ხორბლის ელიტური თესლის მიღების დაჩქარებული მეთოდი და მოსავლიანობის გაზრდის პერსპექტივები

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლების მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მაღალმოსავლიანი ჯიშებისა და ჰიბრიდების გამოყვანა, წარმოებაში დანერგვა, მათი წარმოების თანამედროვე ინტენსიური ტექნოლოგიების შესწავლა-შემუშავება რეგიონების მიხედვით საქართველოს სხვადასხვა ფერმერული მეურნეობებისათვის.

სოფლის მეურნეობის წარმატებული განვითარებისთვის აუცილებელია სამეცნიერო კვლევების ეფექტურობის ამაღლება, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო გამოკვლევების შემდგომი განვითარება და მათი შედეგების სწრაფად დანერგვა პრაქტიკაში. ამ ამოცანების გადაწყვეტაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა მეთესლეობა. ყველა ჯიშს, თუ ჰიბრიდს გააჩნია გენეტიკური და ბიოლოგიური თავისებურება, რომლის გამოვლენაზეც დამოკიდებულია მოსავლიანობა და ხარისხი. სწორად წარმოებული აგროტექნოლოგიური პროცესი უზრუნველყოფს ჯიშის და ჰიბრიდის სიწმინდეს და კონსტანტურობას. ჯიშური ნიშან-თვისებების შენარჩუნებას უზრუნველყოფს მეთესლეობის სისტემა, რომელიც მეტად რთული, შრომატევადი, მაგრამ მაღალანაზღაურებადია. მეთესლეობიდან შემოსავალი ევროპაში 8,3 მილიარდი, ამერიკაში 12.0 მილიარდი, ჩინეთში 9,5 მილიარდია.

საქართველოში, როგორც მიწათმოქმედების უძველეს ქვეყანაში, საკუთარი წესებით ხდებოდა ჯიშების დაცვა „გადაჯიშებისაგან“. 1927 წელს გიორგი რცხილაძის ხელმძღვანელობით თბილისის ბოტანიკურ ბაღთან ჩამოყალიბდა თესლის კონტროლის ცენტრალური ლაბორატორია, ხოლო შემდეგ მის ბაზაზე შეიქმნა კონტროლის ინსპექცია. 1929 წელს რესპუბლიკის ყველა ადმინისტრაციულ რაიონში მოეწყო თესლის კონტროლის ლაბორატორია და მომზადდა მეთესლე აგრონომთა კადრები. 1937 წელს საქართველოს მიწსახკომთან შეიქმნა მეთესლეობის სამმართველო, შემდეგ — ჯიშიანი თესლის სამმართველო. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში (ი. ლომოურის სახელობის საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და მისი სისტემის საცდელი სადგურები) არის მეთესლეობის განყოფილებები, რომლებიც დარაიონებულ ჯიშებსა და ჰიბრიდების ხაზებზე აწარმოებენ პირველად მეთესლეობას. 2004 წლიდან გაუქმდა ყველა დაწესებულება, რომელიც მეთესლეობასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს კულტურების მიხედვით საჰექტარო მოსავლიანობა კატასტროფულად შემცირებულია. მაგალითად, ხორბლის მოსავლიანობა 1ჰა-ზე 1,5 ტონაა, ევროპაში — 6,9 ტონა. სიმინდის, შესაბამისად — 1,4 ტონა, ევროპაში — 12,0 ტონა, კარტოფილის — 15-25 ტონა ევროპაში — მინიმალური 60 ტონა. “პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი მეთოდებით მუშაობა და პირველი — ეს არის მეთესლეობა. ის, რაც ჩვენ გვგონია, რომ მამა-პაპურია და კარგად ნასწავლია, რეალურად მოძველებულია. ჩვენ 100%-ს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ მუდმივად რომ ვიყოთ კანკალის პოზაში, რა მოხდება მსოფლიო ბაზარზე, სად ხანძარი გაჩნდება, სად შტორმი, ამით ჩვენ შეიძლება მშივრები დავრჩეთ. მუდმივად არ უნდა ვიყოთ მსხვერპლის და მაჩანჩალის როლში. თუ იზრდება ფასები, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ მოვიყვანოთ ხორბალი და სიმინდი და ამით მივიღოთ მეტი შემოსავალი,” — აღნიშნულია 2013 წლის მთავრობის გადაწყვეტილებაში.

სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცეტრში მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა( ც. სამადაშვილი, გ. ჩხუტიაშვილი, ნ. ბენდიანიშვილი) გადაწყვიტა ხორბლის ელიტური თესლის მისაღებად დაემუშავებინა დაჩქარებული მეთოდი, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემდა გაეზარდათ მოსავლიანობა და დაინტერესების შემთხვევაში გაეზარდათ შემოსავლები.

ჩვეულებრივი წესით, პირველადი მეთესლეობა ექვსეტაპიანია და გრძელდება 6 წელი: პირველი წლის შერჩევის სანერგე, მეორე წლის შერჩევის სანერგე, პირველი წლის გამრავლება, მეორე წლის გამრავლება, მესამე წლის გამრავლება, სუპერელიტა. ჩვენს მიერ დამუშავებული მეთოდით ელიტური თესლის მიღება შესაძლებელია 3 წელიწადში, რომლის სქემაც ასეთია: 1. პირველი წლის შერჩევის სანერგე, მეორე წლის შერჩევის სანერგე, პირველი წლის გამრავლება, სუპერელიტა (3 წელი) ან 2. პირველი წლის შერჩევის სანერგე, პირველი წლის გამრავლება, მეორე წლის გამრავლების სანერგე, სუპერელიტა (3 წელი);

პირველადი მეთესლეობის პროცესი იწყება ჩვეულებრივად, ტიპიური თავთავების აჭრით, რომლის რაოდენობასაც განსაზღვრავს თვითონ ფერმერი საჭირო ფართობის მიხედვით, 3000, 5000 ან 7000 თავთავი. რამე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მოხდეს წინასწარი შეთანხმება ჯიშის მფლობელთან. მიღებული მასალა ითესება ხაზებში ზოლებად და ვეგეტაციის მანძილზე ხდება არატიპიური მცენარეების მოცილება. სრულ სიმწიფეში კვლავ ავიღებთ თავთავებს იგივე რაოდენობით და ვთესავთ მეორე წლის შერჩევის სანერგეში ხაზებად. დანარჩენ მასალას ვაერთიანებთ და ვთესავთ პირველი წლის გამრავლების სანერგეში. კარგი მოვლის პირობებში მისი რაოდენობა 3000 თავთავის შემთხვევაში იქნება 120-150კგ., რაც დათესავს 0.7 ჰა-ს. სასურველია იგი დაითესოს მწკრივგამოტოვებით, ან შემცირებული ნორმით. გასათვალისწინებელია, რომ სათესლე ნაკვეთებად აუცილებელია შეირჩეს მაღალი ნაყოფიერების ნიადაგები, დროულად და ხარისხიანად ჩატარდეს აგროტექნიკური ღონისძიებები. შემდგომში აქედან მიღებული თესლი შეიძლება გამოვიყენოთ ელიტურ თესლად ან გადავიტანოთ მეორე წლის გამრავლების სანერგეში და გავზარდოთ ელიტური თესლის რაოდენობა. პარალელურად, მეორე წლის შერჩევის სანერგეში ისევ ვაკვირდებით მცენარეთა ტიპიურობას ვეგეტაციის განმავლობაში. ვიღებთ მოსავალს, ვაერთიანებთ და ვთესავთ მომდევნო წელს პირველი წლის გამრავლების სანერგეში და ა. შ. მიღებული ელიტური თესლი გარანტიას იძლევა მივიღოთ მაღალი და ხარისხიანი მოსავალი. გარდა ამისა, შესაძლებელია ისეთი დაგეგმვა, რომელიც ფერმერს საშუალებას მისცემს, ჭარბი თესლი გაყიდოს გაცილებით მაღალ ფასში, ვიდრე ჩვეულებრივი თესლი, რაც შემოსავლის დამატებითი წყარო გახდება.

ჩვენი გამოკვლევებით შეგვიძლია ვურჩიოთ: ფერმერებს, რომლებიც ფლობენ დიდ ფართობს და საჭიროა დიდი რაოდენობის სათესლე მასალა, უმჯობესია გამოიყენონ სქემა: პირველი წლის შერჩევის სანერგე, მეორე წლის შერჩევის სანერგე, პირველი წლის გამრავლება, მეორე წლის გამრავლების სანერგე, სუპერელიტა (4 წელი); ფერმერები, რომლებიც ფლობენ მცირე ფართობს, საკმარისი სათესლე მასალის მიღებას შეძლებენ სქემით: პირველი წლის შერჩევის სანერგე, მეორე წლის შერჩევის სანერგე, პირველი წლის გამრავლება, სუპერელიტა (3 წელი);

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის თანამშრომლები მზად არიან დაეხმარონ ფერმერებს აღნიშნული სქემების განხორციელებაში და მიაწოდონ როგორც მეთოდური სახელმძღვანელო, ისე გაუწიონ ზეპირი კონსულტაციები.

ცოტნე სამადაშვილი,

ს/მ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

ნუგზარი ბენდიანიშვილი, 

მთავარი სპეციალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *