ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების აგროტექნოლოგია

    უკანასკნელი 20-25 წლის მანძილზე ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ჩაის პლანტაციების დიდი ნაწილი სტიქიურად განადგურდა. ახლო წარსულში ჩაის მწარმოებელი და ეკსპორტიორი ქვეყანა, საქართველო, გახდა იმპორტიორი, რომელიც რამდენიმე მილიონ დოლარს ხარჯავს ჩაის პროდუქციაზე საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაშინ როდესაც საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, როგორც შიდა ისე საექსპორტო, მოთხოვნილება ადგილობრივი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ჩაის  პროდუქციაზე სამწუხაროდ ჩაის პლანტაციების უმეტესობა, თხილმა ჩაანაცვლა.

ბოლო წლებში გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ (აზიური ფაროსანა) დაავადებათა სტიქიური გავრცელების ფონზე თხილის მოსავალი და ხარისხობრივი მაჩვენებელი კატასტროფულად დაეცა. წამოჭრილი კითხვების მიხედვით მოსახლეობას რეალურად გაუჩნდა მოტივაცია ჩაის არსებული ნარგაობის რეაბილიტაციისა და ახლის გაშენების თაობაზე. სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 1000 ჰექტარზე მეტი ნარგაობა. ჩიაის რეაბილიტაციის პარალელურად არსებობს წინაპირობა იმისა, რომ სახელმწიფომ ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების თანადაფინანსების საკითხი პროგრამა ,,დანერგე მომავალის“ ჩამონათვალშიც შეიტანოს. როგორ გააშენონ ჩაის ახალი პლანტაციები , სად იშოვონ თესლი, ნერგი, ასევე ითხოვენ პრაქტიკულ დახმარებას, ყველა ამ კითხვებზე შევეცდებით გავცეთ კონკრეტული პასუხი.

ჩაის ბიოეკოლოგია

   საქართველოში ძირითადად ჩაის ჩინური სახეობებია წარმოდგენილი. მათი ვეგეტაციის ხანგრძლივობა 150-210 დღეა – ყინვაგამძლეობა -14-15 გრადუსი, თუმცა თოვლის საფარის ქვეშ -20 გრადუს ტემპერატურასაც უძლებს. სავეგეტაციო პერიოდში ნალექების წლიური ჯამი 1200-1300 მმ, არანაკლებ 600 მმ უნდა შეადგენდეს. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა 70-80 %. ჩაის გასაშენებლად ვარგისია წითელმიწები, ყვითელმიწები, სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები ზღვის დონიდან 600-400 მეტრამდეა. ნიადაგი უნდა იყოს მჯავე ან სუსტი მჟავე რეაქციის (PH 4,0-6,0). ჩაის მცენარე სხვა კულტურებთან შედარებით ყველაზე მეტად გამძლეა აგროკლიმატური რისკების მიმართ (ყინვა, სეტყვა, გვალვა, თოვლი და სხვა) ასევე პლანტაციები მდგრადია მავნებელ-დაავადებათა გავრცელების მიმართ, რაც ამ კულტურის ექსპლოატაციის პირობებს ამარტივებს.

საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ჩაის ახალი პლანტაციები შესაძლებელია გაშენდეს, როგორც ნაჩაიარ , ასევე თავისუფალ ნიადაგებზე. დღეისათვის მოთხოვნები მცირე მასშტაბიან ნაკვთების ათვისებაზეა, რომელიც ადრე ჩაის, თხილის ან ერთწლიანი კულტურების ქვეშ იყო დაკავებული.

ბენეფიციარებს , რომლებსაც გადწყვეტილი აქვს ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგ საკითხებს:

1.  ნიადგის პირველადი დამუშავება

თუ ნიადაგი ნაჩაიარია ან ბუჩქნარებითაა დაკავებული ფართობი უნდა გაიწმინდოს ღერო ტოტებისაგან და ფესვებისაგან, ისე , რომ ნიადაგის ზედა ფენა არ იქნას გატანილი ნაკვეთიდან. შემდეგ ფართობი მოშანდაკდეს-მოსწორდეს. აღებული იქნას ნიადაგის შერეული ნიმუში 0-45 სმ. სიღრმეზე, რომელშიც განისაზღვროს მჟავიანობა, მექანიკური შედგენილობა, ხვედრითი მოცულობითი წონა, ფორიანობა, ჰუმუსი და საკვები ელემენტები. გასუფთავებულ ნიადაგზე სასურველია პირველ წელიწადს ერთწლიანი კულტურების თესვა, შემდგომ აწარმოებენ (მშრალ პერიოდში) ნიადაგის ღრმად (40-45 სმ) სიღრმეზე დამუშავებას. წინასწარ ჩატარებული ქიმიური ანალიზების შესაბამისად შეაქვთ მინერალური და ორგანული სასუქები. თუ ნიადაგები ერთწლიანი კულტურების ქვეშ იყო დაკავებული, მაშინ მისი ათვისება-ღრმად მოხვნა იმავე წელსაა შესაძლებელი. ფერდობზე ჩაის გასაშენებლად გამოყოფილ ფართობებზე მიზანშეწონილია წყალამრიდი არხების გაყვანა, ვაკე ადგილებში, სადაც შემოდგომა- ზამთრის პერიოდში მოსალოდნელია წყლის ხანგრძლივი დგომა, აუცილებელია სადრენაჟო არხების დაგეგმვა-მოწყობა.

2.   ჩაის პლანტაციების გაშენება

ვაკე და 10 გრადუსამდე დაქანებულ ფერდობებზე ჩაის პლანტაციების გაშენება ხდება ზოლებრივი შპალერული წესი. შპალერებს შორის დაცილება სამექანიზაციო ფართობებზე განისაზღვრება 1,75; 2,05 მეტრით. ფერდობებზე რიგთაშორის მანძილი 1,5; 1,25 მეტრია. მწკრივებში ბუდნებს შორის მანძილი 35 სმ-ია. მუდმივ ადგილზე თესლით გაშენების შემთხვევაში თითოეულ ბუდნაში ათავსებენ 4-5 ცალ თესლს, ბუდნას კარგად ტკეპნიან და რწყავენ. ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა 150-200 კგ ხარისხიანი თესლი, ხოლო ნერგებით გაშენებისას 18-20 ათასი ნერგი. პლანტაციების გაშენება შესაძლებელია შემოდგომაზე (ოქტომბერ-ნოემბერს) და გაზაფხულზე (მარტი-აპრილი). ბენეფიციარები, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩაის კულტურებით უნდა შეეცადონ მაღალმოსავლიანი სელექციური ჯიშებით პლანტაციების გაშენებას. სამწუხაროდ დღეისათვის საქართველოში ჩაის კონდიციური თესლი და ნერგი არ იწარმოება, ამიტომ თესლით, ან თურქეთიდან შემოტანილი თესლითა და ნერგებით. ყველაზე პერსპექტიულად ჩვენ მიგვაჩნია ჩინეთიდან მაღალ-მოსავლიანი ჯიშების თესლის შესყიდვა-შემოტანა მაგ. ჯიში ,,კიმინი“ და სხვ. მითუმეტეს როდესაც საქართველოსა და ჩინეთს შორის უკვე ხელი ეწერება ურთიერთსავაჭრო ხელშეკრულებას, პრობლემა აღარ შეექმნება ბენეფიციართა განაცხადის მიხედვით ამ ქვეყნიდან ჩაის თესლის გეგმიურ შესყიდვა-შემოტანას. რაც შეეხება მომავალ პერსპექტივაში საქართველოში უნდა შეიქმნას სპეციალური სათესლე და სანერგე მეურნეობები ქართული სელექციური ჩაის ჯიშებისა და ჯიში ,,კოლხიდას“ მასიური გამრავლებისა და ახალი პლანტაციების გასაშენებლად.

3.      ჩაის პლანტაციების მოვლა

გაშენების პირველ წლიდანვე ჩაის პლანტაციები უნდა შემოიღობოს. ახლად დათესილ ბუდნებში ჩაის თესლის აღმოცენება იწყება ივნისის თვეში, როდესაც ღივი 5-10 სმ- სიმაღლეს მიაღწევს აუცილებელია მწკრივის ხელით გახელვა სარეველებისაგან. ოქტომბერ-ნოემბერში გადამოწმდება თესლის გაღივების უნარი და თუ მეჩხერიანობა შეინიშნება შესაძლებელია იმავე წლის შემოდგომაზე, ან გაზაფხულზე პლანტაციას ჩაუტარდეს რემონტი იგივე თესლის გამოთესვით, ან ნერგების გამორგვით. ნერგებით პლანტაციების გაშენების უპირატესობად ის ჩაითვლება, რომ იოლდება მოვლითი სამუშაოები და ჩქარდება ბუჩქების ფორმირების პროცესი. დაუშვებელია ახალგაზრდა 1-2 წლიან ჩაის პლანტაციებში ჰერბიციდების გამოყენება, რადგან ისედაც ნაზი ღივები ძალზე მგრძნობიარენი არიან ქიმიური რეაგენტების მიმართ.

პროცესი უმჯობესია დაემთხვეს სასუქების შეტანის ვადებს. სარეველებთან ბრძოლა შესაძლებელია, როგორც მექანიკური ისე ქიმიური მეთოდების გამოყენებით- თუმცა უკიდურეს შემთხვევაში ჰერბიციდების გამოყენების დროს საჭიროა მკაცრად იქნას დაცული დოზები, ვადები და შეტანის წესები. ბიო-ჩაის წარმოების შემთხვევაში კი ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია.

4.    ჩაის პლანტაციების გასხვლა-ფორმირება.

პლანტაციის გაშენებიდან მე-2-3 წელს იწყებენ ჩაის მცენარის გასხვლა-ფორმირებას. თესლით გაშენებულ პლანტაციაში პირველ გასხვლას ატარებენ ფესვის ყელიდან 10-15 სმ. სიმაღლეზე, ხოლო ვეგეტატიურად გამრავლებული ნერგებით გაშენებულ  პლანტაციაში პირველი გასხვლა ტარდება 20-22 სმ. სიმაღლეზე. მომდევნო წელს მომდევნო გასხვლის მიზანია ბუჩქის ვარჯის შემდგომი გაგანიერება და გახშირება. გასხვლა ტარდება 30-35 სმ. სიმაღლეზე. მეორე გასხვლის შედეგად (4-5 წლის ასაკში) მცენარეები იძლევიან მაღალ ყლორტებს და ბუჩქისებრ ფორმას იღებენ. მესამე გასხვლა ტარდება 40-45 სმ. სიმაღლეზე, ანუ ყოველი ახალი გასხვლის შედეგად ბუჩქები სიმაღლეში მატულობენ 5-10 სმ-ით. გაშენებიდან მე-8-9 წელს ბუჩქების საბოლო სიმაღლე 80-85 სმ-ია. ათი და მეტი წლის პლანტაციები სრულმოსავლიანად ითვლებიან და მათი საამორტიზაციო ვადა 45-50 წლით განისაზღვრება, თუმცა ჩაის ბიოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე საქართველოში შესაძლებელია პლანტაციების 80-100 წლამდე ექსპლოატაცია. არცერთი სხვა სამრეწველო კულტურა ასეთი ხანგრძლივობით ჩვენთან არ გამოიყენება. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩაის პლანტაციებში გაშენების, მოვლის, გასხვლა-ფორმირებისა და ფოთლის კრეფის მეცნიერულად შემუშავებული აგროტექნოლოგიური ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად შესრულება მაღალხარისხოვანი ჩაის ნედლეულისა და ბუჩქების საექსპლოატაციო ვადის გახანგრძლივების ძირითადი გარანტიაა.

    სრულასაკოვან ჩაის პლანტაციებში ყოველწლიურად ტარდება შპალერული გასხვლა ადრე გაზაფხულზე (მარტი, აპრილი), რომელიც გულისხმობს წინა წლის ნაზარდის მოცილებას ნეკზე 2-3 კვირტის დატოვებით. შპალერული გასხვლის მიზანია ყლორტწარმოქმნის უნარიანობის გადიდება. საქართველოში ძირითადად ბუჩქის ზედაპირის ოვალურ გასხვლას მიმართავენ, თუმცა ზედაპირის ბრტყელი გასხვლაც შესაძლებელია, როგორც ეს საზღვარგარეთის ჩაის მწარმოებელ ქვეყნებშია მიღებული.

პერიოდულად ხანდაზმული ბუჩქების ცხოველმყოფელობის გადიდებისა და სიმაღლეში გადაზრდილი მცენარეების დადაბლების მიზნით აუცილებელია 15-20 წელიწადში ერთხელ ჩაის პლანტაციების მძიმე (15-18 სმ) სიმაღლეზე ნახევრადმძიმე (40-45 სმ) და იშვიათ შემთხვევაში ფესვის ყელზე ბუჩქების გასხვლა-გაახალგაზრდავება. ჩაის ბუჩქების ღრმა გასხვლა ხელს უწყობენ ახალგაზრდა-იუვინელური ნაზარდების წარმოქმნას, მოსავლიანობის ზრდასა დაპროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას.

5.      ჩაის პლანტაციების განოყიერება

ჩაის პლანტაციების განოყიერება გაშენების დღიდანვე იწყება და იგი ცვალებადობას ნიადაგის ტიპის, მცენარის ასაკის, მოსავლიანობის და გასხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მიხედვით. ზოგადად ჩაის პლანტაციაში გამოიყენება ორგანული, ბიოლოგიური და მინერალური სასუქები. ზრდასრულ პლანტაციებში ორგანული სასუქებიდან გამოიყენება: საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკომპოსტებული ნაკელი, ტორფ-კომპოსტები, ჰექტარზე 30-40 ტონის რაოდენობით, ორგანო-მინერალური სასუქი ,,ბაქტოფერტი“ ჰა-ზე 500 კგ;   ,,ჰუმაფოსკა“ ჰა-ზე 10-15 ტონა, რაც შეეხება მინერალურ სასუქებს, იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი ღარიბია აზოტით, ფოსფორით და კალიუმით, უპირატესობა ენიჭება რთულ კომპლექსურ სასუქებს, რომელიც შეიცავს სამივე საკვებ ელემენტს: აზოტს, ფოსფორს და კალიუმს. რთული კომპლექსური სასუქებიდან გამოიყენება NPK, ,,სუპერ-აგრო“  ,,ამოფოსკა“ ,,დიამოფოსკა“ და სხვა. 500 კგ ჰექტარზე, ხოლო ახალგაზრდა ასაკში 300კგ. ჰექტარზე. მარტივი სასუქის გამოყენების შემთხვევაში უპირატესობა ეძლევა ამონიუმის გვარჯილას 500 კგ ჰა, ხოლო ახალგაზრდა პლანტაციებში უმჯობესია გამოკვება მოხდეს თხევადი ორგანული სასუქით ,,ორგანიკა“  ,,ჯეო-ჰუმატით“, რაც შეეხება ფოსფოროვან სასუქებს ყველაზე სრულყოფილია ორმაგი სუპერფოსფატი 500კგ/ჰა, ან ფოსფორშარდოვანა300 კგ/ჰა. ამ დროს ჩაის პლანტაცია ერთდროულად უზრუნველყოფილია აზოტით და ფოსფორით. კალიუმიანი სასუქებიდან გამოიყენება კალიუმის მარილი 250 კგ. ჰა. ყოველ 4-5 წელიწადში სასურველია ჩაის პლანტაციებში ნიადაგის შერეული ნიმუშის აღება და მასში საკვები ელემენტების განსაზღვრა. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია საკვები ელემენტების კორექტირება.

ბიო-ჩაის წარმოების მიზნით აუცილებელია ჩაის პლანტაციებში მინერალური სასუქების თანდათანობით შემცირება და ორგანო-მინერალური სასუქებით გამოკვება. ასევე უნდა აიკრძალოს ჰერბიციდების გამოყენების პრაქტიკა.

6.    ჩაის ფოთლის კრეფა

ახალგაზრდა პლანტაციებში ჩაის ფოთლის მსუბუქი კრეფა მე – 2-3 წლიდან იწყება. რაც შეეხება სრულასაკოვან პლანტაციებს აქ კრეფა მთელი სეზონის (აპრილიდან- ნოემბრამდე) განმავლობაში მიმდინარეობს. შპალერული გასხვლისა და ორგანო-მინერალური სასუქების შეტანის ფონზე ჩაის ვეგეტაცია საქართველოში მარტი- აპრილის თვეში იწყება. პლანტაციაში ჩაის ფოთლის კრეფა მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც ბუჩქებზე 5-6 ფოთლიანი ყლორტების რაოდენობა მზარდი ყლორტების საერთო რაოდენობის 25-30 %-ია. ბუჩქების გაძლიერების, მისი ამაღლებისა და ვარჯის გაგანიერების მიზნით სეზონის განმავლობაში შემდეგი დიფერენცირებული ჩაის ფოთლის კრეფის წესები მყარდება:

    ფოთლის კრეფა აპრილ-მაისში წარმოებს 5-6 ფოთლიან ყლორტებზე, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ბუჩქის ნეკზე კი რჩება ორი ნორმალური ფოთოლი და ,,თევზა ფოთოლი“.

    ივნისში დუყების კრეფა ოთხ და ხუთფოთლიან ნორმალურ ყლორტებზე წარმოებს, იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ხოლო ნეკზე თითო ნორმალური და ,,თევზა ფოთოლი“ რჩება კრეფის ასეთი წესების დაცვის პირობებში ერთი და იგივე პლანტაციაში სეზონის განმავლობაში შესაძლებელია 12-14 -ჯერ ჩატარდეს კრეფა, თუმცა უკანასკნელ წლებში მკაცრად დაირღვა ჩაის ფოთლის კრეფის წესები. ბუჩქზე ხდება ყლორტების დაყოვნება 7-10 ფოთლამდე და შემდეგ მექანიკური იარაღებით მისი აჭრა. ასეთ პირობებში სეზონის განმავლობაში აწარმოებენ 2-3 ჯერად ,,გასხვლას“ ასეთი ნედლეული უხეშია და მისგან დამზადებული პროდუქცია დაბალი ხარისხისაა. ბოლო წლებში ჩაის მწარმოებელი კომპანიები, მცირე მეწარმეები ახერხებენ მაის-ივნისში 1-2-3 ფოთლიანი ნაზი დუყების დაკრეფას და მაღალი ხარისხის ჩაის პროდუქციის დამზადებას, გადაკრეფის შემდეგ დარჩენილი ნედლეულიდან კი საშუალო და დაბალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ.

მძიმედ გასხლულ ჩაის პლანტაციებში ფოთლის კრეფა იწყება მე 2-3 წელს, როდესაც ყლორტების სიმაღლე 50-55 სმ-ს აღწევს. იკრიფება 3-4 ფოთლიანი ნაზი დუყი, ყლორტზე რჩება 5-6 ფოთოლი. გვერდით ყლორტებზე დუყები არ უნდა მოიკრიფოს. მძიმედ და ნახევრად მძიმედ გასხლულ პლანტაციებში პირველ წლებში ყოვლად დაუშვებელია ე.წ. ,,მკაცრი კრეფა“ ხელის იარაღების გამოყენებით.

7. ჩაის პლანტაციების მექანიზაცია

  ვაკე და 10 გრადუსამდე დაქანებულ   ფერდობებზე ჩაის პლანტაციები ექვემდებარება მობილიური მექანიზაციის საშუალებების გამოყენებას: რიგთაშორისებში ნიადაგის გაფხვიერება, სასუქების შეტანა, მძიმე , ნახევრადმძიმე, შპალერული გასხვლა და ფოთლის კრეფა. მობილურ მანქანებთან ერთად, როგორც ვაკე ისე ფერდობ ადგილებზე შესაძლებელია გამოყენებული იქნას მცირე მოტორიზებული სამექანიზაციო საშუალებები (ხელის კულტივატორი, სასხლავი და საკრეფი აგრეგატები) მცირე მექანიზაციის მუშაობის წყაროდ შესაძლებელია როგორც დიზელზე ასევე ელექტროენერგიაზე მომუშავე აგრეგატების გამოყენება. ფართო მასივებზე ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების დროს სასურველია მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მექანიზაციის საშუალებების გამოყენება, რადგან მუშა ხელის დეფიციტის პირობებში მექანიზაცია მეტად მოხერხებული და ეკონომიკურად ეფექტური საშუალებაა.

ამრიგად მეცნიერულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განხორციელებული ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება სრულ შესაძლებლობას იძლევა აჭარა, გურიასა და სამეგრელოს პირობებში ერთი ჰექტარიდან მიღებულ იქნას 5-6 ტონა ხარისხოვანი ფოთოლი, ხოლო იმერეთის პირობებში 4-5 ტონა ნედლეული. თუ გლეხი, ფერმერი კოოპერირების გზით ორგანიზაციას გაუკეთებს ხარისხოვანი ფოთლის ადგილზე გადამუშავებას და პროდუქციის რეალიზაციას, მაშინ ჰექტარიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება.

    დღევანდელი ფასებიდან გამომდინარე თესლით ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის სრული აგროტექნოლოგიური სქემით გაშენება და შემოღობვა 12-15 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ხოლო ნერგებით გაშენება (თესლითა და ვეგეტატიურად გამრავლებული) სხვა კომუნიკაციებთან ერთად 25-30 ათასი ლარი ჯდება. მიუხედავად გაწეული ხარჯებისა ჯერ კიდევ სრულ მოსავლიანობაში შესვლამდე (10 წელი) ჩაის პლანტაციები სრულად ანაზღაურებენ გაწეულ დანახარჯებს და შემდგომ წლებში თითოეული ჰექტარი 10-15 ათასი ლარის სუფთა მოგებას იძლევა.

      გახსოვდეთ: საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი რბილი სუბტროპიკული კლიმატი და ნიადაგური პირობები იძლევა ძვირფასი სუბტროპიკული კულტურების წარმოების ფართო შესაძლებლობას, მათ შორისაა ჩაის კულტურაც. ნუ ვიტყვით უარს ამ კულტურაზე. თქვენი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გარკვეულ ნაწილზე გააშენეთ ჩაის მაღალხარისხოვანი ჯიშები, ამით თქვენ ხელს შეუწყობთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, როგორც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას, ასევე საექსპორტო პროდუქციის გაზრდას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ერთად-ერთი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა იქნება. ჩაის რეაბილიტაციისა და ახლის გაშენების საკითხებზე თქვენ ყოველთვის გაგიწევთ კვალიფიციურ კონსულტაციებს და პრაქტიკულ დახმარებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო  კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურისა და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“ს სპეციალისტები:

ზაურ გაბრიჩიძე, სმმ დოქტორი, პროფესორი, 

რუსუდან ტაკიძესმმ აკადენიური დოქტორი, 

ქეთევან ჩიკაშუა, ბ.მ. აკადემიური დოქტორი, 

ოზურგეთი-ანასეული

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *