ასპინძაში, 5000 წლის წინანდელ ნამოსახლარზე, 4 ჯიშის ხორბლის მარცვლებია აღმოჩენილი

ასპინძის რაიონის სოფელ ჭობარეთთან, არქეოლოგებმა ტერასულ ნამოსახლარს მიაკვლიეს. ექსპედიციამ, რომელშიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებთან ერთად, ავსტრალიის მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარებიც შედიოდნენ ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ქვის ნაგებობები, სამეურნეო, საცხოვრებელი კერები და ჭურჭლის მრავალი სახეობა აღმოაჩინეს.

ხორბლისა და პირუტყვის ძვლის ნაშთების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე კარგად იყო განვითარებული როგორც მესაქონლეობა, ასევე მიწათმოქმედება.

ანტონიო სეგინა, მელბურნის უნივერსიტეტის არქეოლოგი: “ეს ტერასული ტიპის ნამოსახლარია. პირველი შემთხვევაა, როცა ასეთ ტერიტორიაზე, მაღალმთიან ადგილებში ადამიანები დასახლებას იწყებენ. აღმოჩენილი მასალა მეტყველებს, როგორ ცხოვრობდნენ აქ და როგორი კულტურა ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს კავკასიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა.”

მტკვარ-არაქსის კულტურა
გათხრებისას ნაპოვნია ლითონის ჩამოსასხმელი ტიგელი (ცეცხლგამძლე ჭურჭელი, რომელშიც ადნობდნენ ან ახურებდნენ სხვადასხვა მასალას, ნივთიერებას), რაც მიანიშნებს, რომ ლითონის ნივთების დიდი ნაწილი ადგილზე მზადდებოდა. ექსპედიციამ ნამოსახლარის პერიოდის სამარხიც შეისწავლა, სადაც მიცვალებული მოხრილად იყო დამარხული.

კახა კახიანი, არქეოლოგი: “ნამოსახლარი გამართულია ტერასულად. ჯერ სულ 7 ტერასა გვაქვს დაფიქსირებული. ნაგებობებში 4 ჯიშის ხორბლის მარცვლები აღმოვაჩინეთ, რაც იმდროინდელ მაღალ სამეურნეო, სამიწათმოქმედო კულტურაზე მიუთითებს. ნაპოვნია ქვის ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლის ჩანართები, აღმოჩენილი მასალა დათარიღდა ადრებრინჯაოს ხანით და მტკვარ-არაქსის კულტურას მიეკუთვნა. ეს მეტად მნიშვნელოვანი კულტურაა, ძვ.წ. IV – III ათასწლეულის კავკასიაში და არა მხოლოდ კავკასიაში.”

წყარო:intermedia.ge /ჟურნალი “ისტორიანი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *