კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა გადაუდებელი აუცილებელობაა

დღეს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიების დეფიციტია. ფინანსური პრობლემების გამო, ხალხს არ შეუძლია ამ ტექნოლოგიების შეძენა. ქართველი ფერმერებისთვის არ არსებობს, აგრეთვე, სასოფლო-სამეურნეო მოსავლისა და პირუტყვის დაზღვევის სრულყოფილი სისტემა, ამიტომ ბუნებრივ კატასტროფებს თუ სხვა არახელსაყრელ გარემო პირობებსაც კი შეუძლია ფერმერული მეურნეობის თუ კოოპერატივების დანგრევა.

სადაზღვევო შემთხვევების გარდა, ზოგჯერ, დიდი დანაკარგის დროს, ფერმერების წახალისების მიზნით უნდა ხდებოდეს მთავრობის მხრიდან მათი სუბსიდირება, სუბვენცირება. როგორც წესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას  მთავრობისგან სჭირდება ფინანსური და ტექნიკური თანადგომა, მხარდაჭერა, რასაც სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს. სწორედ შექმნილ ვითარებას იმიზეზებს საქართველოს საბანკო სისტემა აგროსექტორის დაკრედიტების ერთ-ერთი ხელისშემშლელ ფაქტორად. კომერციული ბანკები არ ენდობიან სოფლის მეურნეობას (მაღალი რისკი, გარანტიების არარსებობა და სხვ.), რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი იაფი კრედიტები. ასე რომ  სოფლის მეურნეობისთვის კრედიტი არ არსებობს. და თუ არსებობს, ეს არის ძალიან მცირე  (მასზე მოდის გაცემული კრედიტების მხოლოდ 1%), რაც ხშირ შემთხვევაში შემოიფარგლება მოკლევადიანი, მაღალი საპროცენტო განაკვეთის სესხებით. ფერმერთა უმრავლესობა კაბალური პირობების გამო თავს იკავებს ასეთი კრედიტის აღებისგან, რაც ასევე კოოპერატივების წარუმატებლობის (გაკოტრების) მიზეზი ხდება. კოოპერატივების სისტემის გაუმართაობას მისთვის ხელმიუწვდომელი და მიუღებელი საკრედიტო რესრურსის გარდა ბევრი სხვა ფაქტორიც განაპირობებს.

2016 წელს სოფლის მეურნეობის სექტორზე გაცემული კრედიტების წილი 2010 წელთან შედარებით, მართალია (0.6%-დან 4,0%-მდე) გაიზარდა, მაგრამ იგი იმდენად უნმინშვნელოა, რომ  არანაირ ეფექტს არ იძლევა. ნაკლებეფექტიანი აღმოჩნდა ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა: ,,იაფი აგროკრედიტი“, ,,აწარმოე საქართველოში’’, ,,დანერგე მომავალი“ და სხვ.

კრედიტების განაწილება დარგების მიხედვით (მთლიანი სესხების პროცენტი)

2005 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016
სოფლის მეურნეობა სატყეო სექტორი, თევზჭერა 0,49 0,6 1,01 3,0 3,8 4,6 4,6 4,0

ილია ჭავჭავაძემ აგროკრედიტის მნიშვნელობა ასე განმარტა: „დანიშნულება საადგილმამულო კრედიტისა განკარგებაა მამულ-დედულისა, გაძლიერება მიწათმოქმედთა ღონისა და მომცემლობისა“. ამაზე ლოგიკური განმარტება ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

ცალკეულ ფერმერებს თუ მათ გაერთიანებებს აუცილებლად ესაჭიროებათ სპეციალიზებული მოქნილი აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ მისაღები პირობებით სესხის აღებას, რადგან ფინანსების (კრედიტების) ხელმისაწვდომობის გარეშე მეურნეობა ვერ განვითარდება. მსოფლიო გამოცდილებამ და საქართველოს ბოლო 25 წლის პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ აგროკრედიტის სისტემის (თანამედროვე აგროკრედიტების სისტემა წარმატებით მოქმედებს საფრანგეთში – ურთიერთდახმარების აგროკრედიტი, აშშ-ში – ფერმერთა საკრედიტო სისტემა, გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში – რაიფენზენის კრედიტი, ბელგიაში – ბრენდენბონდი, ჰოლანდიაში – რაბობანკი და ა.შ.) შექმნის გარეშე, მხოლოდ კომერციული ბანკები ვერ უზრუნველყოფენ აგრარული სექტორის ნორმალურ ფუნქციონირებას და შემდგომ განვითარებას, რადგან ისინი თვლიან, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოება მათი წარმატებული საქმიანობისათვის არახელსაყრელია. კომერციული ბანკები იმიზეზებენ იმ გარემოებას , რომ აგრარული რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა, არ შექმნილა მიწის თავისუფალი ბაზარი, შესაბამისად თვლიან, რომ არ არსებობს გაცემული კრედიტიდან მოგების მიღების გარანტია. ამას ემატება ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ბერკეტის უქონლობა, როგორიცაა გამართული აგროსადაზღვეო სისტემა და ა.შ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კომერციული ბანკები და ამ ტიპის სხვა სტრუქტურები, თავიანთი სპეციფიკიდან გამომდინარე, საბაზრო პრინციპებისა და მუდმივი კონკურენციის პირობებში საქმიანობას აგებენ მაღალ მოგებაზე და, რაც მთავარია, შემცირებული რისკის პირობებზე. ამიტომაა, რომ ყოველთვის და ყველგან ისინი არ წარმოადგენენ საიმედო პარტნიორებს. ეს ნიშნავს, რომ აგრომწარმოებლები კრედიტს მიიღებენ მხოლოდ მაშინ, როცა მათ ეს ნაკლებად სჭირდებათ, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც მათი ფინანსური შესაძლებლობანი, საბაზრო ინფრასტრუქტურისა და ფასების გამო, შედარებით დამაკმაყოფილებელია.

ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც საქმე ეხება ე.წ. ნაკლებგანვითრებულ ქვეყნებს. როგორც წესი, ამ დროს კომერციული საბანკო სისტემა ჯერ კიდევ სუსტია, აქტივები მწირი, ხოლო გაკოტრების შანსი მაღალი. ასეთ სიტუაციებში მათი საქმიანობის პრიორიტეტი მიმართულია მხოლოდ გარანტირებული უკუგების მქონე სფეროებზე. ამიტომ ისინი თავს იკავებენ უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში კაპიტალის დაბანდებისაგან. სწორედ ასეთ სიტუაციაში იმყოფება დღეს საქართველოს სოფლის მეურნეობა, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

აგროსექტორის საკრედიტო რესურსით გარანტირებული უზრუნველყოფა, მხოლოდ კომერციული დაწესებულებების გამოყენებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან კერძო სტრუქტურა ქვეყნის აგრარული პოლიტიკის პრიორიტეტების განაწილებისას ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის დაცვას ვერ შეძლებს.

დასახელებული ფაქტორებისა და საქართველოს ბიუჯეტის მწირი შესაძლებლობების გამო, კრიზისიდან გამოსავალი იმ გამოცდილების გათვალისწინება და ადგილობრივი პირობების მისადაგებაა, რაც განვითარებული ქვეყნების აგრარული კრედიტის სფეროშია დაგროვილი. აქ კარგადაა შერწყმული სახელმწიფო რეგულირებისა და კერძო ინსტიტუტების მუშაობის სპეციფიკა. სახელმწიფო რეგულირებასა და კონტროლზე აგროსასურსათო სექტორის გადაყვანა მათი გამოცდილების მთავარი მონაპოვარია.

საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ნათლად გვიჩვენებს, რომ პრობლემის რეალურად გადაჭრა  მხოლოდ სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირებითაა შესაძლებელი, რასაც შემდეგი ობიექტური ფაქტორები და სპეციფიკური თავისებურებები განაპირობებს:

–     წარმოების პროცესის სეზონური ხასიათი;

–     წარმოების რენტაბელობის შედარებით დაბალი დონე;

–     სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომიკური მახასიათებლების დაბალი საიმედოობა (არამდგრადობა);

–     სოფლად საქონელმწარმოებლისთვის მოკლევადიან კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ციკლური ხასიათი;

–     შესაბამისი სტიმულირების არქონის გამო, სოფლად დაგროვილი ისედაც მწირი ფინანსური კაპიტალის გადინება დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრებში;

–     სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი საკრედიტო რესურსების აუცილებელი სიიაფე;

–     ეკონომიკის აგრარულ  სექტორში, სასაქონლო და მომსახურების ბაზრისგან განსხვავებით, ფულადი კაპიტალისა და საკრედიტო ბაზრის არასრულყოფილი ხასიათი (წარმოების სეზონურობისა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებული);

–     წარმოების შედეგების, ბუნებრივ-კლიმატურ პირობებზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულების გამო, კომერციული ბანკების მხრიდან ობიექტური უნდობლობის ფაქტორის არსებობა;

–     გლეხების (ფერმერების) მხრიდან კრედიტის ასაღებად საჭირო გირაოს უქონლობა, საბანკო სისტემაში არსებული რიგი ხარვეზები, ნაკლოვანებები და სხვ.

აგრარული საკრედიტო სისტემის საერთო დამახასიათებელი ნიშნებია:

პირველი _ სახელმწიფო მხარდაჭერისა და რეგულირების პოლიტიკის არსებობა;

მეორე _ აგრარული საკრედიტო სისტემის პრინციპული განსხვავება ჩვეულებრივი საბანკო-საკრედიტო სისტემისაგან (რაც ძირითადად მის მიზნობრივ ხასიათში ანუ დარგობრივ პრინციპში აისახება);

მესამე _ აგრარულ სექტორთან დამოკიდებულებასა და ურთიერთობაში ამ სისტემებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი;

მეოთხე _  აგრარული საკრედიტო სისტემის განვრცობა ადგილობრივ, რეგიონულ და ცენტრალურ დონეზე;

მეხუთე _ თითოეული დონის ფუნქციების მკაფიოდ განსაზღვრა და მკვეთრად გამიჯვნას;

მეექვსე _ მუშაობის პროცესში სოლიდარობის პრინციპის არსებობა (თუმცა სხვადსხვა სისტემაში ეს განსხვავებული ხარისხით ვლინდება).

აგროსაკრედიტო სისტემა არ მუშაობს დივიდენდების განაწილებაზე. იგი მიღებულ მოგებას საკუთარ საბრუნავ კაპიტალში აბრუნებს  და პერმანენტულად ზრდის სესხის გაცემის მასშტაბებს. სესხის მიღებისათვის არც მატერიალური გარანტიებია საჭირო და არც წინასწარ შედგენილი ბიზნეს-გეგმა. აქ მთავარია ურთიერთობა, სოლიდარობა, ნდობა, პასუხისმგებლობა, რომელსაც კოოპერატიული გაერთიანების, როგორც ერთი ოჯახის წევრობა წარმოშობს.

სპეციალიზებული აგროსაკრედიტო სისტემის ფორმირების შემდეგ შეიქმნება რეალური პირობა ქვეყნის აგროსასურსათო სექტორის დაფინანსება-დაკრედიტების მწყობრი სისტემის არსებობისათვის. ასეთ სიტუაციაში, სპეციალურ საკრედიტო სისტემასთან ერთად, წარმოიქმნება მყარი პირობები ამ სექტორის დაკრედიტებაში სხვადასხვა ორგანიზაციული სტრუქტურების მონაწილეობისათვის. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება: სახელმწიფო ბიუჯეტის, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ინდივიდუალური კრედიტორების, ურთიერთდახმარების ადგილობრივი სალაროების და სხვა ალტერნატიული წყაროების მონაწილეობა.

სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შექმნა, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, საჭიროებს აუცილებელ რეგულირებასა და კოორდინაციას. მსოფლიო პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აგრარულ სფეროში, პერიოდული ხელოვნური ჩარევის გარეშე, შესაძლებელია გამოუსწორებელი უკუეფექტის მიღება. ამიტომ აგროსასურსათო სექტორის დაკრედიტების სისტემის შექმნისა და პროცესების რეგულირების საკითხში სახელწიფოს მონაწილეობა აუცილებელ ღონისძიებად მესახება.

აგროკრედიტის სისტემის ფუნქციონირების მთავრი მიზანი უნდა იყოს აგროსასურსათო სექტორის საწარმოო და არასაწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა; საინვესტიციო პროცესების რეგულირება; შიდა ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე მოთხოვნილების რეგულირება; საექსპორტო პროდუქციის სტიმულირება  და სხვ.

ამდენად, საქართველოში მეწარმეობისა და აგრობიზნესის განვითარებისთვის მიმდინარე ეტაპზე გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს ეფექტიანი საკრედიტო-საფინანსო მექანიზმის ჩამოყალიბება. პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია სპეციალიზებული კოოპერატიული ტიპის აგროსაკრედიტო (ურთიერთდახმარების,  ნდობის, თავდებობისა და გარანტიების) სისტემის (სკასს) ფორმირებით, რომელიც, ერთ მხრივ, დაეფუძნება მსოფლიო აგროსაკრედიტო სისტემის პრაქტიკას და გამოცდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, შეჯერდება ქართული სოფლის სპეციფიკასთან.

სპეციალიზებული კოოპერატიული აგროსაკრედიტო სისტემის შემოთავაზებული ვარიანტი წარმოადგენს აგრარული სექტორის ძირითადი ფონდების რეკაპიტალიზაციის აქტიური პოლიტიკის გატარების ინსტრუმენტს. იგი ძირითადად დაფუძნებულია მისი წევრების კოოპერირებული სახსრების უფრო ეფექტიან გამოყენებაზე, რომელიც სესხის მიღების შედარებით გაიოლებული პირობებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ნდობით, სოლიდარული პასუხისმგებლობითა და კორუფციის გამორიცხვით მიიღწევა.

აღნიშნული პრობლემის სისტემური გადაწყვეტა და სახელმწიფო რეგულირება ხელს შეუწყობს ამ სექტორში მეურნეობრიობისთვის საჭირო პირობების შექმნას, აღწარმოების მასშტაბების გადიდებას და კონკურენტული გარემოს ფორმირებას, რაც, საბოლოო ანგარიშით, მყარ გარანტიებს შექმნის ქვეყანაში კოოპერატიული გაერთიანებების ჩამოყალიბებისა და  სასურსათო უშიშროების პრობლემის გადაჭრისათვის.

პაატა კოღუაშვილი,

ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *