სენაჟის  მნიშვნელობა  და  დამზადების ტექნოლოგია

მეცხოველეობაში ძირითადად გამოიყენება მცენარეული წარმოშობის  საკვები, რომელიც მზადდება ბალახის ვეგეტაციური განვითარების შემჭიდროებულ ვადებში.    
საკვების შემჭიდროებულ ვადებში დამზადება შესაძლებელია, მისი დამზადების არსებული ხერხებისა და მეთოდების სრულყოფის, ან ახალი ტექნოლოგიების დამუშავებისა და წარმოებაში დანერგვის გზით.

მეცხოველეობისათვის მყარი საკვები ბაზის შექმნის მნიშვნელოვანი პირობაა ახალი პროგრესული ტექნოლოგიების გამოყენებით ისეთი მაღალხარისხოვანი საკვების დამზადება, რომელიც უზრუნველყოფს სათიბის ერთეული ფართობიდან მაქსიმალური რაოდენობის საკვები ერთეულის (ს.ე.) მიღებასა და შენახვის პროცესში მის არანაკლებ 90 %-ის ზღვრებში  შენარჩუნებას. ასეთ საკვებად მიჩნეულია ბალახებისგან დამზადებული, შედარებით ახალი სახის საკვები – ს ე ნ ა ჟ ი.

სენაჟი მზადდება უფრო სრულყოფილი მეთოდებით, ვიდრე თივა, რაც საშუალებას იძლევა 1 ჰა ფართობიდან მივიღოთ 1000…1500 ს.ე -ით მეტი, ვიდრე თივის დამზადებისას და 300…400 ს.ე -ით მეტი სილოსთან შედარებით. სენაჟის თვითღირებულება მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე თივისა და სილოსის.

სენაჟს თავისი თვისებებით შუალედი მდგომარეობა უკავია თივასა და სილოსს შორის. თუ თივა მზადდება ბალახის 18…20 % ტენიანობამდე გაშრობით, სასილოსე მასის ტენიანობა 65%-ზე მეტია, ხოლო  სენაჟისათვის  გამოიყენება მინდორში მოთიბული და 45…55% ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი, ან ბალახების ნარევი.

სენაჟის დამზადება წარმოადგენს ბალახოვანი საკვების დამზადების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ხერხს,იგი საყუათო ნივთიერებებით ახლოსაა მწვანე ბალახთან.

14…18 ლ. წველადობის ფურების რაციონში სენაჟით შეიძლება თივისა და სილოსის მთლიანად, ხოლო ძირნაყოფების (ჭარხალი) ნაწილობრივ შეცვლა, მიღებული რძის ხარისხისა და რაოდენობის შემცირების გარეშე. მსხვილფეხა პირუტყვის 9…11 თვის ასაკის მოზარდებში 10 კგ სენაჟისა და 1,1 კგ კონცენტრატით შედგენილი რაციონით ცოცხალი მასის საშუალო სადღეღამისო მატება 850…880 გრამია.

ძირნაყოფების, სილოსისა და თივის სენაჟით შეცვლით, 1 ც რძის წარმოებაზე დახარჯული საკვების ღირებულება მცირდება 28%-ით.

სენაჟის ხარისხი დამოკიდებულია მრავალ ისეთ ფაქტორზე, როგორიცაა საწყისი ნედლეულის ქიმიური შედგენილობა, საკვები კულტურების ვეგეტაციური განვითარების ფაზა,  ბალახის მოთიბვის დრო და სასენაჟე მასის დაწნეხის, შეფუთვისა და შენახვის პირობები.

როგორც ცნობილია, პარკოსანი ბალახებიდან თივის დამზადებისას დანაკარგი მინდორში 50%-მდეა, ამის გამო პარკოსანი ბალახებიდან თივის დამზადება, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების პირობებში, თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან ბალახის მინდორში 18…20 % ტენიანობამდე გაშრობისას ფოთლები და ყვავილები იმტვრევა და ცვივა, მაშინ როცა ღეროები ისევ ნედლია. ფოთლები  და ყვავილები კი მცენარის მთლიანი მასის ნახევარს შეადგენს და შეიცავს 80 %-მდე პროტეინს.

იმის გამო რომ პარკოსან ბალახებში   შაქრის შემცველობა დაბალია, მისგან სუფთა სახით ხარისხიანი სილოსის დამზადება კონსერვანტების გამოყენების გარეშე ძნელი, ან შეუძლებელია. პარკოსანი ბალახები მიეკუთვნებიან ძნელად დასასილოსებელ კულტურებს.

სენაჟი შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ბალახისაგან, მაგრამ განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სენაჟი მიიღება მრავალწლიანი პარკოსანი ბალახებისაგან:  იონჯა, ესპარცეტი, სამყურა და პარკოსან – მარცვლოვანი ბალახების ნარევისაგან.

სენაჟის, როგორც ნებისმიერი სხვა საკვების ხარისხი, დამოკიდებულია საწყისი ნედლეულის ხარისხზე.

დაკონსერვებული საკვების კვებითი ღირებულება ყოველთვის დაბალია საწყის ნედლეულთან შედარებით. დაკონსერვებისას საკვებისა და მისი საყუათო ნივთიერებების დანაკარგების მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ რამდენადაც მცირეა ეს დანაკარგები, იმდენად მაღალია დაკონსერვების შედეგი.

სენაჟის დამზადების პროცესში ძირითადი ამოცანაა, სათიბების ერთეული ფართობიდან მიღებული სასენაჟე მასის საწყის ნედლეულში არსებული საყუათო ნივთიერებების შესაძლებლად მაქსიმალურად შენარჩუნება, ხოლო დაკონსერვებისა და შენახვის პროცესის მინიმალური დანაკარგებით ჩატარება.

ასეთი შედეგების მიღება შესაძლებელია ბალახის ოპტიმალური ვეგეტაციური განვითარების ფაზაში მოთიბვისა და  სასენაჟე მასის მომზადების პროცესის ტექნოლოგიური მოთხოვნების დაცვით ჩატარების შემთხვევაში.

პარკოსანი ბალახების აღება იწყება კოკრის წარმოქმნისას და მთავრდება ყვავილობის დაწყების ფაზაში. მარცვლეული ბალახების აღებისას ოპტიმალურია თავთავის წარმოქმნის ფაზა. ამ პერიოდში ბალახი ხასიათდება დიდი შეფოთვლითა და მაღალი ყუათიანობით და შეიცავს მცირე რაოდენობის უჯრედისს, ხოლო  ყვავილისა და თავთავის წარმოქმნისა და დამთავრების ფაზების გავლის შემდეგ, მცენარეში იწყება საყუათო ნივთიერებების უკუგადინება გამრავლების ორგანოებში: თავთავში, კოკრებსა და ყვავილედებში, სადაც ყალიბდება მარცვალი და მნიშვნელოვნად მცირდება ბალახის კვებითი ღირებულება.

ოპტიმალურ აგროტექნიკურ ვადებში აღებული ბალახებიდან მაღალი ხარისხის საკვების მიღების ძირითადი პირობებია: მოთიბული ბალახის მინდორში 45…55 % ტენიანობამდე შეჭკნობა, დაკუწვა, 350…400 კგ/მ3 სიმკვრივემდე  დაწნეხა და ანაერობულ პირობებში დაკონსერვება.

სასენაჟე მასის დაკონსერვებას ხელს უწყობს სამი ძირითადი ფაქტორი: ბალახის უჯრედების ფიზიოლოგიური სიმშრალე, საცავში დაწნეხილ სასენაჟე მასაში ნახშირორჟანგის წარმოქმნა და დასილოსების პროცესთან შედარებით, მცირე რაოდენობის ორგანული მჟავების დაგროვება.

სენაჟის დასამზადებლად ვარგისი საწყისი ნედლეულის ფიზიოლოგიური სიმშრალე დგება: მარცვლოვანი ბალახებისათვის 40…45 %, ხოლო პარკოსანი ბალახებისათვის 45…55% ტენიანობამდე შეჭკნობისას.

ზოგადად სასენაჟე მასის მინდორში შეჭკნობის ოპტიმალურ ტენიანიობად მიღებულია 45…55%. ამ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახების დაკონსერვება ხდება მცენარის უჯრედებში, წყლის იმ არასაკმარისი რაოდენობის  არსებობის გამო, რომელიც ბაქტერიათა უმრავლესობას ესაჭიროება ინტენსიური განვითარებისათვის და ვერ იღებს მას ბალახის უჯრედების ფიზიოლოგიური სიმშრალის გამო.

ოპტიმალური ტენიანობისას ბალახის უჯრედშიგა წყლის შეკავება უჯრედების მიერ ხდება 5,5…6,0 მპა (550…600 ნ/სმ² ) ძალით, ხოლო ბაქტერიების უმრავლესობის შეწოვის ძალა 5,0…5,5 მპა (500…550 ნ/სმ² ).

ამგვარად, სასენაჟე მასის ოპტიმალური ტენიანობისას  უჯრედშიგა წყალი ბაქტერიების უმრავლესობისათვის ძნელი შესაღწევია. ამის შედეგად სენაჟში მჟავას წარმოქმნა, სილოსთან შედარებით, შეზღუდულია და სუსტად ვითარდებიან ლპობისა და ერბომჟავური ბაქტერიები, რაც ხელს უწყობს საყუათო ნივთიერებების შენარჩუნებას, მაგრამ იგი იოლი შესაღწევია სხვადასხვა სოკოვანი ობისათვის, რომლის შეწოვის ძალა 22,0…29,5 მპა (2200…2950 ნ/სმ²) აღწევს.

ობის განვითარება შესაძლებელია აერობულ პირობებში. მისი განვითარების შეზღუდვა კი შეიძლება მხოლოდ სასენაჟე მასის ჰაერისაგან საიმედოდ იზოლირებულ გარემოში შენახვით. დაწნეხილ სასენაჟე მასაში რჩება გარკვეული, ზოგჯერ 20 %-მდე რაოდენობის ჰაერი, მაგრამ იგი მცენარის უჯრედების სუნთქვისას ჩქარა იხარჯება. ამ დროს წარმოქმნილი ნახშირორჟანგი კი ავსებს საკვების ნაწილაკებს შორის არსებულ თავისუფალ გარემოს. ასეთ  გარემოში ობი ვერ ვითარდება, ხოლო ჰაერის ახალი ნაკადის შეღწევის გარეშე, წყდება უჯრედების სუნთქვა და იზღუდება სასენაჟე მასის ტემპერატურის 37°C -ზე  მეტად გაზრდის გამომწვევი  ბაქტერიების განვითარების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ბალახის შეჭკნობის ხარისხის სწორად განსაზღვრა. თუ შემჭკნარი ბალახის აღებას დავიწყებთ ოპტიმალურზე მაღალი ტენიანობისას, პროცესი დაიწყება ბალახის არასრული დასილოსების პრინციპით, რაც მიღებული საკვების დაბალი ხარისხის გამო არასასურველია. თუ ბალახი შეჭკნება 40 %-ზე ნაკლებ ტენიანობამდე, მნიშვნელოვნად გაიზრდება ბალახის მინდორში დაყოვნების დრო, რითაც იზრდება როგორც საყუათო ნივთიერებების, ასევე მექანიკური დანაკარგები. რაც მთავარია, ასეთი ტენიანობის საკვები ცუდად იტკეპნება და იზრდება მისი ტემპერატურა. თუ იგი გადააჭარბებს ტემპერატურის დასაშვებ ზღვარს, გამოიწვევს სასენაჟე მასის ჩახურებას და გაფუჭებას.

დაუშვებელია სასენაჟე მასად დაბალი ტენიანობის (ვთქვათ 25…30 %) და წვიმის შედეგად 40…55 % ტენიანობამდე  დასველებული ბალახის გამოყენება, რადგან შეჭკნობისას ბალახი პირველად კარგავს თავისუფალ, ხოლო შემდეგ სუსტად ბმულ წყალს. სწორედ ამ წყალს იყენებენ მიკროორგანიზმები სასიცოცხლო პროცესებისათვის. სასენაჟე მასაში რჩება მიკროორგანიზმებისათვის შეუღწევადი ბმული წყალი.

ბალახის ჭკნობის პროცესში იზრდება მცენარის უჯრედების ტენშეკავების ძალა, რომელიც აჭარბებს ბაქტერიების შეწოვის ძალას. იქმნება გარემოს ფიზიოლოგიური სიმშრალის პირობები, ხოლო წვიმაში მოხვედრილ, ნაწილობრივ გამშრალ ბალახში მიმდინარეობს სხვა პროცესები. წვიმის წყალი ზედაპირული  და თავისუფალი წყალია, რომელიც ხელსაყრელია მიკროორგანიზმების განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ წვიმის წყლით დასველებული ბალახის ტენიანობა შეიძლება შეესაბამება შემჭკნარი სასენაჟე მასის ტენიანობას, ამ მასის დაკონსერვება არ შეიძლება, ვინაიდან ამ დროს ბალახის ფიზიოლოგიური სიმშრალის გარემოს მიღწევა შეუძლებელია.

წვიმიან ამინდში მოთიბული ბალახის დატყლეჟვაც არ არის რეკომენდებული, ვინაიდან წვიმის წყალი, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სიგრძეზე გახლეჩილი პარკოსანი ბალახის ღეროს ბოჭკოებიდან გამორეცხავს საყუათო ნივთიერებებს, რაც საკვებში ზრდის საყუათო ნივთიერებების  დანაკარგებს.
თუ ღვარეულებში ბალახის ტენიანობა მაღალია (55…60%-ზე მეტი) საჭიროა მისი გადაბრუნება, ან ნაწვერალზე გაშლა. ეს უნდა მოხდეს წვიმის გადაღებიდან 1,5…2,0 საათის შემდეგ,როცა მოთიბული ბალახის ზედაპირიდან ტენი აორთქლდება.

პარკოსანი და პარკოსან-მარცვლოვანი ბალახების ნარევი მოთიბვის დროს უნდა დაიტყლიჟოს, რათა დაჩქარდეს მათი ჭკნობის პროცესი. ახალმოთიბული პარკოსანი ბალახების დატყლეჟით კი ღეროს ბოჭკოების გასწვრივ გახლეჩით, იზრდება ტენის აორთქლების ზედაპირი და ფოთოლი და ღერო თანაბრად შრება. ეს განსაკუთრებით საჭიროა მაღალმოსავლიან სათიბებში პარკოსანი და  პარკოსან-მარცვლოვანი ბალახების გათიბვისას.

დაუტყლეჟავი პარკოსანი ბალახის მასა შრება არათანაბრად, ვინაიდან ფოთლების ტენიანობა ნაკლებია, ვიდრე ღეროსი. ამიტომ ბალახის გადაბრუნებისა და მოფოცხვა-შეგროვების დროს ფოთლები და ყვავილები, რომლებიც მცენარის ღეროს 40%-მდე შეჭკნობისას 30% და ნაკლებ ტენიანობამდეა გამშრალი, იმტვრევა და ცვივა.

ფოთლებში პროტეინი და კაროტინი მეტია, ვიდრე ღეროში და ნაკლებია უჯრედისი, ე.ი.ფოთლებისა და ყვავილების ჩაცვენისას მცირდება მოსავლის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხიბრივი მაჩვენებლები.

დატყლეჟილი ბალახის ცვრის ზემოქმედებით დატენიანების თავიდან აცილების მიზნით, ღამით ნათიბში დატოვება არასასურველია. ამიტომ დღის განმავლობაში მოთიბული და ოპტიმალურ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი ბოლომდე უნდა დაკონსერვდეს.

მინდორში, შემჭკნარი ბალახის გადაბრუნება და აჩეჩვა იწყება შეჭკნობის ხარისხის მიხედვით. რამდენადაც ჩქარა მიმდინარეობს მცენარიდან ტენის აორთქლება, იმდენად მაღალია მიღებული საკვების ხარისხი, იკარგება საყუათო ნივთიერებების, განსაკუთრებით ნახშირწყლების ნაკლები რაოდენობა.

ბალახის შეჭკნობის პროცესის დაჩქარება შეიძლება მისი რამდენჯერმე გადაბრუნებით.

ბალახს პირველად გადააბრუნებენ მოთიბვიდან არაუგვიანეს 2…3 საათის შემდეგ, შემდგომ კი ყოველ 2…3 საათში, საჭიროების მიხედვით.

შემჭკნარი ბალახი უნდა დაიკუწოს 30…50 მმ სიგრძეზე, ამავე დროს მასში 30 მმ სიგრძის ნაკუწი უნდა იყოს არანაკლებ 75%, მხოლოდ ასეთ ზომაზე დაკუწული სასენაჟე მასა იძლევა საცავში კარგად დატკეპნისა და თვითჩახურებისაგან დაცვის საშუალებას.

ბალახის კვებითი ღირებულება, გარდა მოთიბვის ვეგეტაციის ფაზების დაცვისა, დამოკიდებულია მოთიბვის დროზეც. ბალახის თიბვას იწყებენ ადრე დილით. ამ დროს ბალახში მაღალია კაროტინის შემცველობა, 6-დან  9-საათის შემდეგ იგი მცირდება, ხოლო საღამოს ისევ იწყებს ზრდას. დილისა და დღის სხვა საათებში კაროტინის შემცველობის განსხვავება ბალახში შეადგენს 40…50%-ს, გარდა ამისა ბალახის შეჭკნობის ინტენსივობა დილის საათებში გათიბვისას 2,5…3,0 -ჯერ მეტია, დღის ცხელ საათებში გათიბვასთან შედარებით.

მაღალი ხარისხის სენაჟის დამზადები ზემოთაღწერილი მოთხოვნები,  საფუძვ  ლად    დაედო  სენაჟის დამზადების  ტრადიციულად არსებული ტექნოლოგიის დამუშავებას,   რომელიც მეურნეობის ტექნიკური ბაზის მდგომარეობის, აგრეთვე კლიმატურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით, შედგება შემდეგი ოპერაციებისაგან:

ბალახის მოთიბვა (პარკოსნების დატყლეჟით);მოთიბული ბალახის ნათიბში დატოვება,ან ღვარეულებად დაწყობა;შემჭკნარი სასენაჟე მასის ღვარეულებიდან აღება, დაკუწვა,ტრანსპორტზე დატვირთვა და ტრანსპორტირება; სასენაჟე მასის საცავში ჩაყრა და დატკეპნა;სასენაჟე მასის ჰერმეტულად დახურვა.

ტრანშეაში სასენაჟე მასის შეტანა იწყება ტორსული მხრიდან. თვითმცლელი მანქანების გამჭოლად გატარებით, ან გვერდითი კედლებიდან ჩაყრით. საცავში სასენაჟე მასას ანაწილებენ ფენებად და იწყებენ  ტრაქტორით საცავის ავსებამდე განუწყვეტლად ტკეპნას.

ტრანშეა უნდა შეივსოს 3…4 დღის განმავლობაში, ამისათვის საჭიროა მასში ყოველდღიურად 60…75 სმ სისქის ფენის სასენაჟე მასის შეტანა და ავსების შემდეგ  ჰერმეტულად დახურვა.

სასენაჟე მასით სავსე ტრანშეას ხურავენ პოლიეთილენის ფირით და ზემოდან აყრიან 10…20სმ სისქის მიწის ფენას.

ტრანშეა და კოშკი რეკომენდებულია სათიბების დიდი მასივებისა და დიდი სულადობის ფერმებისათვის. 500 ტ. ტევადობის ტრანშეა გათვალისწინებულია არანაკლებ 150 სულიანი მსხვილფეხა საქონლის ფერმისათვის და ტექნოლოგიით გათვალისწინებულ ვადებში ასავსებად საჭიროებს ყოველდღიურად 100 … 150 ტ სასენაჟე მასას.

კოშკი შედარებით სრულყოფილი ტიპის საკვების საცავია, მაგრამ მისი აშენება 1,3 … 1,5 -ჯერ ძვირი ჯდება, ტრანშეასთან შედარებით და რეკომენდებულია 400 სულიანი ფერმებისათვის.

 

სენაჟის არსებული ტრადიციული ტექნოლოგიის ერთ-ერთ სუსტი რგოლი, რაც საყოველთაოდაა აღიარებული, საკვების საცავია. როგორც პრაქტიკული გამოცდილებით დასტურდება, ტრანშეა (ნაწილობრივ კოშკიც) სრულად არ აკმაყოფილებს სენაჟის დამზადების არსებულ ტექნოლოგიასა და ექსპლუატაციის მოთხოვნებს, რაც პირდაპირ აისახება დამზადებული საკვების ხარისხზე. რთულია დიდ ტევადობის ტრანშეას სასენაჟე მასით 3 … 4 დღეში ავსება, ტრაქტორით დღე-ღამეში 18 საათის განმავლობაში განუწყვეტელი ტკეპნა, ჰერმეტულად დახურვა და შენახვა. ტრანშეადან საკვების ხარჯვის პროცესში, გახსნილი ზედაპირის მართვა და სხვა.

საზღვარგარეთის ქვეყნებში ინტენსიური კვლევებია ჩატარებული სენაჟის დამზადების არსებული ტექნოლოგიის სრულყოფის მიზნით.

სენაჟის დამზადების ახალი ტექნოლოგია, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა არის,  დაწნეხილი სენაჟის პოლიმერულ მასალაში შეფუთვა და შენახვა.

ტრადიციული ტრანშეის ტიპის საკვების საცავთან შედარებით, პოლიმერულ მასალაში შეფუთული საკვების დამზადების ტექნოლოგიის უპირატესობა ის არის,    რომ მინიმალურია საკვებში არსებული საყუათო ნივთიერებების დანაკარგები, ვინაიდან შექმნილია ბალახის მაღალი კვებითი ღირებულებების ფაზაში, შემჭიდროებულ ვადებში მოთიბვისა და შეჭკნობის პირობები, ხოლო მექანიკური დანაკარგები უმნიშვნელოა იმის გამო, რომ ოპტიმალურ ტენიანობამდე შემჭკნარი ბალახი ჯერ კიდევ ინარჩუნებს დრეკადობას, არ იმტვრევა და არ ცვივა. ასეთ პირობებში დამზადებული და შენახული საკვები მაღალი ხარისხისაა, რაც ცხოველის სრულყოფილი კვების გარანტიაა.

მსოფლიოს განვითარებული მეცხოველეობის ქვეყნებში გამოიყენება პოლიმერულ მასალაში შეფუთული სენაჟის დამზადების რამდენიმე ხერხი:

რულონებში დაწნეხილი და პოლიეთილენის აფსკში შეფუთული სენაჟის დამზადება და შენახვა; დაწნეხილი რულონის პოლიმერულ ტომარაში შეფუთვა და შენახვა; დაკუწული სასენაჟე მასის პოლიმერულ ტომარაში შეფუთვა და შენახვა.

შეფუთული სენაჟის დამზადების ურთიერთ განსხვავებულ ხერხებს გააჩნია განსხვავებული ტექნოლოგიები და საექსპლუატაციო თავისებურებები, მაგრამ მათ აერთიანებთ, ერთი საერთო შედეგი – მაღალი ხარისხის საკვები და მექანიზაციის დონე.

პოლიმერული მასალების გამოყენებით საკვების დამზადების პროცესს ვერ აფერხებს ცუდი ამინდი. საკვების დამზადების პროცესის შეჩერება, დანაკარგების გარეშე შეიძლება ხელსაყრელი ამინდის დადგომამდე.

პოლიეთილენის ფირში შეფუთული სენაჟის დამზადების არსი და უპირატესობა არის ის, რომ ბალახის მოთიბვიდან შეფუთვამდე საჭირო დრო მინიმუმამდეა დაყვანილი. ვინაიდან პილიეთილენის აფსკში შეფუთული თითოეული რულონი წარმოადგენს შეფუთულ მინისაცავს და მისი ცალ-ცალკე შეფუთვა, ან ცხოველის საკვებად გამოყენება არ არის დაკავშირებული არსებული, ტრადიციული ტექნოლოგიით გათვალიწინებულ ცნობილ შეზღუდვებთან.

შეფუთული სენაჟის რულონებში დაწნეხისა და ჰერმეტულად შეფუთვის შემდეგ მასში წყდება მცენარის უჯრედების სუნთქვა და არასასურველი მიკრობიოლოგიური პროცესები. დამზადებული საკვები საყუათო ნივთიერებებით ახლოსაა საწყის ნედლეულთან.

სენაჟის რულონებში დამზადებისა და პოლიმერულ ტომრებში შეფუთვის პროცესი, შეფუთული სენაჟის რულონებში შეფუთვის ტექნოლოგიისაგან განსხვავდება მხოლოდ დასკვნითი ოპერაციებით. დაწნეხილი რულონი ინდივიდუალურად შეფუთვის ნაცვლად, სპეციალური ვალცებიანი საწნეხი მანქანით, მიმდევრობით იდება და ინახება თავისივე დიამეტრის მქონე პოლიმერულ ტომარაში. რულონისა და პოლიმერული ტომრის დიამეტრები 1,5 მ-ია, პოლიმერული ტომრის სიგრძე 31, ან 60 მ-ია. 60 მ-ის პოლიმერულ ტომარაში თავსდება 43 რულონი, ანუ  28…30 ტ. სენაჟი.

 

შეფუთული სენაჟის დამზადების მესამე ხერხი – დაქუცმაცებული სასენაჟე მასის პოლიმერულ ტომარაში მოქცევა შეიძლება სპეციალური წნეხ-საფუთავით. მინდორში შემჭკნარი სასენაჟე მასა აიღება თვითმავალი კომბაინით, დაქუცმაცდება და იგზავნება ცხოველის სადგომთან გამართულ პოლიმერულ ტომარასთან, იცლება წნეხ-საფუთავის მიმღებ ბუნკერში და იწნიხება პოლიმერულ ტომარაში. დაწნეხილი სასენაჟე მასის სიმკვრივე  650 კგ/მ3 აღწევს.     .

საკვების დაკონსერვების დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობის გაზები, რომელიც უნდა გამოიდევნოს პოლიმერული ტომრის ავსებისა და ჰერმეტიზაციის შემდეგ. პოლიმერული ტომრის სიგრძეზე  2…3 ადგილას აყენებენ სპეციალურ სასუნთქავ სარქველებს, რომელთაც კეტავენ ტომრიდან ჰაერის გამოშვების შემდეგ.

შეფუთული სენაჟის დასამზადებელ მანქანათა კომპლექსში პირველი და მნიშვნელოვანი რგოლია სათიბელა, ამიტომ მისი შერჩევა და განსაკუთრებით სამუშაოდ გამზადება განსაზღვრავს ბალახის საწყისი ხარისხის შენარჩუნებას.

ჩაწოლილი და აბურდული ბალახის გასათიბად რეკომენდებულია დისკური (როტორული) სათიბელას გამოყენება. პარკოსანი, ან პარკოსან-მარცვლოვანი ბალახნარევის გასათიბად უმჯობესია ვალცებიანი სათიბელასატყლეჟელა, რომელიც პარკოსანი ბალახების ღეროებს სიგრძეზე დახლეჩით ზრდის აორთქლების ზედაპირს. მარცვლოვანი ბალახების გასათიბად იყენებენ თითებიანსეგმენტებიან სათიბელებს.

ბალახის მინდორში შეჭკნობის პროცესზე დაკვირვებით დადგენილია, რომ მოთიბული ბალახის შეჭკნობის პროცესის დაჩქარების ფაქტორია არამარტო მზის სხივების ზემოქმედებაა, არამედ ბალახის მასის ინტენსიური განიავებაც. ღრუბლიან ამინდში ნიავი (ქარი) ითვლება ბალახის შრობის ერთ-ერთ ფაქტორად, ამიტომ მისი რეგულარული აჩეჩვა – გადაბრუნება, ხარისხიანად შემჭკნარი ბალახის დამზადების, აუცილებელი ოპერაციაა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით გათვალისწინებულია  ასაჩეჩ-საბრუნებელი მანქანის, ან ფოცხის გამოყენებით ბალახის აჩეჩვა-გადაბრუნება. ამ ღონისძიებით შესაძლებელია ბალახის შეჭკნობის პროცესის 15…20%-ით დაჩქარება (ღრუბლიან ამინდში 50% მდე ) ყველაზე დიდი მოთხოვნები წაეყენებათ იმ მანქანებს, რომლებიც გამოიყენება  ოპტიმალურ ტენიანობამდე შეჭკნარი ბალახის საბოლოოდ დასამუშავებლად. ასეთია ფოცხი და წნეხ-ამკრეფი მანქანები. სწორედ ამ ეტაპზე მცენარის ფოთლები ძალიან მგრძნობიარეა მანქანის სამუშაო ორგანოების აქტიური ზემოქმედების მიმართ.

ცნობილია როტაციული და თითებიან-ბორბლებიანი ფოცხები. მათ შორის ყველა პარამეტრით (ღირებულება, ხანგამძლეობა, მცენარესთან და ნიადაგთან კონტაქტი, მწარმოებლურობა, ენერგიის ხარჯი.) უპირატესობას ანიჭებენ ბორბლებიან-თითებიან ფოცხებს.

თანამედროვე სასენაჟე მასის ამკრეფ-საწნეხი მანქანებიდან, მაღალი საექსპლუატაციო მაჩვენებლებით გამოირჩევიან კომბინირებული საწნეხკამერიანი მანქანები.

დღეისათვის სათიბების დიდ მასივებში საკვების დასამზადებელი მანქანების  საერ თაშორისო ბაზარზე, არის  შეფუთული სენაჟის ამკრეფ-საწნეხი და ერთ მანქანაში  გაერთიანებული ამკრეფ- საწნეხ- საფუთავი მანქანების ფართო არჩევანი.

რეზო რუსიეშვილი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *