ქინძი

ქინძის სამშობლოდ ხმელთაშუა ზღვისპირეთს მიიჩნევენ. ველური ჯიშები გვხვდება ამიერკავკასიაში, ყირიმში, შუა და მცირე აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ამერიკაში. ამავე ქვეყნებში მცენარე კულტივირებულია. ქინძი საქართველოში უძველესი დროიდან არის გავრცელებული.

ჩვენში ქინძის მრავალი სახეობა ხარობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მორფოლოგიური ნიშნებით, ასევე პროდუქტიულობითაც.
ქინძს უმთავრესად საკაზმ-სანელებლად იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო, საკონსერვო და ლიქიორის წარმოებაში. ქინძის ეთერზეთები ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიაში.

ქინძის მომწიფებული ნაყოფი საოცრად გემრიელი და არომატულია. ის მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა ძირითადი კომპონენტები ლინალოოლი (60-80%) და ტერპენებია.

ნაყოფი შეიცავს აგრეთვე ცხიმებსა და ცილებს. მცენარის ღეროსა და ფოთლებში შემავალი ეთერზეთები უმთავრესად ალდეჰიდებისგან შედგება.

ქინძის ეთერზეთებს ნაღველმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური (მიკრობების მომსპობი), მადის მომგვრელი და ამოსახველებელი ეფექტი აქვს, აძლიერებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ჯირკვალთა სეკრეციას (გამომყოფ ფუნქციას).

ქინძის პრეპარატებს იყენებენ როგორც საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელ და ნაღველმდენ საშუალებებს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, აგრეთვე მეტეორიზმის დროს. როგორც ამოსახველებელი საშუალებები, ეფექტიანია ფილტვისა და, საზოგადოდ, სასუნთქი სისტემის დაავადებების დროსაც. ქინძის ნაყენი როგორც გარეგანი საშუალება ფართოდ გამოიყენება ჭრილობათა მოსაშუშებლად და შესახორცებლად. ქინძს, როგორც არომატიზატორს (არომატისა და გემოს გასაუმჯობესებელ დანამატს), იყენებენ სამკურნალო პრეპარატების წარმოებაში.

ქინძი შედის სხვადასხვა ნაკრების შემადგენლობაში. ინდურ მედიცინაში მას საპატიო ადგილი უკავია როგორც შარდმდენ, კუჭ-ნაწლავის სამკურნალო და მასტიმულირებელ საშუალებას. ძველ რომსა და საბერძნეთში ქინძით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან და ანთებით პათოლოგიებს მკურნალობდნენ. ხალხურ მედიცინაში ის ჭიების საწინააღმდეგო საშუალებადაც გამოიყენება.

ქინძის დაშაქრული ნაყოფი კარგია პირის ღრუში უსიამოვნო სუნის ჩასახშობად. ახალი ხორცი ზაფხულში უკეთ შეინახება, თუ ქინძის დანაყილი თესლით გაჯერებული ძმრით დანამავთ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *