Women in Wine Expo-ში საქართველოს მეღვინე ქალები მონაწილეობენ
მეღვინე ქალების პირველი საერთაშორისო გამოფენა „Women in Wine Expo 2019” 23-24 მაისს ნიდერლანდებსა და ბელგიაში იმართება.
საქართველოდან გამოფენაში რვა მეღვინე ქალი მონაწილეობს: „ქეთი ვაინი“, „ბაიას ღვინო“, „მარანი საჩინო“, „მადამ ვაინი“, „დემის მარანი“, „ნინო მორის მარანი“, „მირანდა ჩხეტიანი“ და „თამარის ღვინო“.
გამოფენაზე მსოფლიოს 8 ქვეყნიდან 30 მეღვინე ქალი და მათ მიერ წარმოებული ღვინოებია წარმოდგენილი.
გამოფენა ტარდება ორ ნაწილად: პირველი ნაწილი გაიმართა ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამში, მეორე ნაწილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დღეს იმართება. ამასთან, როტერდამში გამოფენის დასრულების შემდეგ, ჰააგაში, ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს შენობაში, მეღვინე ქალებმა საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, ხოლო პრეზენტაცია ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა სოფიო ყავლაშვილმა წარადგინა.
„Women in Wine Expo 2019”-ში ქართველი მეღვინეების მონაწილეობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოა.
მსგავს გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო მასშტაბით ცნობადობის გაზრდას.