დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

რატომ დაამზადეს ძველმა ოსტატებმა ქვევრი კონუსურ ძირზე?

არქეოლოგიური მასალებით დამტკიცებულია, რომ ძველი ათასწლეულის მესამე საუკუნემდე ქვევრებს ბრტყელ ძირზე ამზადებდნენ. ე.ი. ის დასადგმელი ჭურჭელი იყო. მესამე საუკუნის შემდეგ კი ყველა ქვევრის კონუსურ ძირზე დამზადება დაიწყეს.

ევროპის სასწავლებლებში აღზრდილმა ჩვენმა სახელოვანმა თანამემამულეებმა, სხვა ბევრ სიკეთესთან ერთად, ქვევრების პატრონებს, ღვინის დაყენების ერთი უცნაური წესი ჩამოგვიტანეს, მუხის კასრში ღვინის დავარგება. რაც ფრიად უკეთურად დაეტყო სამრეწველო მეღვინეობაში ქვევრის დამკვიდრების საქმეს. მუხის კასრმა თანდათან განდევნა ქვევრი სამრეწველო მეღვინეობიდან, ამგვარად ქვევრი გლეხური მეღვინეობის ძირითად ჭურჭლად დარჩა. ქვევრის ასეთ დაჩაგვრაზე ძალიან წუხდა სულმნათი ილია, მან ამ პრობლემას რამდენიმე წერილი მიუძღვნა.

ქვევრის სამრეწველო მეღვინეობიდან გატანამ, ქვევრისადმი მკვლევართა ინტერესი გაანელა, ამიტომ ის, რაც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, ღვინის დაყენების და ქვევრის დამზადების პროცესში, მომავალი თაობის პრაქტიკული მონაწილეობის გზით, ანუ ზეპირი სწავლებით, დაიკარგა. ახლა კი არაფერი არ შეიქმნა. რადგან ქვევრის მიწაში ჩასმის წესი არ გვქონდა, მისი მექანიკური მდგრადობისათვის აუცილებელი იყო ბრტყელ ძირზე დგომა და ამზადებდნენ კიდეც ბრტყელ ძირიან ქვევრებს. მისი კონუსურ ძირზე დამზადება კი დამაბნეველია, რადგან კონუსურმა ძირმა მთლიანად დაარღვია ეს მექანიკური მდგრადობა და მისი ვერტიკალურ მდგომარეობაში გაჩერება, მრავალჯერადი შეხიდების გარეშე, როგორც დამზადებისას, ასევე მოხმარების, მისი გამოწვის და მიწაში ჩადგმის დროს ძალიან გართულდა. დღესაც ბევრია შემთხვევა, დამზადების დროს, რაიმე მიზეზით, ქვევრს შეხიდება გამოეცლება, წაიქცევა და იშლება. არის შემთხვევა, ქურაში გამოწვის დროს შეკეთებულ შეშას, ქვევრისთვის შეხიდებული კრამიტი გამოუცლია, ქვევრი წაქცეულა, გატეხილა და სხვა ქვევრებიც დაუზიანებია. ქვევრის მიწაში ჩასმისას, ქვევრი ვერტიკალურადაც უნდა გაასწორო და ერთმანეთის მიმართ ჰორიზონტალურადაც. კრამიტებ შეხიდული ქვევრების გასწორება კი თითქმის შეუძლებელია. ცუდად დგას და მალე იღლება ქვევრის დახრილ გვერდებზე მდგარი, ქვევრში ჩასული მრეცხავი. მიუხედავათ ამდენი პრობლემისა, ქვევრი, ძველმა ოსტატებმა მაინც კონუსურ ძირზე შეაყენეს.

სამწუხაროდ, ამის გამამართლებელი არავითარი ისტორიული წერილობითი საბუთი არ მოგვეპოვება, ამიტომ გვიხდება მსჯელობა, ამ მიზეზის დასადგენად, რისი გაკეთება არც ისე ადვილია, მაგრამ მაინც შეიძლება. ოღონდ ეს მარჩიელები, კარგად უნდა ერკვეოდნენ ქვევრის დამზადება – გამოწვის ტექნოლოგიაში, ბევრჯერ უნდა ჰქონდეთ ქვევრში ღვინო დაყენებული, ხოლო ქვევრის მოვლა რეცხვაში, ფუთი ოფლი მაინც უნდა ჰქონდეთ დაღვრილი. ასეთი ცოდნით შეიარეღებული კაცი, რომელსაც ცოტა ლოგიკური მსჯელობაც შეუძლია და ფანტაზიაც აქვს,  მართლაც ბევრ ღირებულს შემოგვთავაზებს ქვევრზე. მე ყველა ეს სკოლა გავლილი მაქვს და ამიტომ შევბედე ამ თემას.

წინამდებარე წერილის დაწერა „საქართველოს ქიმიურ ჟურნალში“  4(2) 2004 წ. გამოქვეყნებულმა წერილმა გადამაწყვეტია. წერილის სათაურია, „ქვევრის გამოყენების ისტორიისათვის“. ქვევრის კონუსურ ძირზე შეყენების მიზეზზე ავტორებს შემდეგი მოსაზრება აქვთ: „ქვევრის კონუსური მოყვანილობა ძველი ოსტატების დაკვირვებებისა და გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბდა. ეს ფორმა ქვევრის დამზადების საწყის ეტაპზე, უზრუნველყოფს მის მექანიკურ მდგრადობას, რაც აუცილებელია აგების პროცესში სველი თიხის დიდი მასების გამოყენებისას. ამავე დროს კონუსური ფორმა უზრუნველყოფს ღვინის ლექის, ქვევრის წვეროში სიღრმისეულ დაგროვებას და მისი ზედა ფენის მინიმალურ ფართობზე გაშლას“.

მართალია ავტორები ქიმიის პროფესორები არიან, მაგრამ მაინც არ ეპატიებათ მექანიკის ანბანის უცოდინრობა. ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც პატივცემულო მკითხველო გაუგებარია, რატომ ჰგონიათ წერილის ავტორებს, რომ კონუსურ ძირზე დამზადებული თიხის ნედლი ქვევრი, უფრო მყარად რატომ დადგება კონუსურ ძირზე, ვიდრე ბრტყელ ძირზე (რა პრობლემებიც შექმნა ქვევრის კონუსურ ძირზე დამზადებამ ზემოთ მოგახსენეთ). რაც შეეხება ლექის სიღრმისეულ დაგროვებას, მე ეს შეცდომა სხვებისგანაც გამიგონია, ამიტომ ვფიქრობ, ორი სიტყვით ამ პრობლემასაც შევეხო.

ფიზიკის ყველა კანონის თანახმად, სითხეში ლექი, ზედა ფენებიდან ძირისაკენ პერპენდიკულარულად ეშვება და დალექვას იწყებს იმ წერტილიდან, საიდანაც იწყება ქვევრის კედლის დახრა. თუ ქვევრის ძირში მეტი ლექია, ვიდრე ქვევრის კედლებზე, ეს იმიტომ ხდება, რომ ქვევრის ძირში ლექი ორი მეტრისა და მეტი სისქის ღვინის მასიდან ჯდება, ხოლო კედლებზე, გაცილებით ნაკლები სიმაღლიდან, ამიტომ ქვევრის კედლებზე იმდენი ლექი ვერ იქნება, რომ ზვავებად დაცურდეს ქვევრის მახვილი ძირისაკენ. რაც შეეხება ლექის დალექვის ფართობს, ის საგრძნობლად მცირდება ბრტყელ ძირიან ქვევრში. დამეთანხმებით ქვევრზე ასეთი მცდარი წარმოდგენებით რაიმეს დაწერას, უმჯობესია საერთოდ არ შეეხო ამ თემას.

ქვევრის კონუსურ ძირზე შეყენების აუცილებლობა,  ჩემი აზრით, განპირობებული იყო ქვევრის გაცლის პრობლემით, რომელიც შეიქმნებოდა ბრტყელძირიანი ქვევრის მიწაში ჩასმის შემდეგ.

რამდენიმე ათეული წლის წინ ქართველმა არქეოლოგებმა, რვა ათასი წლის წინ დამზადებული თიხის ჭურჭელი იპოვეს. რომლის გვერდების ანაფხეკში ქიმიკოსებმა ყურძნის ყვავილის მტვერი ნახეს, რითაც დამტკიცდა, რომ მასში ღვინოს ინახავდნენ. ამ საღვინე ჭურჭლის ტევადობა რამდენიმე ათეული ლიტრია, ხოლო 2000-2500 წლის წინ დამზადებულ ქვევრში, უკვე ტონამდე  ღვინო ჩადის, ეს კი იმის დასტურია, რომ ქვევრის ზომას საუკუნეების განმავლობაში თანდათან ზრდიდნენ. ყველა ქვევრი, რომელიც ჩვ.წ. აღრიცხვსმდე მესამე საუკუნემდეა დამზადებული ბრტყელ ძირზე დგას და მიწაში ჩაუსმელად ხმარობდნენ, ამიტომ ნარეცხი წყლისაგან მისი განთავისუფლება ქვევრის დაპირქვავებით მოხდებოდა. ქვევრის ზომაში ზრდამ კი გაზარდა მისი წონა და ეს დაპირქვავება, ჯერ ერთი გაძნელდებოდა და მეორეც, არც ისე უსაფრთხო იქნებოდა. ამ დროისათვის ჩვენი წინაპარი მეღვინეობაში ისეთი დახელოვნებული იყო, აუცილებლად ეცოდინებოდა, რომ ღვინის ხანგრძლივად შენახვას, მუდმივი დაბალი ტემპერატურა ჭირდება, რისთვისაც ქვევრის მიწაში ჩასმა იყო აუცილებელი. ქვევრის მიწაში ჩასმა კი მისი გაცლის გადაუჭერელ პრობლემას ქმნიდა, რადგან ბრტყელ ძირიან ჭურჭელს ვერცერთი იმ დროინდელი სამარჯვი ვერ გაცლიდა, ქვევრში სამი-ხუთი ლიტრი ნარეცხი წყალი ან ღვინო აუცილებლად დარჩებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ სეზონზე ქვევრის რეცხვისა და ღვინის გადაღების ოპერაციის განხორცილებისას ქვევრი 6-8 ჯერ მაინც უნდა გაიცალოს, ადვილი წარმოსადგენია რამხელა პრობლემის წინაშეც დადგებოდნენ მაშინდელი მეღვინეები, ბრტყელ ძირიანი ქვევრის მიწაში ჩასმით. როგორც ხედავთ ჩვენს წინაპარს ძველი წლის მესამე საუკუნეში ქვევრთან მიმართებაში შეექმნა შემდეგი პრობლემები:

1) რადგან ქვევრი დასადგმელი ჭურჭელი იყო მისმა ზომაში ზრდამ მიაღწია თავის მაქსიმუმს, ამიტომ მის ზომაში შემდგომი ზრდა მიწაში ჩასმის გარეშე აღარ შეიძლებოდა;

2) პრტყელ ძირიანი ქვევრის მიწაში ჩასმა არ შეიძლებოდა, რადგან ამით დგებოდა ქვევრის ბოლომდე გაცლის დიდი პრობლემა;

3) ხარისხიანი და გამძლე ღვინის დამზადება მოითხოვდა ღვინის მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე შენახვას , ეს კი იმ დროს მხოლოდ ქვევრის მიწაში ჩასმით იყო შესაძლებელი.

ჩვენმა წინაპარმა შექმნილ ვითარებაში მონახა ერთადერთი სწორი გამოსავალი, ქვევრი კონუსური ძირით დაამზადა. კონუსურმა ძირმა გადაწყვიტა გაცლის პრობლემა, რის შემდეგაც ქვევრის მიწაში ჩასმა პრობლემას აღარ წარმოადგენდა, ხოლო ქვევრის მიწაში ჩასმით გადაწყდა, როგორც ქვევრის ზომაში ზრდის პრობლემა, ასევე ღვინის მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პრობლემა.

როგორც ზემოთ ვწერდი ქვევრის კონუსურ ძირზე დამზადებამ შექმნა პრობლემები, მაგრამ მანვე მოხსნა სხვა უფრო დიდი პრობლემები, ამიტომ ყველა ქვევრი, რომელიც ძველი წლის მესამე საუკუნის შემდეგაა დამზადებული კონუსურ ძირზე დგას. დღეს , როცა ღვინის ჭურჭლის გასაცლელად მრავალნაირი ტუმბოები გვაქვს, აღარაა აუცილებელი ქვევრის კონუსური ძირით დამზადება, მითუმეტეს დიდი ზომის ქვევრების. ქვევრის ბრტყელ ძირზე დამზადებით კი თავიდან ავიცილებთ ყველა იმ უხერხულობას, რაც კონუსურ ძირიან ქვევრს ახლავს და რის შესახებაც წერილის დასაწყისში დავწერე.

რაც შეეხება ქვევრის მიწაში ნახევრად ჩასმას, ეს გამოწვეული უნდა ყოფილიყო სამარნე ტერიტორიის ძლიერი დატენიანებით. ცნობილია, რომ ჭაობიან და ძლიერ დატენიანებულ მიწაში ქვევრების ჩასმა არ შეიძლება, რადგან ასეთ ქვევრში ღვინო ჭაობის წყლის სუნს და გემოს იღებს ,ასეთი ადგილებია დაბლობი რაიონები და ზღვის სანაპირო ტერიტორიები. საქართველოში ასეთი ადგილებია კოლხეთის დაბლობი, გურიის უმეტესი ტერიტორია, ლაგოდეხის რაიონი და სხვა. ქართველმა გლეხმა ეს პრობლემა წარმატებით გადაწყვიტა. მათ მარნის შენება შემაღლებულ ადგილებზე დაიწყეს, ვისაც ასეთი ადგილი არ ჰქონდა, ისინი მარნისათვის სპეციალურ მიწაყრილს აკეთებდნენ, ე.ი. სამარნე ადგილს მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრით ამაღლებდნენ.

აი სულ ესაა, რისი შესაძლებლობაც მომცა ჩემმა ქვევრთან მუშაობის გამოცდილებამ, ლოგიკამ და ფანტაზიამ, ქვევრის კონუსურ ძირზე დამზადების აუცილებლობასთან დაკავშირებით, თუ სხვა, უფრო წონიან მიზეზს შესთავაზებს ამ პრობლემით დაინტერესებულ საზოგადოებას მოხარული ვიქნები, რადგან, რაც მეტი მოსაზრება იქნება, მით უფრო ახლოს მივალთ ჭეშმარიტებასთან.

 ჟორა გაბრიჭიძე, სტუ-ს უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

კითხვებისათვის ტ:551 333 155