საცივი იმერულად

საცივი ქართული სუფრის მშვენებაა, საახალწლო სუფრა ხომ უსაცივოდ ძნელი წარმოსადგენია. საქართველოში საცივს თითქმის ყველგან, აღმოსავლეთში, დასავლეთში თუ სამხრეთში თავისებური ლაზათით ამზადებენ და ის ყველგან გემრიელია.

დღეს გთავაზობთ საცივის იმერულად მომზადების რეცეპტს, გვერწმუნეთ, ამგვარად მომზადებული საცივი სიამოვნებას მოგანიჭებთ თქვენც და თქვენს სტუმრებსაც. 

მაშ დავიწყოთ!

მასალა:

საშუალო ზომის ინდაური ;

4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი; 

1 კგ ნიგოზი;

უცხო სუნელი;

ხმელი ქინძი, 

ზაფრანა;

8-9 კბილი ნიორი;

2 კვერცხის გული ;

1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი;

დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით

მომზადება

საშუალო ზომის ინდაური მოვხარშოთ (სასურველია დედალი ერთ, ერთნახევარი წლის ასაკის. მამალ ინდაურს ხორცი მეტი, მაგრამ უხეში აქვს);

ხარშვის პროცესში ქაფის მოხდა არ დაგავიწყდეთ;

მერე შიგნიდან და გარედან ბლომად მარილი მოვაყაროთ;

ნაჭრებად დავჭრათ;

ტაფაზე დავაწყოთ;

სულ ცოტა საკუთარივე ნახარში მოვასხათ და ჰაერღუმელში გემრიელად დავბრაწოთ.

ინდაურის ნახარში ბულიონი შევაგრილოთ და თავზე ცხიმის აპკს რომ გაიკეთებს მოვხადოთ და ტაფაზე დავასხათ და ამ ცხიმში მოვთუშოთ ძალიან წვრილად დაჭრილი 4-5 საშუალო ზომის თეთრი ხახვი.

1 კგ ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ ჭიქანახევარი უცხო სუნელის, ხმელი ქინძისა და ზაფრანას ნარევი, 8-9 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაფქული წითელი წიწაკა და მარილი გეოვნებით (მე არ მიყვარს, მაგრამ ზოგი ერთ მწიკვ დაფქულ მიხაკსა და 1 ჩ/კ დარიჩინსაც უმატებს).

ყველაფერი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ, დავუმატოთ მოთუშული ხახვი და გავხსნათ ბულიონის ერთ მესამედში. სქელი ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს.

მერე დანარჩენი ბულიონიც დავუმატოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ ნიგვზის მოხარშვამდე.

ნიგოზი რომ ჩაიხარშება, 2 კვერცხის გული და 1 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი კარგად ავთქვიფოთ და ჩავასხათ საცივში, თან სწრაფად მოვურიოთ.

ცეცხლიდან გადმოვდგათ.

საცივი თითქმის მზადაა.

დიდ ქვაბში ჩავალაგოთ დაბრაწული ინდაურის ხორცი და დავასხათ წვენი.

საცივს რაც მეტხანს გავაჩერებთ, მით უფრო გემრიელი გამოვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *