ბრეთელი ფერმერი

25 წლის დავით ედილაშვილმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ვაშლის ბაღების გაშენება 3 წლის წინათ დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც. ახალგაზრდა ფერმერს დღეს ვაშლის ბაღები 4 ჰექტარზე აქვს გაშენებული და მეხილეობასთან ერთად მებოსტნეობასაც მიჰყო ხელი. დავითი პროდუქტს ადგილობრივ ბაზრებსა და სუპერმარკეტებში ყიდის. მას სურს საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოოს და ვაშლის, ჟოლოს, მარწყვის და ბლის ბაღები გააშენოს.


„დღეს ფერმერობა რთულია, შრომასთან ერთად დიდ თანხებს მოითხოვს. პროექტ „დანერგე მომავლის“ ხელშეწყობით მნიშვნელოვნად გამიადვილდა ჩემი საქმის წარმოება… როგორც ფინანსური, ასევე პრაქტიკული გამოცდილებით დიდ დახმარებას მიწევს ჩემი ოჯახი. მამა პროფესიით აგრონომია და მისმა დროულმა და სწორმა რჩევებმა ჩემი მეურნეობის წარმატება განაპირობა“, — ამბობს ფერმერი.

დავითის თქმით, სოფელში ახალგაზრდები დაინტერესებული არიან სოფლის მეურნეობით, თუმცა, ისინი საკმარის ინფორმაციას ვერ იღებენ.

„ბრეთელი ახალგაზრდები ჩაბმულები არიან სოფლის მეურნეობაში. მოჰყავთ პომიდორი, კომბოსტო, წიწაკა, კარტოფილი, ვაშლი, ქლიავი… მისდევენ მეცხოველეობასაც. სამწუხაროა, რომ სოფელში სიახლეები ნაკლებად აღწევს. არ გვაქვს ახალი ინფორმაციები ან გვიან ვიგებთ მათ შესახებ. ჩვენთვის ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროდ ინტერნეტი რჩება. სოციალური ქსელებისა და აგრო თემატიკის საიტების დახმარებით ვიღებთ ინფორმაციებს დარგში დანერგილი სიახლეების შესახებ“.

ახალგაზრდა ფერმერის თქმით, პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიულ განათლებას. ამ მიზნით ის მუდმივად ცდილობს განვითარებას. გავლილი აქვს ტრენინგები როგორც საქართველოში, ასევე — ევროპაში. შარშან, ჰოლანდიის საელჩოსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა 5-დღიანი Wageningen UR მეცნიერთა საპასუხო ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა, აგრონომებმა და ფერმერებმა. ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა ქართველებს მრავალწლიანი კულტურების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. სტუმრებმა დაათვალიერეს სანერგეები, სამაცივრო მეურნეობები და გაეცნენ სარგავი მასალის სერტიფიცირების საკითხებს. ამ ტრენინგში მონაწილეობა დავით ედილაშვილმაც მიიღო და მოხარულია, რომ თავისი საქმიანობასთან დაკავშირებით დიდი ცოდნა შეეძინა. ფიქრობს, ამ კუთხით მიღებული ცოდნა დაეხმარება ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანი პროდუქცია მოიყვანოს.

დავითი დამწყებ ფერმერებს ურჩევს არ შეშინდნენ, გაბედულად წამოიწყონ საქმე და სცადონ სოფლის მეურნეობაში ფეხის მოკიდება, რადგან ეს არის საინტერესო და პერსპექტიული დარგი. და თუ ადამიანები დაუღალავად იშრომებენ და საქმისადმი სიყვარულს გამოიჩენენ, წარმატებასაც მიაღწევენ.

თეონა ნოზაძე,

ასოციაცია „მომავლის ფერმერი“