დარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

მოცხარის ნაყოფების სამკურნალო მნიშვნელობა და მათი გამოყენება

გარეული ხილი თავისი თვისებებითა და ქიმიური შედგენილობით საყურადღებო ნედლეულს წარმოადგენს. ადამიანი მას საკვებად მრავალი წელია იყენებს.

გარეული კენკროვანი მცენარეების მრავალფეროვნებით კავკასია მთავარ ბაზად ითვლება. საქართველოს ტყეები მდიდარია ბუნებრივად მზარდი და ეკოლოგიური სისუფთავით გამორჩეული კენკრით. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ისინი ფუნქციონალური ინგრედიენტების უმდიდრეს წყაროდ ითვლება, ამიტომ ადამიანის საკვების დასაბალანსებლად აუცილებელია რაციონში მათი ჩართვა.

კენკროვნებიდან ყურადღებას იმსახურებს მოცხარი. მას უძველესი დროიდან მოიხმარენ, განსაკუთრებით მონადირეები. მოცხარი თაფლოვანი უეკლო ბუჩქია. გვხვდება მისი სამი სახეობა: წითელი, შავი და თეთრი.
საქართველოში ბუნებრივად იზრდება წითელი მოცხარის 3 სახეობა: კლდის, აღმოსავლური და მთის. მოცხარის ღია-მოწითალო და წვნიანი, მომჟავო ნაყოფები ქმნიან მტევანს. სახეობა გავრცელებულია კავკასიაში, ანატოლიაში, ირანში, ჩრდილოეთ და შუა ევროპაში.

თეთრი მოცხარი იშვიათად გვხვდება. მას აქვს ღია კრემისფერი გამჭვირვალე ნაყოფი და მომჟავო-მოტკბო, გამაგრილებელი გემო.

შავი მოცხარის ნაყოფს აქვს მომჟავო-მოტკბო გემო და განსაკუთრებული არომატი. მისი გავრცელებული ჯიშებია: დაჩნიცა, პერუნი, ეკზოტიკა, დუბროვსკაია გლობუსი, ვენერა, რუსალკა და სხვ. ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. იგი გავრცელებულია ევროპაში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ მონღოლეთში.

მოცხარი საშუალოდ შეიცავს: 85_86% წყალს, 4-10% ნახშირ¬წყლებს (მ.შ. 4,86-7,9% შაქრებს). შაქრებიდან სჭარბობს ფრუქტოზა 4,2%, საქაროზა კი მცირე (1%) რაოდენობითაა. ნაყოფში ბევრია მჟავა 0,4_4,5%% (სჭარბობს ვაშლმჟავა–2,5%, მჟაუნმჟავა კი მცირე რაოდენობით გვხვდება-0,06%). ნაყოფი ასევე შეიცავს 0,36-1,44% პექტინო-ვან ნივთიერებებს, 2,5-3% უჯრედანას, 0,1% ჰემიცელულოზას, 0,6% სახამებელსა და ცილას.

C ვიტამინის შემცველობით (25_570 მგ%) მოცხარი ლიდერია. განსაკუთრეებით ბევრია შავ მოცხარში (570მგ%-მდე). იგი ასევე შეიცავს კაროტინს (0,1-0,4მგ%), P (500-1200მგ%) და B ჯგუფის (0,03-04) ვიტამინებს ასევე ვიტამინებს: K, B1 (0,01-0,03მგ%), B2 (0,03-0,04მგ%), PP (0,2-0,3მგ%), E (0,72მგ%), ბიოტინი (2,4მკგ%), ფოლაცინი (6მკგ%). მოცხარი გამოირჩევა P აქტიური ნივთიერებების მაღალი (500-1200მგ%) შემცველობით, განსაკუთრებით შავი მოცხარი (1200მგ%). ზემოაღნიშნულის გარდა მოცხარი შეიცავს ფლავონოიდებს (62მგ%), ფენოლურ ნაერთებს (352მგ%), ანტოციანებსა და სხვ. უნდა აღინიშნოს ნაყოფების მაღალი ანტიოქსიდანტური აქტივობაც.

მინერალური ნივთიერებებიდან ნაყოფი შეიცავს (მგ%): 21-32 Na, 275-372 K, 36 Ca,   31-35 P, 17-35 მგ., 0,9-1,3 Fe, 130 Zn, 130მგ.კგ. % Cu, 180მგ.კგ.% Mn, 1მგ.კგ. % I  და სხვ.

C და P ვიტამინების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ განვითარებას. მოცხარში შემცველ პექტინს ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები, კალიუმი დადებითად მოქმედებს გულზე, ხოლო კუმარინი ხელს უშლის სისხლის შედედებას.

მჟავების მაღალი შემცველობის გამო წითელი მოცხარის ნაყოფის წვენი კარგად კლავს წყურვილს, ხსნის სპაზმებს, ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აღძრავს მადას, რის გამოც რეკომენდებულია ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ძალების აღსადგენად. იგი გაციების, ანთების, ათეროსკლეროზის, დიაბეტის, ალერგიის, სურავანდის სამკურნალო და შესანიშნავი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. გამოიყენება როგორც სისხლის აღმდგენი, ოფლ, შარდ და ნაღველმდენი საშუალება.

ხალხურ მედიცინაში იყენებენ დაბალი სიმჟავის გასტრიტის, გულის დაავადების, რევმატიზმის, ასთმური პრობლემებისა და თვით ხვრინვის სამკურნალოდაც.

მოცხარის მშრალი ფოთლების ნახარშს ასმევენ დიათეზით დაავადებულ ბავშვებს, ტოტების ნახარშში კი – მათ აბანავებენ.

წითელ მოცხარს აქვს ანტისიმსივნური, სიცხის დამწევი, სისხლდენის შემაჩე-რებელი თვისებები. ნაყოფის ანტისეპტიკური თვისებები სასარგებლოა საშარდე ბუშტითა და თირკმელებით დაავადებულთათვის. ნაყოფი ორგანიზმს ათავისუფლებს ქოლესტერინისა და ტოქსინებისაგან. წითელი მოცხარი სისხლის მიმოქცევის კარგი საშუალებაა.

შავ მოცხარში შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს ადამიანის ორგანიზმიდან გამოაქვთ რადიაქტიური ნივთიერებები, ანტიოქსიდანტები კი აუმჯობესებენ მეხსიერებას, ამიტომ მას მიაკუთვნებენ სამკურნალო-პროფილაქტიკური პროდუქტების ჯგუფს. შავი მოცხარი თავიდან გვაცილებს გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, აპათიას, აგრესიას, დაღლილობასა და ძილის დარღვევას; სასარგებლოა ნერვული სისტემის, თმების, ფრჩხილებისა და კანისათვის. მისი ნაყოფი გამოიყენება გაციების, თვალის, ყელისა და თირკმელების დაავადებისას, რევმატიზმის, ჰიპერტონიის, დიათეზის, ანემიის, ხველებისა და სხვ. დროს.
კვლევებმა აჩვენა, რომ შავი მოცხარის როგორც ნედლ ასევე გადამუშავებულ ნაყოფს აქვს თვისება “იწინასწარმეტყველოს” შაქრიანი დიაბეტი.

სამკურნალოდ გამოიყენება შავი მოცხარის ფოთლებიც (მდიდარია კაროტინით, ფიტონციდებით და ეთერზეთებით) და კვირტებიც. ფოთლები გამოიყენება სასმელებსა და ლიქიორებში, დიეტურ სალათებში, ხოლო გამშრალი სახით _ ჩაის ნაყენის დასამზადებლად, ასევე ანტიბიოტიკების აქტიურობის ასამაღლებლად. ეფექტურია ანემიის, ხველის, დიარეის, რევმატიზმის, თირკმელში ქვების, ათეროსკლეროზისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადებების დროს.

თეთრი მოცხარი არ იწვევს ალერგიას, რადგან არ შეიცავს მღებავ ნივთიე-რებებს. მასში შემცველი ნივთიერებები აუმჯობესებენ სისხლის შემადგენლობას, წითელ მოცხარს იყენებენ ჯემების, სიროფების, კომპოტის, მურაბისა და სხვა კონსერვების დასამზადებლად; ასევე ხილის წვნიანებსა და პუდინგებში (სკანდინავიის ქვეყნები), ტორტის დანამატად (გერმანია).

შავი კენკრისგან მზადდება მურაბა, სიროფი, ლიქიორი, ღვინო და სხვ. ვიტამინები მნიშვნელოვნად შენარჩუნებულია თერმული დამუშავების გარეშე შაქრით შენახულ ნაყოფებში.

თეთრი მოცხარი ძირითადად ნედლი სახით გამოიყენება სხვადასხვა დესერტებში, სალა¬თებში. მისგან ამზადებენ მურაბებს, ჯემებს, ჯელეს, სასმელებსა და სხვ.

ამგვარად, მოცხარი წარმოადგენს ძალების აღმდგენ, გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობის, მეხსიერების გამაუმჯობესებელ და სხვ. საშუალებას, აქვს სამკურნალო და სხვ. თვისებები, თუმცა კუჭის წყლულოვანი დაავადებებისა და გასტრიტის დროს მისი მიღება არ არის რეკომენდებული.

გულნაზ კაიშაური – ტექნ. მეცნ. აკად. დოქტორი, უფრ. მეცნ. თანამშრ. საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი
მზია ღირსიაშვილი – აგროინჟინერი