დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის გამოფიტვის და დეგრადაციის პროცესი

ქვეყნის სოფლის მეურნეობის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებულ დადებით ძვრებთან ერთად მრავალმა მტკივნეულმა პრობლემამ იჩინა თავი. ჩამოყალიბდა სრულიად მიუღებელი _ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული სიმდიდრის _ ნიადაგის უსისტემო ექსპლუატაციის და მისადმი მხოლოდ მომხმარებლური დამოკიდებულების ტენდენცია. ყოველივე ამან საფრთხე შეუქმნა თვით ნიადაგის, როგორც ხმელეთის ბიოპროდუქტიული სისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილის ბიოლოგიურ არსებობას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას.
დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს ნიადაგის გამოფიტვის და დეგრადაციის, აღმოსავლეთ საქართველოს მიწების გაუდაბნოების პროცესები, რაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საკმაოდ დიდი ფართობის სასოფლო-სამეურნეო ბრუნვიდან ამოვარდნის რეალური პირობაა.

მცირემიწიან საქართველოში 205 ათასი ჰექტარი დამლაშებულ და ბიცობ, 330 ათასი ჰექტარი მჟავე და 220 ათასი ჰექტარი დაჭაობებულ ნიადაგებს უკავია. ერთ მილიონ ჰექტრამდე ფართობზე ნიადაგი სხვადასხვა ხარისხით ეროზიული პროცესების გავლენას განიცდის, რაც ანადგურებს სავარგულებს, არღვევს ათასობით წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ ბუნებრივ-ეკოლოგიურ წონასწორობას, განაპირობებს მთელ რიგ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ შედეგებს.

შემაშფოთებელი მდგომარეობაა შექმნილი ნიადაგებში მცენარისათვის აუცილებელი საკვები ელემენტების შემცველობის მხრივ. ქვეყნის მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის 80%-მდე ღარიბია საკვები ელემენტებით, რაც სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაბალ და უხარისხო მოსავალს განაპირობებს. ქვეყნის ყველა რეგიონში შეინიშნება ნიადაგის ნაყოფიერების უმთავრესი მაჩვენებლის — ჰუმუსის მწვავე დეფიციტი და მისი ბალანსი უარყოფითია.

ნიადაგების მდგომარეობის ასეთ ფონზე არსებობს კითხვა: — როგორ ვმართოთ ნიადაგის ნაყოფიერება, მიწათმოქმედების რომელ სისტემას მივანიჭოთ უპირატესობა — ინტენსიურს თუ ორგანულს? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ჩატარებული ხანგრძლივი დაკვირვებების საფუძველზე გთავაზობთ ჩვენს მოსაზრებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

დავიწყოთ ინტენსიური სისტემით

მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მაღალგანვითარებულ არც ერთ ქვეყანას ჯერჯერობით არ უთქვამს უარი ინტენსიურ სოფლის მეურნეობაზე. აშშ, კანადა, ბრიტანეთი, ევროპის ყველა ქვეყანა, აზიის ქვეყნები დღემდე ეწევიან ინტენსიურ სოფლის მეურნეობას. მიზანი ერთია — ფართობის ყოველ ერთეულზე მიღებულ იქნეს რაც შეიძლება მეტი მოსავალი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, რასაც აღწევენ ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად მინერალური სასუქების აუცილებელი გამოყენებით, რა თქმა უნდა ორგანულ სასუქებთან ერთად.

მსოფლიოში მინერალურ სასუქებზე მოთხოვნილება და მისი წარმოებაც ყოველწლიურად იზრდება, რასაც შემდეგი ძირითადი ფაქტორები განაპირობებს:

— მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობის მატება იწვევს კვების ძირითად პროდუქტებზე მოთხოვნის მატებას. ამავდროულად, ადგილი აქვს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მსოფლიოს სათესი ფართობების თავისუფალი რესურსების შემცირებას, რაც განაპირობებს სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის აუცილებლობას, ახალი ტექნოლოგიების დამუშავებას და დანერგვას. ყოველივე აღნიშნულის შედეგად იზრდება სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლების მოთხოვნა მინერალურ სასუქებზე.

—  ბოლო წლებში რთული კლიმატური პირობები მრავალ წამყვან ქვეყანაში ნეგატიურად აისახა ს`ს კულტურების მოსავალზე და გამოიწვია მარცვლეულის მსოფლიო მარაგების შემცირება, რამაც გაზარდა მინერალურ სასუქებზე მოთხოვნა.

— 2014 წელს მსოფლიოში 2 მილიარდ 534 მილიონი ტონა მარცვლეული აწარმოეს, რომელიც არ იყო საკმარისი და იმ პერიოდში, როგორც ამას საერთაშორისო ექსპერტები წერენ, ერთი მილიარდამდე ადამიანი შიმშილობდა, თანაც, აღნიშნული 2 მილიარდ 534 მილიონი ტონიდან 50 % მიღებულია მინერალური სასუქების ხარჯზე. ადვილი წარმოსადგენია, რამდენი ადამიანი იშიმშილებს, ეს 50% რომ მოაკლდეს.

რაც შეეხება ორგანულ ( ბიოლოგიურ) მიწათმოქმედებას: — აღნიშნული მიწათმოქმედების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი და აზრია მიღებულ იქნეს ჯანსაღი ბოსტნეული და ხილი, სრულიად თავისუფალი ყოველგვარი „ქიმიისაგან”.

ძირითადი მიზანია ასევე — ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლება. პრინციპში, ინტენსიური მიწათმოქმედების მომხრეები სასუქების შეტანით იგივე მიზანს ემსახურებიან, მაგრამ ორგანული მიწათმოქმედების იდეოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ კი არ გადავაკეთოთ ბუნება, არამედ დავეხმაროთ მას. ამიტომ ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა ხდება აგროტექნიკური ხერხების და ნატურალური საშუალებების — ხარჯზე. იქნება ეს ორგანული სასუქები, სიდერაცია, ბიოჰუმუსი, ბიოპრეპარატები და ა.შ.

ამასთანავე, არსებობს კითხვები:

— 1. შეიძლება თუ არა, ამ მიმართულებით წასვლისას გადაწყდეს არსებული ეკოლოგიური პრობლემები?

_ 2. შეუძლია თუ არა ორგანულ მიწათმოქმედებას გახდეს ტრადიციული მიწათმოქმედების რეალური ალტერნატივა? ე.ი. წარმატებით გადაწყვიტოს პლანეტის მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფის პრობლემა ხარისხიანი, ჯანსაღი საკვები პროდუქტებით?

ორივე კითხვაზე პასუხი უარყოფითია. პასუხი პირველ კითხვაზე: გ — არსებული ინფორმაციით, გარემოს მრავალი სახის დამაბინძურებლებიდან სოფლის მეურნეობის წილზე მოდის 4-5%; ყველაზე მეტია ტექნოგენური, ტრანსპორტით, წიაღისეულის მოპოვებით, ნავთობპროდუქტებით და ა.შ. დაბინძურება.

სოფლის მეურნეობაში მთავარ დამაბინძურებლად ითვლება მინერალური სასუქების და პესტიციდების გამოყენება. რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრად იქნება დაცული მინერალური სასუქების გამოყენების მეცნიერულად დასაბუთებული რეგლამენტები, მათი ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე მინიმალური იქნება.

პასუხი მეორე კითხვაზე: — ორგანული მიწათმოქმედების ნაკლია:

— ს/ს კულტურების მოსავლის შედარებით დაბალი დონე (არსებობს მოსავლის ჭერი, ზღვარი, რომლის გადალახვაც ორგანული სასუქებით შეუძლებელია).

— მსოფლიოში ძირითადი ორგანული სასუქი — ნაკელი — არასაკმარისი რაოდენობითაა. საერთაშორისო ექსპერტების აზრით, 6 მილიარდი სული საქონელი უნდა არსებობდეს, რომ მსოფლიოში ორგანული სოფლის მეურნეობა უზრუნველყოფილი იქნეს ნაკელით მაშინ, როცა 2009 წლის მონაცემებით მსოფლიოში 1,6 მილიარდი სული საქონელი იყო.

— თუ ნიადაგში გენეტიკურად მცირეა რომელიმე საკვები ელემენტი, დაბალი იქნება მისი შემცველობა ნაკელშიც.

— თუ ნიადაგი დაბინძურებულია, მაგალითად, მძიმე ლითონებით, იგი გადადის ნაკელშიც და კვლავ უბრუნდება ნიადაგს.

— ნაკელის შორ მანძილზე გადაზიდვა არარენტაბელურია.

— ნაკელით ნიადაგს არ უბრუნდება მარცვლის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, რომელიც გაყიდულია მეურნის (ფერმერის) მიერ. მარცვლით გადის მარცვლეულის მიერ გამოტანილი ფოსფორის ორი მესამედი, აზოტის სამი მეხუთედი და კალიუმის მხოლოდ ერთი მეშვიდედი.

— მინესოტის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ორგანულ მინდვრებზე მოყვანილი ბოსტნეულისგან სალმონელოზით დაავადების ალბათობა სამ-ხუთჯერ მაღალია ტრადიციული წესით მიღებულ ბოსტნეულთან შედარებით, რადგანაც ორგანულ მეურნეობაში განოყიერებისათვის გამოყენებული ნაკელი ითვლება ხელსაყრელ არედ დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმების გამრავლებისთვის.

