პირველი ქართული მარანი ბრიტანეთში (ლონდონური მონათხრობი)

ბოლო ათწლეულია, რაც ქართული ქვევრითა და ზოგადად ღვინის ქართულად დაყენების საქმით ევროპისა თუ უცხოეთის სხვა ქვეყნები საკმაოდ ინტერესდებიან. შედეგად საზღვარგარეთ უკვე არსებობს ათეულობით მარანი, რომლებიც ქართული ქვევრებითაა გაწყობილი. ვფიქრობთ, რომ ეს ყოველივე ჩვენი ქვეყნის სახელია, თუმცა არის არაერთი შემთხვევა, როდესაც უცხოეთში ჩატანილი ქვევრი არაა სათანადო ხარისხისა. ამ უსიამოვნო შემთხვევისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ უცხოეთის შემთხვევა კი ერთი-ორად მტკივნეულია, ვინაიდან ეს ყოველივე ქართული ტრადიციული მეღვინეობის რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება… ამიტომაც უცხოეთში ქვევრების გატანისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან, რა დასამალია და, ზოგიერთი მექვევრის ნახელავი ქვევრი ხშირად არაა სათანადო ხარისხია, ხოლო ზოგჯერ კი მათი ხარისხი პირადპირ სამარცხვინოა. ეს ვითარება ჩვენი საერთო პრობლემაა და ამიტომ მის გამოსასწორებლად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. ვფიქრობთ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივა, შეიქმნას ქვევრის სტანდარტი – მისასალმებელია და ეს გარემოება პრობლემას მეტ-ნაკლებად გადაჭრის. ასევე აუცილებლად მიგვაჩნია ქვევრის ნიშანდება, ანუ დამღის ნიშნის გამოყენებაც, რაც უხარისხო ქვევრების გაყიდვის შემთხვევაში მათ მიკვლევადობას გააიოლებს.

რაც შეეხება ჩვენი სტატიის მთავარ საგანს, მოგახსენებთ, რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართული ტრადიციული ჭურჭელს – ქვევრს უცხოეთში ღვინის ქართულად დაყენების წესიც გაჰყვა. საქმე ეხება ბრიტანეთში, კონკრეტულად კი პლამპტონის ღვინის კოლეჯში აშენებულ ქართულ მარანს, რომლის ინიციატივაც ეკუთვნის ბრიტანეთის მოქალაქეს – ზაზა (ჰენრი) მჭედლიშვილს. ეს ყოველივე კი იმით დაიწყო, რომ გასულ, 2017 წლის ზაფხულს ზაზა ლონდონიდან დამიკავშირდა და იდეის არსი გამაცნო. ამის შემდეგ შევუკვეთეთ ქვევრები ტყემლოვნელ და მაქათუბნელ მექვევრეებთან. წვიმიანი ამინდების გამო ქვევრების დამზადება საკმაოდ გაჭიანურდა და შესაბამისად მათი ადგილამდე ჩატანა ცოტა დაგვიანდა, რის გამოც ქვევრების ჩარგვა დაძაბულ, ექსტრემალურ ვითარებაში მოგვიწია ლონდონური წვიმების თანხლებით.

მარნის მშენებლობა

ქვევრების ჩარგვისა და მარნის გადახურვის დასრულებისთანავე ხის მომცრო ყუთებში ჩაყრილმა იტალიაში ნაყიდმა ყურძენმაც მოაღწია მაცივრიანი მანქანებით. ეს იყო თეთრი ტრებიანო, წითელი მონტეპუჩიანო და მერლო. აქედან ტრებიანოს ყურძნის ერთი მცირე ნაწილი დავაყენეთ უდედოთ, ხოლო ძირითადი ნაწილი კი ქვევრში ჩავწურეთ ჭაჭიანად.

ტრებიანო ჭაჭაზე

დაიწურა წითლებიც. დუღილის პროცესი მესამე დღეს დაიწყო, რაც საკმაოდ აქტიურად წარიმართა. ტრებინომ ჭაჭაზე სამ კვირამდე დაჰყო, ხოლოდ წითლები კი ჭაჭიდან მალევე მოვხსენით და ფერმენტაცია და მეორადი დუღილი მაჭარმა დაასრულა. ეს პროცესი ღვინის კოლეჯის სტუდენტებისა და სტუმრებისათვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა და შესაბამისად, მარანში მათი ნაკადი უწყვეტი იყო. თუმცა დამხვდურებისაგან, როდესაც გაიგეს, რომ საფუარისა თუ სხვა უამრავი ქიმიური საშუალების გამოყენებას არ ვაპირებდით, „ეჭვის თვალსაც“ ვგრძნობდით… მაგრამ, მადლობა ღმერთს, ფერმენტაციამაც და დაწდომის პროცესმაც ძალზედ კარგი და დროული შედეგი მოგვცა. საბოლოოდ, დაახლოებით ერთი თვის თავზე ადგილობრივი ლექტორების, სტუდენტებისა და სტუმრებისათვის, რომელთა მხრიდანაც დიდი დაინტერესება გამოითქვა, მომიწია სემინარის ჩატარება სათაურით – „ღვინის კულტურა საქართველოში“, რომლის დასასრულსაც მე და ზაზამ მოვაწყეთ ახალგაზრდა ღვინოების დეგუსტაცია, რამაც დამსწრეთა მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ იყო, რადგან, რამდენიმე თვეში წინ გვქონდა ღვინის დიდი და მკაცრი შეფასება… მარანში ყველა ღვინო დაწყნარდა თუ არა, ქვევრები დაილუქა. სარქველები თბილისში, „კიროვის“ ქარხანაში დავაჭრევინეთ მინისაგან, თიხაცა და ქვევრების სარეცხი კირიც აქედან გავაყოლე ქვევრებს. სანამ ქვევრებს ჩავრგავდით, ისინი კირწყლით კარგად დავხეხეთ წინდაწინ მომზადებული გრძელტარიანი ჯაგრისებით.

ჭაჭის ჩასარევები თავადვე დავამზადეთ, ხოლო ჭაჭის ფიწლები, თანაც „ზედგამოჭრეილები“ სამშენებლო სუპერმარკეტში ვიყიდეთ, თანაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად (ჩვენთან მაინც იყიდებოდეს ამგვარი ფიწლები…).

ვითარებას გვიადვილებდა ის, რომ კოლეჯში ყველა საჭირო ელექტრო თუ მექანიკური დანადგარი (წნეხი, ტუმბო, კლერტსაცლელი…) ადგილზე იყო, რაც ნამდვილად დიდებულად წაადგა ჩვენს საქმიანობას. დანადგარებითა თუ სხვა კომფორტით დახმარება თავიდანვე აღგვითქვა კოლეჯის უფროსმა კრის ფოსმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში იყო ნამყოფი. მე მას სექტემბრის პირველ თუ ორ რიცხვში შევხვდი კოლეჯში და მაშინვე მახარა: ერთი კარგი ღვინო მაქვს და ახლავე უნდა გაგასინჯოო. ბოთლში 45გრამი თუ იქნებოდა ჩარჩენილი. ალავერდის მონასტრის საფერავი… მივხვდი, ძალიან აინტერესებდა ჩემი აზრი ამ ღვინოზე. მე ვუთხარი, ამას ახლოს ვიცნობ და მე უფრო მაინტერესებს შენი აზრი-მეთქი. ერთ-ერთი საუკეთესოაო, ასე მითხრა…

ზაზა მჭედლიშვილი, კრის ფოსი, გიორგი ბარისაშვილი და პლამპტონის მთავარი მეღვინე სარა მშენებარე მარანში.

   კოლეჯი ღვინოსა და შუშხუნა ღვინოს აწარმოებდა, რისთვისაც საკუთრი ვენახებიც ჰქონდა. ღვინის საამქროს კედლებზე უხვად იყო გამოფენილი პლამპტონის ღვინის კოლეჯში გაკეთებული ღვინეობის სიგელები. კრისს ორჯერ-სამჯერ ვთხოვე, ერთი ბოთლი მათ კოლეჯში გაკეთებული ღვინო მოეცა, რათა ჩემი კოლეგებისთვის გამესინჯებინა საქართველოში, რაზეც სიხარულით დამთანხმდა, თუმცა, ალბათ უფრო გულმავიწყობით ღვინო არ მოუცია… ის კი არა, ერთი ჭიქა ღვინოც არავის შემოუთავაზებია ჩვენი ერთი თვით იქ სტუმრობის დროს… არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყოველივე ბატონი კრისის საქართველოში ვიზიტის ხარისხის გავლენაც იყოს. მხოლოდ ერთხელ კი, და ისიც სრულიად უცხო კაცმა, გამასინჯა კოლეჯში გაკეთებული ერთი ჭიქა ღვინო და მაშინვე დავრწმუნდი, რომ დიდი ბრიტანეთის ერთადერთ ღვინის კოლეჯში გაკეთებული ერთი ბოთლი ღვინის გარეშე დარჩენაში, ნამდვილად უფლის ხელი ერია…

მიიწურა სექტემბერი. დაილუქა ქვევრები და დავთქვით ლონდონში ჩემი შედგომი ვიზიტის თარიღი. იანვრის ბოლოს ჩავაკითხე ჩვენს ლონდონურ ჭურ-მარანს. ქვევრები მოვხადეთ და ღვინო ლექიდან მოვხსენით. თან სადეგუსტაციო ნიმუშებიც ავიღეთ, ბოთლებში ჩამოვასხით და გავაფორმეთ. 2018 წლის 22 იანვარს ლონდონის ცენტრში ღვინის ცნობილი მაღაზიის – „ჰედონიზმის“ მახლობლად, პიკადილის ქუჩის კვეთაზე დეგუსტაცია დაინიშნა, სადაც მოწვეულები ივყენენ სპეციალისტები, ჟურანლისტები და სხვ… მოსული იყო ღვინის ოსტატი, ქალბატონი სარა აბოტიც. ყოველი ღვინის გასინჯვის წინ ჩვენ ღვინოებს მცირედ შესავალს ვუკეთებდით.

საზოგადოებას გავასინჯეთ ოთხი ღვინო: ტრებიანო უდედო; ტრებიანო ჭაჭაზე (3 კვირა); მონტეპუჩიანო და მერლო. სიმართლეს ვიტყვი, ამგვარ შედეგსა და შეფასებას არ ველოდი. ეს ყოველივე ადგილობრივმა პრესამაც გააშუქა. ვთვლი, რომ ჩვენი პირველი ნაბიჯი წარმატებით დასრულდა და ჩვენმა კარგმა ჭურჭელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის, რომ თუკი კაცი საგანს საქმის ცოდნით მიუდგება, ქვევრი ყოველთვის იტყვის თავის მართალ სიტყვას.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ქართულ ჭურჭელს უცხოეთში მხოლოდ მზერა კი არა, ღვინის ქართულად დაყენების წესიც გავაყოლოთ, რისი ერთ-ერთი პირველი მაგალითია ბრიტანეთში აშენებული პირველი ქვევრ-მარანი.

გიორგი ბარისაშვილი

მცხეთა, 2018 წ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *