დარგებიმემცენარეობა

ინდაუ – თანამედროვე კულინარიის უნიკალური აღმოჩენა

 სუპერმარკეტების დახლებზე ხშირად შეგხვდებათ წიწმატის მსგავს, იმპორტირებულ მცენარე რუკოლას სახელით.
დიასახლისების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ეს მცენარე საქართველოს ფლორისთვის უცხო არ არის და მისი დათესვა ქოთანშიც შეგიძლიათ.
ეს არის მცენარე ინდაუ (Eruca sativa Mill., руккола, гусеничник, индау) – ჯვაროსანთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე სწორმდგომი, დატოტვილი ღეროებით, სპეციფიური არომატის, წიწმატის მსგავსი ფოთლებით და მკრთალი ყვითელი ყვავილებით.

მცენარე ველური სახით გავრცელებულია აფრიკის და ევროპის ქვეყნებში, მცირე და შუა აზიაში, ინდოეთში, რუსეთის ევროპულ ნაწილსა და კავკასიასიაში. საქართველოში ბუნებრივად გავრცელებულია როგორც სარეველა, ქართლსა და ჯავახეთში. 

ინდაუ
 შეიძლება ითქვას, რომ ინდაუ თანამედროვე კულინარიის აღმოჩენაა. მცენარეს აფროდიზიაკად თვლიდნენ რომის იმპერიის დროს. მისი სამეცნიერო კუთხით შესწავლა და საკვები მიზნით კულტივირება კი დაიწყეს მხოლოდ გასული საუკუნის ბოლოს. კულტურა მიჩნეული იყო სარეველად და იყენებდნენ ძირითადად ფრინველის და პირუტყვის საკვებად.

დღეს ინდაუ, როგორც სასალათე და მწვანილეული კულტურა, მოჰყავთ ევროპის და ამერიკის ქვეყნებში.
მცენარე დიდი ოდენობით შეიცავს ეთერზეთებს, უჯერ და ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს, სტეროიდებს, გლიკოზიდებს, ალკალოიდებს, А, Е, С, А, К და В ჯგუფის ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ბიოლოგიურად აქტიურ სხვა ნივთიერებებს. მცენარის თესლებში დიდი ოდენობით არის ეთერზეთები, განსაკუთრებით – მდოგვის ზეთი.

 ნატიფი სანელებელი და სასალათე კულტურა მდიდრული მწარე გემოთი წააგავს წიწმატის, მჟაუნას და მდოგვის გემოს და საუცხოო არომატით, ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს კერძებს.

საკვებად გამოიყენება ინდაუს ფოთლები და ნორჩი ყლორტები. თესლებისგან მიღებულ ზეთს იყენებენ მდოგვის ნაცვლად.
ინდაუ შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან გარნირის სახით. როგორც სანელებელი, ცხელ კერძებს ემატება ბოლოს. უმჯობესია, თუ ფოთლებს კერძში დამატებისას, დაჭრის ნაცვლად დააქუცმაცებთ.

  
განსაკუთრებით უყვართ ინდაუ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების კულინარებს. ძირითადად იყენებენ სალათებში და პასტებში, ან როგორც ბოსტნეულის გარნირი ხორცის და თევზის კერძებისათვის. კარგად ეხამება ზღვის პროდუქტებს, პარკოსნებს, ნედლ და მოშუშულ ბოსტნეულს, ბუტერბროდებს, ცივ კერძებს, სოუსებს, ხაჭოს და ზოგიერთ დესერტს.

იტალიურ სამზარეულოში სანელებლით კმაზავენ რიზოტოს, პიცას, არომატულ პასტებს და სალათებს. რეჰანთან ერთად, ან მის ნაცვლად კი უმატებენ პესტოში (პესტო – იტალიური ფიჭვის თესლების, რეჰანის, ზეითუნის ზეთის და ყველისგან მომზადებული იტალიური სოუსი). სლოვაკეთში უმატებენ ყველის ჩებურეკების შიგთავსს. კავკასიაში მიირთმევენ ნორჩ ფოთლებს და ყლორტებს მწვანე სალათის სახით, თესლებისგან კი ამზადებენ მდოგვის სოუსის მსგავს სოუსს. 

გარდა საკვები თვისებებისა, ინდაუ გამოიყენება მედიცინაშიც. მცენარეს აქვს ბაქტერიციდული, დიურეზული, ამოსახველებელი, ლაქტაციური და მონელების გამაუმჯობესებელი მოქმედება.

ეფექტურად ებრძვის გაცივებას, ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს სისხლში შაქრის და ქოლესტერინის დონეს, ზრდის ჰემოგლობინს, ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უწყობს სისხლის შედედებას და ჭრილობების შეხორცებას, არეგულირებს მარილების ცვლას, ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს, წმენდს, აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს ორგანიზმს, ბლოკავს კანცეროგენების მოქმედებას. ამერიკელი გასტროენტეროლოგები ინდაუს პრეპარატებს აქტიურად იყენებენ წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ – კუჭის წყლულისა და გასტრიტების დროს ამაგრებს და იცავს კუჭის კედლებს.

ინდაუს ნაყენი ეფექტურია კანის დაავადებების დროს. აქრობს ჰემატომებს, კოჭრებს, წყლულებს, მეჭეჭებს და პოლიპებს. ინდაუს ზეთი აძლიერებს თმას, აჩერებს ცვენას და აუმჯობესებს სტრუქტურას.

 ინდური მედიცინა ინდაუს იცნობს როგორც ამგზნები და კანის ჩირქოვანი ინფექციების სამკურნალო საშუალება. კავკასიაში – როგორც სურავანდის სამკურნალო საშუალება.

და ბოლოს, ინდაუ დაბალკალორიული (100გრ/25კკალ.) და კარგი დიეტური პროდუქტია, რომელიც ეფექტურად ებრძვის ცხიმებს და ხშირად რთავენ დიეტურ კვებაში ჭარბ წონასთან საბრძოლველად. უჯრედისით მდიდარი მცენარე ორგანიზმს ამარაგებს საჭირო ენერგიით, ვიტამინებით და მინერალებით, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და მონელებას, აახალგაზრდავებს კანს, სიმტკიცეს და ბზინვარებას აძლევს კანს, თმას და ფრჩხილებს.

 ნინო გოცაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

წყარო: sputnik-georgia.com

Read more: https://sputnik-georgia.com/nature/20180319/239721431/indau-rukoli.html