— ორგანული პროდუქტების წარმოებაზე გადასვლა არ არის რეკომენდებული განვითარებადი ქვეყნებისთვის; მოსახლეობის რაოდენობის მუდმივი მატება მოითხოვს ასეთ ქვეყნებში ორგანული სოფლის მეურნეობის იდეოლოგიაზე უარის თქმას და უფრო პრაგმატული მეთოდებით (ტექნოლოგიით) სარგებლობას.

აღნიშნული ნაკლოვანებების გამო არ ვართ დაზღვეული, რომ მიღებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებით;

მიგვაჩნია, რომ მიწათმოქმედების ეს ორი მიმართულება არ გამორიცხავს ერთმანეთს. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე პერიოდში ორივე მიმართულებას აქვს არსებობის უფლება და ორივე მიმართულების განვითარება აუცილებელია. ვფიქრობთ, დრო და ბაზარი გამოავლენს მათგან უპირატესს.

— ფერმერებს (მეურნეებს) მინდა ვურჩიო, რომ მხარი დაუჭირონ მიწათმოქმედების რაციონალურ სისტემას, რაც გულისხმობს:

— ნაკელისა და სხვა ორგანული საშუალებების არსებული რესურსების სრულად გამოყენების პირობებში ორგანული მიწათმოქმედების მაქსიმალურად შესაძლო მასშტაბით განვითარებას და მის საფუძველზე, მაქსიმალურად შესაძლო რაოდენობით ყოველგვარი ქიმიისაგან თავისუფალი ჯანსაღი პროდუქციის წარმოებას. კარგი იქნება, თუ ასეთი პროდუქციის წარმოება საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთლიანი მოცულობის 20-30%-ს მიაღწევს (არსებული ინფორმაციით, დღეისათვის იგი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 4-5%-დან 13-14%-ის ფარგლებში მერყეობს).

— მაგრამ, არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გამოკვებისთვის, ასევე, მხარს ვუჭერ ინტენსიური სოფლის მეურნეობის განვითარებას. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მილიონობით ჩატარებული ცდები და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება სწორედ აღნიშნული მოსაზრების დადასტურებაა.

ჩვენმა ქვეყანამ უპირველეს მიზნად უახლოეს 4-5 წელიწადში ადგილობრივი წარმოების სურსათით მოსახლეობის უზრუნველყოფა უნდა დაისახოს.

საერთაშორისო ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს სამ ათეულ წელიწადში მსოფლიოს მოსახლეობა 3 მილიარდით გაიზრდება და ამ პერიოდში (2050 წლისათვის) მოსალოდნელია მწვავე სასურსათო კრიზისი; გულუბრყვილობა იქნება იმის დაშვება, რომ მსოფლიოს რომელიმე ერთ რეგიონში არსებული სასურსათო კრიზისი გავლენას არ მოახდენს დანარჩენ რეგიონებზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, დღეს მსოფლიოში პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოება და შეძლებისდაგვარად მოახერხოს საკუთარი მოსახლეობის უზრუნველყოფა ადგილობრივი წარმოების პროდუქციით. მრავალ ქვეყანაში დაწყებულია მოძრაობა დევიზით — „მივირთმევთ ადგილობრივს”. კარგი იქნება, თუ ჩვენი ქვეყანაც ჩაერთვება ამ პროცესში და დავიწყებთ მოძრაობას დევიზით — „მივირთმევთ ადგილობრივს”, მითუმეტეს, ჩვენი მიწის, წყლის რესურსების, კლიმატური პირობების და, რაც მთავარია, სამეცნიერო პოტენციალის, ჩვენი მეურნეების — ფერმერი იქნება თუ გლეხი — გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია არა მარტო საკუთარი თავის გამოკვება, არამედ როგორც ინტენსიური, ისე ორგანული სოფლის მეურნეობის წარმოების პირობებში გავხდეთ ჯანმრთელი, ეკოლოგიურად სუფთა, ხარისხიანი კვების პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყანა.

უპირველესი მიზანი — იქნება ეს ინტენსიური თუ ორგანული მიწათმოქმედება — უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი სიმდიდრის, ჩვენი მასაზრდოებელი ნიადაგის — ნაყოფიერების შენარჩუნება — ამაღლება. მიმაჩნია, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება უნდა ეყრდნობოდეს ნიადაგდაცვით და რესურსდამზოგ მიწათმოქმედებას, რომლის ძირითადი პრინციპებია: ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება. თესლბრუნვების დივერსიფიკაცია; სიდერაცია; ნიადაგის ზედაპირის მუდმივად დაფარვა ორგანული მასით — მცენარეულობით, ან მისი ნარჩენებით — მულჩის სახით.

გოგოლა მარგველაშვილი, 

სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *