დარგებიმცენარეთა დაცვა

ხეხილის ძირითადი დაავადებები და მავნებლები

ვაშლის ქეცი
ვაშლის ქეცი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ქეცი აავადებს ვაშლის ყველა ორგანოს, განსაკუთრებით ფოთლებსა და ნაყოფებს.

ფოთლების დაავადება ვეგეტაციის დაწყებიდანვე ვლინდება, დაავადების ნიშნები, როცა ფოთლის ფირფიტა უკვე გადაშლილია, კარგადაა შესამჩნევი. ფოთლებს თავიდან მოყვითალო ლაქა უჩნდება, რომელიც შემდეგ ხმება და დასაწყისში მუქი წენგოსფერით იფარება, ხოლო შემდეგ — შავი ხავერდოვანი ფიფქით. ლაქების ზომა ცვალებადია, ხშირად ისინი ერთმანეთს უერთდება და ფოთლის ფირფიტის საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს, რაც ასიმილაციის პროცესს ამცირებს. დაავადების გავრცელებისთვის ოპტიმალური პირობებია ჰაერის მაღალი სინოტივე და +20— 25°C ტემპერატურა.

ნაყოფების დაავადება უფრო სახიფათოა. ავადდება როგორც მკვახე, ისე მწიფე ნაყოფები. მკვახე ნაყოფის დაავადების დროს, ქეცისაგან დაზიანებული ადგილი აღარ იზრდება, ხოლო მოპირდაპირე მხარე ნორმალურად ვითარდება, ასეთი განვითარების შედეგად ნაყოფის ცალმხრივი ზრდა მოსდევს, ნაყოფი სკდება, აღარ იზრდება და თუ დაავადება გაძლიერდა, ცვივა.

რაც უფრო მეტად არის ვაშლი სიმწიფეში შესული, მისი ფორმირება უფრო ძნელდება, ამის მიზეზი ის არის, რომ სოკო ვაშლის ქსოვილის შიგნით კი არ ვრცელდება, არამედ მხოლოდ ეპიდერმისის ახლომდებარე პარენქიმულ ქსოვილებში ჩერდება ლაქება. ასეთი ლაქები ჯერ ხავერდოვანი ფიფქით იფარება,  შემდეგ ფიფქი ცვივა და იმ ადგილას ყავისფერი ლაქები რჩება, რომლის ზედაპირიც იქერცლება, ამ დაავადებას „ქეცი” ამიტომაც ეწოდა

მკურნალობა: ქეცის წინააღმდეგ გამოიყენება „ტერსელი“ 2.5 კგ/ჰა, „დელანი“ 0.4 კგ/ჰა

ვაშლის ნაცარი

ნაცარი ვაშლის ყველა ორგანოს აავადებს: ყლორტებს, კვირტებს, ყვავილებსა და მკვახე ნაყოფებს.  დაავადების პირველი ნიშანი ადრე გაზაფხულზე, კოკრების განცალკევების ფაზაში ვლინდება. ყლორტები იფარება თხელი, თეთრი, შემდეგ კი მონაცრისფრო, სქელი ფიფქით. ფიფქი ჯერ ლაქებად ვითარდება, შემდეგ ისინი ერთმანეთს უერთდება და მთლიანად ყლორტის ზედაპირს ფარავს. ფოთლებიც ფიფქით იფარება. ფოთლის ფირფიტა მთავარი ძარღვის გასწვრივ იხევა, დაზიანებული ფოთლები ხმება და ცვივა, ნაცარი მკვახე ნაყოფებზე გადადის. ფიფქი ნაყოფის ჯამის მხრიდან იწყებს განვითარებას, შემდეგ კი ნაყოფის დიდ ნაწილს ფარავს.

ყვავილები კვირტთან ერთად ზიანდება, ამ დროს კვირტი გვიან იხსნება და ნელა ვითარდება. ახალი ფოთლები და კოკრები მთლიანად დაავადებულია. ასეთ ყვავილედზე ნაყოფი ვეღარ ვითარდება და ნაადრევად  კვდება.

დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს თბილი ამინდები და ხშირი წვიმები. ნაცარს შეუძლია მოსავალი 30-50 %-ით შეამციროს.

მკურნალობა: ვაშლის ნაცრის წინააღმდეგ  გამოიყენება კონტაქტური ფუნგიციდები: „კუმულუსი“ — 6.0კგ/ჰა, „სტრობი“ — 0.2 კგ/ჰა.

ვაშლის მონოლიოზი

ვაშლის მონოლიოზით როგორც მკვახე, ისე მწიფე ნაყოფები ავადდება. ნაყოფებზე კარგად ჩანს ყავისფერი ლაქები, ისინი თანდათან იზრდება და ვაშლის მთლიანი ზედაპირი იფარება. ლპობადი ნაყოფის ზედაპირზე ფორმირდება მსხვილი, ნაცრისფერი მეჭეჭები.

ვაშლის მონოლიოზი ფოთლებსა და სანაყოფე კვირტებს აზიანებს. დაავადებული ნაყოფები პირველად მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვლინდება. დაავადება პიკს ნაყოფების სრულ სიმწიფეში აღწევს. ზოგჯერ დაავადება სხვადასხვანაირად ვითარდება. ნაყოფის ზედაპირზე მეჭეჭები არ წარმოიქმნება და დაავადებული ნაყოფი შავ შეფერილობას იღებს, ნაყოფი სოკოს მიცელიუმით ივსება და მუმიფიცირდება. ვაშლის მონოლიოზის ამ სტადიას შავ სიდამპლეს უწოდებენ.

მკურნალობა:  ვაშლის მონოლიოზის წინააღმდეგ გამოიყენება — „სიგნუმი“ 1-1.2 კგ/ჰა

 ვაშლის ბუგრი

ბუგრი საქართველოში ფართოდ  გავრცელებული მავნებელია. იგი თესლოვან კულტურებს (ვაშლი, მსხალი, კომში და ა.შ) დიდ ზიანს აყენებს. ვაშლს ძირითადად აზიანებს ვაშლის ბუგრი და წითელგალა ვაშლის ბუგრი.

ვაშლის ბუგრი ზამთრობს განაყოფიერებული კვერცხის სახით, ახალგაზრდა ტოტებზე. გაზაფხულზე, როცა ტემპერატურა 10ჴჩ-ს  მიაღწევს, გამოზამთრებული კვერცხებიდან იჩეკება პირველი თაობის მატლები, რომლებიც ჯერ გაუშლელ კვირტებს აზიანებს, შემდეგი თაობა კი აზიანებს ფოთლებსა და მწვანე ყლორტებს, წუწნიან შიგთავს, რის შედეგადაც ფოთლები იგრიხება, ყლორტები დეფორმირდება.

მატლები იძლევიან უფრთო ცოცხლადმშობ მდედრებს. ივნისის ბოლოს უფრთო ბუგრებს შორის ჩნდებიან ნიმფები, რომლებიც იქცევიან ცოცხლადმშობ ფრთოსან მდედრებად — გამავრცელებლად, რომელთა საშუალებით ბუგრი გავრცელდება ხეხილის ბაღში. სეზონზე ვაშლის ბუგრის რამდენიმე გენერაცია ვითარდება და ე.წ კოლონიებს ქმნის.

წითელგალა ბუგრის დაზიანების შედეგად ფოთლები წითელ შეფერილობას ღებულობს, ფერხდება ასიმილაციის პროცესი და ასუსტებს მცენარეს, აზიანებს, ახალგაზრდა ნაყოფებს, რაზედაც წარმოქმნიან წითელ ლაქებს.

ბუგრების ტკბილ გამონაყოფს ჭიანჭველები ეტანებიან და ამ გამონაყოფით იკვებებიან.

მკურნალობა: ბუგრების წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ფასტაკი“ — 0.3 ლ/ჰა ან „საირუქსი“ — 0.4 ლ/ჰა, „ბი-58 ახალი“ — 1.5 ლ/ჰა.

ვაშლის ნაყოფჭამია

ვაშლის ნაყოფჭამია საქართველოში ფართოდ გავრცელებული მავნებელია. ნაყოფჭამია ზამთრობს უკანასკნელი მატლის ფაზაში დაზიანებული ქერქის ქვეშ, შტამბებსა და ტოტების ნაპრალებში.

გაზაფხულზე მატლი იწყებს დაჭუპრებას, პეპლების ძირითადი მასის გამოფრენა ემთხვევა ვაშლის ნასკვის ჩამოცვენას. პეპლები მხოლოდ საღამოობით დაფრინავენ. გამოფრენიდან 2-3 დღის შემდეგ იწყებენ კვერცხის დებას. პირველი თაობის პეპლები კვერცხს დებენ  ფოთლებზე, ხოლო მეორე თაობის პეპლები ნაყოფებზე. მატლის განვითარებისთვის 2-3 კვირაა საჭირო. ნაყოფჭამიების მიერ დაზიანებული ნაყოფი საბაზრო სახეს კარგავს, ხშირად ლპება და ცუდად ინახება.

მკურნალობა: ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ გამოიყენება ყვავილობამდე სისტემურ — კონტაქტური ინსექტიციდი „ბი-58 ახალი“ — 1,5ლ/ჰა,  შემდეგ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ფასტაკი“ — 0.3 ლ/ჰა ან „საირუქსი“ — 0.4 ლ/ჰა.

კოკრიჭამია ცხვირგრძელა

კოკრიჭამია ცხვირგრძელა ზამთრობს ხოჭოს ფაზაში შტამბისა და გამხმარი ტოტების ქერქის ქვეშ. გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა 6-70%-ია (ტყის შინდის ყვავილობისას) გამოზამთრებული ხოჭოები ხის ვარჯიში იწყებენ ხეტიალს და აზიანებენ ვაშლის ჯერ კიდევ გაუღიავებელ კვირტებს, ხოლო შემდეგ კოკრებს. კოკრების გამოცალკევების შემდეგ იწყებენ კვერცხის დებას. კვერცხის დების წინ მდედრი ხორთუმით კოკორს ღრღნის და შიგნით დებს თითო კვერცხს და ექსკრემენტებით ფარავს.

გამოჩეკილი მატლები მტვრიანებით და ბუტკოთი იკვებებიან, ამავე დროს მატლი შიგნიდან აწებებს გვირგვინის ფურცლებს სანერწყვე ჯირკვლებიდან გამოყოფილი სეკრეტით, რის გამოც კოკორი ვეღარ იშლება. კარგავს ბუნებრივ ფერს, ხმება და ცვივა.

კოკორში მატლის ყოფნის ხანგრძლივობა 2-3 კვირაა, ამ ხნის განმავლობაში ოთხჯერ იცვლის კანს და იქვე ჭუპრდება. ჭუპრიდან გამოსული ხოჭო გამოღრღნის გვირგვინის ფურცლებს და გამოდის ვარჯში. ეს ხდება მაისში.  ხოჭოები იკვებებიან ფოთლებით, ქვედა მხრიდან. მაღალი ტემპერატურის პირობებში ხოჭოები გადადიან დიაპაუზაში, რომლებიც თითქმის აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. შემდეგ კი იწყებენ დაზამთრებას. იგი წელიწადში მხოლოდ ერთ გენერაციას იძლევა.

მკურნალობა: კოკრიჭამია ცხვირგრძელას წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ბი-58 ახალი“ 1,5ლ/ჰა

 ვაშლის ჩრჩილი

ვაშლის ჩრჩილი მონოფაგი მავნებელია და მხოლოდ ვაშლის კულტურას აზიანებს. ჩრჩილი იზამთრებს მატლის ფაზაში ტოტებზე, ფარის ქვეშ. გაზაფხულზე, დაახლოვებით აპრილის მეორე ნახევარში, როცა ჰაერის ტემპერატურა 11°C-ია მატლები გამოდიან ფარიდან და ახლად გაშლილ ფოთლებზე სახლდებიან. მატლების ფარიდან გამოსვლა 5-7 დღემდე გრძელდება. ახალგაზრდა მატლები ფოთოლში იჭრებიან, ეპიდერმისებს შორის და ქლოროფილის მარცვლებს ანადგურებენ. დაზიანებული ფოთოლი ყვითლდება და შემდეგ მურა შეფერილობას ღებულობს. პირველადი დაზიანება ხდება ნაღმში, სადაც მატლები 8-12 დღეს რჩებიან. პირველი კანის გამოცვლის შემდეგ ტოვებენ ნაღმებს, ნაღმებიდან მატლების მასობრივი გამოსვლა ვაშლის ყვავილობას ემთხვევა. ამ დროს მატლის კოლონიები იწყებენ ფოთლების აბლაბუდაში დახვევას და ფოთლის დაზიანებას, ზოგჯერ ნაყოფებსა და მწვანე ყლორტებს აზიანებენ.

მატლები 30 დღეში ამთავრებენ ზრდა — განვითარებას, გროვდებიან დიდ კოლონიებად და დაჭუპრებას იწყებენ. ჭუპრის ფაზა 12-14 დღეა. ჭუპრიდან გამოფრენილი პეპელა კვერცხებს მსხმოიარე ხეებზე დებს, რომელთა რიცხვი 22-დან 144-მდე მერყეობს.

მკურნალობა: ვაშლის ჩრჩილის წინააღმდეგ გამოიყენება კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი „ფასტაკი“ — 0.3 ლ/ჰა ან „საირუქსი“ — 0.4 ლ/ჰა.

კალიფორნიის ფარიანა

კალიფორნიის ფარიანა მთელ საქართველოშია გავრცელებული. იგი მრავალი ხე და ბუჩქოვანი მცენარით იკვებება, რომელთა სახეობათა რაოდენობა 150-ს აღემატება — ვაშლი, მსხალი, კომში, ატამი ალუბალი, გარგარი, ქლიავი,  კეთილშობილი დაფნა და სხვა.

კალიფორნიის ფარიანა ზამთარს ატარებს პირველი ასაკის მატლის ფაზაში მოშავო ან მუქი ნაცრისფერი ფარის ქვეშ, მცენარის გამერქნიანებულ ან დაზიანებული კანის ქვეშ.

გაზაფხულზე, როცა ჰაერის ტემპერატურა 11-12°C აღწევს იწყება მატლების გამოზამთრება, კვება და განვითარება, რაც დაახლოვებით ორ თვეს გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში მატლები იწყებენ სქესობრივ მომწიფებას და მაისის დამდეგსა და ივნისის დასაწყისში იძლევა (შობს) თაობას. კალიფორნიის ფარიანას განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 23-28°C,  ხოლო ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 70%. ასეთ პირობებში მდედრის სქესობრივი პროდუქცია 200 მატლამდე აღწევს. ზაფხულში,  გვალვების პერიოდში მატლი გადადის დიაპაუზაში.

კალიფორნიის ფარიანა წელიწადში რაიონის მიხედვით 2 ან 4 თაობას იძლევა.

ვერიკო შინჯიკაშვილი,