დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

„მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, ხოლო ჩემი ზეციური მამა _ მევენახე“!

და მაინც, რა არის ვაზი და ღვინო?
„ბიბლიის, უფლის მცნებების, დამრღვევ „რჩეულ ვენახს“ ჰგავს ქართველი ერი, რომელსაც ცოდვებისათვის ღმერთის წყალობით ტოტები შეაჭრა ანგელოზმა და ფესვებიღა დაუტოვა“.

მამა გიორგი ბასილაძე

ღვთივმომადლებული სულიერ-მატერიალური ღირებულებებით ვაზი (ყურძენი) და ღვინო ნებისმიერ საკვებ პროდუქტს დიდად აღემატება. საზოგადოებრივ ყოფიერებაში ისინი გამოკვეთილად ფლობდნენ და ფლობენ ლიდერის პოზიციას და, ბუნებრივია, საზოგადოებიდანაც ადეკვატურ შეფასებას იმსახურებენ. ვაზის და ღვინის რაობის სრულფასოვნად წარმოჩენა-გამომზეურება მარტო მეცნიერული კუთხით ვერ მოხერხდება, რადგან აინშტაინის შეფასებით: „მეცნიერება რელიგიის გარეშე კოჭლია, რელიგია მეცნიერების გარეშე — ბრმა“. ვაზისა და ღვინისმიერ ფენომენთა ჯეროვანი წარმოსახვა მხოლოდ ისტორიულ, საბუნებისმეტყველო და საღვთისმეტყველო მეცნიერებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი.

კანონიკური განმარტებით: „ღვინო არის ყურძნის ტკბილის ან დურდოს სრული ან ნაწილობრივი ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული პროდუქტი“. ერთი წინადადებით ღვინის არსში ჩაწვდომა რომ ვერ მოხერხდება, ფაქტია. ახლა თვალი მივადევნოთ ბრიუსელის ევროკომისიის სხდომის ფრანგული დელეგაციის ოფიციალური კომუნიკედან ამონარიდს (1990): „ღვინის ისტორია განუყოფელია კაცობრიობის ისტორიისგან. ღვინო — ვაზისა და ადამიანის შრომის ნაყოფი, არ უნდა აღვიქვათ, როგორც უბრალო სასმელი. ათასწლეულობით ადამიანთან თანაობით მას ყოველთვის ახლავს ორი არსი: წმინდა და ვულგარული. ის ცივილიზაციის საზომი და ცხოვრების ხარისხის კრიტერიუმია, კულტურის მონაპოვარი და საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტორია“. ამ საკმაოდ ღირსეულ შეფასებაში ლაპარაკია კაცობრიობის და ღვინის ისტორიის განუყოფლობაზე, რაც ჩვენი მხრივ ცივილიზაციის საწყისებს, მომდევნო პერიოდში მევენახეობა-მეღვინეობის დარგობრივი ჩანასახების წარმოშობა-ჩამოყალიბებისა და დაფუძნების ეტაპების სათანადოდ გაშუქებას მოითხოვს.

ცნობილია, რომ ადამიანი ცხოველთა სამყაროს საბოლოოდ 2-2,5 მილიონი წლის წინ გაემიჯნა, ხოლო მიწათმოქმედება-მესაქონელობას, ანუ საკვებ წარმოებაზე გადასვლას, მხოლოდ ბოლო 10 000 წლის წინ მოჰკიდა ხელი. რეკორდული ასაკისაა ველური ვაზი, რომლის უძველეს (15-10 მილიონი წლის) ქვადქცეულ ნაშთებს ქვემო ქართლის ტერიტორიაზე დღესაც პოულობენ და მათგან ძვირფას სუვენირებს ამზადებენ. სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ასაკის ვაზის არსებობა არ არის დაფიქსირებული. რაც შეეხება ბიბლიურ წყაროებს, აქ ვენახი (ვენახოვანი) პირველად დაბადების წიგნში „ნოდის“ ტერმინით გვხვდება (დაბ. 4.16): „გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“. „ნოდი“ იგივე „ნაიდი“, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, ნადობილარს ანუ ნავენახარს ნიშნავს, ედემის აღმოსავლეთი კი გეოგრაფიულად ამიერკავკასიასთან (ბუნებრივია, ქვემო ქართლთანაც) მოდის თანხვედრაში.

საფუძველს მოკლებული არ იქნება ვიფიქროთ, რომ ედემის ბაღიდან გამოძევებული ადამის უფროსი ძე — კაენი, თავის საქმიანობისათვის შესაფერ ადგილს მოიძიებდა (ის მიწათმოქმედი იყო), რისთვისაც ქვემო ქართლის ვენახოვანი აირჩია, იქ დაფუძნდა და გამრავლდა (შემდგომში მის შთამომავლობას სხვა ხალხიც შეერია). მიგვაჩნია, რომ სწორედ აქაურმა აბორიგენებმა ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა, ველური ვაზის, ხეხილის თუ მარცვლეულის კულტურაში გადატანა, ყურძნის დაჭყლეტვა-დაწურვა და თვისობრივად ახალი პროდუქტის ღვინის მიღება-დაყენება. აქ თანდათან გაჩნდა მკვიდრ ბინადართა სოფლები, რამაც ქალაქური დასახლებების წარმოშობას ჩაუყარა საფუძველი: „გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს ენოქი“ (დაბ. 4.17).

ჩვენეული ვერსია დამყარებულია დიდი რუსი ბიოლოგის ნ. ვავილოვისა და გამოჩენილ ბოტანიკოს მეცნიერთა: ლ. დეკაბრილოვიჩის, ვ. მენაბდეს, ვ. ჟუკოვსკის და სხვ. მოსაზრებებზე. სწავლობდნენ რა მსოფლიო მასშტაბით კულტურულ მცენარეთა წარმოშობის საკითხებს, მათ ამიერკავკასია მარცვლეული კულტურების წარმოშობის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრად, ველური და კულტურული ვაზის ფორმათა წარმოქმნის ძირითად და ხეხილის გავრცელების ერთ-ერთ უდიდეს და უადრეს კერად მიაჩნდათ. ეს მოსაზრებანი 1958 წელს შულავერის (ქვემო ქართლი) კულტურის ნამოსახლარებში მოპოვებულ არქეომასალებში ჯეროვნად აისახა. ისინი არქეოპარალელებითა და რადიოკარბონატული მონაცემებით ძვ.წ. VII ათასწლეულის დასასრულით, VI ათასწლეულითა და ნაწილობრივ ვ ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. აქ აღმოჩენილია: კულტურული ვაზის წიპწები, ღვინის 2, ხორბლის 9, ქერის 5 სახეობის და სხვ. მარცვლეულ კულტურათა ნაშთები. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჩვენში ნაყოფიერების კულტისა და რელიგიის არსებობის დამადასტურებელი უძველესი არქეომონაპოვარი: თიხაში მაღალმხატვრულად შესრულებული ქალის მცირე ზომის ქანდაკებები, ყურძნის მტევნის ბარელიეფით შემკული, დიდი მოცულობის თიხის დერგი და საღვინე თიხის ფრაგმენტზე მამაკაცის ფალოსიანი გამოსახულება, აღმართულ მარჯვენაში ყურძნის მტევნით დამშვენებული. ეს უკანასკნელი, მეცნიერთა აზრით, მსოფლიოში უძველესი ვაზისა და ღვინის ღვთაება უნდა იყოს.

ბიბლიაში პირველ მევენახე-მეღვინედ მიჩნეულია ნოე, რომელმაც წარღვნის შემდეგ პირველმა გააშენა ვენახი და დააყენა ღვინო. არქეო-ბიბლიურ მონაცემთა შეჯერებით მსოფლიო წარღვნა დაახლოებით 5000 წლის წინ, ძვ. წ. მესამე ათასწლეულის ბოლოს მოხდა. ამ დროს ნოე 600 წლის იყო (დაბ. 7.6) და მის შემდეგ კიდევ 350 წელი იცოცხლა. კიდობნიდან გადმოსული ნოე არარატზე ვენახს რომ ვერ გააშენებდა, ეჭვს არ ბადებს. უეჭველია ისიც, რომ ვენახის გასაშენებლად ახლომახლო ტერიტორიაზე კულტურაში შესული ვაზების, ვენახოვანის მოძიება დასჭირდებოდა, რაც ქვემო ქართლის ტერიტორიაზე უდავოდ დახვდებოდა (შესაძლებელია, ამ ვენახოვანის შესახებ ინფორმირებულიც იყო). ამიტომ, დიდი ალბათობით, მან ოჯახითურთ ჩრდილოეთით ამოიზევითა, სამხრეთ საქართველოში დასახლდა, დაფუძნდა და აქედან გაიშალა… თავისთავად იბადება კითხვა: თავდაპირველად ნოემ ხომ არ დაიწყო ველური ვაზის გაკულტურება და ხომ არ იყო ამ საქმის „პიონერი“? რა თქმა უნდა არა. ბიბლიური ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ ის უკვე გარკვეულია ვენახის მოვლა-მოშენებასა და ღვინის დაყენებაში. მან იცის, რომ ვენახის გაკულტურებას საუკუნეები სჭირდება (რასაც შესაძლოა მისი დარჩენილი წლები არ ეყოფოდა), ამიერკავკასიაში კულტურული ვაზის მოძიებას კი მხოლოდ დღეები დასჭირდებოდა.

მგვარად, ბიბლიურ-მეცნიერულ მონაცემებზე დაყრდნობით აშკარად იკვეთება, რომ შულავერის ნამოსახლარის ნაშთები (კულტურული ვაზის წიპწები, ღვინის და მარცვლეულის ნაშთები), რომელთა ასაკი 8 000-მდე წლისაა, წარღვნამდე 3000 წლით ადრინდელი შემოქმედებაა. შემოქმედნი კი იყვნენ ქვემო ქართლის აბორიგენები, შესაძლოა, ბიბლიური „ნაიდის ქვეყანაში“, ანუ ვენახოვანში დასახლებული კაენის შთამომავლობა. ისინი, ნოეს დაბადებამდე სულ ცოტა 24 საუკუნით ადრე, უკვე ერკვეოდნენ მევენახეობა-მეღვინეობის საფუძვლებში, ჰყავდათ ვაზისა და ღვინის ღვთაება და დარგობრივ ცოდნა-გამოცდილებას ტრადიციულად გადასცემდნენ წარღვნამდელ თაობებს (მათ შორის ნოესაც — ადამის ხ შთამომავალს). ძველი ეპოქის ცოდნა-გამოცდილების ახალში გადმოტანა-გავრცობის მისია ნოემ და მისმა ოჯახმა პირნათლად შეასრულეს, მეღვინის თვალსაწიერიდან კი ბიბლიური ნოე ერთადერთი წვეთი წმინდა კულტურის საფუარია, რომელზედაც დადუღდა ახალი ცივილიზაციის ღვინო.

ბოლო წლებში ქვემო ქართლი კვლავ მსოფლიო მასშტაბის არქეოლოგიური აღმოჩენის მოწმე გახდა. შულავრის კულტურიდან 50-მდე კილომეტრში, დმანისის ნამოსახლარში აღმოაჩინეს 1800 000 წლის წინანდელი აბორიგენთა საძვალე. მეცნიერულად დადგინდა, რომ „დმანისელები“ თავის ქალისა და მორფოლოგიური ნიშნებით ახლოს დგანან აფრიკის უძველეს ადამიანებთან. მათ პირველებმა გადმოაღწიეს აფრიკის კონტინენტიდან და უხსოვარი დროიდან დამკვიდრდნენ ჩვენს ქვეყანაში. ამ პერიოდის ადამიანის ნაკვალევი ევროპისა და აზიის ქვეყნებში არ ჩანს, რითაც დასტურდება, რომ ევრაზიაში ადამიანთა განსახლების გზა ამიერკავკასიაზე, კერძოდ, საქართველოზე გადიოდა და რომ მსოფლიოს ყველა დიდ ცივილიზაციას შეხება ჰქონდა აქაურ კულტურასთან.

ასეთ პრეისტორიულ ფონზე ყურადღებას იმსახურებს ბიბლიაში აღწერილი ფაქტების იდენტურობა: 1. ედემის ბაღიდან გამოძევებული კაენი ახალ ცხოვრებას ვენახოვანიდან იწყებს. 2. წარღვნაქმნილი ნოე დაფუძნება-აღორძინების ნიშნად უპირველესად ვენახს აშენებს და ღვინოს აყენებს. ეს ყველაფერი კი, დაახლოებით 3000 წლით განსხვავებულ პერიოდში, ერთი და იმავე ადგილზე ქვემო ქართლში, უძველეს აბორიგენთა საბუდარში ხდება.

ათასწლეულებს, ბუნებრივია, უქმად არ ჩაუვლია. ჩვენმა წინაპრებმა გააცნობიერეს რა ღვინის „ღმერთმყოფელი“ ხიბლი, გამოიყვანეს რეკორდული რაოდენობის ვაზის ჯიში, დაიხვეწა და ყოფიერებაში ჩაჯდა მათი მოვლა-პატრონობის უნარ-ჩვევა და ტრადიცია. მაღალპროფესიული დარგობრივი კულტურის წყალობით თითოეულმა ჯიშმა სათანადოდ გაიარა ეკოლოგიურ პირობებთან ადაპტაცია — ჩამოყალიბების ვრცელი პერიოდი და შესაბამის მიკროზონებსა და რეგიონებში დამკვიდრდა. ძვ.წ. VII ათასწლეულიდან ხმარებაში შემოდის თიხის ჭურჭელი, შემდეგ ათასწლეულებში ჩნდება ჯერ ქვაში გამოკვეთილი, შემდგომ ხისა და ქვიტკირის საწნახლები, მრავლდება ქოცოები, ქვევრები, საქაჯავები და მრავალი სამეურნეო ინვენტარი… მეღვინეობამ უკვე ცისქვეშეთიდან მარანში შეაბიჯა და მყარად დაფუძნდა.

ტექნო-პროგრესის პარალელურად თანდათან გამოიკვეთა, დაიხვეწა და ჩამოყალიბდა ვაზის ჯიშურ-აგროკლიმატურ პირობებთან ჰარმონიულად მისადაგებული სუფრის მშრალი (კახური, ინგილოური, იმერული), ბუნებრივად ტკბილი, ნახევრად ტკბილი და ცქრიალა ღვინოების დაყენების თვითმყოფადი ტექნოლოგიები. ქართველმა მეურნემ გენეტიკურად გაისისხლხორცა ვაზისა და ღვინის ხასიათი, ვაზისგან: სიბრძნე, სიუხვე, შრომის პატივი, ჭირთათმენა, გაუტეხლობა, ღვინისგან: სიძლიერე, მოყვასის სიყვარული, სტუმარმასპინძლობა, სამართლიანობა, მოლხენა თუ სიცოცხლის ხალისი. ქართულ ყოფიერებასა და ადათ-წესებში ღრმად ჩაჯდა და თვისობრივად აღორძინდა ვაზისა და პურ-ღვინოს მრავლისმომცემი ფენომენი, რამაც სამაგალითოდ აამაღლა და თვითმყოფადობა შესძინა ეროვნულ ზნეობას. ქართულმა ხასიათმა ზედმიწევნით მოირგო დიდი არისტოტელეს სიტყვები: „ზნეობა ეს არის იცხოვრო შენი ხალხის წეს-ჩვეულებებით“. წმ. ილია მართალმა კი კვლავ აბორიგენთა პირველად გახედნილ ბედაურზე მიგვითითა: „ვაზი ჩვენი გონებრივი და ზნეობრივი თვისებაა“.

სულიერი თვალთახედვით ველური ვაზის გაკულტურება უგუნური, ურწმუნო ადამიანის მორჯულებად აღიქმება, რადგან ბიბლიაში „მავნე და შხამიანი ნაყოფის მომცემი ვაზი“ ღვთის ურჩ სულთანაა გაიგივებული. აბორიგენთა უდიდესი დამსახურებაა, რომ მათ ყველაზე ადრე და მასობრივად „მოარჯულეს“ და შთამომავლობას უბოძეს 530-ზე მეტი ვაზის ჯიში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი ჯიშის გამოყვანას სულ ცოტა 3 საუკუნის გარჯა და რუდუნება სჭირდება, 6 000-ჯერ ნაჭირნახულევი ქვეყნის წმ. მარიამ ღვთისმშობელზე (ვაზ-ვენახის სიმბოლოდ აღიარებულ — რჯულის დედაზე) წილხვდომა, ალბათ, დამსახურებულ ჯილდოდ უნდა ჩავთვალოთ.

ამგვარად, საქართველო ქრისტიანობის გარიჟრაჟზე წმ. მარიამის წილხვედრი ქვეყანა გახდა, მისივე ბოძებული ვაზის ჯვრით (წმ. ნინოს ხელით) გაინათლა, ჰიმნად „შენ ხარ ვენახი“ ააჟღერა და სულით ხორცამდე ეზიარა „ღვთიურ გენიოლოგიას“, რომლის შესახებ უფალი ბრძანებს: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, თქვენ ლერწები მისი, მამაჩემი კი მევენახე“ (იოან. 15.1; 15.5). ვაზისა და პურ-ღვინოს საკმაოდ აღმატებული ქრისტიანული ღირებულებების ფონზე ქართველმა ქრისტეს რჯული სამაგალითოდ გაითავისა, რის შედეგად საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანობა და ქართველობა ტოლფარდი მცნება გახლდათ.

თუ დავაკვირდებით, თავდაპირველად ქართველმა მოარჯულა ვაზი, შემდგომ კი ვაზმა (ვაზის ჯვარმა) გადაგვიხადა სამაგიერო და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოგვაქცია. ღვთის შეწევნით ეს „ვაზ-კაცური“ მარათონი დღესაც გრძელდება: ქართველი მეზვრე თავს ევლება ვენახს და ისიც ხვავრიელად ასაჩუქრებს ნაჭირანხულევით. რაც შეეხება ღვინოს, მან სიყრმითვე ითავა და დღესაც პირნათლად ასრულებს ზევალდებულებას: დაეხმაროს ადამიანს მისი შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური მოღვაწეობის უმაღლესი მიზნების, ჭეშმარიტების, კეთილშობილებისა და სილამაზის აღქმა-განხორციელებაში.

სიტყვა ვაზი (ყურძნის ხე [საბა]) დაბადების თარგმანსა და საერთოდ ძველქართულ ძეგლებში არ ჩანს და მხოლოდ IX-X საუკუნეებში შემოდის ხმარებაში. უძველესი წარმომავლობის სიტყვაა ვენაჵი, რომელიც თავდაპირველად ერთი ძირი ვაზის მნიშვნელობით იხმარებოდა, მომდევნო ხანებში კი ვაზის ბაღის მნიშვნელობა შეიძინა. ივ. ჯავახიშვილის არგუმენტირებული მტკიცებულებით სიტყვა ვენაჵი ღვენაჵისგან ანუ ღვინის ხისგან უნდა იყოს თავდაპირველად წარმომდგარი. სიტყვა ღვინო კი, გამოჩენილი ქართველი მეცნიერების: ივ. ჯავახიშვილის, გ. წერეთლისა და ვ. თოფურიას გამოკვლევებით, ქართული წარმოშობისაა და აქედან გავრცელდა სხვა ქვეყნებში. მათ კვლევებს დამაჯერებლობას სძენს დაბადებაში შემონახული ძველებრაული გადმოცემა, სადაც ამიერკავკასია ვაზის და ღვინის სამშობლოდაა მიჩნეული. ამ ღირებულ დოკუმენტზე დაყრდნობით გ. წერეთელი ბრძანებს: „სერიოზული საფუძველი გვეძლევა, რომ მაღალი კულტურის მაჩვენებელი სიტყვა ღვინო ქართულიდან გავრცელებულიყო მთელ მსოფლიოში“. ღვინის სახელდების ქართულ ვერსიას უცხოეთში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგენიც ჰყავს. ჩვენი ღრმა რწმენით კი, აქ საკამათო არაფერია, რადგან წარღვნამდე 3000 წლით ადრე შექმნილ პირველი სასმელის სახელდებას, ბუნებრივია, შემქმნელს ვერავინ (და არავინ) დაასწრებდა. ღვინო, როგორც სახელწოდება და როგორც პროდუქტი ჭეშმარიტად ქართველ აბორიგენთა შემოქმედებაა და მათი დაცალკევება მხოლოდ „მიმტევებელ“ ღიმილს იმსახურებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველ საქართველოში სიტყვა ღვინოს კალენდარული დატვირთვაც ჰქონდა. მხოლოდ ორად ორმა ქვეყანამ — საქართველომ და ბასკეთმა უწოდა ოქტომბერს ვაზისმიერი სახელი, ქართველებმა „სთვლისაჱ“, ბასკებმა „(ჰ)ურდე“ ანუ ყურძენი; ქართულ ხალხურმა სიტყვიერებამ კი ეს თვე „ღვინობისთვედ“ მონათლა.

ჯერ კიდევ XVIII საუკუნის საქართველოში მიწა-წყლის ორ მთავარ გეოგრაფიულ და ბოტანიკურ-აგრონომიულ ნაწილად, მთად და ბარად, გაყოფა მევენახეობის გავრცელების თვალსაზრისით განისაზღვრებოდა: სადამდეც მევენახეობა შესაძლებელი იყო, იქამდე ტერიტორია ბარად, მის ზემოთ კი მთად იწოდებოდა. ე.ი. საქართველოში მთა-ბარის გამმიჯნავი ზოლი ვენახზე გადიოდა. ამ დარგებს ფრიად მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საგარეო ვაჭრობაშიც: ქართული ღვინო ოდითგანვე საექსპორტო საგანს შეადგენდა. ამიტომაც იყო, რომ შემოსევების დროს მტერი პირველ რიგში ვენახსა და ჭურ-მარანს ანადგურებდა.

საქართველოში მრავალი ვაზის ჯიში ატარებს თავისი „მომრჯულებლის“ გვარ-სახელს და პირიქით, უამრავ ქართულ გვარშია გაჟღერებული ყურძნისეულ პროდუქტთა სახელი. შეგიძღვებათ თუ არა ქართველი მეზვრე ვენახში, სათითაოდ გაცნობთ თავის „სანათესაოს“: ეს „ბეგლარის ვაზია“, ეს „მამუკას საფერე“, ეს „სიმონასეული“, „ჯაჭვაძისეული“, „ჭეიშვილი“, „ბეჟაშვილი“, „მგალობლიშვილი“… ახლა ჭურ-მარანში შეგიპატიჟებთ და დამხვდურ სამეგობროს: რთველიაშვილებს, მეზვრიშვილებს, მემარნიშვილებს, ჭურაძეებს, მექვევრიშვილებს, კასრაძეებს, მაჭარაშვილებს, ბადაგაძეებს, ღვინიაშვილებს, მეღვინეთუხუცესებს გაგაცნობთ. ამის შემდეგ უკვე სუფრაზე მოგიხმობთ და თავის „სანათესაოს სისხლთან“ (ღვინოსთან) გაზიარებთ. ასეთ ნატურალურ ფონზე უცხო სტუმარსაც კი აღარ უჩნდება კითხვა: რატომაა ქართველისათვის ვაზი ოჯახის წევრთან თუ ნათელ-მირონთან გაიგივებული; ხოლო თქმა იმისა, რომ საქართველო სიმბოლურად ვენახია, ალბათ, თვითუარყოფის ტოლფასია. საქართველო სიმბოლურად კი არა, ჭეშმარიტად ვენახოვანია.

ადამიანები ყველაზე ხშირად სანთელსა და ღვინოზე ილოცებიან. ბევრმა არ იცის, რომ უფალთან დამაკავშირებელი ეს ორი ღვთიური ფენომენი ერთმანეთს მოიცავს: ფუტკარი ნექტარს ხშირად ვაზის ყვავილისგან იგროვებს, ყურძნის მარცვლის კანი კი ცვილოვან ნივთიერებებს თვითონვე შეიცავს და ღვინოს გადასცემს; თაფლისგანაც მზადდება საუკეთესო, სამკურნალო თვისებებით დაჯილდოებული ღვინო და ყურძნის ტკბილისგანაც თაფლზე არანაკლები სიტკბოს მქონე პროდუქტი ბადაგი; მრავალი დასახელების ღვინო ფლობს ე.წ. „თაფლის ტონებს“ და მრავალი კვებითი დანამატი მზადდება თაფლისა და ყურძნის პროდუქტების თანაურობით. საქმე იმაშია, რომ ფუტკრის მასაზრდოებელი აყვავებული ვენახი თეოლოგიურად მტევნის მოსხმას ანუ უფლის ჩასახვა-დაბადებას, ხოლო ამ მტევნიდან დაწურული ღვინო ჯვარცმული უფლის დანთხეულ სისხლთან ზიარებას გამოხატავს. ასეთი ქრისტესმიერი საერთო საწყისი აქვს მევენახეობა-მეღვინეობა-მეფუტკრეობას.

არსებობს ძველი გურული ვაზის ჯიში „საკმეველა“, რომელსაც ეს სახელი მარცვლის კანში (და შესაბამისად ღვინოშიც) უხვად წარმოდგენილი საკმევლის შემცველი არომატული კომპონენტების გამო ეწოდა. ასე რომ, ამ ჯიშის ყურძენი თუ ღვინო, ეს უდიდეს საიდუმლოებასთან საზიარებელი სითხე, თვითონვე მოიცავს სანთელ-საკმეველს და ყოველი წარმოთქმული სადღეგრძელოთი ლოცავს, სანთელს უნთებს და გუნდრუკს უკმევს ღვთისნიერ გზაზე შემდგარ ქართველ ერს.

ყურძენი და მისი პროდუქტები, ანტიკური ხანიდან ახლო წარსულამდე ტრადიციული მედიცინის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა. ყურძნით (ან მისი წვენით) მკურნალობას ამპელოთერაპია, ღვინით მკურნალობას კი ენოთერაპია ეწოდება. ამპელოთერაპია დიეტოთერაპიის ერთ-ერთი მეთოდია და ექიმის დანიშნულებით მედიკამენტოზურ და სხვა სახის მკურნალობასთან კომპლექსში (ძირითადად ქრონიკული დაავადებებისას) გამოიყენება. გაცილებით ფართო შესაძლებლობებს ფლობს ენოთერაპია, რადგან ღვინო შეიცავს 1500-ზე მეტ კომპონენტს, რომელთაგან 350-მდე სამკურნალო თვისებების მატარებელია. ანუ ღვინო წარმოადგენს თერაპიულ კომპონენტთა უძირო არსენალს, ყველა საკვებ პროდუქტზე ჯეროვნად აღმატებულს.

სპირტები, ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები, ამინო და ორგანული მჟავები, მთრთმილავი და საღებავი ნივთიერებები, პოლიფენოლები, პექტინები და სხვ. ცალკეულად თუ კომპლექსში განაპირობებენ ანტიოქსიდანტურ, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდულ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, კარდიო და რადიოპროტექტორულ, ანტიალერგიულ, ანტისიმსივნურ თუ რიგ სხვა სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებს და მწვანე შუქს უნთებენ ენოთერაპიის კოლოსალურ შესაძლებლობებს. ალბათ, ღვინის ამ თვისების მრავალფეროვნებამ ათქმევინა სახელგანთქმულ მკურნალ ავიცენას (980-1037 წწ.): „ძველი ღვინო სამკურნალო წამლების რიგს მიეკუთვნება და არა კვებით პროდუქტებისას“.

ამდენი სამკურნალო თვისებით დახუნძლული სითხე, ღვინის სამშობლოში, სამწუხაროდ, მხოლოდ საკვები დანიშნულებით მოიხმარება. ეს მაშინ, როცა მეღვინეობის წამყვან ქვეყნებში უკვე 10-15 წელია გახსნილია მრავალი ენოთერაპიული ცენტრი, სადაც პაციენტებს ღვინისა და ვაზის ლერწის აბაზანებით, თაფლ-ღვინის საფენებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებითა თუ სხვადასხვა ენოპრეპარატით მკურნალობენ და 2-3 კვირაში დადებით შედეგებს აღწევენ. საჭიროა და აუცილებელი, ჩვენთანაც დროულად მოვახდინოთ ყურძნის პროდუქტთა თერაპიულ ამპლუაში წარმოჩენა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვან თვისობრივ და ეკონომიურ ეფექტს გამოიღებს. ამ მიმართებით ქვეყნის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში ბოლო ათწლეულში საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები გადადგა: შემუშავდა და დასანერგად გამზადებულია მრავალი სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელების, კვებითი დანამატებისა თუ ენოპრეპარატების დამზადების ტექნოლოგია.

ღვინის თუ სხვა ენოთერაპიულ საშუალებათა გამოყენებამდე კარგად უნდა ვერკვეოდეთ მათ დიეტურ და სამკურნალო შესაძლებლობებში, რათა მიზანდასახულად წარვმართოთ კონკრეტული დაავადების პროფილაქტიკა-მკურნალობა. ამის შემდეგ ექიმთან შეთანხმებით მკაცრად უნდა დავიცვათ მათი მოხმარების დრო, დოზა და მიღების წესი. მხოლოდ ასეთი მიდგომით იზიარჭურჭლებს მომხმარებელთან ყველა ის ენოთერაპიული ფენომენი, რასაც ღვინით სავსე ფიალა გთავაზობთ.

„შეიცან თავი შენი“ მოგვიწოდებს უფალი. ამ მეტად საპატიო და რთული მისიის აღსასრულებლად თავდაპირველად უნდა გავერკვეთ ჩვენი ყოველდღიური ქმედების ავკარგიანობაში, რისი სრულფასოვნად დანახვა-შეცნობა საკმაოდ გვიძნელდება. ჩვენი უარყოფითი თუ დადებითი თვისებების საკმაოდ სწრაფად და თვალნათლივ წარმოჩენა ძალუძს ღვინოს, რომელსაც აკადემიკოსმა პროსტოსერდოვმა „მზიური ენერგია“ უწოდა. თხიერ ფაზაში წარმოდგენილი „მზიური ენერგია“, იკავებს რა ადამიანის შიგთავსს, გარეთ გამოაქვს, ამზეურებს მის ზნეობრივ ხასიათს და პიროვნებას აძლევს შანსს სათანადოდ მოახდინოს ცხოვრებაში მისი კორექტირება. ღვინის ნორმალურად მოხმარება ჭეშმარიტების გზაზე აყენებს ადამიანს (In vi­no ve­ri­tas), ზედმეტად გამოყენება კი პირიქით: „უფალს ღვინო უძლურობის ნუგეშისცემისთვის მიუცია ბრძენთათვის, უგუნურთ კი იგი ცოდვის მიზეზად უქცევიათ“, შეგვახსენებს წმ. ბასილი დიდი. ღვინო შესანიშნავი პროვოკატორია: „რაც გულში აქვს ფხიზელს, მთვრალს ის ენაზე გამოაქვს“, ამბობდნენ ძველი ლათინები. ამავე აზრს იმეორებს ქართული ზეპირსიტყვიერებაც:

ტყემ შეიფარა ნადირი, ხვრელმა დამალა გველიო,

ღვინომ კი გამოამჟღავნა მოყვარეა თუ მტერიო.

ღვინის ამ „გამომამზეურებელ“ თვისებას ხშირად იყენებდნენ ჩვენი წინაპრები სასიძოს ხასიათის შეცნობა-განსასჯელად.

ღვინო ვერ იტანს სიძუნწეს, შედეგად, „ღვინის განზომილებაში“ მყოფი ზედმეტად მომჭირნე პიროვნება ხშირად „გულმოწყალედ“ გარდაისახება (რასაც გამოფხიზლებული ძალიან განიცდის). ღვინო გამბედაობასა და სითამამეს იძლევა, ის სულიერების მსახურია და გულწრფელობას ბადებს. სწავლულთათვის ეზოთერული ცოდნის უშრეტი წყაროა და ამიტომაც გახდა ელიტური საზოგადოებისა თუ ხელდასხმულთა ხვედრი. შაირ-კაფიის უცვლელი ატრიბუტია აქ ექსპრომტად ამოთქმული „დაჯაგნული“ ფრაზები, ისინი ხომ ხშირად ხალხური პოეზიის მარგალიტებად გვევლინება. ამიტომაც ხმამაღლა ვიტყვით: საუკეთესო ღირსების ღვინო ხელოვნებაა ხელოვანთათვის.

ზომიერად მიღებული ღვინო ზრდილობის, პატივისცემის, სილამაზის, სიყვარულის გამოვლენაა. ის დადებითი ემოციებით მუხტავს ადამიანს და ბადებს სასიკეთო ინიციატივებს, მოყვასის შეძენის სურვილს და, რაც მთავარია, სიცოცხლის ხალისს. ის სამართლიანობისკენ, თანასწორობისკენ სწრაფვაა, ნუგეშისცემაა, დამეგობრება-დანათესავების საუკეთესო საშუალებაა. ბევრჯერ ყოფილა, მოსისხლე მტრები სუფრაზე შერიგებულან, ფიც-ვერცხლი (ღვინიან ჯამში ჩათლილი ვერცხლი, რომელსაც დამეგობრების მოწადინენი ბოლომდე ცლიან) მიუღიათ და დამეგობრებულან. ღვინო ხომ ჭირში მეგობარზე არანაკლებ გამხნევებს და გამაგრებს, ლხინში კი გამეფებს და ზეობაში აჰყავხარ. უღვინოდ ლხინი წარმოუდგენელია, როგორც უჟანგბადოდ სუნთქვა.

ლხინი საბასეული განმარტებით ჭირთაგან ხსნაა; ჭირი ბოროტის ყოლაა; ბოროტი ავის მომქმედია; ავი არაკეთილს ნიშნავს. დიონისე არეოპაგელი ბოროტებას სიკეთის ნაკლებობას უწოდებს. სიკეთე კი საბასვე განმარტებით წინაბჭე და ეზოა კეთილობისა. აი, ეს „წინაბჭე“ რომ გააღო და „კეთილობის ეზოში“ შეაბიჯო, ამის გარანტად უფალმა ტრადიციული ქართული სუფრა დაგვიწესა.

ქართული სუფრის აკადემიურობაზე ბევრი თქმულა და ითქმება. მისი სრულფასოვნება დამყარებულია ათასწლეულების მანძილზე შექმნილ, უზადოდ დახვეწილ-ჩამოყალიბებულ მაღალზნეობრივ-ესთეტიკურ ნორმებზე. ტრადიციული ქართული სუფრა არ გახლავთ უგვანო ჭამა-სმისა და ღრეობის ადგილი. ის თვითმყოფადი ეროვნული კულტურის თვალსაჩინო, ყოველდღიური იერსახეა, სადაც თითოეულ სუფრის წევრს კარგად აქვს გაცნობიერებული: ვისთან, რისთვის და რამდენს სვამს. აქ თამადის მიერ დასურათხატებული საერო და საბერო სადღეგრძელოები ზედმიწევნით მისადაგებულია ლექსთან, სიმღერასთან, ცეკვასთან თუ მოშვილდულ იუმორთან. თვალს იტაცებს და გულს ახარებს პიროვნულ-კრებითობის ურთიერთშერწყმის სამაგალითო ჰარმონია, ხელოვნების დონემდეა აყვანილი სარიტუალო კულტურა. ძველ დროში ხომ წერა-კითხვის უცოდინარ ყმაწვილკაცთა ცოდნის მასაზრდოებელი ძირითადი წყარო სუფრიდან მიღებული სიბრძნე გახლდათ. სუფრაზე წყდებოდა და წყდება ქვეყნის საჭირბოროტო საკითხები (თვით მაცხოვარმაც ხომ ყველაზე დიდი საიდუმლო სუფრაზე აღასრულა). წირვა-ლოცვის სიყვარული ქართველმა სუფრაზეც გადმოიტანა და სადღეგრძელოებიც კი ეკლესიისგან დადგენილი რიგით წარიმართება. იწყება ღვთის სადიდებლით და მთავრდება ყველაწმინდა ღვთისმშობლის დღეგრძელობით. ამ ყოვლისმომცველ უნივერსალებს შორის მოქცეულმა პურობის ტრადიციებმა დიდი ხანია ქართველისთვის უცვეთობის ფუნქცია შეიძინა და დღე-ღამის მონაცვლეობის უწყვეტ ციკლთან გაიგივდა.

სუფრა სიტყვაკაზმულ თამადას, კარგ ღვინოს და გულუხვ მასპინძელს მიჰყავს თუ ამათგან ერთ-ერთი მოიკოჭლებს, სუფრა არასრულფასოვანია:

მეუღლე ავი და ღვინო მჟავე,
ღმერთმა გვაშოროს ერთად ორთავე.

ყველა დროის საქართველოში ღვინო სუფრაზე ასაკთან მიმართებით სათანადო დოზით ისმებოდა:

ყმაწვილს არა ხვდესო,

ჭაბუკს კოვზით ხვდესო,

რეგვენს სუნით ხვდესო,

ბერიკაცი თვრესო.

დღესაც მშვენივრად ფუნქციონირებს სუფრაზე დიდ სასმისთან შეჭიდებული თანამეინახისადმი დახმარების ხელად გაწვდიდი ხალხური მისამღერი: დალიე და შეგერგება, ო დალიე, დალიე!“ ჰოდა, ეს „ღვთის სისხლსა და ხორცს“ ნაზიარები „მოარული პურ-ღვინო“, ქართველი კაცი, ყველგან, სტუმრობასა თუ მასპინძლობაში, ცდილობს დაიცვას უფლის მოწოდება: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“; ამიტომაც, 8000 წელზე მეტია, მსუბუქად, გაბედულად და თამამად დააბიჯებს მშობლიურ მიწაზე, ღვთისმშობლის მამულში, უფლის ზვარ-ვენახში.

აქვე უნდა აღინიშნოს ქართული ღვინისა და ადგილობრივი საკვების ურთიერთშერწყმის ფაქტორიც. „მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ადგილობრივი ღვინოები და საკვები ისე არ ეთანაწყობა ერთმანეთს, როგორც საქართველოში“, აღნიშნავს ღვინის ინგლისურ ჟურნალ „დეკანტერის“ გამომცემელი სტევენ სპურიერი. პროფ. მიხეილ გერასიმოვი კი კახური ღვინოების შესახებ ამბობს: „ეს ღვინოები საოცარი ჰარმონიით ერწყმის სამხრეთული მოსახლეობის ცხიმიან და ცხარე საკვებს“. დავამატებთ, რომ კახური ღვინოები დიდად უწყობს ხელს ე.წ. „მძიმე საკვების“ გადამუშავება-მონელებას.

ათასწლეულებს გამოვლილმა ქართულმა სუფრამ, ბუნებრივია, არსებითი ცვლილებები განიცადა, მაგრამ მაინც შემოინახა ბევრი გაუცნობიერებელი ნიშან-თვისება, რომელთაც მაგიური და საკრალური ქმედებების შუქ-ჩრდილი ახლავს და ამ მხრივ საკმაოდ საინტერესო შესწავლის საგანია. ქართული სუფრის ადათ-წესთა გაშუქება-წარმოჩენას ნაშრომი არ ითვალისწინებს, ჩვენ მათ მხოლოდ ღვინოსთან დამოკიდებულებაში შევეხეთ. ერთს კი აღვნიშნავთ, რომ სუფრა სპარსული წარმომავლობის სიტყვაა და ქართულად მას ტაბლა (ნადიმი) ჰქვია.

შედარებით გვიანდელი წარმოშობის სიტყვაა „თამადა“ (ქართული პურობის, სუფრის გამძღოლი /ქ.ს.ე./), რომელიც სულხან-საბასა და ნიკო ჩუბინაშვილის ლექსიკონებში არ არის მოხსენიებული. ის პირველად გვხვდება დავით ჩუბინაშვილის 1887 წელს გამოცემულ ქართულ-რუსულ ლექსიკონში, სადაც „თამადობა“ განმარტებულია, როგორც „თუმაჯობა“, „თუმაჩინობა“, „უფროსობა“ ან „თავობა“ (მაგ. ღვინის სმაში). ზემო სვანეთში „თამადა“, „თამათა“ ერქვა თიბვის მესვეურს, წინამძღოლს, რომელიც მუშაობისას სიმღერას იწყებდა. 1878 წლის ჟურნალ „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძეს აღწერილი აქვს მეფე ერეკლე II-ს კარის სახელგანთქმული „ტოლუმბაშის“, თამაზა ჩარექაშვილისეული მონათხრობი: „სუფრის თამადას პირველს უნდა გამოეცალა აზარფეშა და დაეგემოვნებინა საჭმელი, რომ სხვასაც მადა მისცემოდა“. აქედან წარმომდგარა სიტყვა „თავი მადა“, ანუ „თამადა“. ამ სიტყვის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ ფაქტი ერთია, „თამადა“ წმინდა ქართული წარმოშობის სიტყვაა, არ გვხვდება მუსულმანურ ენებში და უთარგმნელადაა შესული მეზობელი ქვეყნების ენებში. დასავლეთ საქართველოში „თამადას“ ხშირად თურქული წარმოშობის სიტყვა „ტოლუმბაში“ (ტოპლუმ ბასი) ანაცვლებს, რაც თავყრილობის მეთაურს, შეკრების უფროსს /თავს/ ნიშნავს. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით „ტოლუმბაში“ ამხანაგების თავს ნიშნავს.

