ჟურნალი „Homeland Of Wine” (საქართველო ღვინის სამშობლო) 

 ქართული ღვინის შესახებ პირველი პერიოდული ჟურნალი „Homeland Of Wine” (საქართველო ღვინის სამშობლო)  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ქართული ღვინის მხარდაჭერის და პოპულარიზებისთვის შეიქმნა. როგორც გუშინ ღვინის ეროვნულ სააგენტოში გარმართულ პრეზენტაციაზე ითქვა, ჟურნალი  კვარტალში ერთხელ ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოვა.

„ღვინის სამშობლოში „ღვინის სამშობლოს” გამოცემაც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქართული ღვინო უკეთ იყოს წარმოჩენილი, მხარი დავუჭიროთ მას და მოგიყვეთ ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, გამორჩეულ ღვინოებზე, მცირე მარნებსა თუ ქალ მეღვინეებზე, ახლადგაშენებულ ვენახებსა და აღდგენილ ჯიშებზე, საკითხებზე, რომლებიც გადაჭრას საჭიროებს და რჩევებზე, რომლებსაც გამოცდილი მეღვინეები გვაძლევენ. ჟურნალის ყველა ნომერში, დარგის სპეციალისტებთან და პროფესიონალებთან ერთად, შევეცდებით, მეტი გითხრათ იმ ქვეყნის შესახებ, სადაც ღვინო კულტურის ნაწილი და ცხოვრების წესია” – აღნიშნა ჟურნალის რედაქტორმა მაია ჯავახიშვილმა.

„Homeland Of Wine” მკითხველს მოუთხრობს იმ ადამიანებსა თუ  კომპანიებზე, რომლებიც ქმნიან ქართულ ღვინოს და მის თანამედროვე ისტორიას.  პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია მაია ჯავახიშვილი, გამომცემელი მედიაკომპანია „N Line Media” (ენ ლაინ მედია).

„იმედი მაქვს, რომ  ჟურნალის მეშვეობით უამრავ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია როგორც ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ, ისე მისი თანამედროვე ტენდენციებისა და მიღწევების შესახებ, გაიცნოს ქართველი მეღვინეები და მათი ღვინოები. მჯერა, რომ ამ გზით  მკითხველი კიდევ უფრო შეიყვარებს და დააფასებს ქართულ ღვინოს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, რომელიც ამ ღვინოს უწყვეტად აწარმოებს უკვე 8 ათასი წელია” – ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, ჟურნალი  „Homeland Of Wine” კიდევ ერთი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.