ვინ გაამწესა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თავისუფალი პრესის „ნაჩალნიკად“?!
სჭირდება თუ არა აგრარული მედიასაშუალებები, ბეჭდური თუ ელექტრონული ჩვენს ფერმერებს?!
ერთხანს კი ვიფიქრე, ღირდა თუ არა, მეპასუხა იმ უსიამოვნო ინციდენტზე, რაც ინტერნეტჟურნალ agronews.ge -ზე “საქართველოს მიწათმფლობელთა და მექანიზატორთა საზოგადოების თავმჯდომარის, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს დამსახურებული მექანიზატორის და სოფლის მეურნეობის დამსახურებული მუშაკის,” ირაკლი დვალის სტატიამ _ „საქართველოს სოფლის მეურნეობაში საგანგაშო მდგომარეობაა“ – გამოქვეყნებამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის გაღიზიანებამ და რედაქციაში სატელეფონო ზარმა გამოიწვია.
ვფიქრობ, პასუხი აუცილებელია, რადგან სახელწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ ჩინოვნიკის „მუნდირი“ (თუნდაც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის) არ აძლევს უფლებას, თავისუფალი პრესის „ნაჩალნიკად“ მიიჩნიოს თავი და მედიასაშუალებას, ამ შემთხვევაში agronews.ge-ს რედაქციას განმარტება მოსთხოვოს და უკარნახოს, რა გამოაქვეყნოს და რა _ არა.
თავისუფლი პრესა ამ ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარია და ვერანაირმა რანგის ჩინოვნიკმა ვეღარასოდეს უნდა გაბედოს ამ, ჩვენი საზოგადოების სისხლით დაცული ამ თავისუფლების შეზღუდვა!
ქალბატონ ნანიკოს, ლაპარაკია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე, აქამდე ჩვენთან, რედაქციაში არასდროს დაურეკავს და, მართალი გითხრათ, გამიკვირდა (ისე კი, ცოდვა გამხელილი სჯობს, ბაზარზე ერთადერთი ყოველთვიური დამოუკიდებელ აგრარული ჟურნალთან, ლაპარაკია ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოზე“, წესით და რიგით, სოფლის მეურნეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს კი უნდა ჰქონდეს ურთიერთობა), მაგრამ გაკვირვება ვინ მაცალა, _ ჯერ მენტორული ტონით, დაზუსტება მოითხოვა _ მართლა ის ვიყავი, ვისზეც ეჭვი ჰქონდა, ე.ი ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი, თუ... (ეს სტატია ჟურნალში არ გამოქვეყნებულა, ის ინტერნეტჟურნალ agronews.ge-ზე, გამოქვეყნდა, რომელიც ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოს“ არ ეკუთვნის). როგორც კი დასტური მიიღო, რომ სწორედ ის ვარ, ვისზეც ეჭვი აქვს, ხმა კიდევ უფრო გაიმკაცრა: _ ესე იგი, შენ გამოაქვეყნე ეს „საშინელი წერილი“? ასეც ვიცოდი!“_ „გამოდი ერთი შენ აქ!….“
_ ჩანს, „ცუდ საქციელში“ უკვე შემჩნეული ვყავდი და უკვე სამინისტროში მიბარებდა…
ამით რომ დაემთავრებინა, ქალბატონ ნანიკოს, ჩემი დამუნათება, ხმის ამომღები არ ვიყავი, მაგრამ მარგალიტები შემდეგ დააბნია?! რომ თურმე მას, ე.ი სამინისტროს ჟურნალთან ისეთი ურთიერთობა აქვს, რომ ჩემგან სიურპრიზებს არ უნდა იღებდნენ. რომ მას, ე.ი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 50 ეგზემპლარი აქვს გამოწერილი და _ თუ სიმართლე მაინტერესებს, ეს ჟურნალი სულაც არაფერში სჭირდებათ, მაგრამ ყიდულობენ(?!)…
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამოუკიდებელი დარგობრივი მედიასაშუალებები რომ არ სჭირდება, დიდი ხანია ვიცი (მართალი გითხრათ, აზრადაც არასდროს მომსვლია, რომ ჟურნალებს _ ბეჭდურს თუ ელექტრონულს სამინისტროსთვის ვაკეთებდი, ეს ჟურნალი ფერმერებისთვისაა და ქალბატონ ნანიკოს, შეუძლია გადაამოწმოს, სჭირდებათ თუ არა მათ ეს ჟურნალი, საიდანაც ინფორმაციას მიიღებენ აგრარული ტექნოლოგიების და სახვა მათთვის საინტერესო აგროსიახლეების შესახებ), მაგრამ ჩემთვის ახალი ამბავი ის იყო, რომ ქალბატონი ნანიკო, თურმე აქამდე დარწმუნებული გახლდათ:_რადგან სამინისტრო ყიდულობს (ეს მისი სიტყვებია) ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ 70 ეგზემპლარს (და არა 50, როგორც მას ჰგონია), ე.ი მიაჩნია, რომ ჟურნალიანად „ნაყიდი ვყავარ“ და ჩემგან სიურპრიზებს აღარ ელოდებოდა(?1)
პასუხის გაცემა დავაპირე _ ემ ეს სპეციალისტის, დარგის გამოცდილი პროფესიონალის, ღვაწლმოსილი ადამიანის მოსაზრებაა, რომ… , მაგრამ ხმის ამოღება ვინ მაცალა _ მე მის კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თქვენთან „აწი სხვაგვარად მოვიქცევით“, შენთან სალაპარაკო მეტი აღარაფერი მაქვსო და ტელეფონი „დამიხეთქა“.
დარგობრივ ჟურნალში დარგის სპეციალისტის მიერ არსებული პრობლემებზე გამოქვეყნებული სტატია, როცა ჩინოვნიკის ასეთ რეაქციას იწვევს, რას ნიშნავს ეს?!
და კიდევ _ სჭირდება თუ არა აგრარული მედიასაშუალებები, ბეჭდური თუ ელექტრონული, ქვეყანას, ჩვენს ფერმერებს, განსასჯელად თქვენთვის მომინდვია.
შოთა მაჭარაშვილი,
ინტერნეტჟურნალ „agronews.ge“-ის დამფუძნებელი და რედაქტორი