აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

ნიახური, მოვლა – მოყვანის აგროტექნოლოგია

   ნიახური (Aplium graveolens) ორწლიანი მცენარეა, ოხრახუშისებრთა ოჯახიდან. მისი ველური ფორმები გვხვდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, მცირე აზიაში და აფრიკაში. ეფექტური და ლამაზი შესახედაობის გამო, მის ფოთლებს ძველ საბერძნეთში და რომში იყენებდნენ გვირგვინების დასაწნავად და სხვადასხვა დეკორაციებში. უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ მედიცინაში. მოხარშულ მცენარეს ადებდნენ მოყინულ ადგილებზე, მისი ფოთლებიდან მიღებული ზეთი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალოდ.

   ნიახურს აწარმოებენ მრავალ ქვეყანაში. საკვებად გამოიყენება მისი ღეროები, ფოთლები და ძირხვენა. იგი შეიცავს ვიტამინებს (C, B1, B2), მინერალურ მარილებს (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი), შაქრებს, ამინომჟავებს. მისთვის დამახასიათებელი სუნი და გემო განპირობებულია ეთერზეთებით, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მონელებას. ის დადებითად მოქმედებს როგორც გასუქების საწინააღმდეგოდ, ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს  ძილს. 

ნიახურში ფართოდ გამოიყენება საკონსერვო მრეწველობაში. განასხვავებენ ნიახურის სამ სახეობას: ფოთლოვანი, ძირიანი და ღეროიანი. ყველაზე მეტად გავრცელებულია ძირიანი სახეობები.

ფესვთა სისტემა ღერძულია, ძლიერ დატოტვილი. ფოთლოვანი და ღეროიანი სახეობები მცირე ზომის ძირხვენას ივითარებენ, მაგრამ მათი ფესვთა სისტემა საკმაოდ ძლიერია.  ზრდის წერტილების სიმრავლისა და ფესვთა სისტემის სიძლიერის  გამო, მცენარე მოჭრის შემდეგ კარგად ვითარდება.  ძირიანი ჯიშები

წარმოქმნიან კარგად განვითარებულ, 4-10 სმ სიგრძის, 3,5-12 სმ დიამეტრის 80-300 გრ-მდე მკვრივ  ძირხვენას. ძირხვენის ფორმა ჩვეულებრივ მომრგვალო ან შებრტყელებულია.

   ვეგეტაციის  პირველ წელს მცენარე ივითარებს 20-80 სმ სიმაღლის, 10-დან 60-მდე ფოთოლს (არახელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ზოგიერთი ჯიში ყვავილობს პირველივე წელს). ფოთლებს უფრო  დიდი რაოდენობით წარმოქმნიან ღეროიანი ჯიშები. ისინი ივითარებენ 2-4 სმ-ის სისქის ღეროებს.

მეორე წელს მცენარე ივითარებს ღეროს და ყვავილობს. თანაყვავილედი რთული ქოლგაა. თესლი ძალიან წვრილია (სიგრძე 1-1,5 მმ, სიგანე და სისქე 0,5-0,75 მმ), ორლებნიანი, მუქი ყავისფერი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 2-3 წელს.

   ნიახური სიცივეგამძლე კულტურაა. მისი აღმონაცენები ადვილად იტანენ მინუს -3 -4ºC ხანმოკლე წაყინვას. ხოლო მოზრდილ მცენარეებს კი დაზიანების გარეშე შეუძლიათ გადაიტანონ -7ºC ყინვა. ტემპერატურის შემდგომი შემცირება იწვევს მცენარეთა დაზიანებას. ოპტიმალური ტემპერატურაა 18-20ºC.

თესლის სიწვრილის გამო, ოხრახუშს აწარმოებენ ჩითილის გამოყვანით. იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ მცენარის პირველივე წელს აყვავება (რაც იწვევს მოსავლიანობის შემცირებას), ჩითილის გამოყვანის პროცესში, 3-4 ნამდვილი ფოთლის განვითარებამდე, სასურველი ტემპერატურაა 15-2ºC. ჩითილებს ღია გრუნტში რგავენ, როდესაც ნიადაგი 10ºC გათბება. ნიახურის სავეგეტაციო პერიოდი ჯიშებიდან გამომდინარე 100-160 დღეა, ერთი მცენარის მასა 250-500 გრ-ს აღწევს. მოსავლიანობა მკვეთრად მერყეობს წარმოებული ჯიშებისა და აგროღონისძიებებიდან გამომდინარე. იგი საშუალოდ შეადგენს 3,2-6,5 კგ/მ²-ზე.

  ნიახური საკმაოდ მომთხოვნია სინათლისადმი, მაღალი მოსავლის მიღება შეიძლება მხოლოდ კარგად განათებულ ადგილას. მცენარე კარგად იზრდება ორგანული ნივთიერებებით მდიდარ, ღრმა სახნავი ფენის, ნეიტრალური რეაქციის მქონე ნიადაგზე. მოითხოვს ტენით უზრუნველყოფას, მაგრამ ვერ იტანს მის სიჭარბეს.

საქართველოში გავრცელებული იყო დელიკატური სახის ჯიში. საქართველოს  კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოყვანილია  რამდენიმე ჯიში, მათ შორის აღსანიშნავია (K-775 და K-778). ეს ჯიშები წარმოქმნიან 40-65 სმ სიგრძის, 30-52 ფოთოლს. ერთი მცენარის მასა მერყეობს 250-დან 450 გრ-მდე. მოსავლიანობა 3-4,5 კგ/მ². სამწუხაროდ დღეისთვის ეს ჯიშები დაკარგულია.

   ნიახურის თესლს თესავენ წინასწარ გამზადებულ ყუთებში ან მცირე ზომის კასეტებში, აღმოცენების მიღების დაჩქარების მიზნით მათ 7-10 დღით ადრე, სამი დღის განმავლობაში ალბობენ წყალში (წყალს ცვლიან 3-ჯერ დღეღამეში), შემდეგ მათ შლიან სველ ნაჭერზე და ზევიდან აფარებენ ტენიან ტილოს, რომელსაც შეშრობისთანავე ასველებენ. დათესვას იწყებენ, როდესაც გამოჩნდება ერთეული ღივები. თესავენ რიგებად, 3-4 სმ-ის დაშორებით, ჩათესვის სიღრმე 0,5 სმ. 1 ჰა-ის სამყოფი ჩითილის მისაღებად საკმარისია 300 გრ. სათესლე მასალა. ნიადაგის ზედა ფენის გამოშრობის თავიდან აცილების მიზნით, მას აფარებენ ცელოფანს, აღმონაცენები ჩნდებიან 4-6 დღეში. აღმონაცენების გამოჩენის შემდეგ, ცელოფანს აშორებენ. გადარგვამდე 2 კვირით ადრე მცენარეებს უტარებენ დამატებით გამოკვებას. ჩითილის გადარგვას იწყებენ მაშინ, როდესაც მას აქვს 4-5 კარგად განვითარებული, ნამდვილი ფოთოლი. გადარგვამდე მცენარეს უტარებენ გაკაჟების პროცესს. 

ნიახურს რგავენ მწკრივებად, 10-15 სმ-ის დაშორებით, 150-200 მცენარე 1 მº-ზე. მოვლა მოიცავს გამარგვლას, გამოკვებას და რწყვას, პირველ გამოკვებას ატარებენ გადარგვიდან 15-20 დღეში (1,5ც/ჰა ამონიუმის გვარჯილა), მეორედ 3-4 კვირის შემდეგ.  მოსავლის აღებას იწყებენ მაშინ, როდესაც ფოთლები მიაღწევენ 25-30 სმ-ს, ჭრიან მხოლოდ კარგად განვითარებულ ფოთლებს. ყოველი მოჭრის შემდეგ მცენარეებს უტარებენ დამატებით გამოკვებას. მოსავალს იღებენ 3-5-ჯერ. მოჭრილი ფოთლები დაბალ ტემპერატურაზე ინახება რამდენიმე დღე, ხოლო 0-1ºC-ზე რამდენიმე კვირა.

ილია მჭედლიძე