სუბტროპიკული ხურმა  (Diospiros kaki), ბაღის გაშენება, მოვლა

ბოლო წლებში გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა ინტესიური გავრცელების ფონზე ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურა დაზიანდა და მათი სამრეწველო გავრცელება ეჭვის ქვეშ დააყენა. საკმარისია დავასახელოთ თხილის კულტურა, რომლის ფართობმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩაის პლანტაციების განადგურების ფონზე- 30 ათას ჰექტარს მიაღწია, თუმცა ბოლო 3-4 წლის პერიოდში მავნებელ (აზიური ფაროსანა) დაავადებათა მასიური გავრცელების შედეგად, მიუხედავად გატარებული რადიკალური ღონისძიებებისა, თხილის მოსავლიანობა და პროდუქციის ხარისხი კატასტროფულად დაეცა. ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში სასოფლო-სამეურნეო კულტურათა სამრეწველო გაშენების დროს გაითვალისწინონ მეცნიერულ რეკომენდაციებით შემუშავებული  ძირითადი კრიტერიუმები:  1. მცენარის ადაპტაციის უნარი გარემოს ეკოლოგიურ-კლიმატურ ცვლილებებთან, 2.  მდგრადობა-გამძლეობა მავნებელ-დაავადებათა მიმართ. 3.  პროდუქციაზე საბაზრო, საექსპორტო და შიდა სამომხმარებლო მაჩვენებელების მაღალი დონე.

ჩვენის აზრით ამ მხრივ ერთ-ერთი საინტერესო კულტურაა საქართველოში ტრადიციულად გავრცელებული სუბტროპიკული ხურმა.

სუბტროპიკული ხურმის ნაყოფის კვებითი ღირებულება ძალზე დიდია. იგი შეიცავს ნახშირწყლების დიდ რაოდენობას (14-23%), რკინას, მთრიმლავ და ადამიანის ორგანიზმისათვის სასარგებლო სხვა ნივთიერებებს. ხურმა შეიცავს ,,A” და ,,C“ ვიტამინებს.

ხურმა გამოიყენება მწიფე ნაყოფად, ისე გამხმარი და დაკონსერვებული სახით. იხმარება აგრეთვე საკულინარიო წარმოებაში.

ხურმის გამხმარი ნაყოფი იფარება დაკრისტალებული შაქრით და გემოთი არ ჩამოუვარდება ინდურ ფინიკს.

ხურმის ნაყოფი გამოიყენება ლიქიორის წარმოებაში: მისი ნაყოფიდან მაღალი ხარისხის სპირტი მიიღება. ხურმის უმწიფარი ნაყოფი, მცენარის ქერქი, ფოთლები და მერქნის ნარჩენები იხმარება ტყავის სათრიმლვად, ლაქის და საღებავების წარმოებაში. ხურმის ნაყოფით მკურნალობენ კუჭის კატარით დაავადებულებს, დიდად სასარგებლოა სისხლნაკლულობის დროსაც.

უკანასკნელ წლებში შემუშავებულია ხურმის მშრალი ფორმირებული პროდუქტის- ,,ხურმის ბატონის“ წარმოების ტექნოლოგია, რომელიც საექსპორტო დანიშნულებას იძენს.

სუბტროპიკული ხურმის სამშობლოდ ჩრდილოეთ ჩინეთი ითვლება. ჩინეთიდან სუბტროპიკული ხურმა შეტანილია იაპონიაში, სადაც მისი ნაყოფი მანდარინის ნაყოფთან ერთად ასოცირდება. იაპონიიდან ხურმის კულტურა გავრცელდა სხვა ქვეყნებში. საქართველოში ის 1888-89 წლებში იტალიიდან შემოიტანეს. სუბტროპიკული ხურმის პლანტაციების უმეტესი ნაწილი გაშენებულია აჭარისა და აფხაზეთის რაიონებში, აგრეთვე გურიის, სამეგრელოს, იმერეთის და აღმოსავლეთ საქართველოს თბილ რეგიონებში.

საქართველოსთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მხოლოდ სამ სახეობას: ვირგინიის ხურმას, კავკასიურ ხურმას და აღმოსავლურ (სუბტროპიკულ) ხურმას. პირველ ორს იყენებენ საძირედ, მესამეს კი როგორც ხეხილს.

    საქართველოში გავრცელებული ხურმის ჯიშები შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:

  1. მუდმივ მდედრობითი: ჰაჩია, ჰიაკუმე, ტანენაში, ტამოპანი, ტსურუ, კონსტანტა, იემონი, ზენჯი, ტრიუმფი.
  2. მუდმივ მამრობითი: ზენჯი მარუ, გეილი, დამამტვერიანებელი.
  3. ცვალებადი მამრობითი: ოკეიმი, ფუიო.

პირველი ჯგუფის ზოგიერთი ჯიშის ნაყოფის წარმოსაქმნელად დამტვერვა აუცილებელი არ არის (ჰაჩია, ტანენაში, ტამოპანი). ამავე ჯგუფის ზოგიერთი ჯიში მოითხოვს აუცილებლად დამტვერვას (ჰიაკუმე, იემონი, ზენჯი და სხვა). ამ ტიპის ხეებისათვის საჭიროა პლანტაციაში დამამტვერიანებლების გამორგვა. სუბტროპიკული ხურმის ყვავილობა ჩვეულებრივ მაისის შუა რიცხვებიდან, ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. ხურმის მსხმოიარობა დამოკიდებულია დამტვერვაზე, ჯიშების შერჩევაზე და ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე.

სუბტროპიკული ხურმის სამრეწველო ჯიშები

ჰაჩია – საუკეთესო საწარმოო ჯიშია, ნაყოფი უთესლოა, უმეტესად გავრცელებულია აჭარასა და გურიაში. ხე ძლიერ მოზარდია, სიმაღლე 5-8 მეტრია, ნაყოფი დიდი ზომისაა 300-500 გრ. ნაყოფის ზედაპირი კრიალაა, ნაყოფი წაგრძელებულ კონუსურია, მოკლე წაწვეტილი ბოლოთი. ნაყოფის რბილობი დამწიფებამდე მწკლარტეა, შემდეგ კი ტკბილი, მეტისმეტად ნაზი და სასიამოვნო გემოთი. მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში. საჭიროებს დამტვერვას, წინააღმდეგ შემთხვევაში წელგამოშვებით მსხმოიარობს. ნაყოფის თხელი კანის გამო ნაკლებ ტრანსპორტაბელურია.

ჰიაკუმე – ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული ჯიშია. დასავლეთ საქართველოში მას ,,კარალიოკს“ უწოდებენ. ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისაა (120-140გრ). ნაყოფის ფორმა ცვალებადია, ვაშლისებრიდან მომრგვალომდე. ამასთან ნაყოფი ორივე მხრიდან შებრტყელებულია. ნაყოფი მშვენიერი გემოსია, კარგად ინახება. შემოსული თესლიანი ნაყოფი დარბილებამდეც ვარგისია საჭმელად. ნაყოფის თესლი დიდი ზომისაა, მსხმოიარობს დაუმტვერიანებლადაც, თუმცა დამამტვერიანებლის ჩარევა ადიდებს მსხმოიარობას. ნაყოფი იტანს ტრანსპორტირებას. მწიფდება ნოემბერში.

 ჩინებული – ხე საშუალო ან საშუალოზე დაბალი სიდიდისაა, სუსტად მოზარდია, სიმაღლით 6-8 მ. ნაყოფი დიდი ზომისაა 300-400 გრ. ფორმით ფართო კონუსურია, წაწვეტილი, კანი პრიალა, გლუვი, რბილობი სქელი ცომისმაგვარი, მკვრივი. დამწიფებამდე მაგარი და მწკლარტე. შემდეგ ტკბილი მშვენიერი გემოსი, ყვავილები დამტვერვას არ საჭიროებს, უთესლოა, იშვიათად 2-3 თესლი. მისგან მზადდება საუკეთესო ჩირი. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.

ფუიუ –  ხე საკმაოდ მაღალია, უხვმოსავლიანი, ნაყოფი საშუალო ან დიდი ზომისა (150-250გრ). რბილობი მკვრივი, ტკბილი, საშუალო წვნიანი, სასიამოვნო გემოსი. ნაყოფში თესლი მცირე რაოდენობითაა ან უთესლოა. ნაყოფი მაღალი ღირსებისაა, მწიფდება ნოემბრის დასაწყისში, დიდხანს ინახება. ფუიუ ჩვენს პირობებში საუკეთესო ჯიშად ითვლება. ნარგაობა გვხვდება ფოთის, სენაკის, სამტრედიის, ლანჩხუთის ზუგდიდის საწარმოო პლანტაციებსა და საკარმიდამო ნაკვეთებში.

ტამოპანი – ხე მძლავრად მოზარდია, უხვად მსხმოიარობს , ნაყოფი მსხვილია , კანი სქელი და უხეში . რბილობი ღია ნარინჯისფერი , გამჭირვალე, ნაზი, წვნიანი, უთესლოა. ყველაზე საგვიანო ჯიშია, დამამტვერიანებელს არ საჭიროებს.

ზენჯი-მარუ –  ხე საშუალო სიდიდისაა, ნაყოფი პატარა წონით 100 გრამამდე, მრგვალი და მოგრძო მომრგვალო ფორმის. რბილობი მუქი, მოშავო, მკვრივი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, საჭმელად ვარგისია დაუმწიფებელი, გასაშრობად (ჩირად) არ ვარგა. მწიფდება ოქტომბერში, კარგად ინახება, უხვმოსავლიანია.

გეილეი – საუკეთესო ჯიშად ითვლება ხურმის პლანტაციებში რიგთაშორისებში დასარგავად, როგორც დამამტვერიანებელი. ნაყოფი პატარა ზომისაა, მოგრძო კონუსური ფორმის. რბილობი მკვრივი, წვნიანი, ნაყოფი თესლიანია დაბალი კვებითი ღირებულებით.

დამამტვერიანებელი – რეკომენდებულია, როგორც დამამტვერიანებელი გეილეის თანაბრად. უვითარდება მამრობითი ყვავილების დიდი რაოდენობა. ხე უნაყოფოა, ან მცირე მოსავლიანია, ნაყოფი წვრილი, მრავალი თესლით, მწიფდება გვიან.

სუბტროპიკული ხურმის გამრავლება

ხურმას ამრავლებენ როგორც თესლით, ისე ვეგეტატიურად, მყნობით. თესლით გამრავლებული ხურმა არათანაბარი თვისებების ნაყოფს იძლევა და გვიან იწყებს მსხმოიარობას. გამრავლების საუკეთესო ხერხია მყნობა.

სუბტროპიკული ხურმის საძირეებად გარეული ხურმის ნათესარებს იყენებენ. საძირეებად იყენებენ ვირგინიის ნათესარებსაც, თუმცა გარეული ხურმის საძირეზე დამყნობილი ხურმის ჯიშები დიდხანს ძლებენ და სწრაფი ზრდითაც ხასიათდებიან.

საძირეების მისაღებად კავკასიური ხურმის თესლი მზადდება შემოდგომაზე. ნაყოფს ათავსებენ კასრებში და ასხამენ წყალს. ორი დღის შემდეგ, როდესაც თესლი მოსცილდება ნაყოფს, ამოიღებენ და აშრობენ 16-200 – მდე, ინახავენ მშრალ ადგილას. თესლის თესვა ტარდება თებერვალ-მარტში. ღია სანერგეში სათეს მწკრივებს შორის მანძილი 50სმ, ხოლო მწკრივში თესლებს შორის 10სმ. თესლი გაღვივებას იწყებს მაისის დასაწყისში. როდესაც ნათესარები მიაღწევენ 5-6სმ. სიმაღლეს აწარმოებენ მათ გამოხშირვას, ისე რომ მწკრივში მცენარეთა შორის დარჩეს 20-25სმ. როდესაც საძირეები მიაღწევენ სტანდარტს- (სიმსხო 8-10მმ-ზე მეტი) ატარებენ კალმით ან კვირტით მყნობას.

კალმით მყნობა – ტარდება ზამთარში, თებერვალ-მარტში, ორანჟერეაში ან სათბურში, ნამყენის შეხორცების შემდეგ ნერგი აღსაზრდელად გააქვთ სანერგეში. ღია გრუნტში კალმით მყნობა ტარდება აპრილის ან მაისის თვეში-ვეგეტაციის დაწყებისას, რისთვისაც როგორც საძირეზე, ისე სანამყენეზე კეთდება თანაბარი ზომის ირიბი ჭრილი, ხოლო ორივეზე, ჭრილის ზედაპირის ერთი მესამედის ზღვარზე კეთდება ჩანაჭერი. სანამყენე კალმები უნდა იყოს 2-3 კვირტიანი. კალმისა და საძირის ჭრილობების კამბიალური ქსოვილები ერთმანეთს კარგად უნდა ეხებოდეს, რის შემდეგ ნამყენ ადგილს პოლიეთილენის აფსკით ახვევენ და უსვამენ ბაღის მალამოს.

    კვირტით მყნობის – ძირითადი პერიოდი ზაფხულია, თუმცა სუბტროპიკული ხურმისთვის საუკეთესო პერიოდი თებერვლის ბოლო ან ადრე გაზაფხულია. ხურმის მყნობისას კვირტის ჩასმა შესაძლებელია, როგორც T-სებურ ჭრილში, ისე მიჭდომის მეთოდით. დღეისათვის ძირითადად  ხურმის მყნობისას  კვირტის მიჭდომით მყნობის მეთოდი გამოიყენება, რომელიც საძირეში წვენთა მოძრაობის დაწყებისას ტარდება.  გაზაფხულზე მყნობისათვის სამყნობი მასალა მცენარის მოსვენების პერიოდში უნდა დავამზადოთ. მყნობის წარმატებით ჩასატარებლად აუცილებელია, საძირე აქტიურ, სანამყენე, კი (კვირტი, კალამი) მოსვენებულ მდგომარეობაში იყოს.  კვირტის მიჭდომა საძირეზე ხდება ნიადაგის ზედაპირიდან 8-10 სმ სიმაღლეზე. საძირის სიმსხო უნდა იყოს 8-10მმ. კვირტის აღება და ჩასმა ტარდება სწრაფად. ნამყენი ადგილი იხვევა პოლიეთილენის აფსკით. თუ კვირტი ჩავარდა, ტარდება განმეორებითი მყნობა. გახარებული ნამყენი უნდა გადაიჭრას კვირტის ზემოთ. სათანადო მოვლის პირობებში (გაფხვიერება, მორწყვა, გამოკვება, შეწამვლა) ერთწლიანი ნერგი აღწევს 1-1,5 მ-ს, რომელიც გამოდგება მუდმივ ადგილზე დასარგავად. დღეისათვის ხურმის კვირტით მყნობა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხერხია.

    კალმების დამზადება – ნამყენის გახარებაზე გავლენას ახდენს კალმების ხარისხი. გაზაფხულზე, როგორც კალმით, ისე კვირტით მყნობისათვის კალმები აჭრილი უნდა იქნეს მცენარის მოსვენების პერიოდში იანვარ-თებერვალში, მანამ სანამ წვენის მოძრაობა დაიწყებოდეს. აჭრილი კალმები ჯიშების მიხედვით ინახება გრილ ადგილას, ცივ სარდაფში. მყნობა საჭიროა ჩატარდეს ცალკეულ მწკრივებში, სადაც თითოეულ ჯიშს უკეთდება ეტიკეტი ჯიშის სახელწოდების აღნიშვნით.

პლანტაციის გაშენება და მოვლა

დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ ზონაში სუბტროპიკული ხურმა უზრუნველყოფილია ნიადაგურ კლიმატური პირობებით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ სუბტროპიკულ ზონაში (თელავის, ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანის და გარდაბნის რაიონები) ასევე იმერეთის რიგ მუნიციპალიტეტებში ნიადაგის ტენით უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა პლანტაციების მორწყვა. სუბტროპიკული ხურმის მოსავლიანობაზე უარყოფით გავლენას ახდენს ქარები, რომლებიც იწვევენ ნაყოფების მექანიკურ დაზიანებას და ცვენას. ამისათვის ხურმის გასაშენებლად შერჩეული უნდა იქნეს ქარებისაგან დაცული ადგილი ან მოეწყოს ქარსაფარები.

 

 

ხურმისათვის საუკეთესოა ალუვიური, ნეშომპალა კარბონატული ნაკლებად მჟავე წითელმიწა და ეწერმიწა ნიადაგები. ექსპოზიციის მიხედვით უკეთესია დასავლეთის და აღმოსავლეთის ფერდობები, ვაკე და მცირედ დაქანებულ ადგილებზე პლანტაციების გაშენებისას ნიადაგი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი დრენაჟით.

ნიადაგის მომზადება და დარგვა

ხურმის პლანტაციის ვაკე ადგილზე გაშენებისას ნიადაგი უნდა დამუშავდეს 40-45სმ. სიღრმეზე. ფერდობ ადგილებზე ნიადაგი მუშავდება ზოლებად, ჰორიზონტალური მიმართულებით, ხოლო 150-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე ეწყობა ტერასები.

ხურმის პლანტაციის გასაშენებლად მცენარეთა შორის მანძილი იცვლება ხის ზრდის სიძლიერის მიხედვით. ძლიერად მოზარდი ჯიშებისათვის, როგორიცაა: ჰაჩია, ტამოპანი, კონსტანტა და ფუიუ 6-8მ. მცენარეთა შორის, ხოლო 8-10მ. რიგებს შორის. დანარჩენი ჯიშებისთვის მიღებულია 5X6მ. ფერდობებზე და მწირ ნიადაგებზე დარგვა შეიძლება მოხდეს უფრო ჩახშირებულად. მცენარეთა დარგვა წარმოებს შემოდგომით ან გაზაფხულზე. დასარგავად მონიშნულ წერტილებში იღებენ 40სმ. სიღრმისა და 30-35სმ. სიგანის ორმოს. ორმოში ყრიან ნაკელს ან ტორფკომპოსტს 10-12 კგ. ასევე რთული კომპლექსური სასუქის NPK-150 გრ. ნარევს. ყველა კომპონენტს ნიადაგთან ერთად აურევენ. დასარგავად გამოყენებული უნდა იქნეს სანერგეში ახლად მოთხრილი სტანდარტული ნერგები. ნერგი ფრთხილად ირგვება ორმოში, მოიტკეპნება და მოირწყვება. თითოეულ ორმოში ნერგს დაესობა ჭიგო და აიკვრება 2 ადგილზე.

ყველა ცვალებადი ჯიშისა და ხურმის იმ კონსტანტური ჯიშებისათვის, რომელთა განაყოფიერებისათვის საჭიროა დამამტვერიანებელი, ყოველი მერვე ხის რიგში დარგული უნდა იქნეს დამამტვერიანებელი ჯიშები, რომლებსაც მუდმივი მამრობითი ყვავილები ახასიათებს (გეილი, დამამტვერიანებელი, ზენჯი-მარუ). პლანტაციების გაშენების შემდეგ ფერმერი ადგენს ნაკვეთის პასპორტს, რომელშიდაც ნაჩვენებია: გაშენების წელი, ჯიშობრივი შედგენილობა, გაშენების სიხშირე, ნიადაგის ტიპი და სხვა მაჩვენებლები. ასევე ფერმერი ვალდებულია სპეციალურ სააღრიცხვო ჟურნალში ყოველწლიურად შექონდეს: ბაღის მოსავლიანობა, განოყიერების სისტემა, ვარჯის გასხვლა-ფორმირება. ეკოლოგიური რისკების შედეგად გამოწვეული ზარალი და სხვა მაჩვენებლები. აღნიშნული დოკუმენტაცია ფერმერს უადვილებს სადაზღვეო კომპანიებთან ურთიერთობას.

ვარჯის ფორმირება და გასხვლა

დარგვის დროს მცენარეები იჭრება 80-100სმ. სიმაღლეზე. ვეგეტაციის დაწყების შემდეგ, შტამბის ზემოთ 30-40სმ. ფარგლებში დატოვებული უნდა იქნას კვირტები, ხის ვარჯის ძირითადი ტოტების შექმნის მიზნით, დანარჩენი ქვედა კვირტები უნდა მოცილდეს ბაღის დანით. მეორე წელს ადრე გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე ტოვებენ 4-5 ტოტს, რათა შეიქმნას კომპაქტური ვარჯი. ძირითადი ვარჯის შექმნის შემდეგ გასხვლის ჩატარება საჭირო არ არის, იგი ტარდება მხოლოდ დაზიანებული, გამხმარი ტოტების ან ზოგჯერ გამოშვერილი ტოტების გამოხშირვის მიზნით. ახალგაზრდა ხურმის პლანტაციის რიგთაშორისები შეიძლება გამოყენებული იქნეს ბოსტნეული ან სხვა ერთწლიანი კულტურებისათვის.

ხურმის პლანტაციების მოვლა

ხურმის მსხმოიარე პლანტაციებში ნიადაგი მუშავდება შემოდგომით 15-20 სმ. სიღრმეზე, შტამბთან ახლო ზოლში კი 10სმ. სიღრმეზე. ხურმის პლანტაციებში საუკეთესო შედეგს იძლევა ორგანული სასუქები – 30-40 კგ. თითოეულ ძირზე, ხოლო მინერალური სასუქებიდან თითოეულ ძირზე რეკომენდირებულია: რთული კომპლექსური სასუქი NPK 1000-1500 გრ. შეტანა თებერვალში ნიადაგის დაბარვის პროცესში, დამატებით სასურველია ივნის-ივლისში შეტანილი იქნას ამონიუმის გვარჯილა 300-500გრ. ერთ ძირ ხეზე ნიადაგის მსუბუქი ჩათოხნით.

ხურმის მავნებლები, დაავადებანი და მათთან ბრძოლის ღონისძიებანი

ხურმის პლანტაციებს აზიანებს ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მავნებლები: ფარიანები, თრიფსები, ცრუფარიანები და წითელი ტკიპა. ხურმის ფოთოლს აზიანებს აგრეთვე მიხაკისფერი ხოჭო, რომელიც მეტწილად სანერგეებს აყენებს ზარალს. მის საწინააღმდეგოდ დაჭუპრების პერიოდში (ივნისი-ივლისი) მიმართავენ ნიადაგის პარადიქლორბენზოლით შეწამვლას. ფარიანების საწინააღმდეგოდ პლანტაციებში  შესხურებული უნდა იქნეს თებერვალ-მარტში სიპკამოლი (2,5 ლ/ჰა) აპლაუდი 1,5 ლ/ჰა.

უკანასკნელ პერიოდში ხურმის ნაყოფის მეტად საშიშ მავნებლად აზიური ფაროსანა გვევლინება. მის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, როგორც ნიმფის, ისე იმაგოს ფაზაში რეკომენდირებული ბიფენტრინის შემცველი პრეპარატები: ტალსტარი, ზონდერი, ინსეკარი და სხვ. პრეპარატის ხარჯვის ნორმა 0,3-0,6 ლიტრი ჰექტარზე. ნაცრის წინააღმდეგ მიზანშეწონილია გოგირდის შემცველი კონტაქტური, ან სისტემური ფუნგიციდები (კემალუსი, ტილენდო, ტოპაზი)

მოსავლის  აღება, შენახვა და ტრანსპორტირება

ნაყოფის კრეფის დრო დამოკიდებულია როგორც ჯიშზე, ისე მათი გამოყენების პირობებზე: მაგ. ჰაჩია იკრიფება მაშინ, როდესაც ნაყოფის ზედაპირის 2/3 შეწითლდება. ჰიაკუმესა და ტანენაშის ნაყოფის კრეფა დასაშვებია მათი სრული გაყვითლების შემდეგ. ჩინებულის და ფუიეს გასაგზავნად ან შესანახად გამიზნული ნაყოფი იკრიფება ადრე, სრულ სიმწიფეში შესვლამდე. ნაყოფის ტრანსპორტირების დროს უნდა ვერიდოთ მაღალ ტემპერატურას. ხურმის ნაყოფის შესანახად ოპტიმალურ ტემპერატურად ითვლება 1-2°C. ამ ტემპერატურაზე ნაყოფი ინახება მარტამდე.

ხურმის ნაყოფის მომწიფება ხდება მოკლე დროში , რის გამოც ადგილი აქვს ნაყოფის დიდი რაოდენობით დაგროვებას და რეალიზაციის დეფიციტს. ამიტომ აუცილებელი ხდება ადგილზე ნაყოფის ხმობა. ნაყოფის ხმობა შესაძლებელია როგორც მზეზე, ისე ხელოვნურ ღუმელებში. მზეზე ხურმის ხმობა პრაქტიკულად შესაძლებელია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც ტენიანობა დაბალია და ხშირია აღმოსავლეთის ქარები (აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები, იმერეთი).

ჭარბი ტენიანობის რაიონებში (აჭარა, გურია, სამეგრელო) ხურმის ხმობა შესაძლებელია ხელოვნურად სპეციალურ ღუმელებში. ხელოვნური ხმობის დროს ტემპერატურა უნდა იყოს 50-60°C და თანდათანობით გადიდდეს 70-75°C-მდე. 1კგ. ჩირის მისაღებად საჭიროა 5-7 კგ. ტექნიკურად მწიფე ხურმის ნაყოფი. გახმობის შემდეგ ხურმის ჩირი იფუთება და ინახება ყუთებში, რომლის ყოველ მხარეს ჩაფენილი უნდა იყოს პერგამენტის ქაღალდი. ხურმის ჩირის საბაზრო მოთხოვნილება და სარეალიზაციო ფასი საკმაოდ მაღალია, რაც თავისთავად აჩენს ინტერესს ფერმერულ მეურნეობებში ამ კულტურის ფართოდ გავრცელების შესაძლებლობებზე.

გახსოვდეთ: სუბტროპიკული ხურმა ჩვენში ფართოდ გავრცელებული ხილია, თუმცა გასულ საუკუნეში გაშენებული ნარგაობა ასაკით მობერებულია და განახლებას მოითხოვს. მისასალმებელია ბევრი ფერმერის თუ გლეხის ქმედება, როდესაც ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციებში თავისუფალ ადგილებს ხურმის ნარგაობით ავსებენ. ასევე სასურველია ამ კულტურას საკარმიდამო ნაკვეთებზეც გამოეყოს ადგილი, როგორც ცალკე პლანტაციების, ისე ინდივიდუალური ნარგაობის სახით. ხურმის მოვლა-მოყვანა დიდ დანახარჯებთან არაა დაკავშირებული, მისი არასტანდარტული, ძირს ჩამოცვენილი ნაყოფები ფართოდ გამოიყენება ცხოველთა გამოსაკვებად, არაყის გამოსახდელად, ხოლო ხეზე გვიან შემოდგომა-ზამთრამდე დარჩენილი ნაყოფები საუკეთესო საკვებია გარეული ფრინველებისათვის. ფაუნაზე ზრუნვა ხომ ჩვენი თანაცხოვრების განუყოფელი ნაწილია – სწორედ ამის რეალურ შესაძლებლობას სხვა სიკეთეებთან ერთად ხურმის ნარგაობა იძლევა.

ზაურ გაბრიჩიძე,

 ს.მ.მ. დოქტორი პროფესორი,

ქეთევან ჩიკაშუა,

ბ. მ. აკადემიური დოქტორი,

ნიკა გუნთაძე,

სპეციალისტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *