აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ჩითილის გამოყვანა ტორფნეშომპალიან ქოთნებში

გაზაფხული ახლოვდება და ბევრ მეურნეს აინტერესებს, როგორ გამოიყვანოს სასურველი კულტურის და ჯიშის ჯანსაღი ჩითილები? ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩითილის ისეთი წესით გამოყვანის, როდესაც ღია გრუნტში გადარგვისას ჩითილს ფესვთა სისტემა ნაკლებად დაუზიანდება, გადარგული მცენარე ზრდას არ შეაჩერებს, არ დაჩიავდება და კარგ, ნაადრევ მოსავალს მოგვცემს. 

ჩვეულებრივი წესით ჩითილის გამოყვანის დროს სათბური იქნება ეს თუ კვალსათბური, ჩითილის ამოღებისას მცენარეს შემწოვი ბუსუსა ფესვების 80% უზიანდება. ფესვთა სისტემის ასეთი დაზიანების გამო, რაგინდ კარგი პირობებიც არ უნდა შევუქმნათ მცენარეს, გადარგვის შემდეგ ის მაინც აჩერებს ზრდას, ჩიავდება, ავადდება და საბოლოოდ მოსავალსაც მცირეს და ნაგვიანევს იძლევა.

ტორფნეშომპალიან ქოთნებში ჩითილის გამოყვანის დროს, როდესაც ასეთი ქოთნები ორგანული და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი მასალისაგან არის დამზადებული, მცენარეს უკეთესი კვების არე აქვს, ვიდრე კვალსათბურიანი გრუნტის პირობებში. ამასთან, ფესვთა სისტემა მას მხოლოდ ქოთნის სივრცეში უვითარდება და ქოთნიანად გადარგვისას არ უზიანდება, ამიტომ იგი აღარც ზრდას აჩერებს, ნაკლებად ავადდება და საადრეო მოსავალსაც იძლევა. ჩითილის გამოყვანის ეს მეთოდი აღიარებულია პროგრესულად და  საყოველთაოდ გამოიყენება.

დღეს ბაზარზე მზა ჩითილებიც იყიდება და გამზადებული საჩითილე კონტეინერებიც, მაგრამ თუ თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ მზა ჩითილზე და საჩითილე კონტეინერებზე გასწავლით მარტივ მეთოდს, როგორ დაამზადოთ საჩითილე ქოთნები და თავად გამოიყვანოთ ჩითილები.

ტორფნეშომპალიანი ქოთნების დასამზადებლად გამოიყენება: ტორფი, ნეშომპალა, ყამირი მიწა, ახალი ნაკელი, ქვიშა. შემადგენელი ნაწილების შეფარდება დამოკიდებულია ამ ნაწილებით უზრუნველყოფაზე და ქოთნების დანიშნულებაზე. გარდა ძირითადი შემადგენელი ნაწილებისა, ნაზავში უმატებენ აგრეთვე მინერალურ სასუქებსაც. ამრიგად, მიიღება ნოყიერი მასა, რომლის შემადგენლობაში დიდი რაოდენობის საკვები ნივთიერებებია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საკვებზე მცენარის მოთხოვნილებას.

ქოთნის დასამზადებელ მასალა ასე მზადდება: მშრალი ნეშომპალა, ყამირი მიწა, ახალი ნაკელი, ქვიშას კარგად აურევთ ერთმანეთში, დაამატებთ წყალში გახსნილ ახალ ნაკელს და მთელ ამ მასას კვლავ კარგად აურევვ, ვიდრე არ მიიღებთ ცომისებრ მასას. ნაზავი, რომელსაც ტორფი არ ურევია, ფრთხილად უნდა მოიზილოს, რადგან არ შერჩეს მსხვილი სტრუქტურა და კოშტოვანი მასა. წინააღმდეგ შემთხვევაში ქოთნები გამოვა ალიზისებრი, მალე გამოშრება და გაქვავდება.

მიღებული ნაზავიდან ქოთნები შეიძლება დამზადდეს აგურივით მოიჭრას უჯრიან ყუთში 40-100 უჯრით. მოზელილი მასიდან ქოთნები შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა სისტემის ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ დაზგებზე. არსებობს როტაციული დანადგარი რომელიც თვითონ განსაზღვრავს დოზებს, ზელს და ამზადებს შესაბამისი ფორმის ზოგიერთ.

ასეთ ქოთნებში სასურველი კულტურის თესლს თესავენ და იღებენ ჩითილს.

ჯანსაღი ჩითილის მისაღებად საჭიროა დავიცვათ მცენარისთვის საჭირო სითბოს, სინათლის, წყლისა და კვების რეჟიმი.

ტორფნეშომპალიან ქოთნებში ჩითილებს ზრდიან, როგორც ღია გრუნტში, ისე გადასარგავად, ისე თვით სათბურს და კვალსათბურში დასარგავადაც.

დიდი მნიშვნელობა აქვს ტორფ-ნეშომპალიანი ქოთნების ფორმას. ადრე საჩითილე ქოთნები ცილინდრული ფორმის მზადდებოდა, ახლა კი კვადრატულ ან ექვსწახნაგიან ქოთნებს ამზადებენ . ოთხკუთხედი ფორმის ქოთნებს უფრო მახვილი კუთხეები აქვს და მეტად ემტვრევა ნაწილები, ექვსწახნაგიანს კი პირიქით.

ამზადებენ ექვსწახნაგიან ქოთნებს, რომლებსაც ქვემო ნაწილი უფრო ფართო აქვს, რადგან უპირატესად აქ ვითარდება ფესვთა სისტემა და მეტადაც არის უზრუნველყოფილი საკვებით. ექვსწახნაგიანი ქოთნის უპირატესობა, ოთხთწახნაგიანთან შედარებით ისიც არის, რომ ერთი სტანდარტული ჩარჩოს ქვეშ მეტი ქოთანი ეტევა. მაგ. თუ ქოთნის სიმაღლე – 65 მმ-ია, სიგანე ზემო დიამეტრში – 60 მმ, დაბლა – 50 მმ, მაშინ ერთ ჩარჩოს ქვეშ 400-420 მცენარე ეტევა.

ჩითილის გამოზრდა ღია საჩითილე კვლებზე

ამ მიზნით არჩევენ ქარისაგან დაცულ, მყუდრო მზიან ნაკვეთს. გასუფთავების, ნაკელის შეტანის და მოხვნის შემდეგ ნაკვეთს ერთი მეტრის სიგანის კვლებად ჭრიან. კვლებს შორის ტოვებენ 50-60 სმ სიგანის ბილიკს. ასეთ კვლებზე თესლს 10 სმ დაშორებით მწკრივებს შორის  თესავენ და საჭიროების მიხედვით რწყავენ, ამეჩხერებენ. ჩითილი 30-50 დღის განმავლობაში ​გადასარგავად მზად იქნება.

ღია საჩითილე კვლებზე ჩითილი შეიძლება​ გამოიზარდოს ტორფნეშომპალიან ქოთნებშიც, ამისათვის კვლებზე აწყობენ ქოთნებს და სასურველი კულტურის თესლს თესავენ.

ჩითილის და ნაკვეთის მომზადება დასარგავად

ჩითილის დასარგავად მომზადების წესი დამოკიდებულია ჩითილის გამოზრდის მეთოდზე, კულტურაზე და, რაც მთავარია, დარგვის დროზე. ყველა შემთხვევაში ძირითადი ყურადღება მიქცეული უნდა იყოს მცენარის გახარებაზე, რაც თავის მხრივ, დამოკიდებულია ჩითილის გამოზრდის წესზე.

ჩვეულებრივი წესით ჩითილის გამოზრდისას, როდესაც მის მოყვანას სათბურის, კვალსათბურის ან ღია საჩითილეში აწარმოებენ, მთავარია, რომ გადარგვის შემდეგ დიდად არ დაირღვეს დამოკიდებულება მცენარის მიწისზედა და მიწისქვეშა ნაწილებს შორის. ამ შემთხვევაში ჩითილის დარგვის შემდეგ გახარების ძირითადი პირობა მცენარეში წყლის მიღებასა და ხარჯვას შორის ნორმალური შეფარდებაა. ამას აღწევენ ჯერ თვით საჩითილეში ჩითილის ამოღებამდე, კარგი მორწყვით, რომ ჩითილს ამოღებისას ფესურები ნაკლებად დაუზიანდეს. შემდეგ დასარგავი ნაკვეთის წინასწარი მორწყვით (თუ ძალიან მშრალია) და ასევე დარგვისთანავე მორწყვით.

ზოგჯერ თუ გადასარგავი მცენარე დიდია, საჭიროა დიდი ფოთლების შეცლა.

გადარგული მცენარის ადვილად გახარების და კარგი დაფესვიანებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა სათბურებს და კვალსათბურებში უფრო ადვილია.

ღია გრუნტში ჩითილის დარგვას ამჯობინებენ ღრუბლიან ან წვიმიან დღეებში, რადგან ასეთ ამინდში მცენარე უფრო კარგად ხარობს. თუ ღრუბლიანი ამინდი არ არის და დარგვის გადავადება არ შეიძლება, მაშინ ჩითილი ირგვება შუადღის შემდეგ, საღამოს საათებში. ცხელ, მშრალ ქარიან ამინდში ჩითილის დარგვას საერთოდ ერიდებიან, რადგან ამ დროს მისი დაღუპვის ალბათობა მოსალოდნელია გამოშრობის გამო, დიდია.

საადრეო ჩითილის გაკაჟებას“ გადარგვამდე დიდი მნიშვნელობა აქვს. „გაკაჟებული“ მცენარე უფრო კარგად ეგუება გარემოს, უფრო იოლად ცოცხლდება და სწრაფად იწყებს ინტენსიურ ზრდას.

კვალსათბურებში გამოზრდილი ჩითილის „გაკაჟებას“ გადარგვამდე 10-12 დღით ადრე იწყებენ. პირველ 3-4 დღეს ჩარჩოებს შუადღის საათებში თავს ხდიან, შემდეგ  3-4 დღეს _ დილიდან საღამომდე, ხოლო უკანასკნელ 3-4 დღეს, დღე და ღამე საჩითილე გადახდილია.

ტორფნეშომპალიან ქოთნებში გამოზრდილი საღი ჩითილი „გაკაჟების“ შემდეგ შეიძლება მოურწყავად გადავიტანოთ ღია გრუნტში დასარგავად.