თამადობის ინსტიტუტი საქართველოში ძველთაძველი და ტრადიციულია. „თამადობის“ აღმნიშვნელი ძველი ტერმინია ტაბლის (სუფრის) უფალი, უძველესი „ნადიმსა შინა წინამძღვარი“ (სიბრძნე ზირაქისა 32).

და ბოლოს, ზოგადი პასუხი სათაურისეულ კითხვაზე: რა არის ვაზი და ღვინო? რახან საქართველოს ისტორია ვენახოვნიდან იწყება, ქართველისთვის ვაზი ნაჭირნახულევი გზაა ადამიდან წმ. ღვთისმშობლამდე, მიწიერი და სიმბოლური ვენახის გამთლიანებამდე. ღვინო ამ გზაზე მოარულთათვის ჭირის დამალხინებელი, უფალთან მაზიარებელი, სულის გამსხივოსნებელი, ღმერთმყოფელი სითხეა.

ძველ აღმოსავლურ და ბერძნულ სამყაროში რიცხვი სიტყვად და სიტყვა რიცხვად მიაჩნდათ, პითაგორელთა მოძღვრებით კი: „რიცხვში არის ჭეშმარიტი რაობა; რიცხვში ცხადდება არსის საიდუმლო“. უნდა დავუჯეროთ ამ ფუნდამენტურ ნააზრევს და ზემოთქმული ზოგადი პასუხის დაკონკრეტება-სრულყოფის მიზნით ვაზისა და ღვინის რაობა ახლა რიცხვისმიერად ავსახოთ:

ვ  ა ზ  ი    დ ა    ღ  ვ  ი   ნ   ო
6 1 7 10   4 1  700 6 10 50 70 = 865

ვაზისა და ღვინის რიცხვითი ასოთსათვალავის ჯამმა შეადგინა რიცხვი 865. ამ რიცხვის „გამოცხადებული არსის საიდუმლო“ კი განსაცვიფრებელია და უფრო მეტად სასიხარულო:

ვ ა ზ ი   და   ღ ვ ი ნ ო        ღ  მ  ე   რ  თ  ი  ა
                              =865       700 40 5 100 9 10 1 = 865
                                     865 = 865

ეს ღმერთმყოფელი განმარტებითი ტოლობა ჭეშმარიტებად რომ აღვიქვათ და დამაჯერებლობა შევძინოთ, ახლა შევადგინოთ იგივე სიტყვათა რიგითი ასოთსათვალავის ჯამი:

ვ ა ზ  ი    დ ა   ღ ვ ი ნ  ო
6 1 7 10   4 1   25 6 10 14 16 = 100

ამ შემთხვევაშიც რიგით და რიცხვით ასოთსათვალავთა ჯამებს (100 და 865) რაოდენობრივი სხვაობის მიუხედავად ერთიდაიგივე შინაარსობრივი დატვირთვა აქვთ, რაც გამოიწვია უზენაესთან გაიგივებული სიტყვის ჩანაცვლებამ:

ვ ა ზ ი   და   ღ ვ ი ნ ო      ქ   რ   ი   ს   ტ  ე  ა
                                = 100     24 19 10 20 21 5 1 = 100
                                   100 = 100

როგორც ვხედავთ, ვაზისა და ღვინის რიცხვითმა და რიგითმა ასოთსათვალავთა ჯამმა შინაარსობრივად გაიგივებული ტოლობა მოგვცა, ერთი განსხვავებით: რიგით ასოთსათვალავმა დააკონკრეტა, რომ ვაზი და ღვინო სიმბოლურად ქრისტე ანუ ძე ღმერთია.

რადგან ჯვრად გამოსახული ვაზის ორი ტოტი და „ღვთის სისხლთან“ გაიგივებული წითელი ღვინო ქართველთა უდიდესი სიწმინდეებია, ამიტომ ვაზის და ღვინის ფენომენთა გამთლიანება და მაცხოვრის სიმბოლურ სახედ გარდასახვა, ალბათ, ლოგიკურ კანონზომიერებად უნდა აღვიქვათ.

ვითავსებთ რა დიდ პასუხისმგებლობას განმარტებით ტოლობებში აღნიშნული უზენაესი ღირებულებების მიმართ, მოსალოდნელი „შემთხვევითი“ თუ „დამთხვევითი“ ვერსიებისგან იგნორირების მიზნით გთავაზობთ ტოლობის შემადგენელი სიტყვების განმარტებით ინტერპრეტაციებს ბიბლიური და საღვთისმეტყველო წყაროებიდან:

„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მევენახე“ (იოან. 15.1).
„ჩემი ხორცი ნამდვილი საჭმელია და ჩემი სისხლი ნამდვილი სასმელი“ (იოან. 5.55).
„სულიერი წყლულების მკურნავად სულიწმინდის გრძნობილთ ეგულებოდათ სულიერი ღვინო, ზეციური ღვინო“ (ღმერთი). სიმონ ღვთისმეტყველი. (გ. ბასილაძე, „ფეხითმოსიარულე“,III ნაწ., თბ., 2010, გვ. 5.).
„გიხაროდენ სულისა წმინდისა მიერ დაწიდნულო და მაცხოვრისა, ვითარცა მტევნისა სავსისა ნაყოფად გამომღებელო“ (აკატისთო, ღვთის სასწაულმომქმედი ხატისა „შენ ხარ ვენახი“).

ვფიქრობთ, სათაურისეულ შეკითხვას ჭეშმარიტი, ყოვლისმომცველი და სასურველი (მეტადრე ქართველისთვის) პასუხი გაეცა. პასუხი დამაფიქრებელია და აღმატებულ გარჯა-რუდუნებას გვაკისრებს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მესვეურთ, რიგით მეურნესა თუ საზოგადოდ ქართველს, რადგან ამ დარგების მეოხებით ღვთიური შემოქმედების მსახურად მოვიაზრებით.

თამაზ კობაიძე,

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკის სპეციალისტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი,

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ № (30)