დარგებიმევენახეობა-მეღვინეობაფერმერი ფერმერს

როგორ გადარჩა სახელოვანი უსახელოური გადაშენებას

ოქროსფრად მოელვარე ეზოს მივუყვები, მასპინძელი წინ მიმიძღვის. მშვენიერ გარემოს თან მისტიკურობაც ახლავს, ჩვენ ხვამლის მთის ფერდობზე, უსახელოურის რთველში ვიმყოფებით. ქართული ტრადიციის მიხედვით, სანამ რთველი დაიწყება, ყურძენს აკურთხებენ. აქაურების გადმოცემით, უსახელოური შორეულ წარსულში გადმოუტანიათ სოფელ უსახელოდან და ლეჩხუმში გაუვრცელებიათ. 

“ყოველთვის გვქონდა უსახელოურის ვენახები ლეჩხუმში,­ მაგრამ 70-იან წლებში აჩეხა მოსახლეობამ, მხოლოდ რამდე­ნიმე ადგილას შემორჩა – ლაჩეფიტაში, ოფიტარაში,­ მახურაში, ლაძგვერიაში, ისუნდერში, ოყურეშში, ზუბში

-_ ხვამლის მთის ირგვლივ სოფლებია. ეს ხომ მისტიკური მთაა”, _ მიყვება მასპინძელი, მეღვინე, ხვამლის მარნის მეპატრონე თამაზ ომანაძე.

ხვამლის მთის შესახებ არაერთი ლეგენდაა ცნობილი. XIX საუკუნის 50-იან წლებში მის სანახავად ჩამოვიდა იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ანტიკურ წყაროებზე დაყრდნობით არგონავტებისა და პრომეთეს კვალს ეძებდა.

როგორ გადარჩა უსახელოური გადაშენებას და რა სირთულეები ახლავს ამ ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობის ვაზის გახარებას, თამაზ ომანაძე გიამბობთ:
_  უსახელოური გავრცელებული 520 ჯიშიდან ყველაზე ძვირფას სახეობად ითვლება. მისი ღვინო მხოლოდ საბჭოთა პერიოდში ისხმებოდა და მოსკოვში, მაღალი თანამდებობის პირებისთვის იგზავნებოდა. ლეჩხუმში რამდენიმე ოჯახი იყო, სადაც ამ ღვინოს აყენებდნენ. ერთ-ერთი რუსთავის თეატრის მსახიობის, კიაზო არჯევანიძის (ის ახლა 82 წლისაა) ოჯახი გახლდათ. სანამ ამ ღვინოს მაღალი თანამდე­ბობის პირებთან მიიტანდნენ, მოწამლული რომ არ ყოფილიყო, ამოწმებდნენ და ღვინოს კიაზოს ბებიას გაასინჯებდა ხოლმე უშიშროება…

თეირანის 1943 წლის კონფერენციაზე სტალინი ამ ღვინით გაუმასპინძლდა ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს, რომელსაც ძალიან მოეწონა და დაინტერესდა, ფლორიდაში თუ იხარებსო… ბელარუსის პრეზიდენტს, ესპანეთის პრემიერს, ჩინეთის პრემიერსა და სხვა ცნობილ ადამიანებს დაუჭაშნიკებიათ და ყველა აღფრთოვანებული დარჩენილა.

ბევრს აინტერესებს, რატომ მივიდა გადაშენების პირას ასეთ ძვირფასი ჯიში. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ძალიან მცირემოსავლიანია. სპეციფიკურ ადგილებში ხარობს, საჭირო ოდენობის მზე და წვიმა­ სჭირდება. იყო ასეთი პიროვნება, ტარიელ ალავიძე, თბილისელი კაცი, წარმოშობით ლეჩხუმელი, რომელმაც 1996-97 წლებში ლეჩხუმში მანქანა გამოგზავნა დიდი ბანერით: “ვიბარებ უსახელოურს, კილოგრამს 10 ლარად”. აი, აქედან დაიწყო უსახელოურის აღორძინება, ტარიელ ალავიძის დამსახურებით. აქაურები იხსენებდნენ – ოც კილოგრამამდე მოვკრიფე მთაზე. რომ მომქონდა, ეჭვი მეპარებოდა, რომ კილოგრამს 10 ლარად ჩაიბარებდნენ.­ ვფიქრობდი, ალბათ, უკან ვერც ამოვიტან და წყალში გადავყრი-მეთქი, და 200 ლარი რომ მომცეს, გავოცდიო. 

გაცოცხლებული ისტორია 

– 25 წელია ეს ვენახი აქვთ მამუდის შვილებს, სერგი და დავით არჯევანიძებს. მე ბაბუა დეკანოზი მყავდა და მასაც ჰქონდა აქ ქვევრები და მარანი, ამიტომ გადავწყვიტე აღმედგინა მამაპაპისეული საქმე. როცა ვენახი გაქვს, მასთან უნდა იყო, ამიტომ ვთხოვე არჯევანიძეების ოჯახს, ბიძაშვილებს, რომ დამხმარებოდნენ. ევროკავშირის ბიოსერტიფიკატის მოპოვება დავისახეთ მიზნად და მოვიპოვეთ კიდეც… სამწუხაროდ, ხალხმა წლების წინ დაიწყო ღვინის შაქრით და წყლით გაბევრება. ამასთან, ვენახი, რომელიც ქიმიური პრეპარატებით მოიწამლა, განადგურდა. ასევე მოიწამლა ნიადაგიც და ეკოსისტემაც, დამამტვერიანებელი მწერებიც – ფუტკარი და ა.შ., შედეგად, ვენახი გახმა. მე ვაზის ქიმიური პრეპარატებით დამუშავების წინააღმდეგი ვარ. 0,8-დან 1,2 კილოგრამამდე ყურძენს თუ ისხამს ერთი ძირი უსახელოური, ქიმიური პრეპარატებით 5 კილოგრამამდე აიყვანეს, ანუ გააბევრეს და ღვინომაც ხარისხი დაკარგა.

ისტორიულად ამ ადგილებში ნავენახარი იყო, 1999 წლიდან უსახელოური ცოლიკაურის ადგილას გავახარეთ, ხვამლის ფერდობებზე, და ხელით ვამუშავებთ. სხვადასხვა ფერდობზე უკვე ნახევარი ჰექტარი გვაქვს ათვისებული. მოვლა ძალიან რთულია. ისტორიულად რა ინფორმაციაც გვაქვს ვენახების მოვლის შესახებ, თანდათან შეიცვალა, რადგან კლიმატური პირობები დღეს სხვანაირია. ადრე ოქტომბრის შუა რიცხვებში იწყებოდა რთველი, ბოლო წლებია სამი კვირით ადრე ვიწყებთ. სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით, უსახელოური უფრო გვიან იძლევა პირველ მოსავალს. ჩვენი დაკვირვებით, ჯიში მხოლოდ მე-5 წელს იძლევა ნიშანს, ხოლო მე-6, მე-7 წლიდან სრულ მოსავალს. ახლა დაახლოებით 1500 ბოთლს ვაწარმოებთ. უსახელოური კარგი მოვლით უხვ მოსავალს იძლევა. დასანანია, რომ ამ ჯიშს არა აქვს მინიჭებული ადგილწარმოშობა, ლეჩხუმის მეღვინეობას ხომ მან გაუთქვა სახელი. ძალიან მინდა მას გეოგრაფიული სახელი მიენიჭოს. ისტორია ცოცხლდება ამ უნიკალური სახეობის ღვინით. 

 ნინო წიფურია

წყარო : kvirispalitra.ge