სოფლების გაცოცხლების გეგმა ლეჩხუმელი ლექსო ჩარკვიანისგან

„დაკარგული სამოთხე“ ლექსო ჩარკვიანის კამპანიაა, რომლითაც ის მიტოვებული სოფლებისა და სახლების გაცოცხლებას ცდილობს. ინიციატივის ფარგლებში, ლექსო დაცარიელებულ, ან დაცარიელების ზღვარზე მყოფ სოფლებში დადის, ეძებს მიტოვებულ სახლებს, უკავშირდება მეპატრონეებს, იღებს ფოტოებს, შემდეგ კი, ინფორმაციის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებით, ამ სახლების ახალი პატრონების ძებნას იწყებს. „დაკარგული სამოთხეს“ აღმოჩენა მის facebook პროფილზეა შესაძლებელი. ამბობს, რომ ამ საქმეში ფინანსური ინტერესი არ აქვს და რომ „ხის სახლები იაფად იყიდება, ძნელი მოსავლელია, თუ ხელი აუშვი წვიმა მოსპობს, ან თოვლი. ბოლოსდაბოლოს,ნათქვამია: სადაც კაცი აღარ დადის, იმ ეზოში ხეც იწყენსო“. ორთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, „დაკარგული სამოთხის“ მეშვეობით 14 მიტოვებული სახლი გაიყიდა.

ძირითადად, ხის სახლები აინტერესებთ, იაფი არის, აგარაკადაც გამოდგება. ბოლოსდაბოლოს, ზღვაზე 2 კვირიანი დასვენების საფასურად იყიდი სახლს, რომელიც სამუდამოდ დაგრჩება, ზამთარშიც გასიამოვნებს და ზაფხულშიც. ყველაზე იაფი პატარა, ხის ოდა 1500 ლარად გავყიდეთ“, – გვიყვება ის.

M: როგორ დაიწყეთ „დაკარგული სამოთხეს“ კამპანია?
ამ კამპანიის დაწყების იდეა ორი თვის წინ დამებადა. ერთ-ერთ სოფლში ვიყავი და ქუჩაში ვლაპარაკობდი, ჩემ თვალწინ წაიქცა და დაიშალა ხის 2 სართულიანი სახლი. მანამდეც ვფიქრობდი წყალტუბოდან ცაგერამდე სოფლების შევსებას, მქონდა იდეაში, მაგრამ ამ ფაქტმა დამაჩქარებინა და დავიწყე მუშაობა მიტოვებულ სახლებზე, გამოცდილება თანდათან დამიგროვდა, თუ როგორ უნდა მომეძებნა მეპატრონეები. სულ სამი ბერკეტი მაქვს, სამწუხაროდ. მე არ ვყიდი სახლებს, ამ საქმეში არ მაქვს ფინანსური ინტერესი.

M: როგორია მიტოვებული სახლების მოძიების, შემდეგ კი, გაყიდვის პროცესი?
შევდივარ რომელიმე სოფელში, ვეკონტაქტები ხალხს, ვგებულობ რომელი სახლი იყიდება და შემდეგ მეპატრონეს ვუკავშირდები. არის შემთხვევები, როდესაც მეზობელმა იცის, რომ იყიდება სახლი მაგრამ იმდენი ხანია არ მისულან იქ მფლობელები, რომ კონტაქტი არ აქვთ. ამის შემდეგ, ვეძებ რეესტრში და ცეესკოს ბაზებში, სანაცნობო წრეებით. ვუკავშირდები და ვადგენ – ყიდის, თუ არა. მისი ნებართვის შემდეგ, ვიღებ ფოტოს, ვიდეოს და ვაქვეყნებ ჩემს ფეისბუქ გვერდზე, იქვე ვუთითებ მეპატრონის ტელეფონს. მნახველს თავად შეუძლია პატრონთან დარეკვა და ფასზე მოლაპარაკება. გამოქვეყნების შემდეგ, მე აღარ ვერევი მყიდველსა და გამყიდველს შორის. ვებგვერდი არ მაქვს, არ მინდა ამ საქმიანობას ბიზნესი სახე მივცე. ერთი ეს არის, რომ სახლის მფლობელი ვერ ხვდება, რატომ არ მინდა მისგან სარგებელი. რამდენჯერმე გადამამოწმა კიდეც ერთ-ერთმა გაზეთმა. ჩემი დახმარებით გაყიდული სამი სახლის მეპატრონეს დაუკავშირდნენ და იმ სამ მყიდველს. უნდოდათ გაერკვიათ, ავიღე, თუ არა მე რაიმე თანხა. თწვენ წარმოიდგინეთ ამ ყველაფერს ისე ვაკეთებ რომ არც კი ვნახულობ მფლობელს და მყიდველს. მთავარია, მასალა ჩამოვიტანო და დავდო გევრდზე.

ერთ-ერთი სახლის გადაღებისას ქვის 4-5 მეტრიანი ყორედან გადავარდი, სოფელი სულ ცარიელი იყო, ვიცოდი, დამხარე არავინ მყავდა, ტელეფონიც 3 ნაბიჯზე დავარდა. დილის 11 საათი იყო.ხერხემლით დავეცი ქვაზე. გავიგონე ძვლის, მალის ხმა. ვეღარ ვინძრეოდი, ხელფეხი გამიქვავდა, რახან კისერი გავანძრიე იმედი მომეცა – წელი არ მომწყვეტია-მეთქი. ასე ვიყავი საღამოს 5, ან 6 საათამდე, აღარ მახსოვს. ბინდდებოდა, ძაღლი გამოვარდა ქვემოდან, მეგონა იქვე დამგლიჯავდა, იმოდენა ყურდაჭრილი ნაგაზი. მიარა ირგვლივ, შორიახლო, გვერდი შებრუნებული მქონდა, ზუსტად იმ ადგილას და იმ მალაზე მანამდე მისვა ენა სანამ მე არ წამოვჯექი. ძალიან ბნელოდა უკვე. ასე მივედი მანქანამდე და სახლამდე ვფიქრობდი – აქ დამთავრდა ეს საქმე-მეთქი. მაგრამ ვეღარ გავჩერდი, გავაგრძელე ისევ და ახლაც, ერთ გასვლაზე, მინიმუმ, 220-250 კმ-ს გავდივარ სოფლებში“.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა? რა მიზანს უნდა მიაღწიოს „დაკარგულმა სამოთხემ“ იმისათვის, რომ თქვენი საქმიანობა წარმატებულად ჩათვალოთ?
მიზანი ერთი მაქ, წყალტუბოდან ცაგერამდე ვეცდები ყველა სოფელში ხალხი შევასახლო და ვაყიდინო სახლ-კარი. სადაც მეტი ხალხია მეტი ხმა არის და მეტი განვითარება. გეგმაში მაქვს, 30 სახლზე რომ ავალ და იმედია, თვის ბოლომდე ავალ, მინდა ყველას მოვუყარო თავი რომელიმე სახლის ეზოში და შთაბეჭდილებები გაუზიარონ ერთმანეთს. ეს საქმე რომ დავიწყე, კარგად ვახერხებდი, ბოლო დროს გამიჭირდა საწვავი, თან გაძვირდა. სადაც საჭირო იყო, იქ  მივმართე წერილობით, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ერთმა კიდევ, კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ ისევ შენი ხელფასით გააგრძელეო. ჰოდა, ვაგრძელებ მაგრამ მალე გავჩერდები. მართლა ვერ მოვაკლებ ჩემ ბავშვებს ამდენს. მერე ვინმე გამოჩნდება კიდე და გააგძელებს.

წყარო: https://www.marketer.ge/dakarguli-samotxe-charkviani/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *