ბრინჯი

 ბრინჯი უძველესი და საკმაოდ გავრცელებული სასოფლოსამეურნეო კულტურაა. დედამიწის მოსახლეობის ერთ მილიარდზე მეტი ბრინჯით იკვებება და ამ მხრივ ის მეორე ადგილზეა ხორბლის შემდეგ.

ბრინჯის მარცვალი მდიდარია ნახშირწყლებით, მისი კანგაცლილი მარცვალი შეიცავს 75%-მდე სახამებელს, მაგრამ შედარებით ღარიბია ცილებით 7,5% და ცხიმებით (1,2%). მისგან დამზადებული ბურღული ძლიერ გემრიელია და ადვილად შეითვისება ორგანიზმის მიერ, რის გამოც დიეტურ მნიშვნელობას ანიჭებენ. ბრინჯის ღერო – ჩალა ძვირფასი მასალაა უმაღლესი ხარისხის ქაღალდისა და მუყაოს დამზადებისათვის. ბრინჯის ჩალისაგან მზადდება საუკეთესო ხარისხის საპაპიროსე ქაღალდი, კალათები, ქუდები და სხვა.

გავრცელების რაიონები. საქართველოში ბრინჯის კულტურას უძველესი დროიდან მისდევდნენ.

ბრინჯის კულტურა საქართველოში შემოტანილია ინდოეთიდან. მოჰყავდათ ქვემო ქართლისა და ალაზნის გაღმა მხარის სარწყავ მიწებზე. გავრცელებული იყო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ სამეგრელოს დაბლობ ზოლში.

ბრინჯის ნათესების დიდი მასივები გავრცელებულია უმთავრესად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: ინდოეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ბირმა, ინდონეზია, კორეა, იაპონია. ამასთან ბრინჯის წარმოების უძველესი ქვეყნებია შუა აზიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკები.

ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება. ბრინჯი ჴრიზა სატივა ლ ეკუთვნის მარცვლოვანთა ოჯახს, მისი ფესვთა სისტემა ფუნჯანაირია.

ღერო – ბრინჯისა სწორმდგომია, სიმაღლით 80-120 სმ, შედგება 7-8 მუხლთაშორისისაგან, ზედა მუხლთაშორისები უფრო გრძელია და ღრუა, ქვედა მუხლთაშორისები კი ამოვსებულია რბილი ქსოვილით. ბრინჯის ღეროს აქვს დატოტვის უნარი. დამატებითი ღეროები გამოდიან მიწის ზედაპირზე მოთავსებული მუხლებიდან. დატოტვის უნარი დამოკიდებულია ჯიშზე.

სავეგეტაციო პერიოდი აღწევს 100-140 დღეს. ფოთოლი – ლანცეტურია, სიგრძით 10-30 სმ-მდე. განვითარებული აქვს როგორც ენაკი, ისე კავები.

ყვავილედი–საგველაა, სიგრძით 10-30 სმ-მდე, უხვად განვითარებული დანატოტებით, რომელზედაც მოთავსებულია თავთუნები. თავთუნუნი – ერთყვავილიანია, ყვავილს აქვს ორი კილი, ქვედა და ზედა. გვხვდება ბრინჯის უფხო და ნახევრად ფხიანი ფორმებიც. ზოგიერთ ქვეყნებში უპირატესობას ანიჭებენ ფხიან ფორმებს, რადგან ფხიან ბრინჯს არ ეკარება არა თუ მწერი ან ფრინველი, არამედ თაგვიც კი, რომელიც ზოგჯერ ანადგურებს მთლიანად უფხო ფორმებს.

ბრინჯის მარცვალი – კილიანია მას გარედან მჭიდროდ აქვს შემოკრული როგორც ყვავილის, ისე თავთუნის კილები, რომელიც გალეწვის დროს თან მოსდევს მარცვალს. მარცვლის ენდოსპერმი ძირითადად ფქვილისებური აგებულებისაა, მდიდარია სახამებლით. მარცვლის ზომის მიხედვით კულტურული ბრინჯი იყოფა ორ ქვესახეობად:

1. ჩვეულებრივი ბრინჯი, რომლის მარცვლის სიგრძეა 5-7 მმ.

2. მოკლე მარცვლიანი ბრინჯი – 4 მმ. რუსეთში და სხვა ქვეყნებში გავრცელებულია ჩვეულებრივი ბრინჯი. ბრინჯის მწარმოებელ უძველეს ქვეყნებში: ინდოეთში, ფილიპინებში კი ძირითადად მოჰყავთ მოკლე მარცვლიანი ბრინჯი.

ბრინჯი ერთწლიანი ტროპიკული მცენარეა. მისი თესლი გაღივებას იწყებს 11-12სითბოს პირობებში, მაგრამ მცენარის ნორმალური აღმოცენებისათვის საჭიროა 14-15°Cსითბო. ბრინჯის ზრდა-განვითარებისათვის საუკეთესო პირობებია 25-30 სითბო.

ბრინჯი სრულებით ვერ იტანს ყინვას, 0,5 წაყინვების დროს ძლიერ ზიანდება, ხოლო 1°C ყინვაზე  მთელი მცენარე იღუპება. ტენისადმი ბრინჯის მოთხოვნილება დიდია. მისი ტრანსპირაციის კოეფიციენტი აღწევს 500-800-ს.

ამიტომ ბრინჯი მოჰყავთ მუდმივი რწყვის პირობებში ან ისეთ რაიონებში, სადაც ნალექები ზაფხულის პერიოდში უხვად მოდის.

სინათლის მიმართ ბრინჯის მოთხოვნილება დიდია. იგი წარმატებით მოჰყავთ სხვადასხვანაირ ნაკვეთებზე. ის მოითხოვს ისეთ ნაკვეთებს, რომელიც ადვილად აკავებს წყალს.
კარგ მოსავალს იძლევა აგრეთვე ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე, მდინარის სანაპიროებზე და მძიმე თიხა ნიადაგებზე.

ნიადაგის დამუშავება. ბრინჯი საჭიროებს სარეველებისაგან სუფთა მინდორს და მოითხოვს ნიადაგის ღრმად დამუშავებას. ძირითადი ხვნა წარმოებს შემოდგომაზე, 23-25 სმ სიღრმეზე. გაზაფხულზე მოხნული ნაკვეთი ფხვიერდება ორჯერ კულტივატორით 15-18 სმ სიღრმეზე.

თესვა – ბრინჯის წარმოების ძირითად ქვეყნებში ფართოდ არის მიღებული ბრინჯის დარგვა ჩითილით, რომელიც წინასწარ გამოჰყავთ სპეციალურად მომზადებულ სანერგეებში. ირგვება 12-15 სმ სიგრძის მიწის კოშტებიანად. ჩითილით დარგული ბრინჯი უფრო მოსავლიანია, მაგრამ ეს ბევრ მუშახელს მოითხოვს. ამიერკავკასიაში მხოლოდ აზერბაიჯანში მისდევენ ამ წესით ბრინჯის მოყვანას, სხვა ქვეყნებში კი თესლით თესავენ.

ბრინჯის თესლი უნდა იყოს სუფთა სარეველებისაგან და სხვა მცენარეთა თესლის მინარევებისაგან. ბრინჯის ნაადრევად, ცივ ნიადაგში თესვა დაუშვებელია.

ბრინჯის თესვა იწყება მაშინ, როცა სარწყავი წყალი გათბება 12-15- მდე. თესვისათვის კარგი პერიოდია მაისის დასაწყისი.

მოსავლის აღება. მოსავალის აღების დროს ბრინჯის მარცვალი ზედმეტ ტენს შეიცავს. ტენიანი მარცვალი კი ადვილად განიცდის ჩახურებას და კარგავს აღმოცენების უნარს, უარესდება მარცვლის ხარისხი. ამიტომ მოსავლის აღებისთანავე მარცვალი კარგად უნდა გაშრეს, ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14%-ს, შესანახად ჩაყრილი ბრინჯის თესლი არ უნდა დაიყაროს 1,5 მ-ზე უფრო სქლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *