დარგებიმეფრინველეობა

მწყერის მოშენების და მოვლა-შენახვის ტექნოლოგია

მწყერის მოშენება სწრაფად აღწარმოებადი დარგია. მისი მალმწიფადობა პეკინურ იხვთან შედარებით 2-ჯერ უფრო სწრაფია, ხოლო ბაცვერზე _ 3-ჯერ სწრაფი.

ინკუბატორში მწყრის კვერცხის ჩადებიდან პირველი კვერცხის მიღებამდე სრული ციკლი შეადგენს 52-66 დღეს. 10-დღიანი მოზარდი იწყებს ბუმბულის ცვლას, 25 დღის — სრულად იბუმბლება, 30 დღის — ზრდასრულია, ხოლო 40-45 დღიდან იწყებს კვერცხდებას. მწყერის სიცოცხლის 1 კვირა შეესაბამება მეკვერცხული მიმართულების ქათმის დაახლოებით 4 კვირას.

1 კგ მწყერის ხორცის საწარმოებლად საჭიროა 3,5-3,6 კგ საკვები, 1 კგ კვერცხის მისაღებად კი — 2,6 კგ საკვები. 1 წლის განმავლობაში ერთი მწყრიდან მიღებული კვერცხის მასა 24-ჯერ აღემატება მის ცოცხალ მასას მაშინ, როდესაც ქათამში ეს შეფარდება არის 1:8-სთან, ინდაურებში კვერცხის მასა ცოცხალი მასის 1%-ია, ქათმებში — 3,8%, ხოლო მწყერში კი — 7,5%. მწყერის კვერცხის ერთ-ერთი თავისებურებაა ხანგრძლივი დროით შენახვა. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის დროს შეინიშნება მხოლოდ ნაწილობრივი გამოშრობა, მაგრამ არ ფუჭდება შიგთავსი, რადგან არ ხდება მასში მიკროორგანიზმების შეჭრა. მწყრის კვერცხი და ხორცი ითვლება დიეტურ, მაღალი ხარისხის პროდუქტებად და გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ.

მწყერის კვერცხი თავისი შემადგენლობით და საკვები ნივთიერებების შემცველობით აჭარბებს ქათმის კვერცხის შემადგენლობას: მათში ბევრია კალციუმი, ფოსფორი, რკინა, В1 და В2 ვიტამინები. მწყრის კვერცხის წარმოება ქათმის კვერცხთან შედარებით უფრო იაფი ჯდება. 125 გ-იანი მწყერი იძლევა წლის განმავლობაში 250 ც კვერცხს, რომლის მასა 22-24-ჯერ აღემატება მის ცოცხალ მასას (ქათმებში 8-ჯერ).

მწყრის ერთ-ერთი თავისებურებაა შინაურ ფრინველთა შორის სხეულის ყველაზე მაღალი ტემპერატურა. აქედან გამომდინარე, იგი არ ავადდება მრავალი ინფექციური დაავადებით. სხეულის მაღალი ტემპერატურა დაკავშირებულია ინტენსიურ ნივთიერებათა ცვლასთან.

მწყერი კვერცხდებას იწყებს ადრეულ ასაკში (35-40 დღე), როდესაც მისი ცოცხალი მასა აღწევს 90-100 გ-ს. მამლები სქესობრივი სიმწიფის მიღწევის დროს იწყებენ ყვირილს, ხოლო დედალი გამოსცემს წვრილ, ფშტვენის მსგავს ხმას. პირველ თვეში საშუალო კვერცხმდებლობა 8 კვერცხია, ხოლო შემდეგ თვეებში აღწევს 25 კვერცხამდე. თავიდან კვერცხის მასა არ აღემატება 7 გ-ს, შემდეგ თანდათან იზრდება და აღწევს 10-12 გ-ს.

5-10 კვერცხის დადების შემდეგ ფრინველი ისვენებს 1-2 დღით. წლის განმავლობაში იღებენ 250-300 ც კვერცხს მასით 18 გ. თავის მცირე ზომებთან შედარებით მწყერი დებს შედარებით მსხვილ კვერცხს, რომლის მასა სხეულის მასის 7,61%-ს შეადგენს. კვერცხი სიგრძეში 27,2 მმ-ია, სიგანეში — 22,5 მმ. ნაჭუჭის სისქე — 0,22 მმ.

პირველი 2 კვირის განმავლობაში სარემონტო მოზარდი ჰყავთ დღე-ღამის განმავლობაში სრული განათების რეჟიმზე, შემდეგ 45 დღის ასაკამდე თანდათან მცირდება განათების რეჟიმი 12 სთ-მდე, კვერცხდების დაწყებიდან კი იზრდება 17 სთ-მდე.

პირველ დღეებში უწყვეტი განათება ხელს უწყობს მათ სწრაფ ზრდა-განვითარებას, 3-6 კვირის ასაკიდან აყენებენ წყვეტილი განათების რეჟიმზე 1 სთ ჩართული 1 სთ — გამორთული, შემდეგ 3 სთ განათება — 1 სთ სიბნელე. 30-დღის ასაკიდან მწყერს ანცალკევებენ სქესზე. ყველა ზედმეტ მამრს და დაწუნებულ დედალს აყენებენ სუქებაზე. თითო გალიაში სვავენ 30-50 ფრთას. 1 ფრთაზე გალიის ფართობი 85 სმ2-ია. 3 კვირიან ასაკში შებუმბვლის მიხედვით შესაძლებელია მათი სქესზე განსხვავება. მამლების და დედლების ცალ-ცალკე გამოზრდა საკვების გამოყენების თვალსაზრისით იძლევა მაღალ ეფექტს. შენარჩუნება ამ დროს იზრდება 4 %-ით. შეჯვარებისთვის არჩევენ შედარებით განვითარებულ მამლებს. დანარჩენი მიდის სუქებაზე, შენობაში, რომლის ტემპერატურა უნდა იყოს +20-240ჩ.

სინათლის რეჟიმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მწყრის გამოზრდის ტექნოლოგიაში. ზამთრის პერიოდში უნდა იყოს 25 ლუქსი, ხოლო ზაფხულის პერიოდში — 5-10 ლუქსი. კვებავენ დღეში სამჯერ ნებაზე. სუქების ხანგრძლივობა არის ეკონომიკური ეფექტიანობის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი. მწყრის ზრდა მთავრდება 56 დღის ასაკში. მას კლავენ 56-63 დღის ასაკში, ცოცხალი მასით 200 გ-მდე. სასურსათო კვერცხის მისაღებად მათი დასმის სიმჭიდროვე უნდა იყოს 115-120 ფრთა 1მ2-ზე. ამ დროს ინახავენ მარტო დედლებს.

შენახვის დროს მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ის გარემოება, რომ ეს ფრინველი ძალზე აღგზნებადია, ამიტომ ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს წყნარად და ფრთხილად. მაღალი სიმჭიდროვის დასმის დროს, მკვეთრი განათების პირობებში, უცხო ინდივიდების შესმის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს კანიბალიზმი. ისინი კორტნიან ერთმანეთს თავის არეში ან თვალებზე. ასეთ დროს აუცილებელია მათი ჩასმა ცალ-ცალკე და განათების რეჟიმის შემცირება.

მწყერის კვება

სადედე გუნდი. სადედე გუნდს საკვებს აძლევენ დღეში ორჯერ 9 და 16 საათზე ერთ ფრთაზე 22-25 გრამის რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში. ერთი ფრთა მწყერის შესანახავად საჭიროა 8-9 კილოგრამი საკვები. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი რეცეპტით სადედე გუნდი შეიძლება ვკვებოთ კვერცხმდებლობის ბოლომდე. სადედე გუნდისათვის გამოიყენება სრულფასოვანი კომბინირებული საკვები.

სარემონტო მოზარდის კვება. მწყრის წიწილის გამოზრდის დროს მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი მუდამ უზრუნველყოფილნი არიან საკვებით და წყლით. პირველი სამი კვირის ასაკში საკვებურის სიგრძე უნდა შეადგენდეს ერთ ფრთაზე 1,6 სმ და 3-8 კვირის ასაკში 2,2-2,7 სმ. პირველი კვირის განმავლობაში საკვებურის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ს.

სიცოცხლის 1-2 დღეს წიწილას კვებავენ მოხარშული კვერცხით, რომელსაც აქუცმაცებენ და ურევენ ხორბლის ან ქერის ფაფას. ქათმის კვერცხის გარდა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მწყრის გაუნაყოფიერებელი კვერცხი, რომელიც დაწუნებულია ინკუბაციის დროს.

ერთდღიანი წიწილა შეიძლება ვკვებოთ შემდეგი სქემითაც: ქატო, კვერცხის გული დაქუცმაცებული, ახალი ბალახი, გახეხილი სტაფილო, ნარევს ცრიან საცერში, რომლის უჯრედების ზომაა 3ხ3 მმ. შემდგომში მოზარდს კვებავენ ხორბლით ან ხორბლის ბურღულით.

შეიძლება გაკეთდეს შემდეგნაირი ნარევი: კვერცხის დაქუცმაცებულ ნაჭუჭს ემატება მოხარშული თევზი, ხორბლის ბურღული, დაქუცმაცებული ჭინჭარი, ბაბუაწვერა და სხვა ბალახეული. მეოთხე დღიდან კვერცხს გამოთიშავენ ულუფიდან და ზრდიან კონცენტრირებული საკვების მიცემას.

საკვების შეცვლის მეორე ვარიანტი — პირველ დღეს წიწილებს კვებავენ ქათმის ან მწყრის მაგრად მოხარშული კვერცხით, რომელიც ასრესილია ნაჭუჭთან ერთად.

მეორე დღეს მას უმატებენ 2 გრამის რაოდენობით ხაჭოს ერთ ფრთაზე დღეში.

მესამე დღეს ულუფას უმატებენ ახლად მოთიბულ მწვანე ბალახს. მე-4 დღეს ულუფაში ამცირებენ კვერცხის რაოდენობას და ზრდიან ხაჭოს რაოდენობას.

8-28 დღის ასაკიდან წიწილების საკვებს წარმოადგენს სრულფასოვანი კომბინირებული საკვები, რომელიც განკუთვნილია ქათმის მოზარდისათვის, ხოლო 29-42 დღის სარემონტო მოზარდს კვებავენ ზრდასრული ქათმისათვის განკუთვნილი კომბინირებული საკვებით.

სიცოცხლის პირველ კვირაში მწყერს კვებავენ 5-ჯერ დღეში. მწყრისათვის განკუთვნილ წყალს პერიოდულად ემატება კალიუმის პერმანგანატის ხსნარი (1 ლ წყალზე 0,1 გ კალიუმპერმანგანატი). გამოზრდის პირველ კვირაში საკვების დანახარჯი შეადგენს 3-4 გ-ს, ხოლო ერთი თვის ასაკში — 15-16 გ-ს ერთ ფრთაზე დღეში.

მწყრისათვის დამახასიათებელია ინტენსიური ზრდა. ისინი 3 თვის ასაკში თითქმის ამთავრებენ ზრდას.

იაპონური მწყრის საშუალო ცოცხალი მასა 10 დღის ასაკში — უდრის 20-25 გ-ს, 20 დღის ასაკში 55-60 გ-ს, 30 დღის — 75-85 გ-ს. ორი თვის მანძილზე მწყრის ცოცხალი მასა იზრდება 20-ჯერ.

მწყრის სუქება. მწყრის სუქება — ასუქებენ ზედმეტ მამლებს და დაწუნებულ დედლებს 30 დღის ასაკიდან კვერცხის მიღების შემდეგ. ხორცის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭიროა 3-4 კვირით ისინი დაყენებულ იქნენ სუქებაზე. ამ მიზნით მათ ათავსებენ დაბნელებული შენობის გალიებში.

გალიებს აქვთ მთლიანი კედლები, საკვებურები და სარწყულებლები მოთავსებულია გალიის გარეთ. საკვებს და წყალს ფრინველი წვდება წვრილი სიგრძივი განაჭერიდან. გალია, რომელიც 35 ფრთა მწყერზეა გათვალისწინებული, სიგანით არის 760 მმ, ხოლო სიმაღლით — 350 მმ. გალიები შეიძლება განლაგებული იქნეს 2-6 იარუსად.

მწყერს კვებავენ ისე, როგორც მოზრდილ ფრინველს. ულუფაში შეიძლება გაიზარდოს ყვითელი სიმინდისა და საკვები ცხიმის რაოდენობა.

კარგი შედეგი მიიღება, როცა მწყრის სუქებას აწარმოებენ შემდეგი რეცეპტით: 80% ბროილერის საკვებს პლიუს 20% მოხარშული ბარდა. იაპონიაში მწყრის გასასუქებლად გამოიყენება მხოლოდ მარცვლოვანთა მარცვალი.

მწყრის გადაყვანა სასუქ ულუფაზე უნდა მოხდეს თანდათანობით 3-4 დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მწყერი შეიძლება დაავადდეს ან დაიღუპოს. სუქება გრძელდება 3-4 კვირა.

მწყრის სუქების დროს დედლები და მამლები გალიებში ცალ-ცალკე არიან მოთავსებული. კარგად გასუქებულ მწყერს გულ-მკერდის არეში ეტყობა კანქვეშა ცხიმის შრე. ორი თვის ასაკის მეკვერცხული მიმართულების მწყრის წონა საშუალოდ 110-130 გრამია, მეხორცულის — 160-200 გრამი.

სახორცედ მწყრის გამოზრდისას პირველ სამ კვირაში შენარჩუნებული უნდა იყოს სადღეღამისო განათება (25 ლუქსი). ამის შემდეგ დედლებისათვის გამოიყენება წყვეტილი განათება 1 საათი სინათლისა და 2 საათი სიბნელის რეჟიმით (5 ლუქსი), ხოლო მამლებისათვის სინათლიანი დღე შემცირებული უნდა იქნეს 8 საათამდე (განათებულობა 25 ლუქსი).

აქვე გთავაზობთ მწყრის კომბინირებული საკვების სამაგალითო შედგენილობის (%) ცხრილს.

კობა ნაცვალაძე,

სოფლის მეურნეობის დოქტორი,

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“