ვცდილობთ, ქართველ ფერმერებს ევროპულ ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა მივცეთ

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს რამდენიმე ახალი მიმართულება ემატება

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტებს წლის ბოლომდე რამდენიმე ახალი მიმართულება შეემატება. ცვლილება შეეხება სხვადასხვა დროს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსაც, რომელთა მოდერნიზების პროცესი უკვე დაწყებულია. სააგენტოს აქვს ამბიცია, საქართველოს აგრარული სექტორის დონე თანამედროვე, ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს, გაიზარდოს ქართული წარმოების ხარისხი, ცნობადობა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტები, რომელთა ნაწილი დასრულდა, ნაწილი განახლდება და სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 

უფრო ვრცლად, თუ რა ცვლილებები შედის პროექტებში, რა სიახლეებია დაგეგმილი, რა გაკეთდა და რა რჩება სააგენტოს მთავარ გამოწვევად? – ,,რეზონანსის” კითხვებს სოფლის მეორნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეყელაძე პასუხობს.

პაატა შეყელაძე

_ როგორია იმ პროექტების შედეგები, რომლებსაც სააგენტო წლების განმავლობაში ახორციელებს? რამდენადაც ცნობილია, ცვლილებები შევიდა რამოდენიმე პროგრამაში, რამ განაპირობა და კონკრეტულად რომელ პროექტებს შეეხო?

_ ჩვენ დავაანონსეთ, რომ აბსოლუტურად ყველა პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით განვახორციელებთ, მაქსიმალურად იქნებოდა მორგებული უშუალოდ ბენეფიციარის საჭიროებებზე, მისი და ეკონომიკური კეთილდღეობის გათვალსიწინებით შეიქმნებოდა. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ უშუალოდ ბენეფიციარებთან, ვატარებთ კონსულტაციებს და მათ საჭიროებებს ვეცნობით. 

ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ,,დანერგე მომავალი”, რომელზეც სხვადასხვა რეგიონში გვქონდა კონსულტაციები, შევხვდით ფერმერებს, რომ დაგვედგინა თუ რა გამოწვევების წინაშე იდგნენ ისინი და შეგვეთავაზებინა ისეთი პროექტები, საიდანაც ისინი მეტ სარგებელს მიიღებდნენ. ერთ-ერთი პირველი იყო ,,დანერგე მომავალი”, რომელის მოდერნიზებაზეც დავიწყეთ მუშაობა. პარალელურად აბსოლუტურად ყველა პროექტის გათანამედროვება-განახლება მიმდინარეობს. 

პროგრამა ,,დანერგე მომავალის” მონაწილეს, რომელიც  მრავალწლიანი ბაღების გაშენების კომპონენტშია ჩართული, ნერგის ღირებულების 70% უფინანსდება. 50%-ით ფინანსდება წვეთოვანი, სარწყავი სისტემა, რაც იყო თანხაში არაუმეტეს 100 ათასი ლარის ფარგლებში, ხოლო შესაძლებლობა ექნებოდა, არაუმეტეს 20 ჰექტრის მოცულობით მიწის ნაკვეთზე ახალი ბაღი დაეშენებინა. გვქონდა ერთ-ერთი კომპონენტი კენკროვნები, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ მაღალმთიანი და ეკონომიკურად დაბალაქტიური რეგიონებისთვის, რეალურმა სიტუაციამ გვაჩვენა, რომ 20 ჰა არ იყო საკმარისი და ხელოვნურად დაყოფის საშუალებით კიდევ უფრო რომ არ შემცირებულიყო ისედაც ფრაგმენტირებუილი ნაკვეთები, 50 ჰა-მდე ავწიეთ ნაკვეთის მოცულობა. თანხა კი თითოეულ ბენეფიციარზე 250 ათას ლარამდე გავზარდეთ თავდაპირველად 100 ათას ლარს შეადგენდა). გარდა ამისა, თუკი ნაკვეთის მოცულობასთან დაკავშირებული ქვედა ზღვარი, 1 ჰა-დან იყო, 0,5 ჰა-მდე ჩამოვწიეთ.  პროგრამაში უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა კენკროვნების კომპონენტი, რომელიც აქამდე მხოლოდ მაღალმთიანი რეგიონისთვის ვრცელდებოდა. ასევე ბაღების კომპონენტის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაუფინანსდებათ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობის ღირებულების არაუმეტეს 50%, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში – არაუმეტეს 60%.

_ რა არის სახელმწიფოსთვის გარანტი, რომ მის მიერ აგრარული სექტორის განვითარებისკენ მიმართული ცვლილებები მაგალითად პროგრამა დანერგე მომავალში, გაამართლებს და გაწეული ხარჯი შედეგს მოუტანს კონკრეტულ ბენეფიციარებს და ასევე სექტორის განვითარებას უზრუნველყოფს. რა მოეთხოვებათ ამისთვის პროგრამის მონაწილეებს?

_ ,,დანერგე მომავალში” ერთ-ერთ კომპონეტს კენკროვანი კულტურები წარმოადგენს. როგორც აღვნიშნე, ბენეფიციარს უკვე შეუძლია 0,5 ჰა-მდე გააშენოს კენკროვანი კულტურა, რომელშიც 100%-ით ვაფინანსებთ ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს ნერგი, მოწყობა, სამაგრი, წვეთოვანი სისტემა და ა.შ. ბენეფიციარს მოეთხოვება, რომ მოვიდეს, ისწავლოს თუ როგორ მოუაროს თავის ნაკვეთს, რომელსაც სახელმწიფო დაუფინანსებს 100%-ით და შემდეგ ჩაერთვება პროექტში. ეს იმიტომ კეთდება, რომ სახელმწიფომ ფული ტყუილად არ გადაიხადოს ისეთი ბენეფიციარისთვის, რომელმაც შეიძლება რაღაც არ იცოდეს და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ბაღს ვერ მოუაროს, თანხა ფუჭად დაიხარჯოს. 

ფერმერებს აქტიურად ვეხმარებით იმაშიც, რომ პროდუქტიულობა და ხარისხი გაიზარდოს კენკროვან კულტურაში. პროგრამაში გვაქვს სიახლეც – აქამდე მევენახეობა არ ფინანსდებოდა და პროგრამას ახლა ეს კომპონენტიც დაემატა. ეს არც არის გასაკვირი, როცა თავს ვიწონებთ იმით, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო. ჩვენ 525 ენდემური ჯიში გვაქვს და გვინდა, რომ საქართველოს მთელ რეგიონებში შევუწყოთ ხელი იმ ჯიშების გავრცელებას, რომელიც წინაპრებმა შემოგვინახეს. აღმოსავლეთ საქართველოში ეს დარგი კარგად განვითარებულია, სადაც ძირითადი აქცენტი აღებული ჰქონდათ საფერავზე და რქაწითელზე, სწორედ აქედან გამომდინარე, მხოლოდ აღმოსავლეთში შეიზღუდა საფერავის და რქაწითელის ვენახების დაფინანსება. დანარჩენ შემთხვევაში, ბენეფიციარს მთელ ტერიტორიაზე შეიძლება შევთავაზოთ უკვე ვენახის გაშენებაც. ვაძლევთ წვეთოვანი სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობასაც, სადაც ამის საჭიროებაა.

_ სააგენტოს შეუერთდნენ კოოპერატივის მართვის სააგენტოს პროექტები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრები, რამ გამოიწვია აღნიშნული გაერთიანება და რას ველოდოთ სამომავლოდ?

_ დიახ, გარკვეული რეორგანიზაცია განხორციელდა. იმის გათვალისწინებით, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაერთიანდნენ, უკვე აგრარული და გარემოს დაცვის  მიმართულებით განვახორციელებთ ნებისმიერი ტიპის პროექტს, ხოლო კოოპერატივებს აქაც ექნება განსაკუთრებული სასათბურე პირობები, სხვა დანარჩენ პროექტში მონაწილე ბენეფიციარებთან შედარებით, ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული ტიპის სასოფლო-სამეურნეო საფინანსო ორგანიზაცია. ვცდილობთ, ქართველ ფერმერებს ევროპულ ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობა შევუქმნათ. მნიშვნელოვანია რომ ევროკავშირიდან არის პოლიტიკური ნება რომ წვდომა მოგვეცეს ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო მრავალმილიარდიან ფონდთან, აღნიშნული ტიპის ევროპული სააგენტოები შექმნეს თავის დროზე პოლონეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მანამ სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდებოდნენ, მიიღეს წვდომა ევროკავშირის ფონდთან და საგრძნობლად განავითარეს აღნიშნული დარგი თავიანთ ქვეყნებში. ჩვენც გვსურს შევქმნათ ისეთი საფინანსო ორგანიზაცია რომელსაც შეეძლება აღნიშნული ფონდის ფინანსურ რესურსებთან წვდომა.

_ აგროდაზღვევაზე მინდა გკითხოთ, ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენებმა ფერმერებს საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა, რამდენად წარმატებით ხორციელდება აგროდაზღვევის პროგრამა და როგორი თქვენი შეფასება?

_ აგროდაზღვევის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც ვახორციელებთ, თუ გვინდა ფერმერს ჰქონდეს პირობა, რომ დაზღვეული იყოს სტიქიური მოვლენებისგან, რომელიც ყოველდღიურობაში ხვდება, აუცილებელია თავისი მოსავალი დაზღვეული ჰქონდეს. გვინდა, რომ დაზღვევის ევროპული კულტურა შემოვიტანოთ და მივცეთ ყველაფრის საშუალება, რაც მისი კეთილდღეობისა და განვითარებისთვის არის საჭირო. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აგროდაზღვევა კიდევ უფრო განვითარდეს. ფერმერს 2018 წლამდე არ მოეთხოვებოდა, რომ ჰქონოდა მიწა რეგისტრირებული, მაგრამ ეს აუცილებელია, რომ ყველა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყოს რეგისტრირებული. მიწის სავალდებულო რეგისტრაციის შემოღებამ წინა წელს გაგვინახევრა ბენეფიციართა რაოდენობა, მიუხედავად იმისა რომ მიწის რეგისტრაცია წელსაც სავალდებულოა რომ ბენეფიციარებმა დააზღვიონ მოსავალი, დაზღვევის ნაწილში წელს 75%-ით ვაჭარბებთ წინა წლის ანალოგიურ მონაცემს და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება.  ფერმერებს, რომლებსაც დაზღვეული ჰქონდათ მოსავალი, ბოლო დროს განვითარებული სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდება. დღეს უკვე დაზღვეული გვაქვს 96 მლნ-ზე მეტი ღირებულების პროდუქცია და ეს მაჩვენებელი სამომავლოდ კიდევ გაიზრდება. 

_ პროექტ ,,ახალგაზრდა მეწარმეს” ფარგლებში `სტარტაპერები~ იღებდნენ დაფინანსებას. როგორ შეაფასებდით პროექტის მიმდინარეობას და სამომავლოდ აპირებეთ თუ არა აღნიშნული პროექტი გაგრძელებას?

_ პროექტი ძალიან კარგად განვითარდა, 147 ბენეფიციარი დავაფინანსეთ, ჯამურმა ინვესტიციამ შეადგინა 16 მლნ-ზე მეტი, რომლიდანაც 6,3 მლნ-ზე მეტი თანადაფინანსების სახით სააგენტოდან იყო გაცემული. ,,ახალგაზრდა მეწარმე” საინტერესო იყო იმით, რომ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სეგმენტი არ ფინანსდებოდა. მთლიანი ჯამური თანხის 20% იყო გათვლილი არასასოფლო მიმართულებაზეც. ადგილზე შეეძლოთ ისეთი ტიპის სამეურნეო საქმიანობის დაფინანსება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო ტურიზმის მიმართულება, აგროტურიზმი და სხვა, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენეს და პოპულარული აღმოჩდა. არ ვაპირებთ გავჩერდეთ და პროექტს უფრო მოდერნიზებული სახით შევთავაზებთ ახალგაზრდობას. 

_ თუმცა არის საკითხები, რაზეც თავიდან გიწევთ მუშაობა, ამ თვალსაზრისით კი, სამაცივრე ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობაში დიდ გამოწვევად რჩება, იგეგმება თუ არა აღნიშნული მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა?

_ სოფლის მეურნეობაში გვაქვს ღირებულებათა ჯაჭვი, რომლის ყოველ კომპონენტს ვფარავთ, ჩვენი პროექტებით, გვქონდა პერიოდი, როცა არ გვქონდა არაფერი, შემდეგ, რაღაც შეიქმნა და პერსპექტივა გაჩნდა. სამომავლოდ ვხედავთ, რომ ნედლეული გვაქვს იმდენი, რომ ამას სჭირდება შემდგომში უკვე შესანახი ინფრასტრუქტურა, გადამმუშავებელი საწარმოები და აღნიშნული ტიპის ინფრასტრუქტურა, ექსპორტზე გატანის ხელშეწყობა, ასევე საერთაშორისპო ტიპის სერთიფიკატები, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა, ამ ყველაფრისთვის დიდი შრომაა გასაწევი. უახლოეს მომავალში შევთავაზებთ უკვე სამაცივრე მეურნეობებს, საშრობებს და სხვა მიმართულებებს. ახალი თანადაფინანსების მექანიზმებით. ვფიქრობთ რომ თანდაფინანსების მექანიზმი სამაცივრე მეურნეობების შესაქმნელად იყოს 50% სახელმწიფოს მხრიდან და მეორე ნახევარი უშუალოდ ბენეფიციარის მხრიდან.

_ სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ, დამატებით კიდევ რამდენი პროექტის განხორციელება იგეგმება და როდის გაეცნობა მას საზოგადოებას?

_ ახლა პარალელურად ვმუშაობთ ახალ პროგრამებზე, ერთ-ერთია მესაქონლეობის ხელშემწყობი პროექტი, რომელიც შემოდგომამდე დაიწყება. მოსახლეობას შევთავაზებთ მერძეული მიმართულებით ახალ პროექტს, რომელიც დახმარების სახით აქამდე არ გვქონია. დავიწყებთ მუშაობას ,,იმერეთის აგროზონაზე”, რაც გულისხმობს იმერეთის მხარეში დიდი სასათბურე მეურნეობის კლასტერს. იმერეთი ტრადიციული მემწვანილეობის და ბაღჩეული კულტურების მხარეა და საჭიროა მეტი და მეტი პროგრამა, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, ეკონომიკა მეტად განვითარდეს და ქართული პროდუქცია წარმოდგენილ იქნას მსოფლიო ბაზარზე.

_ სულ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო სასოფლო სამეურნეო მექანიზაციის მხარდამჭერი პროგრამა, რომელიც ფერმერთა მაღალი ინტერესის და ბიუჯეტის გახარჯვის გამო 1 კვირაში დასრულდა, იგეგმება თუ არა მეორე ეტაპის დაწყება?

_ სხვა გამოწვევებთან ერთად, ჩვენ ქვეყანაში გვაქვს მექანიზაციის დეფიციტი, ამიტომ სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ფერმერებს ამ მიმართულებითაც დახმარებოდა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარს უფინანსდებოდა ტექნიკის ღირებულების 50%, არაუმეტეს 150 ათასი ლარისა, ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. პროგრამა როგორც კი ჩაეშვა, დაახლოებით 1 კვირის ვადაში სრულად ამოიწურა ბიუჯეტი და თანხა დამატებით გამოვყავით. თავიდან 4 მლნ გამოიყო, აქედან 2 მლნ მოსავლის ამღები ტექნიკის მიმართულებით, თუმცა პროექტს კიდევ 3 მლნ დაემატა. 300-ზე მეტი განაცხადი იქნა განხილული, მაგრამ დაახლოებით 110 ბენეფიციარი დაფინანსდა. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ჯამურად დიდი თანხა იყო მოთხოვნილი. ცხადია, გაჩერებას არ ვაპირებთ და პროექტის ფარგლებში, რაც სჭირდება ფერმერს, სრულად მივაწვდით. მეორე ეტაპზე პირველ რიგში განვიხილავთ იმ განაცხადებს რომელიც შემოტანილი იქნა პირველ ეტაპზე და ვერ მოუსწრო დაფინანსების პირველ ეტაპს.

მარი გოცირიძე

წყარო: resonancedaily.com