დარგებიმებოსტნეობა

ქართული ხალხური და სამეცნიერო სელექციით შექმნილი ჯიშ-პოპულაციები

საქართველო მდიდარია სასოფლო-სამეურნეო კულტურების ველური წინაპრებითა და მონათესავე სახეობებით, ხალხური სელექციით შექმნილი ჯიშ-პოპულაციებით, კულტურული ფორმებით და აგრეთვე სელექციური ჯიშებით, ეს საქართველოს მრავალსაუკონოვანი სამიწათმოქმედო ტრადიციით აიხსნება, ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით და წინა აზიასთან გეოგრაფიული სიახლოვით, რომელიც სოფლის მეურნეობის წარმოშობისა და უმნიშვნელოვანესი მარცვლოვანი, სამარცვლე-პარკოსანი და საკვები კულტურების მრავალფეროვნებისა და მოშინაურების ცენტრია.

საქართველოში განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს სხვა კონტინენტებიდან შემოტანილმა კულტურებმაც: სიმინდი, ლობიო, სოია და სხვა. ისინი კარგად იყვნენ შეგუებული როგორც დასავლეთ საქართველოს ტენიან, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ პირობებს. მათ გენეტიკურ სტრუქტურაში კოდირებული იყო უნიკალური ნიშანთვისებები, ხასიათდებოდნენ იმუნურობით, მაღალი ბიოქიმიური, ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლებით, ისინი კარგად შეეგუენ ადგილობრივ პირობებს, დასაბამი მისცეს მრავალ ადგილობრივ ჯიშ-პოპულაციას, ჯიშსა და ფორმას და დიდი როლი ითამაშეს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაში.

ველურ სახეობებს, ხალხური სელექციის ჯიშ-პოპულაციებს და ისტორიულ ჯიშებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ახალი ჯიშების გამოსაყვანად, რამდენადაც ისინი წარმოადგენენ მცენარეებში გარემოსთან შეგუების უნარის, სტრესების მიმართ გამძლეობის, ტექნოლოგიური და ორგანოლეპტიკურის მახასიათებლების განმსაზღვრავრელი გენების წყაროს.

თანამედროვე სელექცია ინტენსიურად იყენებს ამ გენებს და მათ გარეშე სოფლის მეურნეობის  განვითარება წარმოუდგენელია. ამავე დროს, ბევრი ძველი ჯიში კვლავინდებურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ერის ტრადიციებთან, კულტურასთან და რელიგიურ რიტუალებთან. გასული საუკუნის დასაწყისიდან, მთელს ქვეყანაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა გენეტიკური ეროზია.

მაღალმოსავლიანმა სელექციურმა ჯიშებმა თითქმის მთლიანად განდევნეს ადგილობრივი ჯიშ-პოპულაციები ქართული მიწათმოქმედებიდან, ხოლო ბოლო წლის მანძილზე სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებში თავმოყრილი კოლექციები საგრძნობლად შემცირდა, მათი ძირითადი ნაწილი გაიტანეს უცხოურ გენბანკებში. კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აგრარული ბიომრავლაფეროვნების შენარჩუნებასა და დაცვას.

აუცილებელია შევაგროვოთ, შევისწავლოთ და მომავალ თაობებს გადავცეთ ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართული გენეტიკური მასალა: ენდემური სახეობები და ადგილობრივი, ხალხური სელექციით მიღებული ჯიშ-პოპულაციები).

ქვემოთ გთავაზობთ ქართული ბოსტნეულის ჯიშ-პოპულაციების ჩამონათვალს,  რომლებიც ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანას“ მიერ არის აღნუსხული და მოძიებული:

ბადრიჯანი: „გარდაბნული“, „ონი“, „შავგვრემანი“;

გოგრა: „დიდნაყოფა გოგრა“, „ქართული 54“, „ხოკერა გოგრა“;

ისპანახი: „ისპანახი გოდრი“;

კიტრი: „მუხრანული“;

კომბოსტო: „ბერბუკელა,  „ბორჯომის იდეალი, „გორული ბრაუნშვეიგის, „ლიკანი, „ქართული ანუ მესხური“, „კომბოსტო“, „ხარისგულა“;

ნესვი: „თაქთაქიშვილი“, „მეგრული ნესვი“, „მუხიანური“;

ნიახური: „ქართული“;

ნიორი: „გორული“, „იმერული 23“, „მესხური თეთრი“;

ოხრახუში: „ტყაჩირული ფოთლოვანი“, „ქუთაისური“;

პომიდორი: „არაგვი“, „ბაზრის საკვირველება“, „ვარდისფერი ჭოპორტულა“, „კოლხიდელი საადრეო“, „საკონსერვო“, „ფშავი“, „ჭოპორტულა“;

რეჰანი: „იისფერი“;

საზამთრო: „კახური გრძელი შავი“, „კახური მრგვალი შავი“, „მუხიანური საზამთრო“, „სოხუმური საზამთრო“;

სტაფილო: „ნანტის გორული“;

წიწაკა: „გორულა წიწაკა, მეგრული წიწაკა, სვენეთურა, სპილოს ხორთუმი 304, ქუთაისური წიწაკა;

ჭარხალი: დიღმური სუფრის ჭარხალი“, „ერფრუტის გორული სუფრის ჭარხალი“;

ხახვი: „ვანის ხახვი“, „ვარდისფერი 32 ხახვი“, „კახური ბრტყელი ხახვი“, „ლიზი ხახვი“, „მარნეულის მრავალბოლქვიანი ხახვი“,  „სხვილისის ხახვი“, „ქართლის ხახვი“.

წყარო: elkana.org.ge