აგრარული განათლებარუბრიკებიფერმერი ფერმერს

სელენი და მისი მნიშვნელობა ცოცხალი ორგანიზმისთვის

სელენის ქიმიური ნიშანია Se (Selenium). დ. მენდელეევის პერიოდულ სისტემაში სელენი VI ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფშია, მისი რიგითი ნომერია 34, ხოლო ატომური მასა შეადგენს 78,96-ს.

სელენი ჟანგბადის ქვეჯგუფის ელემენტია, არის მეტალოიდი. ამასთანავე მიეკუთვნება ,,ხალკაგონების” ჯგუფს, რაც მადნების წარმომქმნელს ნიშნავს.

ბუნებაში სელენი თან ახლავს გოგირდისა და სპილენძის შენაერთს, ხოლო სპილენძის მადნის გადამუშავებისას ის თავისუფალ მდგომარეობაში მიიღება.

1817 წელს სელენი  ჯონი-იაკობ ბერცელიუსმა აღმოაჩინა.

სელენი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, როგორც ადამიანისათვის ასევე ცხოველის ორგანიზმის ზრდა-განვითარების და რეპროდუქციული ფუნქციისათვის. ის ხელს უწყობს ზოგიერთი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების პრევენციას. მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში სელენი ასრულებს ანტიოქსიდანტურ ფუნქციას. ამ თვისებიდან გამომდინარე მას აქვს უნარი ორგანიზმში შეებრძოლოს თავისუფალ რადიკალებს. მკვლევარების აზრით სელენი აქვეითებს ზოგიერთი სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკს.

ცნობილია, რომ სელენი ადამიანის ორგანიზმს იცავს ოქსინადტური სტრესისაგან. მკვლევარების მიერ არსებობს ჰიპოთეზა, რომ მას ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადებების მიმართ აქვს დაცვითი ფუნქცია.

სელენი ხასიათდება ანტიკანცეროგენური და ანტივირუსული თვისებებით. სელენი იცავს იმუნურ სისტემას, აქვს უნარი შეამციროს ორგანიზმში მძიმე მეტალები, რაც დაადასტურა 1985-1995 წწ-ში ფინეთში დედის რძეზე ჩატარებულმა კვლევებმა, რომელშიც სელენთან ერთად განისაზღვრა მძიმე მეტალების კონცენტრაცია.

მრავალი კვლევების შედეგად ნათლად აისახა, რომ სელენი იმუნური სისტემისათვის აუცილებელ კოფერმენტს წარმოადგენს, იმუნომოდულირებული თვისებიდან გამომდინარე, ის შესაძლებელია განვიხილოთ სამი პრინციპიალური მექანიზმის მიხედვით:

1. ანთების საწინააღმდეგო მიკროელემენტი,

2. როგორც ანტიოქსიდანტი ის გავლენას ახდენს უჯრედების ჟანგვა-აღდგენით რეაქციებზე,

3. ანტიკანცეროგენური ნაერთების საწინააღმდეგო მიკროელემენტი.

სელენის მიღება აუცილებელია როგორც უჯრედის მთლიანობის შესანარჩუნებლად, ასევე იმუნიტეტის დასაცავად, რომელიც ორგანიზმს ზოგიერთი ვირუსული ინფექციისაგან იცავს. მისი დეფიციტი იწვევს იმუნური სისტემის დასუსტებას, ჰიპერთირეოზს, კეშანის დაავადებას.

არსებობს მსოფლიოში რეგიონები, რომელთა ნიადაგი ღარიბია სელენით და შესაბამისად მოსახლეობა მის დეფიციტს განიცდის 1988-94 წწ. INTERMAP-მა ჩაატარა 4 ქვეყანაში ( აშშ, ჩინეთი, ინგლისის გაერთიანებული სამეფო, იაპონია) კვლევები. რესპოდენტი (5 000) იყო მოზრდილი ასაკის ქალი და მამაკაცი. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ჩინეთის მოსახლეობა განიცდის ამ მიკროელემენტის მწვავე დეფიციტს, ვინაიდან მისი კონცენტრაცია ნიადაგში მცირეა.

ცნობილია, რომ სელენი ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება 50-100 მკგ/დღეში, ხოლო რეიმანის მიერ ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, სელენი საჭიროა ადამიანის ორგანიზმისათვის 200 მკგ/დღეში.

ის ქვეყნები, რომლებიც სელენის მწვავე დეფიციტს განიცდის მიღებულია სელენის მიღების დღიური ნორმა 200 მკგ და ზევით. ზოგიერთი მკვლევარის აზრით სელენის ანტიოქსიდანტური თვისება დამოკიდებულია სისხლის პლაზმაში გლუტატიონპერქოსიდაზის (GSH-Px) აქტიურობაზე. შესაბამისად არ იყო დადგენილი სელენის როგორი ფორმა ესაჭიროებოდა ცოცხალ ორგანიზმს კვების დანამატად. მოგვიანებით კვლევებმა ნათლად ასახეს, რომ ცოცხალ ორგანიზმში ბიოლოგიური შემთვისებლობის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს კვების პროდუქტების სელენით გამდიდრებას.

სელენი წარმოადგენს იოდპეროქსიდაზის აუცილებელ კოფერმენტს, ეს უკანასკნელი კი არის ფარისებრი ჯირკვლის სინთეზის ფერმენტი. სელენის დეფიციტმა შესაძლებელია გააღრმავოს იოდის დეფიციტი ცოცხალ ორგანიზმში.

სელენშემცველი ცილებიდან მნიშვნელოვანია ანტიოქსიდანტი გლუტატიონპეროქსიდაზა. ის აქტიურად შლის და ახდენს წყალბადის ზეჟანგის დეტოქსიკაციას, იცავს უჯრედის მემბრანის სტრუქრტურას _ მიტოქონდრიებს.  ამის გარდა საინტერესოა სელენის ურთიერთმოქმედება ზოგიერთ მძიმე მეტალზე, რომლებიც ორგანიზმიდან პრაქტიკულად არ გამოიყოფა, ეს პრობლემა მეტად მნიშვნელოვანია.

მეცნიერების _ პარიზეკის, ვანგასა და კოსტას მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ნათლად ასახეს, რომ სელენი თრგუნავს მძიმე მეტალების მოქმედებას ცოცხალ ორგანიზმზე.

ექსპერიმენტული ცხოველების ღვიძლში ჩატარებული კვლევის შედეგად სელენის კონცენტრაციამ შეამცირა მეთილური ვერცხლის წყლის დონე, ამასთანავე შემცირდა ვერცხლის წყლის ორგანული და არაორგანული ფორმაც. 

სელენი იცავს ორგანიზმს კადმიუმის ტოქსიურობისაგან. სელენის მოქმედების მექანიზმი კადმიუმის მიმართ განპირობებულია, მისი ცილოვან ნაერთებთან მდგრადობით. კადმიუმი სელენთან – 1:1-თანაა შეფარდებით. ამასთანავე სელენი ურთიერთზემოქმედებს ზოგიერთი ქიმიურ ელემენტზეც, მაგალითად როგორიცაა თუთია, სპილენძი. ექსპერიმენტალური მონაცემები მიუთითებს სელენისა და სპილენძის კონკურენტული მოქმედების შესაძლებლობაზე.

ასე მაგალითად, ფრინველის ულუფაში სპილენძის ჭარბი რაოდენობის (800-4000 მგ/კგ) დროს, მაშინ როცა სელენის შემცველობა შეადგენდა 0,2მგ/კგ, აღინიშნებოდა ექსუდაციური დიათეზის, კუნთოვანი დისტროფიის და დაცემის შემთხვევები. საკვებში სელენის დამატებამ გამორიცხა ექსუდაციური დიათეზი და აქედან გამომდინარე შეამცირა ფრინველის დაცემა. ეს მიუთითებს სელენისა და სპილენძის არატოქსიური კომპლექსის ჩამოყალიბებაზე

. სელენი ანიველირებს თუთიის უნარს, გაზარდოს ღვიძლში მეტალოთიონეინის ბიოსინთეზი. თირკმელებში მეტალოთიონეინის რაოდენობა არ იცვლება, მაგრამ თუთიისა და სელენის ერთობლივი შეყვანა იწვევს მაღალ მოლეკულურ წყალში უხსნადი ცილების წარმოქნას.

ამავე დროს თუთიისა და სელენის ურთიერთქმედებას შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული მნიშვნელობა წინამდებარე ჯირკვლის ზოგიერთი პათოლოგიური დაავადების დროს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია ორგანიზმში თუთიის მრავალჯერადი დაგროვება და სელენის კონცენტრაციის შემცირება.

ეკატერინა მელიქია,

„ორგანული სელენის გავლენა ბროილერის ხორცის ხარისხზე და მისი თერმული დამუშავების (გაყინვა-გალღობა) ოპტიმალური რეჟიმების დადგენა„