ეკონომიკის ცოდნის მცირე საგანძური (ფერმერებისთვის)

ეკონომიკური ცოდნის მცირე საგანძურში, რომელიც ფერმერებისთვის მომზადდა, მოკლე, ლაკონური განმარტებების სახით ასახულია ეკონომიკური ცოდნის ძირითადი პრინციპები, პოზიციები, მოთხოვნები, მოტივაციები, დაკავშირებები, ახლებური მიმართულებები, მომავლის ხედვა.
მოკლედ არის გადმოცემული აგრეთვე ბიზნესისა და მისი შემადგენელი ელემენტების_მარკეტინგისა და მენეჯმენტის განმარტებები და სხვა, ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები
ეკონომიკა და მისი აშესწავლის საგანი

სიტყვა „ეკონომიკა“ ბერძნული წარმოშობისაა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლას ნიშნავს. თანამედროვე გაგებითა და შინაარსით ეკონომიკა მრა-ვლისმომცველი და მრავალწახნაგოვანი, თითქმის უნივერსალური ტიპისა და ხასიათის მეცნიერებაა, ამიტომაც უწოდა მას ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ სამუელსონმა მეცნიერებათა მეფე.
როგორც XIX საუკუნის დიდი ეკონომისტი ალფრედ მარშალი წერდა: „ეკონომიკა არის მეცნიერება ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ“.
ლაკონური გაგებით ეკონომიკა, როგორც მეცნიერება, სწავლობს ადამიანების მიერ, თავიანთ განკარგულებაში არსებული რესურსების გამოყენებას, მათივე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

ეკონომიკა წარმოებისა და მოხმარების ერთიანობაა. ამის შესაბამისად, ეკონომიკურ თეორიას გააჩნია შემდეგი ფუნქციები: შემეცნებითი, მეთოდოლოგიური, საპროგნოზო და პრაქტიკული (გამოყენებითი).

რესურსები (წარმოების ფაქტორები)

ეკონომიკურ რესურსებში შედის ბუნებრივი, შრომითი, მატერიალური და ფინანსური რესურსები.

ბუნებრივი რესურსებია: მიწა (ნიადაგი), კლიმატი, წყლის რესურსები, ტყის რესურსები, ფლორა, ფაუნა, მინერალური (წიაღისეული) რესურსები;
შრომითი რესურსებია: ადამიანის მიერ გაწეული შრომა და საქმიანობა, რომლითაც იგი ზემოქმედებს ბუნებრივ რესურსებზე;

მატერიალური და ფინანსური რესურსებია: ადამიანის შრომით შექმნილი რესურსები (პროდუქცია) – მანქანა-იარაღები; სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სხვა პროდუქცია; ტექნიკისა და ტექნოლოგიის მიღწევები, ინტელექტუალური და ინფორმაციული პროდუქცია და სხვა, აგრეთვე ფინანსური (ფულადი) რესურსები.

ამ რესურსებს კაპიტალსაც უწოდებენ.

ამრიგად, ეკონომიკური გაგებით, წარმოების ძირითადი ფაქტორებია (საშუალებებია): მიწა (მიწის ცნება ეკონომიკაში მოიცავს ყველა ბუნებრივ რესურსს), კაპიტალი (მატერიალური რესურსები) და შრომა (შრომის რესურსები).

შრომა პროდუქციის წარმოებისათვის ადამიანის მიზანმიმართული ძალისხმევაა. იგი წარმოების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. შრომა გულისხმობს ადამიანის შრომის უნარის (სამუშაო ძალის) ხარჯვას პროდუქტის (საქონლის) შექმნის პროცესში. სამუშაო ძალა ადამიანის ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების ერთიანობაა.
კაპიტალი იყოფა ძირითად და საბრუნავ კაპიტალად.

ძირითადი-მოიცავს ხანგრძლივი სარგებლობის მატერიალურ დოვლათს, რომელიც წარმოებაში მონაწილეობს მრავალი წლის (ციკლის) განმავლობაში (მიწა, შენობა-ნაგებობები, მანქანები, მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვ.).

საბრუნავი კაპიტალი არის ის კაპიტალი, რომელიც მთლიანად იხარჯება წარმოების ყოველი ციკლის განმავლობაში (ნედლეული, სათბობი, თესლი, მასალები და სხვ.).
ძირითადი კაპიტალი, როგორც წესი საჭიროებს შეცვლას, მისი ფიზიკური და მორალური ცვეთის გამო.

საწარმოს დანახარჯებში გათვალისწინებულია წლის განმავლობაში გაცვეთილი ძირითადი კაპიტალის ნაწილი, ყოველწლიური საამორტიზაციო ან სარეალიზაციოდ).
თანამედროვე გაგებით „პროდუქტში“ იგულისხმება საქონელი.

საქონელწარმოების წარმოშობისა და არსებობის აუცილებელი და ზოგადი პირობაა შრომის საზოგადოებრივი დანაწილება.
საქონელწარმოების განუხრელი თანამგზავრია ბაზრის არსებობა.

პროდუქტი, რომელიც არ იცვლება, ე.ი. არ გამოიყენება, ის საქონელს არ წარმოადგენს.

საქონელწარმოება შეიძლება იყოს მარტივი (ემყარება პირად შრომას) და კაპიტალისტური (ემყარება სხვის, დაქირავებულთა შრომას).

იმის გამო, რომ საქონლურ ფორმას იძენს არა მხოლოდ ადამიანთა მიერ წარმოებული დოვლათი (პროდუქტი), არამედ თვით მწარმოებლის შრომისუნარისამუშაო ძალა, საქონელწარმოება იძენს საყოველთაო ხასიათს.

აღსანიშნავია, რომ საქონლად განიხილება თვით მომსახურებაც.

ყოველ საქონელს აქვს სახმარი (ამაში ვლინდება მისი სარგებლიანობა, გამოსადეგობა) და საცვლელი (რის საშუალებითაც იყენება) ღირებულება, რაშიც ვლინდება მასში განხორციელებული შრომის ორადი ხასიათი.

ეკონომიკის მეცნიერება პასუხს სცემს ოთხ მთავარ კითხვას:

1. რა სახისა და მოცულობის საქონელი ვაწარმოოთ, რა ფორმისა და მასშტაბით მომსახურება შევარჩიოთ?

2. როგორ ვაწარმოოთ საქონელი და როგორ ავაგოთ მომსახურება?

3. ვისთვის ვაწარმოოთ საქონელი და ვისთვის, ან რისთვის გავწიოთ მომსახურება?

4. რის საფუძველზე, როგორ და რა მექანიზმით გავანაწილოთ წარმოებული საქონელი და გაწეული მომსახურება?

მიჩნეულია, რომ ეკონომიკურ ეპოქებს განასხვავებენ არა იმდენად იმით, თუ რა იწარმოება, არამედ იმით, თუ რით, წარმოების რანაირი იარაღებით იწარმოება.

ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა ის, რომ რესურსების შეზღუდულობის პირობებში მაინც მუდმივად იზრდება ადამიანთა მოთხოვნილება მათზე, ამასთან, მათ, მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის კვალობაზე უჩნდებათ ახალი მოთხოვნილებანი და სურვილები, რაც უსასრულო პროცესს წარმოადგენს.

იმის გამო, რომ ამ ტენდენციას სტაბილური და მდგრადი ხასიათი აქვს, იგი ეკონომიკურ მეცნიერებაში გამოიკვეთა როგორც კანონი და ფორმულირდება მოთხოვნილების განუხრელი ზრდის ეკონომიკურ კანონად.

საქონლის მარკეტინგში მისი მთავარი შემადგენელი ელემენტებია: სამომხმარებლო ღირებულება (ანუ სახმარი)–ეს არის წარმოებული საქონლის (პროდუქციის) უნარი–დააკმაყოფილოს მომხმარებლის (მყიდველის) კონკრეტული მოთხოვნა; მისი ბაზარზე გასაყიდად წარდგენა და პროდუქციაზე მოთხოვნის არსებობა.

საქონელი ორიენტირებული უნდა იყოს კონკრეტულ მიზნობრივ ჯგუფზე, ბაზრის სეგმენტზე, კლიენტთა მოთხოვნის დაკ-მაყოფილებაზე.

ამრიგად, საქონლის განსაზღვრა უკავშირდება სამ ძირითად ელემენტს:

1. სარგებლიანობას;
2. ბაზარზე შექმნილ იმიჯს;
3. მისაღებ ფასს (რომელიც მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის დონეს შეესაბამება).

საქონლისადმი წაყენებული ძირითადი მოთხოვნებია:

• უცვლელი ხარისხი;
• უცვლელი ფასი;
• ყიდვის საყოველთაო შესაძლებლობა;
• წინასწარი მოლაპარაკების შესაძლებლობა (რეკლამისა და ინფორმაციის საშუალებით);
• შესრულების მრავალფეროვანი ვარიანტები (ფერი, შეფუთვა, აქსესუარები, დიზაინი).

საქონელთან დაკავშირებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა მისი პოტენციური მყიდველის წინასწარ გამოვლენილ მიზნობრივ ჯგუფზე მკაფიო ორიენტაციის აუცილებლობა.

მიღებულია საქონლის შემდეგი კლასიფიკაცია:
• ხანმოკლე ან ერთჯერადი მოხმარების;
• ხანგრძლივი მოხმარების;
• მომსახურება.

მომსახურების ხასიათის გათვალისწინებით საქონელი იყოფა ორ დიდ ჯგუფად–სამომხმარებლო (ყოველდღიური მოთხოვნილების (სარეცხი საშუალებები, ჩაი და ა.შ.), მუდმივი მოთხოვნის (პური, მარილი და ა.შ.), იმპულსური მოთხოვნის (გამოფენილია ხალხმრავალ ადგილებში); სასწრაფო შეძენის (კინოზე დასასწრები ბილეთი, წამალი); წინასწარი შერჩევის (ავეჯი, ავტომანქანა), განსაკუთრებული მოთხოვნის (ფუფუნების საგნები), პასიური მოთხოვნის (ახალი, უცნობი საქონელი, დაზღვევა) და საწარმოო დანიშნულების (წარმოების საგნები, ძირითადი და დამხმარე მოწყობილობები, დამხმარე მასალები და მომსახურება) საქონლად.

ცნობილია, რომ საქონელი თავის სასიცოცხლო ციკლში გადის რამდენიმე სტადიას:
• ბაზარზე გასვლის ანუ დანერგვის სტადია;
• ზრდის სტადია;
• სიმწიფის სტადია;
• დაქვეითება-დაცემის სტადია.

დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის თვისებებს (რომლითაც სამომხმარებლო მოთხოვნებს აკმაყოფილებენ). ეს თვისებებია: ხარისხი, დიზაინი, წონა, ზომა, ფასი, საიმედოობა, მარკა, საფირმო სტილი, შეფუთვა და მარკირება, ფართო ასორტიმენტი და სხვ.

ეს თვისებები ყიდვის გადაწყვეტილებაზე უშუალოდ ზემოქმედებენ.

შრომა

მატერიალური რესურსების წარმოებას ანუ როგორც ეკონომიკაში იხმა-რება მატერიალურ წარმოებას ადამიანის შრომა სჭირდება. შრომა ეკონო-მიკის ერთ-ერთი ძირითადი კატეგორია და ელემენტია. სწორედ ამაში დევს ადამიანის არსის საიდუმლო.

შრომა ადამიანის მიზანშეწონილი და მიზანმიმართული საქმიანობაა (ფუნქციაა), რომლითაც იგი სახეს უცვლის ბუნების საგნებს, თავისივე მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სხვაგვარად:

შრომა, წარმოების პროცესში ადამიანის მიერ ფიზიკური და გონებრივი პოტენციალის ხარჯვაა;

შრომა უკავშირდება შრომის საგნებს და შრომის საშუალებებს;

შრომის საგანია ის, რაზეც ზემოქმედებს ადამიანი და სახეს უცვლის მას, თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად;

შრომის საშუალებებია ის, რითაც ზემოქმედებს ადამიანი შრომის საგნებზე;

შრომის საგნები და შრომის საშუალებები წარმოადგენს წარმოების საშუალებებს;

წარმოების საშუალებები და სამუშაო ძალა (ადამიანის უნარი) წარმოადგენს საწარმოო ძალებს;

საწარმოო ძალების განვითარების ფორმად მიჩნეულია წარმოებითი ურთიერთობანი (ანუ ადამიანთა ურთიერთობანი).

წარმოებით ურთიერთობათა სისტემა შემდეგნაირად შეიძლება წარმოვიდგინოთ: საკუთრივ წარმოების წარმოებითი ურთიერთობანი, განაწილებითი ურთიერთობანი, გაცვლითი ურთიერთობანი და მოხმარებითი ურთიერთობანი.

შემოსავლის წყაროები

წარმოების ძირითადი ფაქტორები შესაბამისად შემოსავლის წყაროებია, მიწა-რენტის, შრომა-ხელფასის, კაპიტალი-მოგების. ამას ფაქტორული შემოსავლები ეწოდება.
რენტა არის მიწის, როგორც წარმოების ძირითადი საშუალების (ფაქტორის) შემოსავალი. იგი არის მიწის სარგებლობისათვის გადახდილი საზღაური, რომელსაც მისი მესაკუთრე იღებს.

ხელფასი არის შრომის, როგორც წარმოების ფაქტორის შემოსავალი. შრომაზე, როგორც წარმოების უმნიშვნელოვანეს რესურსზე, წარმოების დანახარჯების დიდი ნაწილი მოდის. შესაბამისად ხელფასი წარმოადგენს შრომის ფასს და იგი საბაზრო ფასის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის სიდიდეც განისაზღვრება მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო მექანიზმით.

მოგება არის კაპიტალის, როგორც წარმოების ფაქტორის შემოსავალი. შრომის ფაქტორის მფლობელის მსგავსად (რომელიც შემოსავალს ხელფასის სახით იღებს) კაპიტალის მფლობელიც თავის შემოსავალს მოგების სახით იღებს.

ომარ ქეშელაშვილი,

სსმმა აკადემიკოსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *