აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

საძოვრის მოწყობა

ცხოველთა საძოვრული შენახვის სწორი ორგანიზაციისათვის საჭიროა მთელი რიგი აგროტექნიკური, ზოოტექნიკური, ვეტერინარულ-სანიტარული ღონისძიებების გატარება.

უპირველეს ყოვლისა, საძოვრის ტერიტორიის სწორი ორგანიზაცია და მისი სწორი გამოყენება გულისხმობს, რომ საძოვრები მოყვანილი იქნან კულტურულ მდგომარეობაში, რათა შესაძლებლობა მოგვეცეს მივიღოთ უკეთესი კვებითი ღირებულების და მოსავლიანობით უხვი საკვები.

ძირითადი წესები ბუნებრივი საძოვრებისა და მდელოების გაუმჯობესებისა მდგომარეობს:

1) ნიადაგის ტენიანობის რეჟიმის რეგულირება, დაჭაობებული და ტენიანი საძოვრების დაშრობა ან, პირიქით, მორწყვისა და თოვლშეკავების გაუმჯობესება;

2) ჯაგნარის, ბუჩქნარისა და წვრილფოთლოვანი ტყის მოწესრიგება (განადგურება);

3) ქვებისაგან და ფიჩხისაგან განთავისუფლება. უნდა გვახსოვდეს, რომ დაბლობ საძოვრებზე ცხოველები (განსაკუთრებით ცხვრები) ადვილად ავადდებიან ჰელმინთოზებით. გარდა ამისა საძოვრის ტენიან ტერიტორიაზე კარგად ხარობს შხამიანი ბალახები და ბუჩქოვანი მცენარეები, რომელშიც თავს აფარებენ სხვადასხვა სახეობის ტკიპები, ინფექციური და ინფაზიური დაავადებების გადამტანები.

საძოვრის სარეველებისაგან გაწმენდას ხელს უწყობს აგრეთვე იმ ბალახების გათიბვაც, რომელიც რჩება ცხოველების ძოვების შემდეგ. ასეთი სამუშაოები ცხოველთა მეპატრონეებმა უნდა ჩაატარონ ერთობლივად და საჭიროების მიხედვით.

განსაკუთრებით მნიშვნელობა ენიჭება ძოვების ორგანიზაციას.

პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ უსისტემო ძოვებისას, მკვეთრად უარესდება საძოვრის ხარისხი. საძოვრის დიდ ფართობზე ხანგრძლივად უკონტროლოდ გაშვებისას თანდათან მცირდება და ქრება ყუათიანი, მაღალი კვებითი ღირებულების ბალახები, მის ადგილს იკავებს უვარგისი და მავნე ბალახები და პირიქით, ცხოველთა ძოვების სწორი ორგანიზაციით, ნაკვეთმორიგეობის შემოღებით და საძოვრის სათანადო მოვლით ქრება მავნე და სარეველა ბალახები და იზრდება სასურველი მცენარეების ნაირსახეობა.

საძოვრის მომზადების პარალელურად მზადდება დასაწყურვებელი ადგილები. ახდენენ ძველი ჭების შეკეთებას და, საჭიროების შემთხვევაში თხრიან ახალს. წესრიგში მოყავთ მდინარეების და ტბორების მისადგომები, აღრმავებენ პატარა წყალსატევებს მდინარეებთან, ტბებთან და ტბორებთან დაწყურვების ადგილზე, რომ ცხოველმა ადვილად დალიოს წყალი, ისე, რომ შიგ არ ჩადგეს. საჭიროების დროს ეწყობა წყლის მექანიკური მიწოდება. დგამენ წყლის სასმელ ვარცლებს. დასაწყურვებელი ადგილები გაპიროვნებული უნდა იქნეს ცალკეულ ნახირზე.

საძოვრების ტერიტორიის ორგანიზაციის დროს აგრეთვე უნდა დამუშავდეს საქონლის გადასარეკი გზების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ცხოველების (ფარის, ჯოგის) მოხერხებულ გადასვლას ერთი ადგილიდან მეორეზე და ამავე დროს დააკმაყოფილებს ვეტერინარიულ-სანიტარულ მოთხოვნილებებს.

გზის სიგანე დამოკიდებულია ჯოგის ან ფარის სიდიდეზე. აუცილებელია, რომ გზებზე ცხოველები სივიწროვეს არ გრძნობდნენ, ამავე დროს უზრუნველყოფილი იყოს ცხოველებზე მეთვალყურეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს ჩარევა.

ნ. ბერენიკაშვილი, ქ. კანდელაკი, ზ. რევიშვილი, თ. ყურაშვილი, დ ცომაია