ბლოგიმე და ჩემი სოფელი

დედამოკა

ბავშვობისას საბანაოდ რომ მივდიოდით, ბებიაც მოგვყვებოდა – პატარებს  არაფერი დაუშავდეთო. მდინარეს რომ მივუახლოვდებოდით,  ნახე, ჩვენი ტეხურა როგორ მიხარხაცებსო (მიკისკისებსო), მეტყოდა მეგრულად. მეც არერთხელ მიმიყურადებია, განსაკუთრებით – ღამღამობით. როცა სოფელში ჩქამიც კი მიწყდებოდა, აივნის კუთხეში მიდგმულ გრძელ ტახტზე წამოვწვებოდი და სულგანაბული ვუსმენდი მდინარის კარკაცს – მოწიფული გოგონები ჭორაობენ და სიცილით იგუდებიანო, გეგონებოდათ. და ეს ტკრციალი არასდროს ჰგავდა ერთიმეორეს.

შარშან ზაფხულს ციხეგოჯად მონათლული სამეგრელოს ძველი დედაქალაქის (ბერძნები არქეოპოლისს რომ ეძახდნენ) სამზღუდე და ქუჯის ციხე მოვინახულე, მიკოტახილით გზა  გავიკვლიე ხეობისაკენ. მდინარის იმ ნაპირას ჩავიმუხლე, სად „წყალნი, მთით დაქანებულნი“, გასავაკებლად მიიჩქარიან.

საოცარი სანახავია ქვიდან ქვებზე  მოხტუნავე ტეხურა: ზოგან ტალღებს დააჯახებს ლოდებს, მხედარივით ზედ გადააფრინდება და ალმასებად დაშლილი ჩხრიალით ეშვება მორევში, ზარივით ხმა აქვს,  – გეგონება, პირველი შემოსძახაო. სხვა ტალღები გვერდს უვლიან „ბებერ ლოდებს“, თვალს ავლებენ უკან მავალთ, ხმას უწყობენ ჩქერებს. ტეხურას გაბმული ბუბუნიც გხიბლავს, როს ლოდებს მდორედ გადაუვლის და ჭაღარა ქოჩორს გადაუვარცხნის. ასე სამ ხმაში, როგორც სამება, ჰანგად იღვრება ტეხურა მთებში და კალმახები ჰყავს მსმენელებად.

მერე ივაკებს, ციცაბო კლდეთა არტახებში ვნებას იოკებს და მიიზლაზნება. დედამოკასთან ნაბიჯს უჩქარებს, როგორმე მთებს რომ დაუძვრეს და ლაღად გაშალოს ფრთები…

დედამოკა – მწვანეში ჩაფლული საუფლო. აქ მდინარის ნაპირები ისე ახლოსაა ერთმანეთთან, ლამის გადახტომა მოგინდეს. მის შესახებ ლამაზი ლეგენდა შემოგვინახეს წინაპრებმა: უხსოვარ დროში, როცა საქართველო მტრის უღელქვეშ გმინავდა, მდინარის შორიახლო  ქოხში რძალ-დედამთილს უცხოვრია. მათი ქმრები ბრძოლაში დაღუპულან. მისუსტებულ დედაბერს სიარული არ შესძლებია. არ დაუშლია და მოკათუ (ორსული) რძალი წასულა მდინარეზე წყლის მოსატანად. შინისკენ მიმავალი აბჯროსან მტერს შეფეთებია. კოკა ხელიდან გაუგდია და უმალ მდინარისკენ გაბრუნებულა. ქარაფის პირას უფლისთვის შველა უთხოვია. ის იყო, კაცს ხელი უნდა ეტაცა, რომ  ნაპირები დაახლოებია ერთმანეთს და მოკათუც წამიერად გადავლებია მდინარეს. მდევარს თავი ვერ შეუკავებია და უფსკრულში გადაჩეხილი ტეხურას ტალღებს გაუტაცია. ხეობა ქალის კივილისა და ჩვილის ტირილის ხმას შეუძრავს…

ამ ადგილისთვის დედამოკა შეურქმევიათ.

ვდგავარ მონუსხული და  ბუნების საოცრებით ვტკბები. „სხვა საქართველო სად არი“…

ჩამავალი მზის სხივები ხის კენწეროებს ეფერებიან. ბინდი მოიპარება ხეობაში.

დღე იღვენთება სანთელივით დედამოკასთან.

ვაჟა დანელია