

_  მოგახსენებთ, რომ პროექტი არ გასცემს მსგავს რეკომენდაციებს. იმ კომპანიებს, რომლებთანაც სამომავლოდ გადაწყვეტთ თანამშრომლობას, წარმატებით უნდა ჰქონდეთ განხორციელებული არაერთი მსგავსი პროექტი.

_  დანართებში მოსალოდნელი შედეგების გაანალიზებისას ცალ-ცალკე უნდა მიეთითოს თუ არა საკუთარ მეურნეობაში წარმოებული ნედლეულის გადამუშავებით მიღებული და მოსახლეობიდან შეძენილი პროდუქციის რეალიზებით მიღებული შემოსავლები?

_  დიახ, საკუთარ მეურნეობაში წარმოებული ნედლეულის გადამუშავებით მიღებული და მოსახლეობიდან შეძენილი პროდუქციის რეალიზებით მიღებული შემოსავლები უნდა მიეთითოს ცალ-ცალკე და უნდა იყოს ნათლად ასახული, რაც პროგრამას დაეხმარება საგრანტო პროექტის შეფასებისას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

წყარო: drive.google.com