დარგებიმეცხოველეობა

ანგუსი – ჩრდილოეთ ამერიკის შავი ოქრო

კოჰრანის პროგრამის ფარგლებში საქართველოდან 5 მონაწილე ვიმყოფებოდით აშშ-ში, კანზასისა და მისურის შტატში (უმეტესად კანზასის შტატში), სადაც გავეცანით მეცხოველეობის თანამედროვე სისტემებს, მეხორცული მიმართულების ფერმებს, გენეტიკურ სელექციას, ხელოვნური განაყოფიერების უახლოეს მეთოდებსა და ტექნოლოგიებს, კვების სისტემებს, მეცხოველეობის ასოციაციების მუშაობას, ცოცხალი პირუტყვის ექსპორტ-იმპორტის კონტროლს, საძოვრების, სასაკლაოების სისტემების მენეჯმენტს, ვეტერინარული სწავლების სისტემებს.

სწავლება ძირითადად ტარდებოდა კანზას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიებში. ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებაა აშშ-ში, წამყვანები არიან გენეტიკაში, ვეტერინარიაში, ფიტოსანიტარიაში.

ვიზიტი ძალიან დატვირთული, ნაყოფიერი და დროული გახლდათ, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეხორცული მიმართულებით ინდუსტრია შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა ყალიბდება. ამ დრომდე საოჯახო მეურნეობებში გამოზრდილი პირუტყვი აყალიბებდა ადგილობრივი ხორცის წარმოებას. მიღებულმა ცოდნამ ბევრად გაამდიდრა ჩვენი გამოცდილება ამ მიმართულებით, რაც აუცილებლად ჰპოვებს ასახვას საქართველოს ძროხის ხორცის წარმოების ინდუსტრიაში.

აშშ მსოფლიოში ძროხის ხორცის მწარმოებელ და მომხმარებელ ერთ-ერთ უდიდეს ქვეყანად ითვლება, ამიტომაც არის, რომ ხორცის წარმოების ტრადიცია მაღალ დონეზეა. ამერიკა ხარისხიანი ხორცის წარმოებაში ლიდერია. ძირითადად აქ აშენებენ ძროხეულის ელიტურ მეხორცულ ჯიშებს ანგუსსა და ჰერეფორდს, რომლებიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში რამდენიმე ასეული წლის წინათ, ასევე – ფრანგული წარმოშობის შაროლეს.

ქვეყანაში მაღალია ხორცის მოხმარების კულტურა. ძროხეულის მოშენებაც და ხორცის კულინარიაც არის არა უბრალოდ ხელობა და შიმშილის მოკვლა, არამედ ეროვნული კულტურის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც ინდუსტრიაზე მეტია. ეს უნიკალური ტრადიციაა. ამასთან, ამერიკა არ არის მკაცრად ორიენტირებული ხორცის ექსპორტზე და პროდუქციის მეტ ნაწილს აწარმოებს შიდა ბაზრისთვის, რომელიც ხარისხისადმი ძალიან მომთხოვნია.

ძროხეულის ყველა ჯიშიდან გამოირჩევა აბერდინ-ანგუსი, ამ სახეობის ხბოები ძალზე სწრაფად იზრდებიან და იმატებენ წონაში, ამას კი მეცხოველეობისთვის მოაქვს სწრაფი მოგება და იმის გარანტია, რომ პირუტყვის შენახვის დანახარჯის სწრაფად ამოღება ხდება.

ძროხეულის ხორცის წარმოების ინდუსტრიაში წარმატებით არის ჩართული ამერიკის ანგუსის ასოციაცია, რომელიც დაარსდა 1883 წელს და ლიდერი ასოციაციაა ამერიკის მეცხოველეობის სექტორში. ასოციაცია ძირითადად წარმოდგენილია კანზასის, მისურის, აიოვასა და ილინოისის შტატებში. მათი მისიაა, უზრუნველყონ სხვადასხვა პროგრამები, სერვისები და ტექნოლოგიები, წარმოაჩინონ გენეტიკის გავლენა მეცხოველეობის ინდუსტრიაზე, გაზარდონ ბაზრის მოთხოვნა ანგუსის მაღალხარისხოვან ხორცზე.

ასოციაცია ინახავს ინფორმაციას 20 მილიონ ანგუსზე.

აბერდინ-ანგუსის ჯიშის ისტორიული მიმოხილვა

როგორც აღვნიშნეთ, კანზასის და მისურის შტატში, როგორც მთელ ამერიკაში მეხორცული მიმართულების ერთ-ერთი წამყვანი ჯიშია აბერდინ-ანგუსი (არსებობს ორი ფერის შავი და წითელი), ძველებური ჯიში, რომელიც კვლავ პოპულარობის პიკზეა, განსაკუთრებით შავი ფერის ანგუსი – ჩრდილოეთ ამერიკის შავი ოქრო.

აბერდინ-ანგუსის ჯიშის ძროხები გამოიყვანეს XVII საუკუნეში. შავი ანგუსის ჯიშის სამშობლო შოტლანდიური საგრაფოები აბერდინი და ანგუსია. ამ ჯიშის წინაპრები მიწას ხნავდნენ. მათი ხორცი ძარღვიანი და მაგარი იყო.

მე-19 საუკუნის ბოლოს ანგუსის ჯიშის ძროხები გააკეთილშობილეს და შეიყვანეს კანზასის შტატში, აშშ-ში. თანდათან აშშ-ს ფერმერული მეურნეობები იზრდებოდა. ხოლო XX საუკუნიდან აშშ-მ დაიწყო სუფთა სისხლის შავი ანგუსების ექსპორტი. ასე აღმოჩდნენ ანგუსები კანადაში, არგენტინაში და სხვა ქვეყნებში.

  სახელგანთქმული ჯიშის ექსტერიერი

შავი ანგუსის ჯიშის მოზვრების განმასხვავებელი ნიშნებია ურქოობა და შავი ფერი. მას აბერდინები გადასცემენ სხვა ჯიშის საქონელთან შეჯვარებისასაც კი. ისინი პატარა ძროხები არიან, რომლებიც მინდაოში აღწევენ 120 სმ-ს.

ზრდასრულ ანგუსს აქვს პატარა თავი, ვიწრო კეფით, კისერი სქელი, არც ისე გრძელი, მკერდი ფართო, მინდაო და ზურგი თანაბარი, კიდურები მოკლე, ბარკლის მუსკულატურა აღწევს სახტომ სახსარს, ტყავი თხელი და ფაშარია (ტყავქვეშა ცხიმის გამო), დაფარულია რბილი შავი ბალნით.

ხბოების აგებულება ნაკლებად პროპორციულია (მათ აქვთ დიდი თავები და უფრო გრძელი ფეხები).

რამდენად ეფექტურები არიან შავი ანგუსები?

ეს ჯიში გამოირჩევა სწრაფი მომწიფებით (ზომები იზრდება სწრაფად, მაგრამ ადრე ჩერდება). ახლადმოგებული ხბოს წონა დაახლოებით 16-25 კგ-ია. ამასთან ექვსი თვის ასაკისათვის წამოზრდილი ხბოები იწონიან 170-180 კგ-ს. შავი ანგუსის დეკეულები და მოზვრები დღე-ღამეში იმატებენ ერთ კგ-მდე. თხუთმეტი თვის ასაკში დეკეული უკვე მზადაა დასათესლად. წლინახევრის ხბოს წონა დაახლოებით 550 კგ-ია. კარგად ნაკვები ზრდასრული ძროხები იწონიან 550-650 კგ-ს, ხოლო აბერდინ-ანგუსის ბუღები 800-850 კგ-ს. ასეთი მაჩვენებლების მიღწევა შეიძლება,  საქონლის კვებისადმი სწორი მიდგომით.

ანგუსის ჯიშის უპირატესობები:

1) ახალგაზრდა ხბოები 205 – დღემდე იკვებებიან დედის რძით და აღწევენ 200-220 კგ-ს.

2) შავი ანგუსის ჯიშის ცხოველების ჩონჩხი წვრილი და მსუბუქია. ნაკლავის გამოსავალი რეკორდულია და შეადგენს 65-70%-ს.

3) დაკვლის შემდეგ: ძვლის პროცენტული შემადგენლობა არ აჭარბებს 18%-ს, ამასთან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან სხვა ჯიშებისგან.

4) ადვილად და სწრაფად ეგუებიან ნებისმიერ კლიმატურ და გარემო პირობებს, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებს.

5) სხვა ჯიშებთან  შეწყვილებით გადასცემენ მეხორცულ თვისებებს. ჩვეულებრივ ანგუსის ძროხები ცოცხლობენ 30 წლამდე.

6) თუ თქვენ ანგუსს შეაწყვილებთ სარძევე ჯიშის ინდივიდთან, შთამომავლობა მემკვიდრეობით მიიღებს აბერდინის შესანიშნავ სახორცე თვისებებსა და ფერს, თუმცა ამასთან ერთად, მოგვცემს საკმარისი რაოდენობის რძესაც.

7) აბერდინ-ანგუსის ხორცი მარმარილოსებრია. ეს ნიშნავს, რომ ცხიმოვანი ჩანართები ხორცის შიგნითაა, რაც პროდუქტის ჭრილზე გვაძლევს მარმარილოსებრ ნახატს. ხორცს აქვს შესანიშნავი გემო და არომატი, ამიტომაც იგი ითვლება დელიკატესად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

8) ანგუსები არა მარტო სწრაფად იმატებენ წონაში, არამედ ადრე შედიან რეპროდუქტიულ ასაკში, ამასთან ადვილად იგებენ ხბოს.

9) აბერდინ-ანგუსის ბუღები გამოირჩევიან წყნარი ხასიათით და ზომიერად მოძრავნი არიან.

10) ამ ჯიშის ცხოველებს აქვთ ლამაზი ტყავი, რომელსაც იყენებენ მაღალხარისხიანი ტყავეულობის დასამზადებლად.

11) რეპროდუქტიულობამ მთელი სიცოცხლის მანძილზე შეიძლება მიაღწიოს 95%-ს.

აბერდინ-ანგუსის სწორად კვების პრინციპები:

იმისათვის, რომ ჯოგი სწრაფად გაიზარდოს და პროპორციულად განვითარდეს, მნიშვნელოვანია საქონელს მივცეთ ჯანმრთელი რაციონი. ამ ჯიშის ძროხებს შესანიშნავად აქვთ განვითარებული დედობრივი ინსტინქტი, ამიტომ მშობლების გვერდით ყოფნა სასარგებლოა მოზარდი თაობისათვის, ხოლო დედის რძე იდეალური საკვებია შავი ანგუსის ხბოებისათვის, სანამ მათი წონა 230 კგ-ზე ნაკლებია (270 დღე).

ამ ძველი ჯიშის წარმომადგენლები რაოდენობრივად ჭამენ არაუმეტეს სხვა სახორცე ჯიშების მოზვრებისა. ძუძუდან მოშორების შემდეგ ხბოებს აძლევენ სპეციალურ რაციონს. თავიდან მათ კვებავენ კონცენტრატებშერეული თივით, შემდეგ თანდათან უმატებენ სიმინდს. მნიშვნელოვანია, რომ სიმინდის მარცვლეულის პროპორცია რაციონში იყოს ოპტიმალური, რადგან ამის გარეშე საქონლის ხორცი არ გახდება მარმარილოსებრი სახის. ცხრათვიანი ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ხბოს ჯანმრთელ იმუნურ სისტემას, საერთოდაც ანგუსები იშვიათად ავადმყოფობენ. დაკვლის წინ აბერდინ-ანგუსებს ინახავენ სადგომში და კვებავენ მარცვლეულით, რომ ხორცმა მიიღოს აუცილებელი მარმარილოსებრიობა. საქონლის არასწორი კვების  შედეგების დამალვა შეუძლებელია იმიტომ, რომ კუნთების ცხიმოვანი შრეების სტრუქტურა პირდაპირ დამოკიდებულია ცხოველის კვების რაციონზე.

შავი ანგუსის ჯიშის ბუღა იძლევა არანაკლებ 350 კგ მაღალხარისხოვან, შესანიშნავი გემოს მქონე ხორცს.

ბუღები მიაღწევენ რა განმსაზღვრელ მაჩვენებლამდე, ანელებენ ზრდას.

შავი ანგუსისთვის ძლიერი ტენიანობა და წყლიანი მიწა ითვლება არახელსაყრელ პირობად. მთლიანად კარგი საძოვრის პირობებში არ მოითხოვება დამატებითი საკვების მიცემა.

ანგუსის ჯიში ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს:

1) სუსტი ფეხები, ამიტომ ისინი არ საჭიროებენ ძლიერ კვებას, წონის გადაჭარბებაც კი არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ კუნთები განვითარებული აქვთ.
2) მოითხოვენ საძოვრულ შენახვას, ამიტომ მისაღებია ფერმერული მეურნეობებისთვის.

ხორცის ინდუსტრიიდან საქართველოში, დღეს როგორც სხვა ქვეყნებში ყველაზე მეტი ქათმის ხორცი იყიდება, ეს გამოწვეულია მისი დაბალი ფასით, ხოლო პოპულარობა მაინც ძროხის ხორცზე მოდის, ამ გარდამავალ პერიოდში ძროხის ხორცის წარმოების ინდუსტრიის გასავითარებლად აუცილებელია სწორი ჯიშების შერჩევა მსოფლიოში არსებული წამყვანი ჯიშებიდან, ასევე ამ მიმართულებით ადგილობრივი ჯიშების პროდუქტიულობის გაუმჯობესება, რომელიც მორგებული იქნება გარემო პირობებზე და მომგებიანი მოსახლეობისთვის, ბიზნესისთვის.

კანზასის შტატის ხორცის წარმოების დარგის ეკონომიკა
  • 2018 წლის მონაცემებით კანზასს უკავია მესამე ადგილი აშშ-ში ფერმერული მეურნეობებისა და სპეციალურ გასასუქებელ სადგომებში მსხვილფეხა საქონლის რაოდენობის მიხედვით, რომელთა რიცხვი 6.3 მილიონია. ეს რაოდენობა ორჯერ აღემატება კანზასის მოსახლეობის რაოდენობას, რომელიც 2.9 მილიონის ტოლია (კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა);
  • 2017 წელს მსხვილფეხა პირუტყვისგან მიღებული შემოსავალი 8.27 მილიარდ აშშ დოლარს უდრიდა, ეს კი შტატის მთლიანი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შემოსავლების 51,1%-ია (კანზასის სასოფლო სამეურნეო სტატისტიკა);
  • კანზასის 2018 წლის 1-ლი იანვრის მონაცემების თანახმად, მეექვსე ადგილი უჭირავს ქვეყანაში სახორცე პირუტყვის რაოდენობის მიხედვით, რაც 1.51 მილიონ სულს უდრის (კანზასის სასოფლო სამეურნეო სტატისტიკა);
  • კანზასის მეორე ადგილი ეკავა ქვეყანაში 2017 წელს 6,5 მილიონი დაკლული კომერციული მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობით (კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა);
  • კანზასის მესამე ადგილი ეჭირა 2016 წელს მსხვილფეხა პირუტყვისა და ხბოს ხორცის გაყიდვით მიღებული შემოსავლების რაოდენობით, რომელიც 782 მილიონ აშშ დოლარი იყო (კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა);
  • ხორცის შეფუთვა და ხორცის მზა პროდუქტების წარმოება წარმოადგენს შტატის კვების პროდუქტების დამუშავების ინდუსტრიის უდიდეს ნაწილს. სწორედ ამ ინდუსტრიაშია დასაქმებული 18 700-ზე მეტი ადამიანი. (კანზასის შრომის დეპარტამენტი);
  • კანზასის უჭირავს მეორე ადგილი 2017 წლის მაჩვენებლებით სპეციალურ გამოსაზრდელ სადგომებში გამოკვებილი პირუტყვის გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით, რაც 4.94 მილიონის ტოლია, ეს წარმოადგენს მთელ აშშ-ში სპეციალურ სადგომებში გამოკვებილი პირუტყვის 22%-ს (კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა);
  • 2016 წელს კანზასი გავიდა მესამე ადგილზე წითელი ხორცის წარმოების მიხედვით. წარმოებული ხორცის მთლიანი რაოდენობა იყო 5.4 მილიარდი გირვანქა. (ბრიტანული გირვანქა – 0,4536 კგ)(კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა);
  • კანზასის კომპანიებს, რომლებიც აწარმოებენ, ამუშავებენ, ახორციელებენ დისტრიბუციას და ყიდიან ხორცს და მეფრინველეობის პროდუქტებს, დასაქმებული ჰყავთ 19 798 ადამიანი და ქმნიან დამატებით 50 852 სამუშაო ადგილს მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში. ეს მოიცავს სამუშაო ადგილებს კომპანიებში, რომლებიც დაკავებული არიან მწარმოებლებისთვის პირუტყვისა და მომსახურების მიწოდებით: დისტრიბუტორები და საცალო გამყიდველები, აგრეთვე ისინი, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხორცის ინდუსტრიაში არსებულ გაყიდვებზე (ამერიკის ხორცის ინსტიტუტი);
  • 2012 წელს კანზასის ეკონომიკურ საქმიანობაში ხორცის ინდუსტრიის წილი იყო 12.9 მილიარდი აშშ დოლარი (ამერიკის ხორცის ინსტიტუტი);
  • 2016 წელს კანზასმა დაიკავა მეოთხე ადგილი აშშ-დან ძროხის ტყავის ექსპორტის მაჩვენებლის მიხედვით, რომლის მთლიანი ღირებულებაც 193.1 მილიონი ა.შ.შ. დოლარი იყო (კანზასის სასოფლო სამეურნეო სტატისტიკა);
  • 2012 წელს კანზასში მსხვილფეხა პირუტყვის 27 600 ფერმა იყო (კანზასის სასოფლო- სამეურნეო სტატისტიკა);
  • კანზასში 46 მილიონი აკრი (1 აკრი = 0.405 ჰა) სასოფლო-სამეურნეო მიწაა. თუმცა, ამ მიწის მთლიანი ნაწილის გამოყენება შეუძლებელია მოსავლის მოსაყვანად. მსხვილფეხა პირუტყვი წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას კანზასის 15.5 მლ. აკრი ფართობის საძოვრებზე არსებული ბალახებისა და მცენარეების დასამუშავებლად. ეს ადგილები არ გამოდგება კულტივირებული მოსავლის მოსაყვანად და უქმად რჩებოდა, თუ მას არ გამოიყენებენ მსხვილფეხა პირუტყვის საძოვრის სახით, რის შედეგადაც ეს რესურსები იქცა ადამიანის გამოსაყენებელ გამიზნულ ცილებად და ნუტრიენტებად. (კანზასის სასოფლო-სამეურნეო სტატისტიკა).

მიხეილ ჭიჭაყუა, ბიოლოგიის დოქტორი,

სულიკო ბერიძე, ვეტერინარიის დოქტორი