საფრანგეთი – სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სამთავრობო მხარდაჭერა

საფრანგეთში  არსებობს სოციალური ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ქმნის პირობებს ქვეყანაში კოოპერაციის განვითარებისათვის, მაგრამ არ ერევა მათ სამეწარმეო საქმიანობაში.

კოოპერაციას სახელმწიფო განიხილავს როგორც ეკონომიკის მესამე სექტორს (სახელმწიფო და კერძო სექტორების გვერდით). კოოპერაციის პროცესს საფუძვლად უდევს საერთო სამართლებრივი რეგულაციები (ძირითადად კანონით კოოპერაციის შესახებ), განსხვავებული ტიპის კოოპერატივების სამართლებრივ რეგულაციებთან ერთად.

კოოპერაციის შესახებ მიღებულია ათზე მეტი კანონი და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ხუთი წიგნის სახით  თავმოყრილია საფრანგეთის აგრარულ კოდექსში. საფრანგეთში არსებული 24.000 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი უზრუნველყოფს 1 მილიონ სამუშაო ადგილს და  მათი წლიური საერთო ფინანსური ბრუნვა აღემატება 300 მილიარდ ევროს.

ჩრდილოეთ ევროპის  ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების დონე უაღრესად მაღალია. აქ კოოპერაცია განვითარდა უპირველესად მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის მიზნით, რაც ამ ჯგუფის ქვეყნებში აგრარული წარმოების საფუძველს წარმოადგენს.

საფრანგეთში პირველი საკრედიტო კოოპერატივები –  „სასოფლო საკრედიტო სალაროები“ შეიქმნა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში. 1884 წელს მიღებულ იქნა კანონი „კრედი აგრიკოლის“ სისტემის შექმნასთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის  მფარველისა და სპონსორის ფუნქცია თავის თავზე აიღო საფრანგეთის ხელისუფლებამ.

1920 წელს რეგიონალური სალაროებიდან საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეიქმნა ეროვნული სალარო. „კრედი აგრიკოლის“ მეშვეობით ხორციელდებოდა საკრედიტო კოოპერატივების სახელმწიფო დაფინანსება. 1960 წელს „კრედი აგრიკოლმა“ გამოისყიდა თავისი წილი სახელმწიფოსაგან და განთავისუფლდა სამთავრობო დაწესებულების სტატუსისაგან. მიუხედავად ამისა, იგი  განაგრძობდა სახელმწიფოსაგან შეღავათიანი კრედიტების მიღებას.

1968 წელს „კრედი აგრიკოლის“ წევრობის უფლება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებთან ერთად მიიღეს სხვა კატეგორიის მეწარმეებმა, ხოლო 1988 წელს საფრანგეთის სახელმწიფოს პრეზიდენტის დეკრეტით მას შეუწყდა სახელმწიფო დაფინანსება და იგი გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად.

„კრედი აგრიკოლის“ სისტემა წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო კრედიტის ეროვნული ფედერაციის სახით, რომელიც თავის მხრივ შედის სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და ურთიერთდახმარების ეროვნული კონფედერაციის შემადგენლობაში. მის დაქვემდებარებაშია 59 რეგიონალური ბანკი მათი მრავალათასიანი  ფილიალით. დღეს „კრედი აგრიკოლი“ ემსახურება თოთხმეტ მილიონ კლიენტს, რომელთაგან მხოლოდ ექვსასი ათასი არის ჩართული აგრარულ საქმიანობაში.

საფრანგეთში, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით,  სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ  გაცილებით დიდია და სახელმწიფო ერევა კოოპერაციული გაერთიანებების საქმიანობაში, რაც მიუღებელია ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. ეს ჩარევა ძირითადად ხდება იმის გამო, რომ თავიდან იქნას აცილებული ფსევდო-კოოპერატივების მიერ საგადასახადო და სხვა შეღავათებით სარგებლობა.

დავით მამუკელაშვილი, 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“

მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *