ახალგაზრდა ფერმერის ოცნება

მე  გიორგი ჯანანაშვილი ვარ, 25 წლის. დავიბადე და გავიზარდე ქალაქ რუსთავში, მაგრამ ბავშვობაში ყოველ წელს ზაფხულობით სოფელში გატარებული 2-3 თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიწა და სოფლის საქმე ასე ძალიან შემყვარებოდა.

სოფელი მაქვს კასპის რაიონ სოფელ ხოვლეში. ლამაზი სოფელია, მიწაც კარგია, მაგრამ   მოსავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სარწყავი წყალი არ არის, შესაბამისად,  ჭირს საკმარისი მოსავლის მიღება. გლეხი ვერ იღებს მისი დაღლილობის და მუყაითი შრომის გასამრჯელოს. მახსოვს, მოსავლის ნაკლებობისგან განაწყენებული  მოხუცი პაპა სოფელს როგორ ,,დალოცავდა“ ხოლმე – შენი ბარის დამრტყმელისაცო… თუმცა,  ნათქვამია, შრომამ შექმნა ადამიანიო და უშრომელი და უწვალებელი ლუკმაც უგემურიაო… კიდე, ლუკმა მაშინ არის გემრიელი, როდესაც იგი პატიოსანი შრომით არის ნაშოვნიო. ჰოდა, ამაზე უკეთესად რაღამ უნდა გაამართლოს ეს სიტყვები, როგორიც გლეხის შრომაა სოფლად. ამასაც კარგად აცნობიერებდა მრავალჭირნახული ომის ვეტერანი პაპა და მაინც ყველაფერს აკეთებდა, რომ კარგი მოსავალი მოეყვანა.

რა ასაკიდანაც შეიძლება ბავშვმა იშრომოს, ალბათ იმ დროიდან ვეხმარებოდი პაპას ყველანაირ სოფლის საქმეში და მიწის სიყვარულთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე მისგან სოფლის მეურნეობის შესახებ.

ვიზრდებოდი და ვფიქრობდი  როგორ შეიძლება გლეხის შრომა უფრო პროდუქტიული და დაფასებული ყოფილიყო, მაგრამ მე ქალაქში ვცხოვრობდი და ამასთან ერთად, ასაკიც არ მიწყობდა ხელს,  არ მქონდა საშუალება, ნაფიქრი სისრულეში მომეყვანა.

 იდეის დაბადება

სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე, პროფესიად ენერგეტიკა ავირჩიე და მეორე კურსის დასასრულს, უკვე ჩემი განხრით მოვნახე სამსახური. ცვლებში ვიყავი და სწავლას და სამსახურს ერთმანეთს ვუთავსებდი. სოფლის მეურნეობაში პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების სურვილზეც არ ამიღია ხელი. თავიდან ჩემი შემოსავალი 280 ლარს არ აღემატებოდა. 19 წლისას, იდეა დამებადა და ჩემ თავს ვუთხარი: თუ ჩემს სოფელში არ იყო პირობები იმისთვის რომ კარგი მოსავალი მომეყვანა, მაშინ სადმე ისეთ ადგილას უნდა მეყიდა მიწა, სადაც მიწაც ნორმალური იქნებოდა და სარწყავი წყლითაც უზრუნველყოფილი ყოფილიყო, რაც ასე აკლდა ჩემს სოფელს. თან ადგილმდებარეობასაც ჰქონდა მნიშვნელობა, რადგან არ მინდოდა ჩემს პროფესიას ჩამოვშორებოდი და კარიერულ წინსვლაზეც მეფიქრა. ფულის შეგროვება მიწის ყიდვის  იდეის დაბადებისთანავე დავიწყე, შემდეგ ინტერნეტში მიწის ნაკვეთების ვეძებდი, სახლთან ახლოს. ბოლოს, რუსთავის გარეუბანში 1500 კვადრატული მიწის ნაკვეთი აღმოვაჩინე. გავესაუბრე მეპატრონეს, მიწაც მომეწონა. მაშინ დოლარის კურსი  არ იყო ასე მომატებული. ჩემი მცირე შემოსავლით ერთ წელზე მეტი ხანი მოვუნდი საჭირო თანხის შეგროვებას. ამ პერიოდში ძებნა არ შემიწყვეტია, მაგრამ საბოლოოდ, აღნიშნულ მიწაზე შევაჩერე არჩევანი.

დამიდგა დრო წლების განმავლობაში შეძენილი ცოდნა გამოცდილება და ახალი იდეები სისრულეში მომეყვანა და გლეხის პესიმისტური ხედვები ცოტა ოპტიმიზმით შეცვლა მეცადა. ამავდროულად ვცდილობდი კარიერულ წინსვლას, რადგან ჩემი ჩანაფიქრების განსახორციელებლად ფინანსური ხელშეწყობა მჭირდებოდა.

ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევდი, 3 სამსახური გამოვიცვალე და შედარებით გავზარდე ჩემი პირვანდელი შემოსავალი. მიწის შეძენის შემდეგ, დავიწყე ვენახის გაშენება და ხილის ნერგების დარგვა, რომ დრო არ დამეკარგა და მალე მიმეღო მოსავალი მრავალწლიანი კულტურებისგან. ამის შემდეგ კი დავიწყე ფიქრი და ზრუნვა, რომ ჩემი ფუძეც მქონოდა ამ მიწაზე და პატარა სახლის მშენებლობას შეუდექი.

ძირითადი პრინციპები და უნარები რაც დამეხმარა წარმატების მიღწევაში:

სხვისი შეცდომების დანახვა და მის გამოსასწორებლად მიზნების დასახვა;

 სწორი შრომა, ბევრი მუშაობა არ ნიშნავს კარგ შედეგს;

ბაზრის შესწავლა – ვფიქრობ, უნდა დათესო ის კულტურა,  ან დარგო ის ხილი ან გყავდეს ის პირუტყვი, რისი გასაღებაც ადგილობრივ ბაზარზე არ გაგიჭირდება; ასევე გასათვალისწინებელია წარმოებული პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრაც.

სასოფლო-სამეურნეო დარგების მრავალფეროვნება – არ უნდა შემოიფარგლო მხოლოდ მიწის მოსავლით ან მხოლოდ ხილით ან მხოლოდ მესაქონლეობით, ყოველთვის უნდა გქონდეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ალტერნატიული შემოსავლის წყარო, რომ ერთი დარგის არ გამართელბის შემთხვევაში, მეურნეობა არ ჩამოგეშალოს.

თავს არ შეგაწყენ, მკითხველო, დიდი ტექსტის წერით და ჩემი იდეის დაბადებიდან 4 წლის გამავლობაში შექმნილი მეურნეობის შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ.

გიორგი ჯანანაშვილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *