დარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

ღვინის შენახვა ქვევრში

  საკითხი საკმაოდ აქტუალურია და ამასთან საინტერესოც. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელ საქართველოში ღვინის დაძველების საკითხი მივიწყებულია. არადა ჩვენში ამ ყოველივეს დიდი ტრადიციები არსებობდა, რაზეც ისტორიული წყაროებიც მეტყველებს. სანამ საკითხზე გადავიდოდეთ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ღვინის დაძველების საკითხი საკმაო გამოცდილებას მოითხოვს, რაც თავის მხრივ უკავშირდება სავენახე ნიადაგების ტიპს, ვაზის ჯიშს, ღვინის ტექნოლოგიასა და სხვ. ამ ვრცელი საკითხიდან გამომდინარე მემარნეს შესაძლებლობა აქვს, რომ ქვევრში ღვინო ხანგრძლივად შეინახოს. დღემდე სადაო საკითხია, თუ რამდენ ხანსაა შესაძლებელია ღვინო ქვევრში ხარისხიანად იქნას შენახული და რა არის ამისთვის საჭირო? მოგახსენებთ ერთ მაგალითს პირადი გამოცდილებიდან, რაც ერთ საინტერესო ისტორიას უკავშირდება.

2015 წელს ჩვენს მიერ ქალაქ ახმეტაში – დავით ოზბეთელაშვილის მარანში გახსნილი იქნა ქვევრი, რაშიც რქაწითელის ღვინო 40 წლის მანძილზე ინახებოდა. მიზეზს, თუ რისთვის ინახავდნენ ქვევრში ღვინო ხანგრძლივად ჩვენში დიდი ხნის ტრადიცია აქვს. იყო შემთხვევები, როდესაც მამა საკუთრი ვაჟიშვილის ქორწილისთვის დიდი ხნით ადრე აყენებდა ღვინოს. ჩვენი შემთხვევაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება.

მამამ შვილისთვის დააყენა რქაწითელის ღვინო, როდესაც შვილი 20 წლის ასაკში იყო. მოხდა ისე, რომ შვილი არ დაოჯახდა და ამასობაში 60 წელს გადააბიჯა. ქვევრიც სწორედ იმ დროს გაიხსნა, როდესაც ღვინო 40 წლის ასაკში იყო… მიუხედავად ასეთი ხანგრძლივი დროის გასვლისა, ღვინო შესანიშნავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე ჩავატარეთ ღვინის ლაბორატორიული ანალიზიც, რომელმაც აჩვენა, რომ ღვინის ყველა ძირითადი კომპონენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იყო.

ღვინის ხანგრძლივად შენახვისას გასათვალისწინებელია ვაზის ჯიშების საკითხიც, რადგან ზოგიერთი ჯიშიდან დაყენებულ ღვინოს არა აქვს დაძველების პოტენციალი და ამგვარი ღვინო დაახლოებით ერთი-ორი წელი ინახება. ღვინის ქვევრში ხანგრძლივად შენახვის დროს ის უნდა გაკონტროლდეს, რადგან ღვინოს, მით უმეტეს ხანგრძლივი დროით შენახულს, არაერთი გარემეობა ემუქრება, როგორიცაა მაგალითად: ბრკე, ოქსიდაცია, ძმარმჟავა ბაქტერიები და სხვ. არის ქვევრის დანაკლულების რისკიც… ძნელი სათქმელია, თუ რამდენ ხანში ერთხელ უნდა აიხადოს ქვევრი გასაკონტროლებლად.

ეს გარემოება მთლიანად ეფუძნება მემარნის ინტუიციასა და გამოცდილებას. თუკი ღვინო ერთი ან ორი წელი ინახება, მას აკონტროლებენ ყოველ 4-5 თვეში ერთხელ, თუმცა ხანგრძლივი დროით შენახვის შემთხვევში შესაძლოა წელიწადში ერთი გაკონტროლება საკმარისი იყოს. განსაკუთრებით დიდი მოცულობის ქვევრები მიწისძვრის თუ მეწყერის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას, რადგან ასეთ დროს ქვევრის გახეთქვის რისკი ძლიერ მაღალია.

მეღვინეობის ზოგიერთი საკითხი მთლიანად მემარნის გამოცდილებას ემყარება და ამგვარ საკითხთა წინასწარი გათვლა ფაქტობრივად შეუძლებელია და ამგვარმა ქმედებამ შესაძლოა ადამიანი შეცდომაშიც კი შეიყვანოს. მეღვინეობის საფუძველი ესაა ჰიგიენა, ურომლისოდაც ხარისხიანი ღვინის დაყენება შეუძლებელია.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2018 წ.