აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

სასოფლო-სამეურნეო პირუტყვის განაყოფიერების მეთოდები და მათი როლი მეცხოველეობის პროდუქტიულობაში

ცხოველთა მოშენებისას განაყოფიერების ორ მეთოდს იყენებენ: ბუნებრივს და ხელოვნურს. ბუნებრივი განაყოფიერების დროს მეცხოველის ამოცანას წარმოადგენს სასურველი ნიშან-თვისებების მქონე ცხოველების გულდასმით გადარჩევა და შესაწყვილებელი ინდივიდთა შერჩევა. ბუნებრივი დაგრიელბის დროს ხდება სქესობრივი აქტი. ხელოვნური დაგრილების დროს სქესობრივ აქტს ადგილი არ აქვს. სპერმის შეყვანა სასქესო გზებში ხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით.

ბუნებრივი განაყოფიერება ამ მეთოდის გამოყენების დროს ცხოველთა ჯიშური თვისებების გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება მხოლოდ შთამომავლობის ხარისხზე შემოწმებული მამრები. ცხოველთა დაგრილების (შეწყვილების) რამდენიმე მეთოდს იყენებენ:

ხელზე დაგრილება

ამ დროს ხდება მდედრის და მამრის ინდივიდუალური შერჩევა. სქესობრივი აქტი მიმდინარეობს მეპატრონის (მომვლელის) დაკვირვების და კონტროლის ქვეშ.
ამ მეთოდის დროს ცხოველები მუდმივი ემთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან, რითაც თავიდან ვიცილებთ ტრამვებს, ვახდენთ სქესობრივი დატვირთვის რეგულირებას, ზუსტად ვსაზღვრავთ დაგრილების დროს და აღვრიცხავთ მიღებულ ნამატს. მწარმოებლის (ბუღა, კერტი, ყოჩი) ინფექციური და სხვა დაავადებებისაგან დაცვის და მათი სანაშენოდ გამოყენების ხანგრძლივობის გაზრდის მიზნით ხელზე დაგრილება შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ ბუნებრივი დაგრილების მეთოდებს შორის. ერთ მწარმოებელზე დატვირთვა შეიძლება იყოს 60-დან 90-მდე მდედრი.

 ბაგური დაგრილება

ეს მეთოდი იძლევა საშუალებას ძვირფასი ნიშანთვისებების მქონე მწარმოებლები კონტროლის ქვეშ გამოვიყენოთ მდედრის დასაგრილებლად. დროულად გამოვავლინოთ ახურებული მდედრები და უნაყოფობა. მოვახდინოთ სქესობრივი ფუნქციის სტიმულირება.

დასაგრილებელი მდედრები შეყავთ ფართო შემოკავებულ ადგილას (ბაგებში) და მათთან უშვებენ მწარმოებელს, რომლებიც თვითონ ირჩევენ ახურებულ მდედრს და მომსახურე პერსონალის დაუხმარებლად აგრილებს მას. მწარმოებელს ბაგებში უშვებენ 1-2 საათით დილას და საღამოს, დატვირთვა იგივეა, რაც ხელზე დაგრილების დროს. ბაგური დაგრილება მიმდინარეობს მეცხოველის დაკვირვების ქვეშ, რომელიც აღრიცხავს დაგრილებული ცხოველის სქესობრივი აქტის დამთავრებას, რის შემდეგ სწრაფად გამოყავთ ბაგიდან განმეორებითი შეწყვილების აცილების მიზნით.

ილხური დაგრილება

მდედრი ცხოველების ჯგუფში (20-25 სული) უშვებენ მწარმოებელს და მთელი დღის განმავლობაში ამყოფებენ მათთან, მწყემსის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც აღრიცხავს დაგრილებულ ცხოველებს. სქესობრივი აქტი ხდება თავისუფლად, ადამიანის ჩაურევლად.

 თავისუფალი (ჯოგური) დაგრილება

მწარმოებლები მუდმივად იმყოფებიან ნახირში (1 მამრი და 35-40 მდედრი). მწარმოებლები თვითონ ავლენენ ახურებულ მდედრს და აგრილებენ მას. ამ მეთოდის უარყოფითია ის, რომ ცხოველთა შეწყვილება წარმოებს კონტროლის გარეშე. მამრი განიცდის დიდ დატვირთვას და მალე გამოდის მწყობრიდან. ჩნდება საშიშროება ნახირში უცხო მწარმოებლის შერევისა და გადამდები დაავადების გავრცელებისა.

დღეს სოფლების უმრავლესობაში სწორედ თავისუფალ (ჯოგურ) დაგრილებას აქვს ადგილი, რომელიც არ უნდა დაუშვათ თუ გვინდა კონტროლი გაუწიოთ ჯოგის ჯიშობრივ გაუმჯობესებას.

 კლასური დაგრილება

ამ შემთხვევაში ცხოველებს (ცხვარი, თხა, ღორი) ყოფენ ჯგუფებად- კლასებად და მათში უშვებენ მწარმოებლებს.

ნოტოებრი (ჰარემული) დაგრილება

ყოველ მამრზე (ყოჩი, ბოტი, კერტი) ამაგრებენ გარკვეულ რაოდენობა მდედრებს და ერთად აძოვებენ. მიმდინარეობს თავისუფალი დაგრილება.

თანამედროვე პროგრესული მეთოდის – ხელოვნური დათესვლის შემოღებით და დანერგვით ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები კარგავენ თავის მნიშვნელობას.

ხელოვნური განაყოფიერება

ხელოვნური განაყოფიერება მეცნიერების ერთ-ერთი თავლსაჩინო მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს.

ხელოვნური განაყოფიერება, როგორც ტექნიკური პროგრესის ერთ-ერთი ელემენტი საშუალებას იძლევა სწრაფად გავაუმჯობესოთ ცხოველთა ჯიშობრივი შემადგენლობა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ძვირფასი ნიშანთვისების მქონე მწარმოებლები. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი ჯიშიანი მამრის სპერმით შეიძლება განაყოფიერებული იქნეს 100-ჯერ მეტი ცხოველი ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას.

ხელოვნური დათესვლის მეთოდის დანერგვით ჯოგში მნიშვნელოვნად მცირდება ბუღების, ყოჩების, ბოტების და კერატების რაოდენობა და მათ შენახვაზე გაწეული ხარჯები. მეთოდი საშუალებას იძლევა შეირჩეს ძვირფასი თვისებების მქონე მამრის რამოდენიმე ინდივიდი და მაქსიმალურად გამოყენებული იქნეს მისი პოტენციალი. ჯიშიანი პირუტყვის გაყინული სპერმა კი მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან შეიძლება შემოვიტანოთ. ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს აქვს დიდი ვეტერინარული მნნიშვნელობა. მისი გამოყენებით მცირდება ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიცაა: ბრუცელოზი, ლეპტოსპიროზი, ვიბრიოზი, ტრიქომონოზი და სხვა. გარდა ამისა ხელოვნური განაყოფიერების დანერგვით მინიმუმამდე მცირდება ცხოველთა ბერწიანობა.

საქართველოში 1976 წლიდან დაიწყო ფურებისა და დეკეულების ხელოვნური განაყოფიერება მაღალი კლასის კუროების ღრმად გაყინული სპერმით. 1980 წლის მდგომარეობით განაყოფიერების ამ პერსპექტიულ მეთოდზე გადაყვანილი იყო ფურების და დეკეულების 60 %- ზე მეტი.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების მეთოდი. განსაკუთრებით ფართოდაა ის დანერგილი მეძროხეობაში, მეღორეობაში და მეცხვარეობაში. სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოშლილია ხელოვნური დათესვლის პუნქტების ის ქსელი, რომელიც წარმატებულად მუშაობდა 15-20 წლის წინათ.

ხელოვნური დათესვლის მეთოდის აღდგენა და მისი ფართოდ გამოყენება მოგვცემს საშუალებას სწრაფად გავაუმჯობესოთ ნახირის ხარისხი, გავზარდოთ მისი პროდუქტიულობა და მეცხოველეობის დარგიდან მივიღოთ მაღალი და სტაბილური შემოსავალი.