ფერმერთა გზამკვლევი _ ჟოლოს მოვლა – მოყვანა

ჟოლოს ორი სახეობა არსებობს: ტყის და ბაღის. ტყის ჟოლო გამოირჩევა საოცარი არომატით და სამკურნალო თვისებებით. ბაღის ჟოლო კი უფრო ტკბილი და გემრიელია, მაგრამ ნაკლებად სამკურნალოა. ჟოლო მალფუჭებად ნაყოფს მიეკუთვნება.

მისი ამორჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი იყოს მშრალი, ობისა და მავნებლების გარეშე. ზოგადად ტყის ჟოლო უკეთესად ინახება, ვიდრე ბაღის. მისი შეფერილობა სხვადასხვაგვარია. სასურველია ნაყოფი იყოს თანაბრად შეფერილი და არ ჰქონდეს შავი და მწვანე ჩანართები. ყველაზე სასარგებლოა სეზონური და ადგილობრივი ჯიშის ნაყოფი. იმპორტირებულ ნაყოფს, სავარაუდოდ დიდი რაოდენობით კონსერვანტების შემცველობა უნდა ჰქონდეს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჟოლო ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, როგორც სიცხის დამწევი, ოფლმდენი, ანტიტოქსიური, ანთების საწინააღმდეგო საშუალება. იგი ასევე გვეხმარება დავძლიოთ დაღლილობა და ცუდი განწყობილება. ჟოლო ნაზი პროდუქტია. იგი ცუდად იტანს ტრანსპორტირებასა და შენახვას. თუ მან ტრანსპორტირებისას წვენი გამოყო, შემდეგში მისი შენახვა არ არის რეკომენდირებული. ზოგადად იგი მაცივრის პირობებში სულ რამოდენიმე დღე ინახება. ჟოლოს გარეცხვა შესაძლებელია მხოლოდ გამოყენების წინ, ვინაიდან გარეცხილი პროდუქტი უცბად ფუჭდება. ჟოლოს მთავარი ღირსებაა ისიც, რომ თერმული დამუშავებისას იგი არ კარგავს სამკურნალო თვისებებს. ამით აიხსნება ჟოლოს მურაბის პოპულარობა. იგივე შეიძლება ითქვას გაყინულსა და გამომშრალ ნაყოფზე. გაყინვა უკეთესია ვაკუმპაკეტში.

ჟოლოს ჯიშების შერჩევის დროს ყურადღება უნდა მიექცეს: გემურ თვისებებს, მსხმოიარობის დაწყებას, დაავადებების მიმართ გამძლეობას, ნაყოფის ხარისხს და მოსავლიანობას.

1.ჟოლოს გაშენებისათვის ნაკვეთის შერჩევა და მომზადება

1.1. ნაკვეთის შერჩევა

ჟოლოს დასარგავად ნაკვეთის შერჩევისას საჭიროა რამდენიმე ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება:

  • ნიადაგის ტიპი და მისი ნაყოფიერება;
  • დრენაჟის სისტემა, ქარისგან დაცულობა;
  • მზით განათება;
  • წყლის ხელმისაწვდომობა;
  • წინამდებარე კულტურების სახეობა.

ჟოლოს დასარგავად შერჩეულ ადგილს მთლიანად უნდა ხვდებოდეს მზის სინათლე. უნდა შეარჩიეს დრენაჟის კარგი უნარის მქონე, ბუნებრივად ნაყოფიერი, ორგანული ნივთიერებების მაღალი შემცველობის (2-4%) ნიადაგი, რომლის pH-ის მაჩვენებელი 6.0-იდან და 7.0-მდეა. ჟოლოსთვის უფრო ხელსაყრელია ქვიშნარი ან მსუბუქი თიხნარი სტრუქტურის მქონე ნიადაგი, თუმცა კარგად ხარობს, ასევე, დრენაჟის კარგი უნარის მქონე თიხიან ნიადაგებზეც. ნაკვეთის შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია წყლის დრენაჟის საკითხი, ვინაიდან ჟოლოს ფესვთა სისტემა ნიადაგში 1 მეტრის სიღრმეზე ვრცელდება. ჟოლოს არაერთი ჯიში მგრძნობიარეა ფიტოფტორით გამოწვეული ფესვის სიდამპლისა და ნიადაგის სხვა სოკოვანი დაავადებების მიმართ (მაგალითად, Fusarium, Verticillium), რომლებიც მრავლადაა არასათანადო დრენაჟის მქონე ნიადაგებში. გრუნტის წყლების დონე არ უნდა აღწევდეს ნიადაგის ზედაპირიდან 1 მეტრის სიღრმეზე. ასევე, უნდა მოერიდოთ წყალშეუღწევი ქვენიადაგის მქონე ადგილებს. ჟოლოს გასაშენებლად დაგეგმილ ნაკვეთზე წყლის დრენაჟის სისტემის შემოწმება შესაძლებელია მარტივი მეთოდით. ნაკვეთზე საცდელი მიზნით ამოიღეთ რამდენიმე, დაახლოებით, 75 სმ სიღრმის და 15 სმ სიგანის ორმო გაზაფხულის დასაწყისში ან შემოდგომის ბოლოს, როდესაც ნიადაგი გაჯერებულია წყლით, მაგრამ არ არის გაყინული. ორმოში ჩაასხით 20 ლიტრი წყალი და ერთი საათის შემდეგ შეამოწმეთ. თუ წყალი ორმოს ძირში დაგუბდა, ადგილის დრენაჟის უნარიანობა არასაკმარისია და ჟოლოს გასაშენებლად ნაკლებად გამოდგება. ჟოლო უნდა გაშენდეს სწორ ან ოდნავ დაქანებულ (<8 %) მიწის ფართობებზე. ნიადაგის ეროზიის თავიდან ასაცილებლად რიგები უნდა მოეწყოს დაქანების საწინააღმდეგო მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ნარგავების ირგვლივ ჰაერის სათანადო მოძრაობა. ჰაერის მოძრაობა ხელს უწყობს ფოთლების ზედაპირის გაშრობას და ამცირებს დაავადების ხელშემწყობი პირობების წარმოქმნას. ჰაერის ცირკულაცია, ასევე ამცირებს მცენარეების გაყინვის საფრთხეს. როდესაც მცენარეები დარგულია შედარებით მაღალ, დაქანებულ ნაკვეთზე, ცივი ჰაერი ფერდობიდან მიემართება ყველაზე დაბალი წერტილისკენ. თუ არ დაგუბდა ცივი ჰაერი ქვედა ადგილებში, ნაკლებ სავარაუდოა გვიანი გაზაფხულის ყინვებით ნარგავების დაზიანება. მეორე მხრივ, ჟოლო დაცული უნდა იყოს ძლიერი ქარისგან, რომელიც ამცირებს მცენარეთა სიძლიერეს და აფერხებს ღეროს ზრდას.

ასევე, საჭიროა ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინება დასარგავი ადგილის განსაზღვრისას. როგორც წესი, ჟოლო უკეთესად იზრდება ჩრდილოეთ ფერდობებზე. ახალი პლანტაცია მაქსიმალურად უნდა იყოს დაშორებული გარეული ჟოლოსგან. ნარგავიდან 300 მეტრის მანძილზე გარეული ჟოლო უნდა მოაცილოთ, რათა არ მოხდეს ახალ ნარგავებში ბუგრით ან ციკადებით გადამტანი ვირუსული დაავადებების გავრცელება. ჟოლოს დარგვა მიზანშეწონილია არ არის ისეთ ადგილებზე, სადაც მანამდე დარგული იყო მარწყვი, პომიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა ან ჟოლო და მაყვალი. ჩამოთვლილი მცენარეები მგრძნობიარეა ვერტიცილიოზური ჭკნობისადმი, დაავადების გამომწვევი სოკო ნიადაგში შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში დარჩეს და დააავადოს ახალდარგული ჟოლო.

1.2. ჟოლოს დარგვა

მებაღეებისთვის ჟოლო მნიშვნელოვანი კულტურაა. მისი ნაყოფი ფასდება ნაზი არომატისა და არაჩვეულებრივი გემოს გამო. ჟოლოს დასარგავად ადგილი შეიძლება იყოს მზიანიც და ჩრდილიანიც, თუმცა პირველ შემთხვევაში ნაყოფი მალე დამწიფდება, მაგრამ მის ხარისხზე ეს გავლენას არ ახდენს. გთავაზობთ ჯოლოს დარგვის ორ მეთოდს.

ჟოლოს დარგვის პირველი მეთოდი

 ჟოლოს რგავენ რიგებად. თვითოეულს აშორებენ სხვებისგან ზუსტად განსაზღვრული მანძილით. ძელები ყენდება ყოველ რიგთან ისეთ მანძილზე, რომ მათ შორის გაიჭიმოს მეტალის მართული. ერთწლიანი ყლორტები ყოველწლიურად იზრდებიან და თანაბრად უნდა გავანაწილოთ და მივაბათ მავთულს. ერთწლინი ყლორტები, რომლებმაც უკვე მოგვცეს ნაყოფი, უნდა მოვჭრათ ფესვებამდე. ფესვის ზრდა ამცირებს ბუჩქის მოსავლიანობას, ამიტომ ის უნდა მოვჭრათ სპეციალური ხელსაწყოთი, მახვილწვერიანი ნიჩბით ან სხვა ბაღის ხელსაწყოებით 5 სმ სიღრმეზე.

ჟოლოს დარგვის მეორე მეთოდი

თავდაპირველად იღებენ ბუქჩებს, შემდეგ მათი ფესვები ნაწევრდება და ივსება ორმოები მთელ რიგზე. ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას მთავარია მცენარემ შეძლოს მაქსიმალურად მიიღოს მზის ენერგია, თუმცა ის ადვილად ძლებს ჩრდილშიც. ჟოლოს სხვადასხვა ჯიშებს სჭირდებათ განსხვავებული მოვლა. არ უნდა დავუშვათ რომ მისი ტოტები გაიზარდონ ძალიან და დაჩრდილნ ქვედა ტოტები. ბუჩქები, რომლის ფესვებმაც განიცადეს მუტაცია, ჯობია ამოვძირკვოთ. ყველაზე უკეთ ეს ჩანს ჟოლოს ყვავილობისას, თუ ჟოლოს ფოთოლი არაა მის ყვავილზე ორჯერ დიდი, ე.ი. მისმა ფესვებმა განიცადეს მუტაცია და ნაყოფიც იქნება წვრილი. ჟოლოს დარგვა შესაძლებელია გაზაფხულზე და შემოდგომით, მაგრამ უმჯობესია შემოდგომის პერიოდში გაკეთდეს ეს, რადგან გაზაფხულზე დარგვის შემთხვევაში მისი ფესვები ვითარდებიან ადრე. მას რგავენ ღრმად და ჭრიან ისე, რომ მიწის ზევით დარჩეს მხოლოდ ბუჩქის 9 სმ. ეს იძლევა გარანტიას, რომ მცენარე ამოიტანს ძლიერ ყლორტებს და მოსავალი იქნება კარგი.

საყრდენი სისტემისა და T – სებრი ტიპის შპალიერის მოწყობა
2. ჟოლოს გამოკვება

ჟოლო სხვა მცენარეებისგან იმით განსხვავდება, რომ პირველ წელს გამოაქვს მხოლოდ ფოთლები, ხოლო მეორე წელს მოკლე ტოტები, რომელზეც ვითარდება ნაყოფი. კარგი მოსავლის მისაღებად ასევე საჭიროა მცენარეს მივაწოდოთ სასუქი და ნეშომპალა. ჟოლოს სჭირდება ბევრი სასუქი, რადგან ძლიერი ზრდა სწრაფად ფიტავს ნიადაგს. კარგი მოვლის პირებებში ჟოლოს ბუჩქი ძლებს 10- 12 წელი.

ჟოლო ფიტავს ნიადაგს, ამის გამო სასუქი უნდა შევიტანოთ ყოველ წელს. სასურველია 1 ჰა-ზე შეტანილი იყოს არანაკლებ 10-20 ტ ორგანული სასუქისა. ნიადაგის მნიშვნელოვანი განოყიერებისათვის სასურველია კომპოსტის (ჩალისა და ნაკელის ნარევი) გამოყენებაც. ჟოლოს პლანტაციისთვის ყველაზე დიდი რაოდენობით საჭიროა შემდეგი სამი ელემენტი: აზოტი (N), კალიუმი (K) და ფოსფორი (P). ეს ელემენტები — N-P-K მცირე რაოდენობით უნდა შევიტანოთ რიგში დარგვამდე რამდენიმე კვირით ადრე, თუ ნიადაგში დაბალია ორგანული ნივთიერებების შემცველობა ან ნაკელი არ არის დამატებული. ასეთ დროს რეკომენდებულია, დაახლოებით, 10-1010 სასუქის 3 კგ-ის დამატება ნარგავების რიგის ყოველ 100 კვ. მეტრზე და შერევა 3-5 სმ სიღრმეზე. დამატებითი მარცვლოვანი სასუქი არ უნდა შეიტანოთ მანამ, ვიდრე არ ამოვა ახალი ამონაყარი, ვინაიდან ჟოლოს ახალი ნარგავები მგრძნობიარეა მარილით დაზიანებისადმი. სავეგეტაციო სეზონის განმავლობაში რემონტატული ტიპის ჟოლოს ნარგავებში შესატანია, დაახლოებით, 150კგ/ჰა აზოტი (N). ფოსფორი უნდა დაემატოს 50—60 კგ/ჰა-ზე ოდენობით ყოველ წელს; კალიუმის დამატება კი უნდა მოხდეს 100-120 კგ/ჰა-ის ოდენობით წელიწადში. გაშენებულ ჟოლოს ნარგავებში მარცვლოვანი სასუქი უნდა შევიდეს რამდენჯერმე: საუკეთესო შემთხვევაში, ვეგეტაციის დაწყებისას, ყვავილობის დროს და შემდეგ რამდენჯერმე სავეგეტაციო ზრდის პერიოდში. მიკროელემენტების სასურველი დიაპაზონი საკმაოდ პატარაა და მათი ჭარბი რაოდენობით გამოყენების შედეგად შესაძლებელია მეტი ზიანი, ვიდრე მათი ნაკლებობით იქნებოდა გამოწვეული. ამის გამო, ჟოლოს ნარგაობაში არ უნდა დაემატოს მიკროელემენტები, თუ დეფიციტი არ დასტურდება ფოთლის ანალიზით.

ჟოლოს არ უყვარს, როდესაც მის ქვეშ ნიადაგი შრება, ამიტომ ის უნდა დაიმულჩოს. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ ფოთლები, ნახერხი, ტორფი, თივა. ჟოლოს წყლის მოთხოვნილება განსხვავებულია ამინდის, ნარგავების სიხშირის და სიძლიერის მიხედვით. თუმცა, მაქსიმალური ან პიკური ტენიანობის მაჩვენებლად ითვლება დღეში 0.5-დან 0.8 სმ-მდე. ჟოლო პრაქტიკულად მთელ ტენს იღებს ნიადაგის ზედა 60 სმ-იდან. სხვადასხვა ნიადაგი ზედა 60 სმ-ში წყლის სხვადასხვა მოცულობას ინარჩუნებს. მაგალითად, კარგად დრენაჟირებულ ქვიშოვან ნიადაგებს მხოლოდ 5 სმ წყლის შენარჩუნება შეუძლია, თიხნარ ნიადაგებს კი – 10 სმ-ისა. საზოგადოდ ითვლება, რომ მორწყვა უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც ნიადაგში ხელმისაწვდომი ტენის 50 პროცენტი გამოყენებულია. პიკური გამოყენებისას ეს მოხდება წინა ირიგაციიდან 5-10 დღეში, ნიადაგის ტიპის და წვიმის ფაქტორების მიხედვით. ჟოლოს მოსარწყავად სასურველი მეთოდია წვეთოვანი სისტემით მორწყვა, ამდენად, საჭიროა დარგვიდან მოკლე ხანში მისი მოწყობა. საშუალოდ, ჟოლოსთვის საჭიროა 2.5-3.8 სმ წყალი კვირაში წვიმის ან მორწყვის სახით, ყვავილობიდან მოსავლის აღების დასრულებამდე. ნაყოფის განვითარების პერიოდში კი აუცილებელია უფრო მეტი მოცულობა, 3.8 სმ კვირაში. დაცულ სტრუქტურებში მოყვანილ ჟოლოს, მაგ., სათბურებში ან მაღალ გვირაბებში მოყვანილს სჭირდება მეტი წყალი, ვიდრე ღია გრუნტში გაშენებულ მცენარეს. წყლის საჭირო მოცულობის განსაზღვრისას.

3. გასხვლა 

პირველი წელს მსხმოიარე ჟოლოს გასხვლის დრო დამოკიდებულია მოსავლის აღების დროზე. ძირითადად, უნდა დააცადოთ, დაახლოებით, 5 თვის განმავლობაში, რათა მოხდეს ღეროს ვეგეტაციური ზრდა ყვავილობის დაწყებამდე. მოსავლის აღება იწყება ყვავილობის დაწყებიდან, დაახლოებით, 5 კვირის შემდეგ და ნაყოფის უდიდესი ნაწილი მიიღება შემდგომი 6 კვირის განმავლობაში. პირველი წლის ტიპის ჟოლოს ზრდის მთლიანი ციკლი მერყეობს 6-8 თვე და დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, დაცული სტრუქტურების გამოყენებასა და კულტივირებაზე. გასხვლა ამცირებს ნაკვეთზე დაავადების ინოკულანტის რაოდენობას, რომელიც, როგორც წესი, მაღალია ძველ ღეროებზე. ის, ასევე, აძლევს ახალ მეორე წლის ტიპის ამონაყარს უფრო სწრაფად ზრდის შესაძლებლობას. დაავადებათა სპორები შეიძლება დიდი რაოდენობით არსებობდეს მოჭრილ გამხმარ ტოტებზე. თუ მოჭრილ ღეროებს დატოვებთ ნარგავების უბანზე ან ამ ტერიტორიის მახლობლად, დაავადება შეიძლება კვლავ ნარგავებში გავრცელდეს. მოჭრილი ღეროების გატანა და დაწვა ამცირებს დაავადების განვითარების საშიშროებას. ჟოლო უნდა გაისხვლას ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე.

4. მავნებლებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის საშუალებები

მავნებლების მიერ გამოწვეული დაზიანების სიმპტომების ცოდნა და ნარგავების ხშირი მონიტორინგი მნიშვნელოვანია სერიოზული აფეთქებების თავიდან ასაცილებლად. აუცილებელია მავნებლების პრობლემების ადრეული იდენტიფიკაცია და შესაბამისი კონტროლის ღონისძიებების გატარება, რათა მივაღწიოთ ხილის დამაკმაყოფილებლად მოყვანას და მოგებას. არსებობს მავნებლის დათრგუნვის რამდენიმე მეთოდი, მათ შორის, პრევენცია, სათანადო სანიტარიული ზომების გატარება და ბიოლოგიური და ქიმიური კონტროლი. მავნებლებთან ბრძოლის ეფექტური პროგრამები მოიცავს შესაძლო პრობლემების გათვალისწინებას, ხშირ მონიტორინგს და, საჭიროებისამებრ, მცენარეთა სათანადო დამცავი საშუალებების დროულად გამოყენებას. უნდა გამოიყენოთ მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ ნებადართული პესტიციდები. ჟოლოზე მავნებლების ზეგავლენის შესამცირებლად არსებობს მცენარეთა დამცავი სხვადასხვა საშუალება. ჟოლოს მავნებლებიდან გამოირჩევა – ჟოლოს ხოჭო. ის რუხი შეფერილობისაა. მის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟოლოს ნაყოფი წვრილდება, არ ვითარდება და ხმება. მის წინააღმდეგ საბრძოლველად შემოდგომობით ბუჩქის გარშემო მიწა უნდა დავბაროთ, მაგრამ ხოჭოების დიდი რაოდენობის დროს ისინი უნდა დავფერთხოთ ბუჩქიდან ტილოზე ან გაშლის ქოლგაზე და გავანადგუროთ. ამის გარდა დაზიანებული ნაყოფი მოვაშოროთ და ისიც გავანადგუროთ. მავნებლებისაგან თავის დასაცავად იყენებენ კარბოფოსს (75 გრ. 1 ვედრო წყალზე); მას ასხურებენ ბუჩქებს ორჯერ წელიწადში: აყვავების წინ და მოსავლის აღების შემდეგ.

ჟოლოს ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს იწვევენ სოკოები, თუმცა ზოგიერთი დაავადება შეიძლება, ასევე, ვირუსებითა და ბაქტერიებით იყოს გამოწვეული. ჟოლოს დაავადებების სიხშირესა და სიმწვავეზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის, ჯიში, მცენარეთა სიძლიერე, ზრდის ეტაპი, გარემო პირობები, კულტივაციის მეთოდები და მცენარეთა სიმჭიდროვე. ჟოლოს წარმოებისას ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროცედურების დაცვა, როგორიცაა ცნობილი  პათოგენებით დაუსნებოვანებელი დასარგავი მასალის გამოყენება, ნაკვეთის სანიტარიული დამუშავების სათანადო მეთოდები, დაავადებების მუდმივი მონიტორინგი და მცენარეთა დამცავი საშუალებების გამოყენება.

5. მოსავლის აღება

ჟოლო უნდა დაიკრიფოს ნაყოფზე ხელის ფრთხილად. ჟოლოს ნაყოფი იოლად უნდა ცილდებოდეს ყვავილსაჯდომს. მოწყვეტის შემდეგ გვრჩება ნაყოფი, რომელსაც აქვს ღრმული. ჟოლო ძალიან ფაქიზი კენკრაა, დაკრეფისას ან მისი შემდგომი სასაქონლო დამუშავებისას არ შეიძლება მისი დაზიანება და/ან დაჭყლეტა. კრეფისას ნაყოფის დაზიანების შედეგად ჟონავს სითხე და სიტკბო, რაც იწვევს მოსავლის სწრაფ გაფუჭებას. დაკრეფილი ჟოლო ფრთხილად უნდა ჩაიწყოს დასაკრეფ კონტეინერში ან, უკეთესია, პირდაპირ სარეალიზაციო კონტეინერში. ჟოლო უნდა დაიკრიფოს დღის ყველაზე გრილ პერიოდში, ჩვეულებრივ, დილით. მოერიდეთ დაკრეფას, როდესაც რბილობის ტემპერატურა 27°C-ზე მაღალია და ნაყოფი ძალიან არამდგრადია დაჭყლეტით დაზიანებისადმი. ამას გარდა, თუ ხილის ტემპერატურა უფრო მაღალია, საჭირო იქნება მეტი ენერგია და სიცივე მოსავლის აღების შემდეგ სიცხის გამოსატანად. ჟოლოს მოსავლის აღება არ შეიძლება მაშინ, როცა ნაყოფი სველია. ეს გაზრდის ობის განვითარების შემთხვევებს. მოსავლის აღების სიხშირე უნდა იყოს ყოველდღიური. გამოცდილი მკრეფავები, ჩვეულებრივ, საათში კრეფენ 4-5 კგ-ს, ნაკლებ ეფექტურმა მკრეფავებმა კი შეიძლება მხოლოდ 2.5-3 კგ დაკრიფონ საათში, საუკეთესო მკრეფავები კი საათში 6კგ-ზე მეტ ხილს კრეფენ.

მოსავლის აღების შემდგომი ღონისძიებები

ჟოლო ძალიან მალფუჭებადი კენკრაა და დაკრეფის შემდეგ შენახვის პერიოდი მხოლოდ 4-7 დღეა. მოკრეფის შემდეგ უნდა განხორციელდეს ნაყოფის რბილობის სწრაფი გაგრილება 0-1°C-მდე, რათა შენახვის უნარიანობა გაიზარდოს.

Project name: Development of horticulture in Kakheti Region of Georgia

 პროექტი: მეხილეობის განვითარება კახეთის რეგიონში