სვანური ღორი

სვანური ღორი წარმოშობილია ევროპული გარეული ღორის კავკასიური მოკლეყურა ქვესახეობის (Sus scrofa attila) მოშინაურებით, რაც თავის ქალას აგებულების, აგრეთვე სისხლის ჯგუფებისა და კარიოტიპების შესწავლით დასტურდება.

მაღალი მთის (1800-2000 მ. ზღვის დონიდან) მკაცრმა კლიმატმადა მწირი კვების პირობებში მოშენებამ თავისი დაღი დაასვა სვანური ღორის პროდუქტიულობასა და გარეგნულ ფორმებს.

საქმე ისაა, რომ საუკუნეების მანძილზე ცხოველების საყუათო ნივთიერებებით დაკმაყოფილების ძირითადი წყარო იყო ბუნებრივ სავარგულებზე მოპოვებული საკვები, აგრეთვე ოჯახური მეურნეობისა და სამზარეულოს ანარჩენები, ხოლო მარცვლეულის დეფიციტის გამო კომბინირებულ საკვებს ცხოველებს პრაქტიკულად არ აძლევდნენ.

სვანური ღორი გამოირჩევა ამტანობითა და კონსტიტუციური სიმაგრით.

ექსტერიერის თავისებურებებია:

ვიწრო სხეული;

გრძელი თავი;

სწორი პროფილი;

მოკლე და დაცქვეტილი ყურები;

საშუალო სიღრმის მკერდი;

ზურგისა და წელის სწორი ხაზი;

დაქანებული გავა, გრძელი კუდი;

მაღალი კიდურები.

სხეული დაფარული აქვთ საკმაოდ ხშირი და გრძელი ჯაგრით. ზამთრის საფარში საკმაოდ დიდია თივთიკის ხვედრითი წილი.

ცხოველები უმეტესად შავი ფერისაა, გვხდება „ხალებიანი“ (თეთრ ფონზე შავი ნიშნებით), წაბლისფერი, რუხი და წიქარა.

გარეული ღორის მსგავსად, ახალდაყრილი გოჭები ზოლიანია, რაც 2-3 თვის ასაკამდე ქრება.

სვანური ღორი კახურ ღორზე უფრო პატარა ტანისაა; ნეზვების ცოცხალი მასა 35-40 კგ (45 კგ- მდე), კერატების 50-60 კგ. (70 კგ- მდე), სხეულის სიგრძე კი 77-85 და 82-90 სმ, შესაბამისად.

ნეზვების საშუალო ნაყოფიერება 5-6 გოჭია (ცვალებადობა 3-8 გოჭი), ცხოველები შედარებით გვიანმწიფადები არიან. საშუალო დღეღამური წონამატი შეადგენს 200-250 გრამს. ნაკლავის გამოსავალი 60-65%, ხორცი ხასიათდება ზომიერი მარმარილოსებურობით, მეტად გემრიელია და გამოიყენება შაშხისა და ლორის დასამზადებლად.

მოსახლეობაში მიუთითებენ სხვადასხვა დაავადებისადმი ამ ღორის გაზრდილ გამძლეობზე, თუმცა ამ მიმართულებით კვლევები არ ჩატარებულა.

სვანური ღორი ძირითადად გავრცელებულია ზემო სვანეთში, იგი გაიყვანეს საქართველოს იმ რეგიონებშიც, სადაც ამ კუთხიდან მოხდა ძირძველი მოსახლეობის იძულებითი მიგრაცია, მაგრამ კულტურულ ჯიშებთან უსისტემო შეჯვარების შედეგად მთლიანად დაიკარგა.

სვანური ღორი რაოდენობა მეტად შეზღუდულია და რამდენიმე ასეული ინდივიდით ამოიწურება, აშენებენ სტიქიურად.

ცოცხალი მასის გაზრდის მიზნით საოჯახო მეურნეობებში მიმართავენ მსხვილი თეთრი ჯიშის კერატებთან შეჯვარებას. ასეთი შეჯვარებით მიღებული ცხოველი ტანად რამდენადმე დიდია, მაგრამ მეტად ძნელად ეგუება კვებისა და მოვლა-შენახვის ტრადიციულ პირობებს, განსაკუთრებით კი მთაბარობას.

სვანური ღორის გაქრობის დიდი საშიშროება არსებობს, ამიტომ დაცვა და აღდგენისკენ მიმართულ საქმიანობა სჭირდება.