დარგებიმეფუტკრეობა

ევროკავშირის თაფლის ბაზრის მიმოხილვა

ევოკავშირის თაფლის ბაზარი უმსხვილესია და მოსალოდნელია, რომ თაფლის მოხმარების დონე კვლავ მაღალი იქნება. ევროკავშირის ბაზარი ბევრ შესაძლებლობებს სთავაზობს ექსპორტიორ კომპანიებს განვითარებადი ქვეყნებიდან. ევროკავშირის ბაზარზე წარმატებისთვის საქართველოს მეფუქტკრეობის დარგმა უნდა უზრუნველყოს თაფლის გარკვეული მოცულობის სტაბილური მიწოდება, შეამციროს ფასები და ხარჯები მიწოდების ჯაჭვში, რომ უზრუნველყოს კონკურენტული ფასები ახალ ბაზარზე, მოახდინოს კლიენტების ბაზის დივერსიფიკაცია, რომ არ იყოს დამოკიდებული მცირე რაოდენობის მყიდველებზე ან მხოლოდ ერთ ბაზარზე, და მზად იყოს მძაფრი კონკურენციისთვის არაოფიციალური ბაზრების და უკრაინიდან თაფლის მიმწოდებლების მხრიდან. პროგნოზის მიხედვით ევროკავშირში მომავალ ხუთ წელიწადში თაფლის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება ევროპაში თაფლის წარმოების შემდგომი შემცირების საკომპენსაციოდ.
წარმოება

ევროკავშირი თაფლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში, მაგრამ ევროკავშირი არ არის თვითკმარი და დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან თაფლის იმპორტზე. იმპორტირებული თაფლი ევროკავშირის თაფლზე მოთხოვნის 40%-ს აკმაყოფილებს. 2011-2015 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპაში თაფლის იმპორტი და 2015 წელს 339 000 ტონაზე მეტი შეადგინა. ბოლო რამდენიმე წელიწადში ევროპაში თაფლის წლიური წარმოება შეადგენდა 234,000 ტონას.

2009-2013 წლებში ევროპაში თაფლის წარმოება მერყეობდა, რის შედეგადაც 2013 წელს წარმოებული თაფლის მოცულობა თითქმის გაუტოლდა 2009 წლის წარმოების მოცულობას, და შეადგინა 209 000 ტონა. 2011-2013 წლებში ევროპაში თაფლის წარმოების შემცირება ძირითადად განპირობებული იყო გერმანიაში და ესპანეთში წარმოების შემცირებით. ასევე პრობლემები შეიქმნა თაფლის მწარმოებელ სხვა ქვეყნებში, როგორიციაა რუმინეთი, უნგრეთი და პოლონეთი. ევროპაში თაფლის წარმოების კლების ძირითადი მიზეზია ფუტკრების ოჯახების რაოდენობის შემცირება, რაც ფუტკრების დაავადებების და სოფლის მეურნეობაში ფუტკრებისთვის მომაკვდინებელი ქიმიკატების ინტენსიური გამოყენების შედეგია.

2013 წლიდან ფუტკრების ოჯახების რაოდენობა სტაბილური გახდა. თუმცა სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის და პესტიციდების გამოყენების გაგრძელების გამო ფუტკრების ოჯახების შემცირება კვლავ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

 იმპორტი

ევროპაში თაფლის იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია ევროპის მეფუქტკრეობის დარგის შემცირებით, ასევე სხვადასხვა პრობლემებით, მაგალითად გვალვებით. თაფლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი არის არის გერმანია. 2015 წელს მისი წილი ევროპაში თაფლის იმპორტში 26% იყო და 88 000 ტონას შეადგენდა. სხვა მსხვილი იმპორტიორებიდან გაერთიანებული სამეფოს წილი თაფლის მთლიანი იმპორტის 12%-ს შეადგენდა, საფრანგეთის წილი – 10%-ს, ბელგიის – 10%-ს და ესპანეთის – 9%-ს. ამ ქვეყნებში თაფლის იმპორტიორები ახდენენ თაფლის გადამუშავებას და ჰყიდიან მას შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე. მომავალ ხუთ წელიწადში თაფლის იმპორტი კიდევ უფრო გაიზრდება ევროპაში თაფლის წარმოების შემცირების საკომპენსაციოდ. 2010-2015 წლებში თაფლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე იზრდებოდა: მექსიკური და არგენტინული თაფლის FOB (ფრანკო-ბორტი) ფასმა ერთი ტონისთვის 3,400 აშშ დოლარს და ზოგიერთ შემთხვევაში 4 000 აშშ დოლარს მიაღწია. შედეგად, ევროპაში იმპორტის ღირებულება 11%-ით გაიზარდა.

თაფლის ორ მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, გერმანიაში და გაერთიანებულ სამეფოში, იმპორტის ღირებულების ზრდამ შესაბამისად შეადგინა 11% და 6%. კიდევ უფრო გაიზარდა იმპორტის ღირებულება უნგრეთში (+88%), ხორვატიაში (+66%) და ბულგარეთში (+44%). 2015 წლის ბოლოდან თაფლზე საერთაშორისო ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა და მექსიკური და არგენტინული თაფლის FOB (ფრანკო-ბორტი) ფასები დაეცა 2500 აშშ დოლარამადე/ტონაზე. ეს ვარდნა განაპირობა რამდენიმე 19 ფაქტორის ერთობლიობამ, როგორიცაა თაფლის ტრადიციული მწარმოებლების მხრიდან მიწოდების ზრდა, კარგი მოსავალი მთელ მსოფლიოში, სათანადო რეზერვების არსებობა, რის შედეგადაც შეიცვალა ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. ფასების შემცირების შედეგად თაფლის მარაგი სამხრეთ ამერიკაში საკმაოდ გაიზარდა, ვინაიდან იმპორტიორებმა შეაჩერეს შესყიდვები ფასების კიდევ უფრო დაწევის და მიწოდების ვარიანტების ზრდის მოლოდინში.

ევროპაში თაფლის იმპორტის მთლიანი მოცულობის 50% გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს და საფრანგეთის ბაზრებზე მოდის. წამყვანი ადგილი გერმანიას უკავია, რომელზედაც თაფლის მთლიანი იმპორტის 26% მოდის. სულ უფრო იზრდება იმპორტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ეს ტენდენცია ძირითადად აიხსნება უკრაინიდან თაფლის ექსპორტის რუსეთიდან ევროკავშირში გადანაცვლებით. ფაქტიურად, რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო 2011-2015 წლებში ევროკავშირმა  უკრაინული თაფლის იმპორტი გააოთხმაგა.

უკრაინასთან სავაჭრო კავშირების განსამტკიცებლად ევროკავშირი ამჟამად უფლებას აძლევს იმპორტიორებს საბაჟო გადასახადის გარეშე შემოიტანონ 5 000 ტონა თაფლი. გეოგრაფიული სიახლოვის გამო უკრაინიდან თაფლის ექსპორტი ხორციელდება პოლონეთში, რუმინეთში და ბულგარეთში. 2011-2015 წლებში თაფლის იმპორტი განვითარებადი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა 199,000 ტონა (466 მილიონი ევრო), რაც ევროპაში იმპორტირებული თაფლის მთლიანი მოცულობის 59%-ს შეადგენს.

ევროპის ბაზარზე თაფლის უმსხვილესი მიმწოდებელი არის ჩინეთი. ჩინეთიდან იმპორტირებული თაფლის მოცულობა 98 000 ტონას შეადგენს, რაც ევროპაში თაფლის მთლიანი იმპორტის 29%-ს წარმოადგენს. ჩინეთიდან თაფლის მიწოდება სტაბილურად და საკმარისი მოცულობით ხორციელდება. ამასთან ერთად, ჩინური თაფლის ფასები დაბალია, ვინაიდან მცირეა დანახარჯები მუშახელზე. ჩინური თაფლის ხარისხთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის (ეს ძირითადად ეხება ნარჩენებს თაფლში) მიუხედავად, ჩინეთი ევროპაში თაფლის უმსხვილეს მიმწოდებლად რჩება. სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან თაფლის მსხვილი მიმწოდებლებია მექსიკა (7%), არგენტინა (3%) და ბრაზილია (2%). აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დრომდე არგენტინას წამყვანი ადგილი ეკავა ევროპაში თაფლის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის. 2010 წლამდე არგენტინა ევროპაში თაფლის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორი იყო, თუმცა კლიმატური პირობების გაუარესების და არგენტინულ თაფლში გენეტიკურად მოდიფიცირებული მცენარეების ყვავილის მტვრის გამო, ევროპაში არგენტინიდან თაფლის მიწოდება შემცირდა.

მოხმარება

 ევროპა თაფლის უმსხვილესი მომხმარებელია და მასზე გლობალური თაფლის მოხმარების 20% მოდის. თაფლის სხვა მსხვილი მომხმარებელი ქვეყნებია ჩინეთი, აშშ და თურქეთი. 2009-2013 წლებში თაფლის მოხმარება სტაბილური რჩებოდა მსოფლიო ბაზარზე ფასების ზრდის მიუხედავად. პირდაპირი მოხმარება მხოლოდ ოდნავ მერყეობდა და 2013 წელს 362,000 ტონა შეადგინა. 2009-2011 წლებში თაფლის მოხმარების ზრდის შემდეგ, 2011-2013 წლებში ევროპაში შემცირდა თაფლის მოხმარება.

ევროპაში თაფლის მთავარ ბაზარს გერმანია წარმოადგენს: ევროპაში თაფლის მოხმარების 23% (დაახლოებით 85 000 ტონა) გერმანიაზე მოდის. თაფლის სხვა მსხვილი მომხმარებლები ევროპაში არიან გაერთიანებული სამეფო (ევროპაში თაფლის მოხმარების 12%), საფრანგეთი (10%), ესპანეთი (8%) და პოლონეთი (7%). პირდაპირი მოხმარების ზრდის მაჩვენებლების მიხედვით, 2009-2013 წლებში თაფლის მოხმარება ყველაზე სწრაფად იზრდებოდა შემდეგ ბაზრებზე: ირლანდია (წლიური +26%), ლატვია (წლიური +22%), რუმინეთი (წლიური +15%), ხორვატია (წლიური +14%), ესტონეთი (წლიური +11%) და მალტა (წლიური +11%).

ევროკავშირის იურიდიულად სავალდებულო მოთხოვნები „მესამე ქვეყნებიდან“ იმპორტის მიმართ

ევროკავშირის სურსათთან დაკავშირებული კანონმდებლობა ეფუძნება მიკვლევადობის, რისკების ანალიზის და პრევენციული ზომების პრინციპებს. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოდან მიწოდებული პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროკავშირის უვნებლობის და ხარისხის მოთხოვნებს. საქართველოში დაავადებების წინააღმდეგ სათანადო ზომების განუხორციელებლობის და სხვა ნეგატიური ზემოქმედების გამო, თაფლში აღინიშნება ანტიბიოტიკების, კერძოდ მეტრონიდაზოლის, ქლორამფენიკოლის და სულფონამიდის, ნარჩენების მაღალი დონე, რომელიც აღემატება ევროკავშირის ნორმებს. ქართული თაფლის ხარისხის კიდევ ერთი პრობლემაა ტენიანობის მაღალი დონე, რომელიც ასევე აღემატება ევროკავშირში დაშვებულ დონეს. საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე მიწოდებული თაფლი უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის შემდეგ მოთხოვნებს:

(ა) ევროკავშირის თაფლთან დაკავშირებული კანონმდებლობა – დირექტივა (EC) 110/2001 (იმ შესწორებების გათვალისწინებით, რომელიც შეტანილი იქნა თაფლის ეტიკეტირების შესახებ 2014/63/EU დირექტივით).

ამ დირექტივაში განსაზღვრულია ევროკავშირის მოთხოვნები თაფლის ხარისხის და ეტიკეტირების მიმართ. თაფლის შემადგენლობასთან დაკავშირებული მოთხოვნები აღწერილია მე-14 ცხრილში.

ცხრილი _ თაფლის შემცველობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

1.1. ფრუქტოზის და გლუკოზის შემცველობა (ორივეს ჯამი)

 —ყვავილის (ნექტრის) თაფლი  _ (არანაკლებ 60 გ/100 გ-ში)

—ცვარტკბილის თაფლი, ცვარტკბილის და ყვავილის (ნექტრის) თაფლის ნარევი (შერეული თაფლი) (არანაკლებ 45 გ/100 გ-ში)

1.2. საქაროზის შემცველობა

 — ყველა სახეობის თაფლში (არაუმეტეს 5გ/100გ-ში)

— მცენარეების – ციტრუსების (Citrus spp.), ცრუაკაციის (Robinia pseudoacacia), ჩვეულებრივი იონჯის (Medicago Sativa), მენზის ბანკსიას (Banksia menziesii), ფრანგული ცხრატყავას (French honeysuckle, Hedysarum), ავსტრალიური ევკალიპტის – წითელი გუმფისის (Eucalyptus camadulensis), ევკრიფიას (Eucryphia lucida, Eucryphia milliganii) ყვავილებიდან მიღებულ თაფლში _ (არაუმეტეს 10 გ/100 გ-ში)

— მცენარეების – ლავანდის (Lavandula spp.), კიტრისუნას (Borago officinalis) ყვავილებიდან მიღებულ თაფლში _ (არაუმეტეს 15 გ/100 გ-ში)

არაუმეტეს 15 გ/100 გ-ში

2. სინესტის მასური წილი

 — ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა მცენარე მანანას თაფლისა _ (არაუმეტეს 20%)

— მცენარე მანანას (Calluna) თაფლისათვის _ (არაუმეტეს 23%)

  — საკონდიტრო თაფლი მცენარე მანანასგან _ (არაუმეტეს 25%)

3. წყალში უხსნადი მყარი ნაწილაკები

— თაფლის ყველა სახეობისათვის, გარდა დაწნეხილი თაფლისა _ (არაუმეტეს 0,1 გ/100 გ-ში)

— დაწნეხილი თაფლისათვის (არაუმეტეს 0,5/100 გ-ში)

4. ელექტროგამტარობა

— თაფლის ყველა სახეობისა და მათი ნარევისათვის, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სახეობებისა _ (არაუმეტეს 0,8 მლს/სმ)

— ცვარტკბილის და წაბლის ყვავილიდან მიღებული თაფლისათვის, ასევე, მათი ნარევისათვის, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა

— გამონაკლისები: თაფლი, რომელიც მიღებულია შემდეგი მცენარეების ყვავილიდან – ხემარწყვა (Arbutus unedo), მოლურჯო მანანა (Erica), ევკალიპტი (Eucalyptus), ცაცხვი (Tilia spp.), ჩვეულებრივი მანანა (Calluna vulgaris), მანუკა ანუ ჩაის ხე (Melaleuca spp.)

5. საერთო მჟავიანობა

— თაფლის ყველა სახეობისთვის _ (არაუმეტეს 50 მილიეკვივალენტი მჟავისა, ყოველ 1000 გრ. თაფლში)

— საკონდიტრო თაფლისთვის _ (არაუმეტეს 80 მილიეკვივალენტი მჟავისა, ყოველ 1000 გრ. თაფლში)

6. დიასტაზური (ამილაზური) აქტივობა და ჰიდროქსილმეთილფურფურალი (ჰმფ), რომლის განსაზღვრა ხდება თაფლის დამუშავებისა და შერევის შემდეგ

 ა) დიასტაზური (ამილოლიზური) აქტივობა (შადეს შკალის მიხედვით):

 — ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა საკონდიტრო თაფლისა _ (არანაკლებ 8)

 — თაფლისათვის, რომელიც ბუნებრივი ფერმენტების ნაკლებ რაოდენობას შეიცავს (მაგ. ციტრუსის თაფლი) და მასში ჰიდროქსილმეთილფურფურალის (ჰმფ) შემცველობა არ აღემატება 15 მგ/კგ _ (არანაკლებ 3)

ბ) ჰიდროქსილმეთილფურფურალი (ჰმფ)

— ყველა სახეობის თაფლისათვის, გარდა საკონდიტრო თაფლისა _ (არაუმეტეს 40 მგ/კგ („ზ.ა.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით)

— თაფლი, რომელიც წარმოშობილია ტროპიკული კლიმატის ზონიდან და მათი ნარევისათვის _ (არაუმეტეს 80 მგ/კგ)

  () ევროკავშირის კანონმდებლობა ნარჩენი ნივთიერებების მაქსიმალური დასაშვები დონეების შესახებ (რეგლამენტი 396/2005) ევროკავშირში დადგენილია პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონეები საკვებ პროდუქტებში, როლებიც განსაზღვრულია ზემოთ აღნიშნულ რეგლამენტში. როდესაც ფუტკრები აგროვებენ ნექტარს იმ ადგილებში, სადაც ფერმერები ჭარბი რაოდენობით პესტიციდებს იყენებენ, შესაძლებელია თაფლში პესტიციდების ნარჩენების დონე მაქსიმალურ დასაშვებ დონეზე მაღალი აღმოჩნდეს.

 (გ) ევროკავშირის სურსათის ზოგადი კანონმდებლობა სურსათის უვნებლობასთან და მიკვლევადობასთან დაკავშირებით (რეგლამენტი (EC) No 178/2002), ევროკავშირის კანონი სურსათის ჰიგიენის თაობაზე (რეგლამენტი(EC) 852/2004).

სურსათის უვნებლობა უმნიშვნელოვანესი საკითხია ევროკავშირის სურსათის შესახებ კანონმდებლობაში. „სურსათის შესახებ ზოგადი კანონი“ წარმოადგენს სურსათის უვნებლობის საკანონმდებლო საფუძველს, სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ევროკავშირში. სურსათის უვნებლობის გარანტირების და მავნებელი სურსათის შემთხვევაში სათანადო ზომების განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქართველოდან შეტანილი თაფლი უნდა იყოს მიკვლევადი მიწოდების მთელ ჯაჭვში. სურსათის უვნებლობის რისკების კონტროლის მნიშვნელოვანი ასპექტი არის კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) განსაზღვრა სურსათის უსაფრთხოების მართვის პრინციპების განხორციელების გზით. ამასთან ერთად, თაფლის თითოეულ პარტიას უნდა ახლდეს სანიტარული სერტიფიკატი და უფლებამოსილი ვეტერინარის ბეჭედი (ევროკავშირის რეგლამენტი (EC) 1664/2004). ევროკავშირში შეტანისას თაფლი გაივლის ოფიციალურ კონტროლს. თუ ევროკავშირის შესაბამისი ორგანოები მიიჩნევენ, რომ შეუძლებელია თაფლის უვნებლობის გარანტირება, ეს თაფლი ამოღებული იქნება ბაზრიდან და დარეგისტრირდება ევროკავშირის კვების პროდუქტების და ცხოველთა საკვების სწრაფი შეტყობინების სისტემაში.

(დ) ანტიბიოტიკების ნარჩენების შესახებ დებულებები წარმოდგენილია 2009 წლის 6 მაისის რეგლამენტში (EC) No 470/2009 2009 წლის 22 დეკემბერის კომისიის დადგენილებასთან (EU) No 37/2010 ერთად.

ევროკავშირის კანონმდებლობით აკრძალულია თაფლის იმპორტი „მესამე ქვეყნების ჩამონათვალში“ მითითებულის გარდა სხვა ქვეყნებიდან. „ნარჩენების მონიტორინგის გეგმა“ წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ ევროკავშირში იმპორტირებული თაფლი არ შეიცავს აკრძალულ ნარჩენებს ან აკრძალულ ვეტერინალურ პრეპარატებს. 2016 წელს საქართველო შეყვანილი იქნა „მესამე ქვეყნების ჩამონათვალში“ თაფლის თვალსაზრისით (2016 წლის 28 ნოემბრის კომისიის განმახორციელებელი გადაწყვეტილება (EU) 2016/2092). საქართველომ კომისიას წარუდგინა თაფლის გეგმა, რომელიც შეფასდა როგორც სათანადო გარანტიების უზრუნველმყოფელი. საქართველოს მთავრობის 2016 წლის იანვრის №22 დადგენილების „ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“, შესაბამისად:

 ნიმუში შეიძლება აღებული იქნეს თაფლის მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე იმ პირობით, რომ განხორციელდეს მიკვლევადობა მიწოდების ჯაჭვის საწყის ეტაპამდე;

პირველი 3000 ტონისთის გეგმაში გათვალისწინებულია 10 ნიმუშის აღება ყოველ 300 ტონაზე, ხოლო ყოველ დამატებით 300 ტონაზე – ერთი ნიმუშის აღებაю

  ტესტირებისთვის ნიმუშები შემდეგნაირად განაწილდება:

♦ ნიმუშების 50% -მა უნდა გაიაროს ტესტირება ანტიბაქტერიულ ნივთიერებებზე, მათ შორის სულფონამიდებზე და ხინოლონებზე, ურეთანებზე და პირეტროიდებზე;

♦ ნიმუშების 40%-მა უნდა გაიაროს ტესტირება ქლოროორგანულ ნაერთებზე, მათ შორის პოლიქლორობიფენილებზე და ფოსფორორგანულ ნაერთებზე;

♦ ნიმუშების დანარჩენი 10% საჭიროებისამებრ იქნება ტესტირებული, მათ შორის მიკოტოქსინებზე.

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო ევროკავშირის კანონმდებლობის ეკვივალენტური კანონები თაფლის შესახებ. ერთადერთი დარჩენილი ინსტიტუციონალური დაბრკოლება არის ადგილობრივი ლაბორატორიების მხრიდან მომსახურების განხორციელების შეზღუდული პოტენციალი, მათი საერთაშორისო აღიარების და საიმედოობის ნაკლებობა.

წყარო: enpard.ge,

განვითარებადი ქვეყნებიდან იმპორტის ხელშეწყობის ცენტრი _  2017წ.

PS. (რედ.)ეს კვლევა ორი წლის წინათ გაკეთდა, თუმცა ვითარება დღემდე მნიშნელოვნად არ შეცლილა