„ვფიქრობ, მსოფლიო დონის ღვინოა“ – ქართველები ბორდოში, ღვინის გამოფენაზე

ქალაქი ბორდო, ღვინის 2000 ბრენდის წარმომადგენელი, 150 ქვეყნიდან, 40 000 მონაწილე, 850 საერთაშორისო ჟურნალისტი, 45 სამუშაო შეხვედრა და დეგუსტაცია, მათ შორის, „ჭოტიაშვილის მარნის“, „ფაფრის ველის“, „ველინოსა“ და „თელავის ძველი მარნის“.
მეღვინეებისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტებისთვის განკუთვნილი ფესტივალი Vinexpo Bordeaux 13-16 მაისს, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გარდა დეგუსტაციისა ღონისძიებაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა: ღვინის სექტორში ინვესტიციების ზრდის პერსპექტივები, ელექტრონული კომერცია ღვინის გაყიდვების გასაზრდელად, კლიმატის ცვლილებების გავლენა ღვინის ინდუსტრიაზე და სხვა.საფრანგეთში, ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება ქართველმა მეღვინეებმა საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შეძლეს:

საქართველოს ბანკის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებასა და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში მხარი დაუჭიროს. გვინდა, ხელი შევუწყოთ მათი სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. Vinexpo Bordeaux 2019 ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართულ ღვინოსთან ერთად საქართველო გავაცნოთ მთელს მსოფლიოს. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“, – ზურაბ მასურაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ქართველი წარმომადგენელი, კახა ჭოტიაშვილი გვიყვება, ასეთი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების, პოტენციური კლიენტებისა თუ პარტნიორების მოძიების მიზნით და გარდა ამისა, მისი აზრით, ფესტივალი ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართველმა მეღვინეებმა თავიანთ ღვინოზე საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიონალების აზრი მოისმინონ.

ფესტივალიდან მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მიღებულ შემოთავაზებებსა და სამომავლო გეგმებზე მარკეტერი Vinexpo Bordeaux-ს მონაწილეებს: „ჭოტიაშვილის მარნისა“ და „თელავის ძველი მარნის“ დამფუძნებლებს, კახა ჭოტიაშვილსა და არჩილ უთიაშვილს ესაუბრა:

M: კახა, ბორდოში მიღებულ გამოცდილებაზე მოგვიყევით… რა პერსპექტივები გაჩნდა მას შემდეგ, რაც Vinexpo Bordeaux-ს დაესწარით?
როცა მონაწილეობას ბორდოს საერთაშორისო ფესტივალში იღებ, საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად იზრდება და შესაბამისად, ჩემთვის, როგორც ქართული ღვინის ბრენდის დამფუძნებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა იქ ყოფნა.
გამოფენა მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, საქართველო კი ღირსეულად წარმოჩნდა ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ქართული ტრადიციული, ქვევრში დაყენებული ღვინოები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებდა. რაც მთავარია, შეხვედრებისა და დეგუსტაციის შემდეგ, ჩვენი ბრენდით უკვე დაინტერესდნენ და ამჟამად, მოლაპარაკებებს ლიეტუვისა და კანადის იმპორტიორებთან ვაწარმოებთ.

კომპანია „ჭოტიაშვილის მარანი“ 2013 წელს დაფუძნდა. ჩვენი ვენახები გვაქვს, 40-მდე სახეობის ჯიშის ვაზით. პერიოდულად,  სხვადასხვა ჯიშისგან საექსპერიმენტო ღვინოებს ვაყენებთ, ასევე დავიწყებულ ქართულ ვაზებს ვეძებთ და ვაშენებთ. ჩვენ, ძირითადად, მშრალ, ქვევრის ღვინოებს ვაწარმოებთ, ტრადიციული ტექნოლოგიით: საფერავს, ბუდეშურ საფერავს, თავკვერს, შირაზს, მონტეპუჩიანოს, რქაწითელს, ქისს, ხიხვს, მწვანეს, ჩიტისთვალას, კახურ მცვივანსა და მუსკატურ რქაწითელს.

M: არჩილ, თქვენს შემთხვევაში, როგორია ფესტივალიდან მიღებული შთაბეჭდილებები?
არჩილ უთიაშვილი: ფესტივალზე გაცნობილმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა: პროფესიონალმა ღვინის ექსპერტებმა და ღვინის ბიზნესით დაკავებულმა პირებმა, ასევე უბრალოდ, ღვინის მოყვარულებმა, საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს ჩვენ მიერ წარმოდგენილ  ღვინოებს. იყო შემთხვევები, როდესაც განმეორებით მოდიოდნენ ჩემი ღვინის დასაგემოვნებლად და მეუბნებოდნენ, რომ აღფრთოვანებულები იყვნენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ: ჩინეთიდან, კანადიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან და სხვა ქვეყნებიდან კონკრეტულ ბიზნესმენებს, სხვადასხვა წინადადება და შემოთავაზება აქვთ ჩვენთან.

შპს „თელავის ძველი მარანი“ 2011 წელს დავაარსე. ღვინის წარმოებისთვის წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში 1970 წელს გაშენებული საკუთარი ვენახიდან მოწეულ ყურძენს ვიყენებ. ვენახი მდებარეობს ზღვის დონიდან 510 მეტრზე. ასეთი მდებარეობისა და ასაკის ვენახი განსაკუთრებული საგემოვნო მაჩვენებლების ყურძენს გვაძლევს. ღვინის შექმნას საფუძვლად უდევს ტრადიციული ტექნოლოგიური მეთოდი, რაც ითვალისწინებს ალკოჰოლურ დუღილში ჭაჭისა და კლერტის სრულ მონაწილეობას. ამასთან, ღვინის დამზადების ჩვენ მიერ შემუშავებულ ტექნოლოგიას ვიყენებთ ვენახის ადგილმდებარეობისა და ყურძნის ჯიშის თავისებურების გათვალისწინებით. ყველა საწარმოო პროცესი და სამუშაო სრულდება ხელით, შექმნილი პროდუქციის ოდენობა დიდი არაა და განისაზღვრება შეზღუდული ოდენობით – წელიწადში 5000 ბოთლით.

Vinexpo Bordeaux 1981 წლიდან არსებობს და მას შემდეგ, ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად იქცა.

წყარო: www.marketer.ge