დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ძირითადი საკვები ელემენტების გავლენა ვაზის ყვავილობაზე

კვლევა განხორციელდა შიდა ქართლის, თბილისის ზონის პირობებში ერთ-ერთი წამყვანი სტანდარტული ვაზის ჯიშის, „ჩინურის“ ახალგაზრდა ნარგავების მინერალური კვების რეჟიმის დასადგენად.

სამეურნეო დანიშნულების მიხედვით, ჩინურის პროდუქცია გათვალისწინებულია სუფრის თეთრი და ცქრიალა ხარისხინი ღვინოების დასამზადებლად. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ეკოლოგიურ პირობებში იცვლება მისი მოსავლიანობა და ხარისხი. ასევე განსხვავებული აგროტექნიკის ფონზე იცვლება მისი სამეურნეო და ტექნოლოგიური მაჩვენებლები.

კვლევის ძირითადი მიზანი იყო შეგვესწავლა და დაგვედგინა ძირითადი საკვები ელემენტების ოპტიმალური დოზები და თანაფარდობა, ახალგაზრდა ნარგაობისათვის განგვესაზღვრა მინერალური სასუქების ეფექტიანობა და მის ფონზე მცენარის პროდუქტულობის პარამეტრები დაგვედგინა

ვაზის პროდუქტიულობის დონის ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელი მისი ნორმალური დაყვავილებაა, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია როგორც ჯიშის გენეტიკურ თვისებებსა და გარემო ფაქტორებზე, ისე ვაზის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიის დაცვაზე. ამ ტექნოლოგიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალური კვების ისეთი ოპტიმალური შერჩევაა, რაც ყვავილების ჩამოყალიბებისა და ყვავილობის პროცესის ნორმალურად წარმართვას უზრუნველყოფს.

ეს პროცესი მეტად რთული და საპასუხისმგებლოა, რადგან ვაზი სქესობრივი აგებულების მიხედვით, როგორც მ. რამიშვილი (1968) აღნიშნავს, ოთხი სახის (ორსქესიანი ანუ ჰერმაფროდიტული, ფუნქციონალურად მდედრობითი, ფუნქციონალურად მამრობითი, წმინდა მდედრობითი) ყვავილს ივითარებს. მათგან ყველაზე სრულფასოვანი ჰერმაფროდიტული ყვავილებია, რადგან მათში ორივე სქესი ნორმალურადაა განვითარებული და დამტვერვა-განაყოფიერების პროცესიც ბუნებრივად, ნორმალურად მიმდინარეობს.

როგორც ზემოთ ითქვა, ვაზის ნორმალური დაყვავილება მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროცესია. ამ პროცესის სირთულეს ისიც ამძაფრებს, რომ, არცთუ იშვიათად, ნორმალურად განვითარებული ორსქესიანი ყვავილებიც კი, არასრულყოფილად დაყვავილების შემთხვევაში, ინტენსიურად ცვივა, რაც ვაზის საერთო პროდუქტიულობის დაქვეითებისა და ყურძნის მოსავლიანობის შემცირების მიზეზი ხდება. აქედან გამომდინარე, ვაზის დაყვავილების სწორად წარმართვა ყურძნის მოსავლის მიღების უტყუარი მაჩვენებელია.

როგორც ვთქვით, შევისწავლეთ ყვავილცვენის ინტენსივობაზე ძირითადი საკვები ელემენტების დოზებისა და თანაფარდობის გავლენა. კვლევის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ვინაიდან განოყიერების ათი სხვადასხვა ფონიდან ყვავილცვენა ათივეში თვალსაჩინოდ შემცირდა, შესაბამისად გაიზარდა მარცვლის გამონასკვა.

ყვავილობა და გამონასკვა

ოგორც ცხრილიდან ჩანს, საკონტროლო ანუ გაუნოყიერებელ ვარიანტში გამონასკვის პროცენტი 31,5%-ს არ აღემატება, ხოლო განოყიერებულ ვარიანტში ამ მაჩვენებელმა 43-55 % შეადგინა. როგორც ვხედავთ, ეფექტი საკმაოდ მაღალია, რაც კვლევის შედეგს უფრო საინტერესოს ხდის. ეფექტიანობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე ვარიანტებშია. ასე მაგალითად, მეხუთე ვარიანტში, სადაც ჰექტარზე გადაანგარიშებით 140 კგ. აზოტი, 120 კგ. ფოსფორი და 100 კგ. კალიუმი შეგვქონდა, განვითარებული ყვავილების საერთო რაოდენობიდან 53% გამოინასკვა, რამაც საკონტროლოს 21,5-ით გადააჭარბა. ეფექტიანობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მეექვსე ვარიანტშია, სადაც ჰა-ზე შეტანილი საკვები ელემენტების თანაფარდობა: აზოტის — 160 კგ-ს, ფოსფორის — 120 კგ-ს და კალიუმის 100კგ-ს შეადგენდა. განხილულ მეექვსე ვარიანტში განვითარებული ყვავილედების 55% გამოინასკვა, რაც, როგორც ითქვა, განოყიერების ათი სხვადასხვა ფონიდან ყველაზე მაღალია და საკონტროლოს 23,5-ით აღემატება.

მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე ვარიანტებში, წინა სამ ვარიანტთან შედარებით, საკვები ელემენტების შეფარდებაში მხოლოდ აზოტის დოზაა 20 კგ.-ით გაზრდილი და ფოსფორისა და კალიუმის დოზების თანაფარდობაში ადგილმონაცვლეობით ხორციელდება. ზემოთ დასახელებულ ვარიანტებში ყვავილების მთლიანი რაოდენობიდან შესაბამისად 49,5:50,0 და 48,5% გამოინასკვა, რითაც საკონტროლოს 18,0:18,5 და 17,0 % გადააჭარბა.

როგორც ვხედავთ, ეფექტიანობის მაჩვენებელი არა მარტო საკონტროლო, არამედ მეორე, მესამე და მეოთხე ვარიანტებთან შედარებით, რომლებშიდაც სასუქები შედარებით დაბალი დოზებით შეგვქონდა, საკმაოდ მაღალია.

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის შედეგების ჯამური ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქართლის მევენახეობის თბილისის ზონის დაბალნაყოფიერ ალუვიურ — კარბონატულ ნიადაგზე ვაზის ჯიშ ჩინურით გაშენებულ მსხმოიარე ვენახში 160 კგ. აზოტის, 120კგ. — ფოსფორის და 100 კგ. — კალიუმის შეტანით მნიშვნელოვნად უმჯობესდება ფოთლის პროდუქტიულობა, ვაზის ფოტოსინთეზური აქტივობა და სხვა ფიზიოლოგიური პროცესები. ზემოთ ნაჩვენები მინერალური სასუქების დოზების შეტანით მნიშვნელოვნად გაიზარდა კვირტისა და რქის პროდუქტიულობა, შემცირდა ყვავილცვენა და თვალსაჩინოდ ამაღლდა მარცვლის გამონასკვის ხარისხი.

 

ნაირა კენჭიაშვილი,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, აკადემიური დოქტორი;

თამარ ჯოლოხავა,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი