აღსარება

ტელეფონის ზარმა დაიწკრიალა.

_ გამარჯობა! – მოისმა ყურმილში უცნობის ხმა.

_ ღმერთმა გამარჯვებული გატაროთ, ბატონო! – პასუხი არ დამიყოვნებია.

_ არ გაგიკვირდეთ, სასაფლაოდან გირეკავთ!

_საიდან?!

_ სასაფლაოდან… არა, მკვდარი არ გეგონოთ, ნახევრადმიცვალებული ვარ.

_ ასე უშნო ხუმრობა?!. რომელი ხარ?

_ არ გეხუმრებით, 85 წელს გადაცილებული მოხუცი ვარ. – შევატყვე ხმა გაებზარა.

_ რით დაგეხმაროთ, ბატონო?! – ტონი შევცვალე.

_ უკვე დამეხმარეთ. – ვიგრძენი, ტიროდა. – დედის საფლავზე ვარ და დაჩოქილი პატიებას ვთხოვ.

_ რა დაუშავეთ ასეთი? – ცნობისმოყვარეობამ მძლია.

ხმა შეწყდა. ეტყობა, უცნობი ძალას იკრებდა.

_ თავის დროზე წარმოსადეგი ბიჭი ვიყავი, – განაგრძო ნაწყვეტ-ნაწყვეტ. – მეგობრები და ქალები ბუზებივით მეხვეოდნენ. მთელი ქვეყანა ჩემი მეგონა. ერთხელ ძმაკაცებთან ერთად სოფელში ჩავედი საქეიფოდ. ღაწვებ და ხელებდანაოჭებული დიდი ხნის უნახვი დედა სიხარულით ცას ეწია. მაშინვე დატრიალდა და ზღაპრული სუფრა გაგვიშალა. ის იყო, სადღეგრძელოს სათქმელად ფეხზე წამოვდექი, დედა რომ მომიახლოვდა, წელზე ხელი შემომხვია და საკოცნელად წამოიწია. უცებ თავი გვერდზე გადავხარე და აღაჟღაჟებული ლოყა მის დამჭკნარ ტუჩებს მოვარიდე…

ყურმილში ისევ სიჩუმემ დაისადგურა.

_ დედა წამიერად გაშეშდა, – ხმის კანკალით განაგრძო უცნობმა. – მაგრამ არაფერი შეიმჩნია. „შენ რომ მყავხარ, შვილო, სიცოცხლედ ისიც მეყო“, – მითხრა მან და ხელების ცახცახით გამშორდა. ეს ეპიზოდი არავის შეუმჩნევია, რადგან დამშეულთ თავი სალაფავში ჩაერგოთ.

მეორე დილით წამოსვლისას ერთ-ერთი მეგობარი დედას ხელზე ემთხვია და გულუხვი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ცოტა ხნის შემდეგ შევნიშნე, მალულად როგორ გადმოაპურჭყა და ტუჩები ცხვისახოცით მოიწმინდა.

დედა უხმოდ დამემშვიდობა. ხელის გამოწვდა უნდოდა, მაგრამ ძვლებზე ნახევრად ჩაშავებულ ტყავგადაფარებულ თითებს რომ დახედა, უმალვე უკან წაიღო. გულში კი რაღაც ჩამწყდა, თუმცა მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია – მალევე ტვინის სიღრმეში დაილექა და გადამავიწყდა.

უცნობმა შეისვენა და ღრმად ამოიხვნეშა.

_ ახლა რას საქმიანობთ? – საუბრის თემის შეცვლა ვცადე.

_ დაუძლურებული მოხუცთა თავშესაფარში ვარ, – ცრემლმა ისევ შეაწყეტინა ლაპარაკი. – ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს. რძლებმა ჩემთან ცხოვრება არ მოისურვეს. შვილები თვეში ერთხელ თუ შემომივლიან ზრდილობისთვის, შვილიშვილების სახე კი თითქმის დამავიწყდა… ასეთ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია, მაგრამ ქრისტიანი კაცი ვარ და თავი როგორ მოვიკლა!.. დღეს დილით გაზეთში თქვენი ნოველა წავიკითხე დედაზე. ბევრი ვიტირე – ჭაბუკობისდროინდელი ის ეპიზოდი დამიდგა თვალწინ. ვეღარ მოვითმინე. თავშსაფრიდან გამოვიპარე და 60 კილომეტრი ტაქსით გამოვიარე სასაფლაოზე  ამოსასვლელად. აი, ახლა აქ ვარ და დედას პატიებას ვთხოვ!.. ხომ მაპატიებს?!

_ გაპატიებს, ბატონო, გაპატიებს, – ვუთხარი გულშეკუმშულმა.  _  დედები ყოველთვის გვპატიობენ, რადგან ვუყვარვართ.

_ დედა, მაპატიე-ე-ე!.. ყურმილში ხრიალის ხმამ შემძრა.

ტელეფონი გაითიშა.

ვაჟა დანელია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *