სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ევროპის ქვეყნებში

ევროკავშირში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია ნებაყოფლობით წევრობას ეფუძნება და ფერმერები თავიანთ კოოპერატივებს ძირითადად დამოუკიდებლად აფინანსებენ. დაფინანსების წყაროს უმეტესწილად ჯგუფის წევრ ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგები თანხები წარმოადგენს. გარდა ამისა, კოოპერატივის ფარგლებში ფერმერები ახდენენ კაპიტალური რეზერვების აკუმულირებას, რაც მათ საშუალებას აძლევს მოახდინონ რეინვესტირება ან საჭირო კრედიტების ასაღებად საგირავნო გარანტიის უზრუნველყოფა.

ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში სახელმწიფო, სხვადასხვა საფინანსო და არაფულადი მექანიზმების გამოყენებით, გარკვეულ დახმარებას უწევს კოოპერატივებს, განსაკუთრებით მათი არსებობის საწყის ეტაპზე. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში რძის მწარმოებელი კოოპერატივების მხარდასაჭერად 1933 წელს შეიქმნა რძის მარკეტინგული საბჭო. მის მიზანს ფერმერთათვის რძეზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენდა. საბჭოს მიერ ყოველწლიურად წარმოებდა ფერმერთაგან გარკვეული ხარისხის მიხედვით რძის შესყიდვა გარანტირებულ ფასად. ამ მექანიზმის წყალობით რძის მწარმოებელ კოოპერატივებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ სტაბილური შემოსავალი, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად დააჩქარა მათ მიერ კაპიტალური რეზერვების აკუმულირების და წარმოების პროდუქტიულობის და ხარისხის გაუმჯობესებაში სათანადო ინვესტირების პროცესები. კონკურენციის დაცვის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, 1994 წელს საბჭო გაუქმდა, რითაც ფერმერებს ერთი მხრივ მიეცათ სარეალიზაციო ბაზრების თავისუფლად და დამოუკიდებლად შერჩევის საშუალება და მეორე მხრივ, გაადვილდა ფერმერთა რეორგანიზება ახალი კოოპერაციული სტრუქტურების გარშემო.

კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერის თვალსაზრისით სახელმწიფოს მინიმალური როლი ევროკავშირის ქვეყნებს შორის მხოლოდ ნიდერლანდებსა და დანიაში შეიმჩნევა. ამ ქვეყნებში საბაზრო კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბდა კონკრეტული პროდუქტის წარმოებასა და გადამუშავებაზე სპეციალიზებული კოოპერატივები, რომლებიც ძირითადად მხოლოდ გარკვეულ ბაზრებზე ოპერირებენ (მაგალითად „დენიშ ქრაუნი“ – ღორის ხორცის მწარმოებელთა კოოპერატივია, რომელიც, ძირითადად, ბრიტანულ ბაზარზე არის ორიენტირებული), თუმცა სახელმწიფოს მინიმალური როლი ამ პატარა ქვეყნებში იმით აიხსნება, რომ სოფლის მეურნეობა მათი ეკონომიკური განვითარებისა და საექსპორტო პოლიტიკის უმთავრესი კომპონენტია, ხოლო სოლიდარობის, თანადგომის და დემოკრატიული მართვის, ანუ ზოგადად კოოპერირების კულტურა საუკუნეების განმავლობაში ამ საზოგადოებების მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს.

ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ეფექტური სისტემის არსებობა ხანგრძლივი განვითარების უწყვეტ პროცესს უკავშირდება. ამ პროცესში სოციალური და ეკონომიკური ფორმაციის კატაკლიზმური ხასიათის ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მოხდა.

დანიასა  და ფინეთში  კოოპერატივები ახდენენ რძისა და რძის პროდუქტების 90%-ის, ხოლო შვეციასა  და  ნორვეგიაში  – 100%-ს წარმოებასა და და რეალიზაციას. ამ ქვეყნებში კოოპერატივების საშუალებით ხდება ცოცხალი პირუტყვის 80%-სა და კვერცხის 65-70%-ს რეალიზაცია. ფინეთში კოოპერაციული გაერთიანების სტატუსს განსაზღვრავს კანონი „კოოპერაციული გაერთიანებების შესახებ“, (1954 წ). მსგავსი კანონი მოქმედებს შვედეთშიც. ამ ქვეყნებში კოოპერაციულ გაერთიანებებში მოიაზრება ორგანიზაციები, სადაც წევრთა რაოდენობა და კაპიტალი წინასწარ არ არის განსაზღვრული. ეს გაერთიანებები შექმნილია წევრთა ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებიც ვალდებულნი არიან გამოიყენონ ამ ორგანიზაციის მომსახურება.

დანიაში და ბელგიაში არ არსებობს სამართლებრივი აქტები რომელიც არეგულირებს კოოპერატივების საქმიანობას. კოოპერატივების ძირითად მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებს წარმოადგენს თვით კოოპერატივების მიერ შემუშავებული შიდა ნორმატიული აქტები. ამის მიუხედავად, აღნიშნულ ქვეყნებში კოოპერაციული მოძრაობა მაღალ დონეზეა განვითარებული. კერძოდ,

დანიაში კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე შეადგენს: რძე 93%, ხილი და ბოსტნეული 20-25%, ხორცი 66-93%, მარცვლეული და კომბინირებული საკვები 87%.

ბელგიაში კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი ბაზარზე შეადგენს: რძე 50%, ხილი და ბოსტნეული 70-90%, ხორცი 20-30%, ხოლო პოლონეთში რძის პროდუქტების წარმოების 75% სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე მოდის.

ევროკავშირის ქვეყნებში სახელმწიფო სუბსიდიები ეძლევათ კოოპერაციულ საწარმოებს პროდუქციის გადამუშავების, საცავების მოწყობისა და სხვა სამეურნეო დანიშნულებით (მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის). ამ მიზნებისათვის გამოიყენება არა მარტო სახელმწიფო სუბსიდიები, არამედ მოზიდული სახსრები ევროკავშირის სხვადასხვა  ფონდებიდან. ევროპარლამენტში არსებობს კოოპერაციის მხარდამჭერი სპეციალური კომისია.

დემოკრატიულ საზოგადოებებში კოოპერაციის სარეგულაციო კანონმდებლობა კერძო მეწარმეობასთან დაკავშირებული ფართო საკანონმდებლო ბაზის ნაწილია და იგი მაქსიმალურად მოწოდებულია, არ ჩაერიოს კოოპერატივების მმართველ და საორგანიზაციო ასპექტების დეტალურ რეგულირებაში და ამით ხელი შეუწყოს ამ ორგანიზაციების დამოუკიდებლობასა და ავტონომიურობას.

ბოლო წლებში დასავლეთ ევროპაში კოოპერატივების შესახებ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ნაკარნახევი იყო სურვილით, რომ კოოპერაციული ორგანიზაციებისთვის მიენიჭებინათ გარკვეული მოქნილობა, რათა ისინი გამკაცრებული კონკურენციის პირობებს მორგებოდნენ, თუმცა ყოველივე ეს განხორციელდა დემოკრატიული კონტროლის კოოპერაციული პრინციპის განუხრელი დაცვით.

მაგალითად, საფრანგეთის კანონმდებლობით კოოპერატივებს საფონდო ბირჟებზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საშუალება მიეცათ, თუმცა მსხვილი კორპორატიული კაპიტალის ინტერვენციის თავიდან აცილების მიზნით განისაზღვრა მმართველი ხმების განაწილების გარკვეული კვოტები. ზოგიერთი ქვეყნის კანონში კოოპერატივებს მიეცათ სხვა ბიზნეს ორგანიზაციებად გარდაქმნისა და რეორგანიზების უფლება (მაგ. შვედეთი 1987 წ. გერმანია 1994 წ.).

1957 წლის 25 მარტს რომში ხელმოწერილი ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის შექმნის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა ევროპის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა (CAP) და ევროკავშირის საერთო ბაზრის ორგანიზაციის (CMO) ფუნდამენტური პრინციპები და წესები. CAP-ის ფარგლებში არსებობს სასოფლო-სამეურნეო ბაზრისა და შემოსავლების პირდაპირი მხარდაჭერის მექანიზმი (2012 წელს მთლიანობაში ამ ასიგნებებმა 43 მილიარდი ევრო შეადგინა), რომელიც თანადაფინანსების პრინციპით, პირდაპირი სუბსიდიების სახით გადაეცემა ფერმერთა ორგანიზაციებს. ამ სახსრებიდან საშუალოდ 7 მილიარდი ევრო ხმარდება სოფლად არასასოფლო-სამეურნეო და გარემოს დაცვითი საქმიანობით დაკავებულ ფერმერთა ორგანიზაციებს. ამ მექანიზმის მეშვეობით ფერმერთა ჯგუფებს და კოოპერატივებს ხელი მიუწვდებათ ფინანსურ რესურსებზე, რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ კონკურენტული მარკეტინგული სტრუქტურების, პროდუქციის ბრენდირებისა და გეოგრაფიული დასახელების დაცვის სისტემების ჩამოყალიბებისა და განვითარების მიმართულებით.

დავით მამუკელაშვილი, 

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“

მიზნობრივი პროექტების სამსახურის უფროსი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *