ფსტა (Pistacia vera L)
ფსტა საშუალო სიმაღლის ხეა, ფართო მრგვალი ფორმის გარსით, ახალგაზრდა ღეროები და ყლორტე-ბი გლუვი, მოწითალოყავისფერია. ერთი წლისა და მეტი ხნის ღეროები დაფარულია ხაოიანი ნაცრისფერი ქერქით. აქვს ფართო, ოვალური ან კვერცხისებრი ღია მწვანე ფერის მჭიდროდ განლაგებული ფოთლები.
ფსტა ფართოდ არის გავრცელებული მსოფლიოში, განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის აუზსა და შუა აზიაში, სადაც აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 3200-35000Cია.
ფსტა ორბინიანი მცენარეა და ბუნებრივ კორომებში მამრობითი მცენარეების რაოდენობა ჭარბობს (55-70%) მდედრობითს (30-45%). ყვავილები შეკრებილია საგველასებრ თანაყვავილედში. ყვავილობა იწყება მარტის ბოლოს _ აპრილის დასაწყისში. მამრობითი მცენარეები უფრო ადრე იწყებენ ყვავილობას, ვიდრე _ მდედრობითი. ფოთლები ყვავილობის შემდეგ იწყებენ განვითარებას.
კაკლოვანი კულტურებიდან ფსტა (იგივე ბუსტუღი) ერთერთი უძველესი კულტურაა. მას ამრავლებდნენ და აშენებდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შვიდი ათასი წლის წინ. ნაყოფი მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა და კაკლოვნებიდან ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია. მისი ნაყოფი ნიგოზთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე ნაჭუჭთან ერთად დაახლოებით 4-ჯერ ძვირად იყიდება. არქეოლოგიური გათხრები ცხადყოფს, რომ ქვის ხანაში ფსტა ევრაზიის კონტინენტის სამხრეთით ტყის ბუნებრივ კორომებში ფართოდ გავრცელებული მცენარე ყოფილა, რომლის სიხშირე კორომებში ჰექტარზე საშუალოდ 60-70 სრული ასაკის ხეს შეადგენდა. წარსულში მისი ხეები ინ-ტენსიურად იჩეხებოდა სათბობისათვის და ნახშირის საწარმოებლად.
უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ წვრილნაყოფიანი, განსაკუთრებით მსხვილნაყოფიანი ფსტა _ pistacia vera L. საქართველოში ფართოდ გავრცელებული მცენარე ყოფილა. ამას ადასტურებს საქარველოს სამხრეთაღმოსავლეთ ტერიტორიაზე ფსტის პლანტაციების დამადასტურებელი არქეოლოგიური გათხრების მასალები. ის დღეს შემორჩენილია საქართველოდან სამხრეთაღმოსავლეთში ტყის ბუნებრივ კორომებში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფსტის კულტივირება წარმოებს აზერბაიჯანში, თურქეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, ავღანეთში, ირანში, ტუნისში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში 600-1700 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ძირითადად ექსტენსიური სოფლის მეურნეობის ზონებში. ამ ქვეყნის ნიადაგურკლიმატურ პირობებს თუ საქართველოს მაჩვენებლებს შევადარებთ, ჩვენს ქვეყანას ფსტის წარმოების უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რასაც ჩვენი ცალკეული მოყვარული მებაღეების გამოცდილებაც ცხადყოფს.
ფსტის ნაყოფი მსხვილი და თხელნაჭუჭიანია, შედგება 2 მწვანე ფერის ლებნისაგან. ნაყოფი მწიფდება აგვისტოსექტემბერში. იგი მდიდარია ცხიმებით (40-70%), ცილებით (15-20%) და ნახშირწყლებით (13%). ნაყოფიდან შესაძლებელია ზეთის მიღება.
ზრდასრული ხე მოსავალს ყოველწლიურად იძლევა. ბუნებრივი კორომებიდან მიღებული მოსავალი მეტად დაბალია და 12 კგ-ს არ აღემატება, ხოლო კულტურული ფსტის ხეების (რომელთა ასაკი 60-80 წელია) მოსავლიანობა 30-35 კგ-მდე აღწევს.
ფსტის ხე მოსავალს 300 წლის განმავლობაში იძლევა. შუა აზიის ფსტის ნაყოფი უფრო მეტი ცხიმის შემცველია, ვიდრე ირანული, იტალიური და ტუნისის ჯიშპოპულა-ციებისა. ფსტის ფოთლები, ღეროები, ქერქი და ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს და ამიტომ ის მაღალი ხარისხის საღებავის საწარმოებლად უნიკალური მასალაა. ფსტის ფისიც მეტად ძვირადღირებული ნედლეულია.
ფსტა გვალვაგამძლე მცენარეა და ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ მთისწინა ზონაში მშრალი ჰა-ერის, მაღალი ტემპერატურის (+50C) პირობებშიც კარგად ხარობს და მოსავალსაც კარგს იძლევა. ამიტომ ფსტის გასაშენებლად საჭიროა ჰაერისა და წყლის კარგად გამტარი ნიადაგების შერჩევა. ყველა ზემოაღნიშნულის გამო საქართველოში ამ კულტურას უზარმაზარი პერსპექტივები აქვს, ვინაიდან სწო-რედ ასეთ ზონებში ზღვის დონიდან 600-700 მეტრ სიმაღლეზე და პირობებში ჩვენს ქვეყანას დიდი მოცულობის აუთვისებელი მიწის რესურსები აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ ფსტა ყინვაგამძლე მცენარეა მინუს 410C უძლებს. მთიანი ზონებისთვის ეს კულტურა კიდევ ერთი დადებითი თვისებით ხასიათდება. ის ყველა მიმართულებით ივითარებს ძლიერ ფესვთა სისტემას, რითაც კარგად იცავს მთის დამრეც ფერდობებს ეროზიისგან.
საქართველოში ფსტის პლანტაციების დიდ ფართობებზე გაშენება მეტად პერსპექტიულია. წარმოებული პროდუქცია მთლიანად დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას და შესაძლებელი გახდება მისი ექსპორტზე გატანა. პირველ რიგში, გულდასმით უნდა შეირჩეს პერსპექტიული ჯიშები და მათ გასაშენებლად ვარგისი ნიადაგები. პარალელურად უნდა ვიზრუნოთ ადაპტირებული ნამყენი ნერგების წარმოებაზეც. ასევე საჭიროა პერსპექტიული ჯიშების შემოტანა და საქართველოში ფერმერულ მეურნეობებში სადედეების შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება ფსტის ჯანსაღი და მაღალხარისხიანი სარგავი მასალის წარმოება.
ნანა ჯაბნიძე
სმმ აკადემიური დოქტორი